Home Blog Page 1755

“ალბათ, ნიკა გვარამიასგან ახალ ოპოზიციურ ლიდერს ამზადებენ” – ირაკლი ზარქუა

დარწმუნებული ვარ, გვარამია დასავლეთში არსებულ ლობისტურ ჯგუფებს ხვდება, „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ ჰყავს – ალბათ, ბატონი გვარამიასგან ახალ ოპოზიციურ ლიდერს ამზადებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სტრასბურგში იმყოფება.

მისი თქმით, გვარამიას შეწყალებას, პრეზიდენტის აზრით, რადიკალიზაცია უნდა შეემცირებინა, თუმცა „საპირისპირო შედეგს მივიღებთ“.

„ვიზიტში მოულოდნელი არც არაფერი ყოფილა. დარწმუნებული ვარ, ხვდება დასავლეთში არსებულ ლობისტური ჯგუფებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ ჰყავს. ესენი არიან კუბილიუსები, ფოტიგები, ქალბატობი რასა. ალბათ, ბატონი გვარამიასგან ახალ ოპოზიციურ ლიდერს ამზადებენ. ისედაც ვიცოდით, რომ გვარამია ამ რადიკალურ ოპოზიციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ვინც ამ პროცესს მართავს. როგორც კი ის განერიდა და დანაშაულის ჩადენის შემდეგ ციხეში ჯდომა მოუწია, კი ნახეთ, როგორ ჩამოინგრა მთელი ოპოზიციური სპექტრი. სავარაუდოდ, ახალი ემოციებით, ახალი პროგრამებით, მისიებით, ამოცანებით იქნება ბატონი გვარამია დატვირთული. არადა, ქალბატონ პრეზიდენტს რომ ჰკითხოთ, რა მიზნითაც შეიწყალა, ეს ნაბიჯი უნდა ყოფილიყო საზოგადოების გამაერთიანებელი და რადიკალიზაციის შემამცირებელი. მგონია, პირიქით, საპირისპირო შედეგს მივიღებთ. ამაშიც ჩანს, როგორი აცდენილია ქალბატონი სალომე რეალურ ხედვებს, მოცემულობებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 7, 10 გვარამია რომ დაიყენოს, ქართველი ხალხის ნებას ვერავინ გადავა. ქართველი ხალხის ნება ისაა, რომ აქ იყოს სიმშვიდე და არა ქაოსი, ეკონომიკური კეთილდღეობა და უარი „მეორე ფრონტს“. დანარჩენი – ვინც ამ გზას გადაუხვევს, საზოგადოების მხრიდან დასჯილი და პოლიტიკურ სანაგვეზე მოსროლილი იქნება. როგორც ხედავთ ახლა ე.წ. პოლიტიკურ ლიდერებს ოპოზიციაში“, – განაცხადა ზარქუამ.

“როგორც ჩანს, ნატოში ყველას კარგად არ ესმის, რომ ომია” – კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი მიიჩნევს, რომ ნატოს ქვეყნების თავდაცვის დაბალი ხარჯები სახელმწიფოების მხრიდან რეალობის ცუდად აღქმის განცდას აჩენს. ამის შესახებ მან ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ ექსპერტთა ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

კაია კალასმა აღნიშნა, რომ ნატოს მიდგომა თავდაცვის მიმართ მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რაც იყო 1990-იანი წლების ბოლოს.

„1998 წელს ნატოს ყველა წევრმა მშპ-ს 2% დახარჯა თავდაცვაზე. რატომ? რადგან ყველა გრძნობდა, რომ საფრთხე რეალური იყო, ცივი ომი ახლახან დასრულდა. ახლა კი მხოლოდ 11 სახელმწიფო აკმაყოფილებს ამ სტანდარტს”, – განმარტა ესტონეთის პრემიერმა.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება თავდაცვის ხარჯების დაუყოვნებლივ 2%-მდე გაზრდის შესახებ 2014 წელს უელსის სამიტზე მიიღეს.

„იქნებ ახლა ყველა ვერ ხვდება, რომ ახლომახლო ნამდვილი ომი მიმდინარეობს?“, – აცხადებს კაია კალასი.

