სალომე ზურაბიშვილმა თავისი ინტერესების დამცველებს მადლობა გადაუხადა

232
spot_img

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი ინტერესების დამცველებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი.

„მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც პრეზიდენტი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა.

ამას წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე ქვეყანაში მოთხოვნილ ვიზიტებზე პრეზიდენტისთვის ნათქვამი უარი.

პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა, რომელიც დღეს 7 საათი გრძელდებოდა, დასრულდა და 4 ოქტომბერს გაგრძელდება.