,, ეს ხომ სირცხვილია, სტუდენტები გისმენენ”- კობახიძე მაია კოპალეიშვილს

417
spot_img

ამდენი ხანია ამტკიცებთ, რომ სტატუსი და უფლებამოსილება არის ერთი და იგივე და რაზეა საუბარი? ეს ხომ სირცხვილია, სტუდენტები გისმენენ , – ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელს, მაია კოპალეიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძეს და მაია კოპალეიშვილს შორის კამათი კონსტიტუციის 49-ე და 52-ე მუხლებში პრეზიდენტის წარმომადგენლობით ფუნქციასთან დაკავშირებით ჩანაწერებს შორის განსხვავებაზე საუბრით დაიწყო.

ირაკლი კობახიძის თქმით, 49-ე მუხლი პრეზიდენტის სტატუს განსაზღვრავს, ხოლო 52-ე მუხლი კი უფლებამოსილებებს აზუსტებს. აღნიშნულ მუხლებს შორის განსხვავების დანახვა კი „პირველი კურსის ქეისია“.

მაია კოპალეიშვილმა ირაკლი კობახიძის რეპლიკას უპასუხა და აღნიშნა, რომ იგი აღნიშნულ „ქეისს” როგორც პირველი კურსელი ისე უყურებს.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძეს სურს, რომ პრეზიდენტის ვიზიტები, რომელიც ევროინტეგრაციას უკავშირდება სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნიოს.

„სტუდენტებზე გინდათ გააკეთოთ აქცენტი და რატომღაც იძახით, რომ პირველი კურსის ქეისიაო. პირველი კურსის ქეისია ზუსტად იმიტომ, რომ თქვენ, როგორც პირველი კურსელი ისე უყურებთ ამ საქმეს. ბატონო ირაკლი, ეს საკითხი სახელმწიფო ინტერესებს ეხება, ქვეყნის იმიჯს და პრეზიდენტის იმ ვიზიტებს ეხება, რომელიც ევროინტეგრაციას უკავშირდებოდა. თქვენ გინდათ, რომ პრეზიდენტის ის ვიზირები, რომელიც ევროინტეგრაციას უკავშირდება მიიჩნიოთ კონსტიტუციის დარღვევად“, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

ირაკლი კობახიძემ მაია კოპალეიშვილის პოზიციას პოლიტიკური დემაგოგია უწოდა, რის გამოც მაია კოპალეიშვილმა ემოციების მოთოკვისკენ მოუწოდა.

„ემოციები დაამაგროს ბატონმა ირაკლიმ, როგორ იქცევა ახლა? ბატონმა ირაკლიმ იცის, რომ მე მაგის ქარაგმებით საუბარს არ მოვითმენ. სხვათა შორის თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ პირველკურსელებს. რა პირველი კურსელის ქეისი? მნიშვნელოვანი საქმეა ესა“, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.