“ნიკა გვარამიას, რომელსაც აქ კრიმინალად მიიჩნევს საზოგადოების უმრავლესობა, დასავლეთში გმირად თვლიან”

როდესაც ორიოდე დღის წინ ვწერდი ღირებულებით კონფლიქტზე ჩვენი საზოგადოების ანგარიშგასაწევ ნაწილსა და დასავლეთს შორის, ეს უკვე ფაქტებითაც დასტურდება, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. ექსპერტის განცხადებით, მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ნიკა გვარამიას წინა რეჟიმის ერთ-ერთ შემქმნელად და დამნაშავედ მიიჩნევს, დასავლელი პოლიტიკოსების დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავებულია. მისი თქმით, იგივე ხდება მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც.

„ნიკა გვარამიას, რომელსაც აქ კრიმინალად და სადისტური რეჟიმის ერთ-ერთ შემქმნელად მიიჩნევს საზოგადოების უმრავლესობა, დასავლეთში გმირად თვლიან, ეპატიჟებიან ევროპარლამენტში, აჯილდოებენ, ტრიბუნას აძლევენ, მოკლედ ეფერებიან ყველანაირად. იგივე დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართაც. ჩნდება კითხვა: რა უნდა მოვუხერხოთ ამ რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო მოცემულობას?“ – წერს ანჯაფარიძე.

“ბაჩიაშვილის ადვოკატი ცდილობს საქმის პოლიტიზებას, ეს არასწორია”-ირაკლი კობახიძე

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი ამ საქმის პოლიტიზებას როცა ცდილობს, ეს არასწორია და ამაში ჩვენს წვლილს ვერ შევიტანთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის კონკრეტული საქმე, რომელიც სავარაუდო დანაშაულს უკავშირდება და საქმე განხილული უნდა იყოს სამართლებრივ ჭრილში.

„ამ თემას არ ჩავუღრმავდები. ხედავთ, რომ იქითა მხარის ადვოკატი ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობს. მიზანი ჩანს, რაც არის, ეს არის არასწორი. ეს არის კონკრეტული საქმე, რომელიც სავარაუდო დანაშაულს უკავშირდება და საქმე განხილული უნდა იყოს სამართლებრივ ჭრილში. როცა ბაჩიაშვილის ადვოკატი ამ საქმის პოლიტიზებას ცდილობს, ეს არასწორია და ამაში ჩვენს წვლილს ვერ შევიტანთ“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი  ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

 საქმეზე პროცესი 6 ივლისს გაიმართა, რომელსაც თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. როგორც ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „გიორგი ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერების მიმართ ეჭვების გაჩენის შემდეგ, ივანიშვილი დაინტერესდა ბიტკოინების მაინინგის საკითხის შესწავლით, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა მიითვისა მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.“ განცხადება გაავრცელა გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამაც, რომლის თქმითაც, „თეიმურაზ წიქვაძის პრეტენზიები თავხედურად არ შეესაბამება სიმართლეს“ და სიმართლის გამოსავლენად ბოლომდე იბრძოლებენ.

“ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს პროცესების დაჩქარება, რასაც შეუძლია საქართველოსა და უკრაინის ნატო-ს წევრ სახელმწიფოდ ქცევა”

ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს იმ პროცესების დაჩქარება, რასაც შეუძლია საქართველოსა და უკრაინის ნატო-ს წევრ სახელმწიფოდ ქცევა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ყველა კარგად ხვდება და აღიარებს, რომ 2008 წლამდეც ბევრი გაბედული ნაბიჯი უნდა ყოფილიყო გადადგმული, რასაც შეეძლო შედეგად მოეტანა ის, რომ 2008 წლის სამხედრო აგრესია ყოფილიყო თავიდან აცილებული.

