“სანქციები აზიანებს რუსეთს, მაგრამ მისი ეკონომიკური ზარალი ანაზღაურებადია” – დავით ზარდიაშვილი

spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი – დავით ზარდიაშვილი

ერთ-ერთი მთავარი პარადოქსი, რაც ამ ომის ნამდვილ არსზე მკაფიოდ მიანიშნებს – ეს მისი ეკონომიკური სახე თუ “ჰიპოსთაზია”; პარადოქსი კი, რომლის არ დანახვა ბრმებისთვისაც კი შეუძლებელია, ეს გახლავთ: დასავლეთი, რომელიც “თავისუფალი სამყაროს” ციტადელად მიიჩნეოდა და მისი ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება გახლდათ “თავისუფალი ბაზარი”, მათ შორის – საერთაშორისო ვაჭრობის და ეკონომიკური ურთიერთობების ის წესები, რაც თუნდაც “მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის” წესდებითაა განსაზღვრული – მიზანმიმართულად ანგრევს, თუ უკვე არ დაანგრია ეს ცივილიზებული წესები; თავისი ე.წ. ანტი-რუსული სანქციებით დასავლეთი ფუნდამენტურად ძირს უთხრის იმას, რასაც ეფუძნება დასავლური კაპიტალიზმი – მყარ, სამართლიან წესებს და რაციონალურ გათვლაზე დამყარებულ ლეგალურ მოგებას;

ბუნებრივია, ეს სანქციები აზიანებს რუსეთს, მაგრამ მისი ეკონომიკური ზარალი ანაზღაურებადია; რუსეთი, რომელიც მსოფლიო აღებ-მიცემობის გლობალურ ჯაჭვში ნედლეულის ერთ-ერთი მთავარი და რიგ შემთხვევებში, უალტერნატივო ექსპორტიორია, ამ ზარალს აინაზღაურებს და თავის ექსპორტს იმ ქვეყნებში, ვინც არ უწესებს სანქციებს, განახორციელებს; ხოლო თავად დასავლეთში კი ეს რუსული ნედლეული სანქციების გვერდის ავლით, არალეგალური გზებით და ჩრდილოვანი ბიზნესის გამოყენებით მაინც შევა, რადგან ვინ-ვინ და დასავლეთმა კარგად უნდა უწყოდეს: თუ არის მოთხოვნა – მიწოდებას ვერავითარი სანქციები ვერ შეაბრკოლებს; ოღონდ ეს მიწოდება განხორციელდება არალეგალური ან ნახევრად ლეგალური გზებით, რაც ქმნის სერიოზულ საფრთხეს, რომ ლეგალურ ბიზნესს დაძირავს. განსაკუთრებით სავალალოა, რომ დასავლეთი აპირებს იმ მესამე ქვეყნებს, ვინც ანტი-რუსულ სანქციებს არ შეუერთდა, ასევე ზეწოლით და თუნდაც მათი სანქცირებითაც, აიძულოს ამ დამანგრეველ პროცესს, რაც სხვა არაფერია, თუ არა საერთაშორისო ცივილურ წესებზე დაფუძნებული ურთიერთობების და სწორედაც რაციონალური, კეთილგონივრული წესრიგის ძირის გამოთხრა, შეუერთდნენ!

ამ ფუნდამენტური პრინციპის – “თავისუფალი ბაზრის” ღალატი და მისი წინააღმდეგ ამგვარი ჟინით ბრძოლა, ნათლად მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს არა დასავლეთთან, არამედ უკვე პოსტ-დასავლეთთან, რომელიც თავისი სანქციებით ჰგავს ხერხით შეიარაღებულ იმ უგუნურს, ვინც იმ ტოტს, რომელზედაც ზის, ძირში ხერხავს. ნახევრად გახერხა კიდეც, რადგან ვინმეს თუ გაგიგონიათ, რას ფიქრობს ყოველივე ამაზე “მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია”, ვინც ამ ტოტის დასაცავადაა დასავლეთის მიერვე შექმნილი? ვერც გაიგებდით, რადგან არც არაფერს ამბობს. ანუ – გახერხეს.

და აქ მივადექით მთავარ კითხვას, რაც გულუბრყვილოებსაც კი უნდა გაუჩნდეთ: ნუთუ ეს ომი მართლაც რუსეთის დასამარცხებლადაა თუ ეგებ, სწორედ იმიტომ, რომ საბოლოოდ დაინგრეს ის ცივილიზებული წესრიგი, რაც ამ ომამდე არსებობდა და რომლის დანგრევა მანამდეც სცადეს კოვიდ-პანდემიით? ანუ ის, რასაც ვამბობდი, ახლაც ამ პოსტით ვამბობ და ცოტას თუ სჯერა: ეგება ეს დიფუზიური ომია, ომი არნახული არეულობისათვის და იგი არა იმდენად რუსეთის წინააღმდეგ, არამედ წესრიგის დანგრევის გზით მსოფლიო ბატონობისათვის წარმოებს დიფუზიონერების მიერ? ვინ არიან ეს დიფუზიონერები – ესეც ცნობილია: მათი სახელი ლეგიონია. ხოლო ახლა “გლობალური ომის პარტიის” სახელით ვიცნობთ ჩვენში.