„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას ესწრებოდა, პროცესი შეაჯამა და პრეზიდენტის წარმომადგენლების არგუმენტებს სუსტი უწოდა.
„არგუმენტები საერთოდ არ იყო, არათუ სუსტი. საზოგადოება იმსჯელებს არგუმენტებთან დაკავშირებით, ვისი არგუმენტებია ძლიერი და ვისი სუსტი. რაც შეეხება პერსონალებს, ამაზე საერთოდ არ მინდა შევიდე მსჯელობაში. რაც შეეხება [პრეზიდენტის წარმომდგენლების] არგუმენტების სიმცირეს, ამის მიზეზი შეიძლება იყოს კვალიფიკაციის დეფიციტიც და ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ უწევთ აბსურდის მტკიცება“, – აღნიშნა კობახიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის საკითხზე ხვალ 11:00 საათზე გაგრძელდება. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა, რომელიც ზეპირი მოსმენით მიმდინარეობდა, 12:00 საათზე დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა.
პროცესს არ ესწრებოდა თავად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სასამართლო სხდომაში მონაწილეობდნენ მისი წარმოამდგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.