„მგონი, შემდეგომ განვითარებული მოვლენებიც კარგად აჩვენებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს გაბედული გადაწყვეტილებების მიღებას, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს იმ პროცესების დაჩქარება, რასაც შეუძლია საქართველოსა და უკრაინის ნატო-ს წევრ სახელმწიფოდ ქცევა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

“ვხედავთ, რომ საქართველო უკრაინის დღის წესრიგს ჩამოშორდა არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ ნატო-ში გაწევრიანების გზაზეც” – სალომე სამადაშვილი

ვილნიუსის სამიტზე დადასტურდება, რომ ომის დამთავრების შემდეგ უკრაინა სწრაფად გახდება ნატო-ს წევრი სახელმწიფო – სამწუხაროდ, დღეს ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ საქართველო უკრაინის დღის წესრიგს ჩამოშორდა არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, არამედ ნატო-ში გაწევრიანების გზაზეც, – ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინისა და საქართველოს გაყოფა მოხდა, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება.

„შეიძლება ითქვას, რომ ამ ორი ქვეყნის გაყოფა მოხდა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს – პირველი არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ეს ქვეყანა ნატო-ში უნდა გაწევრიანდეს, რეალურად, გაწევრიანებას მიზნად არ ისახავს. მეორე – უკანასკნელი წლების განმავლობაში უკან წავედით და არც ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა არ გატარებულა. რეფორმების გატარება რომ მოთხოვნაა, ეს ვნახეთ უკრაინასთან მიმართებით, რომელსაც უთხრეს, რომ ნატო-ს წევრი გახდება, როდესაც გატარდება რეფორმები, რომელსაც ნატო ელოდება და მითუმეტეს საქართველოსთვის არავითარ გამონაკლისს რეფორმების თვალსაზრისით არავინ დაუშვებს. ხელისუფლებამ ჩააგდო ყველა შესაბამისი რეფორმა. მესამე – ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც საქართველო ვილნიუსიდან ხელცარიელი დაბრუნდება, ეს არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომში. საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც გულშემატკივრობს ვლადიმერ პუტინის რეჟიმს და გეოპოლიტიკურ კონტექსტში ეს შეუძლებელს ხდის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას. ასე რომ, სანამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების გზით არ შევცვლით რუსული ოლიგარქიულ რეჟიმს, არავითარი პროგრესი ამ ქვეყანას არც ნატო-ში და არც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არ ექნება”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დღეს ნატო-ს ორდღიანი სამიტი იხსნება. შეხვედრებს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. ძირითადი საკითხები, რომელსაც ალიანსის ლიდერები ვილნიუსში განიხილავენ, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი და ალიანსის წევრობაზე კიევის განაცხადი იქნება. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ისინი ვილნიუსის სამიტისგან გაწევრიანებასთან დაკავშირებით მკაფიო სიგნალს ელიან. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამიტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.

“სანქციები აზიანებს რუსეთს, მაგრამ მისი ეკონომიკური ზარალი ანაზღაურებადია” – დავით ზარდიაშვილი

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი – დავით ზარდიაშვილი

ერთ-ერთი მთავარი პარადოქსი, რაც ამ ომის ნამდვილ არსზე მკაფიოდ მიანიშნებს – ეს მისი ეკონომიკური სახე თუ “ჰიპოსთაზია”; პარადოქსი კი, რომლის არ დანახვა ბრმებისთვისაც კი შეუძლებელია, ეს გახლავთ: დასავლეთი, რომელიც “თავისუფალი სამყაროს” ციტადელად მიიჩნეოდა და მისი ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება გახლდათ “თავისუფალი ბაზარი”, მათ შორის – საერთაშორისო ვაჭრობის და ეკონომიკური ურთიერთობების ის წესები, რაც თუნდაც “მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის” წესდებითაა განსაზღვრული – მიზანმიმართულად ანგრევს, თუ უკვე არ დაანგრია ეს ცივილიზებული წესები; თავისი ე.წ. ანტი-რუსული სანქციებით დასავლეთი ფუნდამენტურად ძირს უთხრის იმას, რასაც ეფუძნება დასავლური კაპიტალიზმი – მყარ, სამართლიან წესებს და რაციონალურ გათვლაზე დამყარებულ ლეგალურ მოგებას;

