“15 წელი ვიმეორებდით, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ ხელშესახები ნაბიჯი არ გადაგვიდგამს”-გიტანას ნაუსედა 

80
spot_img

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატო-ს სამიტზე ლიდერებმა უნდა მიიღონ საჭირო გადაწყვეტილებები, რომლებიც განამტკიცებენ ალიანსის წევრების უსაფრთხოებას.

როგორც გიტანას ნაუსედამ ნატო-ს სამიტის დაწყების წინ, სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ვილნიუსის სამიტზე ლიდერები დაადასტურებენ, რომ ალიანსის უსაფრთხოება არის განუყოფელი და ნატო-ს ტერიტორიას მოკავშირეები კოლექტიურად დაიცავენ. მისივე თქმით, ასევე განაცხადებენ, რომ უკრაინის ადგილი არის ნატო-ში.

„ჩვენ უნდა განვამტკიცოთ პრაქტიკული კავშირები უკრაინასთან და განვსაზღვროთ უკრაინის ნატო-ში წევრობის მკაფიო გზა. ამავე დროს, უნდა გავაგრძელოთ უწყვეტი ფინანსური, სამხედრო მხარდაჭერა და ეს უკრაინის გამარჯვების მომენტამდე უნდა გაგრძელდეს. ასევე, ალიანსს სჭირდება უფრო მჭიდრო ურთიერთობები მსოფლიოს გარშემო თანამოაზრე ქვეყნებთან – დასავლეთ ბალკანეთიდან სამხრეთ კავკასიამდე და ინდო-წყნარ ოკეანეთშიც. რუსეთი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხეს ჩვენი ალიანსისთვის. ამიტომ რუსეთის შეკავება არის გადამწყვეტი ამოცანა უახლოესი მომავლისთვის“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატო უკვე მუშაობს ამ გამოწვევაზე და ალიანსი დაამტკიცებს ახალ თავდაცვის გეგმას. მისივე თქმით, ყველა მოკავშირე ერთგულია კოლექტიური თავდაცვის პრინციპის და ასევე აძლიერებენ სამხედრო წარმომადგენლობას ალიანსის წევრ იმ ქვეყნებში, რომლებსაც ყველაზე მეტად ემუქრებათ საფრთხე.

„ომის პრევენცია ყოველთვის უფრო იაფი ჯდება, ვიდრე აგრესიისგან თავდაცვა“, – განაცხადა ნაუსედამ.

მისივე თქმით, ალიანსმა აუცილებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები უკრაინის შესახებ.

„ბუქარესტის სამიტიდან 15 წლის განმავლობაში ჩვენ ვიმეორებდით იმავე მანტრას, რომ ერთ დღეს უკრაინა გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ ჩვენ არასდროს გადაგვიდგამს ხელშესახები ნაბიჯი ამ მიმართულებით. ამავე დროს, რუსეთი არ მოერიდა ინიციატივის ხელში აღებას და 2008 წელს საქართველოში შეიჭრა. არალეგალურად მოახდინა ყირიმის ანექსია, მოახდინა დონბასის დესტაბილიზაცია და წამოიწყო ფართომასშტაბიანი ომი უკრაინაში. ახლა დროა, შევცვალოთ პარადიგმა. ევროპაში უსაფრთხოება არ იქნება, ვიდრე უკრაინის მომავალი არ არის მკაფიოდ განსაზღვრული. უკრაინის ნატო-ს წევრობის მკაფიო გზა არის ის, რაც არის ჩვენი ვალი უკრაინის წინაშე. მხოლოდ ნატო-ს მეხუთე მუხლს შეუძლია რეალური უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა, რაც შეაკავებს რუსეთს მომავალი აგრესიისგან. სხვა სასწაულმოქმედი ალტერნატივები არ არსებობს“, – განაცხადა ნაუსედამ.

ნაუსედას თქმით, მას იმედი აქვს, რომ უკრაინის ნატო-ში მიწვევა რაც შეიძლება მალე მოხდება, მაშინ, როდესაც გარემოებები ალიანსს ამის საშუალებს მისცემს.