ბუნებრივია, ეს სანქციები აზიანებს რუსეთს, მაგრამ მისი ეკონომიკური ზარალი ანაზღაურებადია; რუსეთი, რომელიც მსოფლიო აღებ-მიცემობის გლობალურ ჯაჭვში ნედლეულის ერთ-ერთი მთავარი და რიგ შემთხვევებში, უალტერნატივო ექსპორტიორია, ამ ზარალს აინაზღაურებს და თავის ექსპორტს იმ ქვეყნებში, ვინც არ უწესებს სანქციებს, განახორციელებს; ხოლო თავად დასავლეთში კი ეს რუსული ნედლეული სანქციების გვერდის ავლით, არალეგალური გზებით და ჩრდილოვანი ბიზნესის გამოყენებით მაინც შევა, რადგან ვინ-ვინ და დასავლეთმა კარგად უნდა უწყოდეს: თუ არის მოთხოვნა – მიწოდებას ვერავითარი სანქციები ვერ შეაბრკოლებს; ოღონდ ეს მიწოდება განხორციელდება არალეგალური ან ნახევრად ლეგალური გზებით, რაც ქმნის სერიოზულ საფრთხეს, რომ ლეგალურ ბიზნესს დაძირავს. განსაკუთრებით სავალალოა, რომ დასავლეთი აპირებს იმ მესამე ქვეყნებს, ვინც ანტი-რუსულ სანქციებს არ შეუერთდა, ასევე ზეწოლით და თუნდაც მათი სანქცირებითაც, აიძულოს ამ დამანგრეველ პროცესს, რაც სხვა არაფერია, თუ არა საერთაშორისო ცივილურ წესებზე დაფუძნებული ურთიერთობების და სწორედაც რაციონალური, კეთილგონივრული წესრიგის ძირის გამოთხრა, შეუერთდნენ!

ამ ფუნდამენტური პრინციპის – “თავისუფალი ბაზრის” ღალატი და მისი წინააღმდეგ ამგვარი ჟინით ბრძოლა, ნათლად მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს არა დასავლეთთან, არამედ უკვე პოსტ-დასავლეთთან, რომელიც თავისი სანქციებით ჰგავს ხერხით შეიარაღებულ იმ უგუნურს, ვინც იმ ტოტს, რომელზედაც ზის, ძირში ხერხავს. ნახევრად გახერხა კიდეც, რადგან ვინმეს თუ გაგიგონიათ, რას ფიქრობს ყოველივე ამაზე “მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია”, ვინც ამ ტოტის დასაცავადაა დასავლეთის მიერვე შექმნილი? ვერც გაიგებდით, რადგან არც არაფერს ამბობს. ანუ – გახერხეს.

და აქ მივადექით მთავარ კითხვას, რაც გულუბრყვილოებსაც კი უნდა გაუჩნდეთ: ნუთუ ეს ომი მართლაც რუსეთის დასამარცხებლადაა თუ ეგებ, სწორედ იმიტომ, რომ საბოლოოდ დაინგრეს ის ცივილიზებული წესრიგი, რაც ამ ომამდე არსებობდა და რომლის დანგრევა მანამდეც სცადეს კოვიდ-პანდემიით? ანუ ის, რასაც ვამბობდი, ახლაც ამ პოსტით ვამბობ და ცოტას თუ სჯერა: ეგება ეს დიფუზიური ომია, ომი არნახული არეულობისათვის და იგი არა იმდენად რუსეთის წინააღმდეგ, არამედ წესრიგის დანგრევის გზით მსოფლიო ბატონობისათვის წარმოებს დიფუზიონერების მიერ? ვინ არიან ეს დიფუზიონერები – ესეც ცნობილია: მათი სახელი ლეგიონია. ხოლო ახლა “გლობალური ომის პარტიის” სახელით ვიცნობთ ჩვენში.

“გახარიას პრემიერობის დროს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო ამაყობდა საქართველოთი, ახლა კი, შეიძლება ნახსენებიც არ იყოს”

ვხედავთ ვითარებას, როდესაც იმაზე ვნერვიულობთ, რომ საქართველო ნატო-ს სამიტზე ნახსენები შეიძლება არ იყოს – გულწრფელად მჯერა, რომ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებისთვის აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ისტორიის წინაშე პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისრება,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ სამიტზე საქართველოდან მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება.

„2022 წლის სექტემბერში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო ამაყობდა საქართველოსთან თანამშრომლობით. ეს იყო მაშინდელ პრემიერთან, გახარიასთან შეხვედრის შემდეგ და სულ რაღაც 3 წელიწადში, სამწუხაროდ, ვხედავთ ვითარებას, როდესაც იმაზე ვნერვიულობთ, რომ საქართველო ნახსენები შეიძლება არ იყოს. გულდასაწყვეტია, რომ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება ამხელა ღონისძიებაზე. როგორც ქვეყნის მოქალაქეს, გულწრფელად მჯერა, რომ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებისთვის აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ისტორიის წინაშე პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისრება. ვერ ამოეფარებიან ვერავის. ეს, ფაქტობრივად, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულია“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

გარდა ამისა, ბუჩუკური გამოეხმაურა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დაგეგმილ, „თავდაცვის კოდექსის“ განხილვას და განაცხადა, რომ მისი გუნდი თავდაცვის სისტემის რეფორმის აუცილებლობას იზიარებს, თუმცა კოდექსის დაჩქარებულად განხილვას არ ეთანხმება.

„ის, რომ თავდაცვის სისტემა სარეფორმოა, ჩვენი გუნდისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ასევე, ვიზიარებთ იმას, რომ ახალი კანონმდებლობაა მისაღები, მაგრამ ამ კოდექსს არსებითად დიდი პრობლემა აქვს. ჩვენი გუნდისთვის ასევე მიუღებელია, რომ ფაქტობრივად, დაჩქარებულად ხდება ამხელა რეფორმის განმახორციელებელი კანონის მიღება. თავების განხილვა ხდება და არა მუხლობრივი. არ შეიძლება, რომ ამხელა სისტემური რეფორმის მიღება ამ რეჟიმში ხდებოდეს. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს – „გირჩი“ სავალდებულოობას ეწინააღმდეგება. ჩვენი მიდგომა ასეთი არ არის, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მოხდეს სისტემის გაუმჯობესება და შემდეგ ახალგაზრდების წახალისება, რომ თავად გაუჩნდეთ სისტემაში მისვლის სურვილი, ისინი პირიქით აკეთებენ – წახალისების ნაცვლად რეპრესიული მეთოდი შემოაქვთ, როდესაც იძულებულს ხდიან ახალგაზრდებს, რომ ჯარს ემსახურონ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

შეგახსენებთ, რომ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დღეს ნატო-ს ორდღიანი სამიტი იხსნება. შეხვედრებს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.

ძირითადი საკითხები, რომელსაც ალიანსის ლიდერები ვილნიუსში განიხილავენ, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი და ალიანსის წევრობაზე კიევის განაცხადი იქნება.

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ისინი ვილნიუსის სამიტისგან გაწევრიანებასთან დაკავშირებით მკაფიო სიგნალს ელიან. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამიტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.

“ვილნიუსის სამიტი ღონისძიების დაწყებამდე ისტორიული გახდა”- იენს სტოლტენბერგი

სამიტი ღონისძიების დაწყებამდე ისტორიული გახდა, რადგან შვედეთი გახდება ნატოს წევრი, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ შვედეთის გაწევრიანება კარგია ნატოსთვის, შვედისა და თურქეთისთვის. მან უკრაინისადმი მხარდაჭერაზეც ისაუბრა.

„ლიდერები მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს გაუგზავნიან უკრაინას. უკრაინაში ომი გადაიქცა ლოგისტიკის ბრძოლად. რაც უფრო გრძელდება ომი, მით უფრო მეტი იარაღია საჭირო. ვზრდით წარმოებას მაქსიმალურად. ამ ძალისხმევას ექნება შედეგი. თითოეული წევრი ქვეყანა წყვეტს რა ტიპის იარაღს გადასცემს უკრაინას

რაც შეეხება კლასტერულ ბომბებს, ორივე მხარე უკვე იყენებს ამ იარაღს. აქვე უნდა განვმარტოთ, რომ რუსეთი კლასტერულ ბომბებს იყენებს მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ და სხვისი ტერიტორიის მისათვისებლად, უკრაინა კი კლასტერულ ბომბებს იყენებს საკუთარი ქვეყნის, ტერიტორიის დასაცავად.

რაც შეეხება უკრაინის მომავალ გაწევრიანებას ნატოში, „მაპის“ აუცილებლობის მოხსნა მე მაისში ინიციატივის სახით წარვადგინე უკრაინის მხარდაჭერის პაკეტში, რაც ნატო- უკრაინის საბჭოს და მრავალწლიან გეგმას ითვალისწინებს.

ბუქარესტის სამიტის შემდეგ „მაპის“ აუცილებლობა ჩაიწერა, მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და უკრაინა დღეს უფრო ახლოა ნატოსთან. „მაპის“, როგორც შემდეგი ნაბიჯის მოხსნა, უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ხელს შეუწყობს. თქვენ ნახავთ რამდენიმე საათში ზუსტ ჩანაწერს უკრაინის შესახებ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

“15 წელი ვიმეორებდით, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ ხელშესახები ნაბიჯი არ გადაგვიდგამს”-გიტანას ნაუსედა 

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატო-ს სამიტზე ლიდერებმა უნდა მიიღონ საჭირო გადაწყვეტილებები, რომლებიც განამტკიცებენ ალიანსის წევრების უსაფრთხოებას.

როგორც გიტანას ნაუსედამ ნატო-ს სამიტის დაწყების წინ, სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ვილნიუსის სამიტზე ლიდერები დაადასტურებენ, რომ ალიანსის უსაფრთხოება არის განუყოფელი და ნატო-ს ტერიტორიას მოკავშირეები კოლექტიურად დაიცავენ. მისივე თქმით, ასევე განაცხადებენ, რომ უკრაინის ადგილი არის ნატო-ში.

„ჩვენ უნდა განვამტკიცოთ პრაქტიკული კავშირები უკრაინასთან და განვსაზღვროთ უკრაინის ნატო-ში წევრობის მკაფიო გზა. ამავე დროს, უნდა გავაგრძელოთ უწყვეტი ფინანსური, სამხედრო მხარდაჭერა და ეს უკრაინის გამარჯვების მომენტამდე უნდა გაგრძელდეს. ასევე, ალიანსს სჭირდება უფრო მჭიდრო ურთიერთობები მსოფლიოს გარშემო თანამოაზრე ქვეყნებთან – დასავლეთ ბალკანეთიდან სამხრეთ კავკასიამდე და ინდო-წყნარ ოკეანეთშიც. რუსეთი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხეს ჩვენი ალიანსისთვის. ამიტომ რუსეთის შეკავება არის გადამწყვეტი ამოცანა უახლოესი მომავლისთვის“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატო უკვე მუშაობს ამ გამოწვევაზე და ალიანსი დაამტკიცებს ახალ თავდაცვის გეგმას. მისივე თქმით, ყველა მოკავშირე ერთგულია კოლექტიური თავდაცვის პრინციპის და ასევე აძლიერებენ სამხედრო წარმომადგენლობას ალიანსის წევრ იმ ქვეყნებში, რომლებსაც ყველაზე მეტად ემუქრებათ საფრთხე.

„ომის პრევენცია ყოველთვის უფრო იაფი ჯდება, ვიდრე აგრესიისგან თავდაცვა“, – განაცხადა ნაუსედამ.

მისივე თქმით, ალიანსმა აუცილებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები უკრაინის შესახებ.

„ბუქარესტის სამიტიდან 15 წლის განმავლობაში ჩვენ ვიმეორებდით იმავე მანტრას, რომ ერთ დღეს უკრაინა გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ ჩვენ არასდროს გადაგვიდგამს ხელშესახები ნაბიჯი ამ მიმართულებით. ამავე დროს, რუსეთი არ მოერიდა ინიციატივის ხელში აღებას და 2008 წელს საქართველოში შეიჭრა. არალეგალურად მოახდინა ყირიმის ანექსია, მოახდინა დონბასის დესტაბილიზაცია და წამოიწყო ფართომასშტაბიანი ომი უკრაინაში. ახლა დროა, შევცვალოთ პარადიგმა. ევროპაში უსაფრთხოება არ იქნება, ვიდრე უკრაინის მომავალი არ არის მკაფიოდ განსაზღვრული. უკრაინის ნატო-ს წევრობის მკაფიო გზა არის ის, რაც არის ჩვენი ვალი უკრაინის წინაშე. მხოლოდ ნატო-ს მეხუთე მუხლს შეუძლია რეალური უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა, რაც შეაკავებს რუსეთს მომავალი აგრესიისგან. სხვა სასწაულმოქმედი ალტერნატივები არ არსებობს“, – განაცხადა ნაუსედამ.

ნაუსედას თქმით, მას იმედი აქვს, რომ უკრაინის ნატო-ში მიწვევა რაც შეიძლება მალე მოხდება, მაშინ, როდესაც გარემოებები ალიანსს ამის საშუალებს მისცემს.

ძლიერმა წვიმამ სამეგრელოში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა აბაშის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში. ადიდებული მდინარეები და ღელეები კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია ეზოები, სახნავ-სათესი სავარგულები, დახოცილია შინაური ფრინველი. წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში აუცილებელი გახდა რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია. ისინი დროებით საცხოვრებელში გადაიყვანეს.

ადგილობრივების თქმით, ეს პრობლემა ყოველი ძლიერი წვიმის დროს დგება, ამიტომ აუცილებელია დამბის გამაგრება.

„ქარიატაში რამდენიმე ოჯახი დაიტბორა დღევანდელი სტიქიის შედეგად. ასეთი მდგომარეობა ხშირად არის. მდინარე რომ ადიდდება, კალაპოტიდან გადმოდის. ადგილობრივი ხელისუფლება კი არის ჩართული, მაგრამ სტიქიას წინ ვერავინ აღუდგება. ცენტრალური ხელისუფლება ამაზე არ ფიქრობს და მოსახლეობა რა დღეშია კი ხედავთ. ამას დროული ყურადღება სჭირდება. პრობლემის დროს ჯიპებით მოდიან აქ და ეს სასიკეთოს არაფერს მოიტანს, უნდა იფიქრონ პრობლემის მოგვარების გზებზე და ჯებირი გააკეთონ. თუ ასე გაგრძელდა წვიმა, უარეს შედეგს მივიღებთ, რადგან მდინარეს კალაპოტი უკვე შეცვლილი აქვს“, – განაცხადა სოფელ ქარიატის მკვიდრმა გურიელ ქარდავამ.

სოფლების ნაწილს ამ დროისთვის არც ელექტროენერგია მიეწოდება.

“ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის საქართველოსა და საზღვარგარეთის კლინიკებში მკურნალობის დაფინანსებაზე პრემიერის გადაწყვეტილება წინგადადგმული ნაბიჯია”

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბასვილის გადაწყვეტილება და ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვისთვის საქართველოსა და საზღვარგარეთის კლინიკებში მკურნალობის დაფინანსებაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ამის შესახებ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„გარდა ემოციური სტრესისა, ასეთი ხარჯების გადახდა ნებისმიერი ოჯახისთვის მძიმე ფინანსური შოკი იყო და მისასალმებელია, რომ მთავრობამ ამ პრობლემის გადასაჭრელად პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო.

ევროპული ჯანდაცვა, პირველ რიგში, ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანდაცვას ნიშნავს“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს სახელმწიფო დაფინანსებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებშიც ექნება. პროექტის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონი ლარია.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებთან კონტრაქტი დაახლოებით თვე-ნახევარში გაფორმდება.