Home Blog Page 1740

“რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლში ყველა ხიდი დანაღმეს”- პეტრო ანდრიუშჩენკო

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლში ყველა ხიდი დანაღმეს და თითოეული მათგანის გარშემო თავდაცვითი ნაგებობები აღმართეს, – ამის შესახებ ემიგრაციაში მყოფი მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომელმაც ინფორმაცია „ტელეგრამის“ საშუალებით გაავრცელა.

„მარიუპოლში ოკუპანტებმა ყველა ხიდი დანაღმეს და თითოეულ მათგანთან თავდაცვითი სტრუქტურები შექმნეს. ახლა ხიდებზე გადასასვლელი შეზღუდულია და თავდაცვითი სტრუქტურების ტერიტორია შემოღობილია“, – წერს ანდრიუშჩენკო.

ოფიციალური პირის თქმით, ამით რუსები მარიუპოლისთვის გარდაუვალი ბრძოლისთვის ემზადებიან.

“კიევის ქმედებების უკან დასავლეთი დგას”- რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოსკოვსა და ყირიმზე უკრაინული უპილოტო აპარატებით განხორციელებული თავდასხმები უნდა დაგმონ.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ თავდასხმები „ტერორისტულ მეთოდებად და მოსახლეობის დაშინებად უნდა შეფასდეს, რადგან ამ შეტევებს სამხედრო მნიშვნელობა არ ჰქონდა“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „კიევის ქმედებების უკან დასავლეთი დგას, რადგან დაძაბულობის ესკალაცია სურს“.

“რუსეთი იტოვებს უფლებას მკაცრი საპასუხო ზომების განხორციელებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

“ხორვატია ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული მომავლის ძლიერი მხარდამჭერი”- პრემიერი

ხორვატია ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული მომავლის ძლიერი მხარდამჭერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზაგრებში საქართველოს საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხორვატიის პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პრემიერ-მინისტრო პლენკოვიჩ, ჩემო ძვირფასო მეგობარო და კოლეგავ, თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო მეგობრებო! უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ ჩემთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა აქ – ხორვატიის რესპუბლიკაში და სახელდობრ მის დედაქალაქ ზაგრებში – ყოფნა. დღეს აღინიშნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე. ამასთანავე, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი საელჩოს გახსნას და აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩვენს ელჩს კარგი გემოვნება ჰქონია, რადგან ფანტასტიკური ადგილი შეარჩია თვალწარმტაცი ხედით. ამასთანავე, ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია თქვენს მშვენიერ ქვეყანაში. პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა თქვენი გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის. უდიდეს მადლობას მოგახსენებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ხორვატია ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული მომავლის ძლიერი მხარდამჭერი. პრემიერ-მინისტრო პლენკოვიჩ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლიერება გამოვხატო ჩემი მთავრობისა და ხალხის სახელით. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. და ბოლოს, უნდა ვთქვა, რომ რადგან გადავწყვიტეთ საქართველოს საელჩოს გახსნა ხორვატიაში, რომელიც ზაგრებში დაიდებს ბინას, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად დიდია ჩვენი ინტერესი და ერთგულება ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის იდეისადმი. ამით ჩვენ შემდეგ ეტაპზე ავიყვანეთ ჩვენი ურთიერთობა. ამიტომ, მადლობას მოგახსენებთ და მოგესალმებით ჩვენს საელჩოში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“როგორ შეიძლება, პრეზიდენტ მარგველაშვილთან კომუნიკაცია არ მქონდეს, რჩევა არ ვკითხო და მისი გონებრივი რესურსები არ გამოვიყენო”- ხაბეიშვილი

გიორგი მარგველაშვილთან მაქვს კომუნიკაცია, როგორ შეიძლება, პრეზიდენტ მარგველაშვილთან კომუნიკაცია არ მქონდეს, რჩევა არ ვკითხო და მისი გონებრივი რესურსები არ გამოვიყენო, – ასე ეხმაურება  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი    აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ  გავრცელებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

ხაბეიშვილის თქმით, არაადეკვატურია ყველა ასეთი განცხადება, რომელიც ემსახურება მხოლოდ დისკრედიტაციას ყოფილი პრეზიდენტების მიმართ.

„ჩემი აზრით, რუსული პარტია ადეკვატური რომ იყოს, იმას უნდა არკვევდეს, ბიძინა ივანიშვილს ელექტროენერგია რვა თეთრად რატომ აქვს და ბიზნესს – 30 თეთრად და მოსახლეობას – 22 თეთრად. ეს ხომ ბიძინა ივანიშვილმა თავად თქვა, ბაჩიაშვილს რომ უჩივლა, რომ ამ ფასად იღებს ელექტროენერგიას. ამას რატომ არავინ იძიებს? ღარიბაშვილი რომ ლაპარაკობს რაღაც 11 ათას ლარზე, გამოძიება დაიწყეს, ნუნუკას რომ ტყე აჩუქა? საყდრისი რომ ააფეთქა ივანიშვილმა, ვინმე დაინტერესდა? საყდრისის აფეთქების გამო რა ზიანი მიადგა ჩვენს ქვეყანას, ეს ვინმეს დაუთვლია? არაადეკვატურად მიმაჩნია ყველა ასეთი განცხადება, რომელიც ემსახურება მხოლოდ დისკრედიტაციას ყოფილი პრეზიდენტების.

მარგველაშვილზე საუბრობენ, ვიღაცას რაღაც ჩაურიცხა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა თურმე ჰილარი კლინტონს „რედბული“ უყიდა, სადღაც საფლავზე გვირგვინი მიიტანა, სადღაც ვიღაცამ კბილის პასტები მიიტანა ბავშვთა სახლში და ა.შ. ესაა სრული სიგიჟე. ისინი ხედავენ საფრთხეს“, – განაცხადა ხაბეისვილმა.

მისივე თქმით, „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში ყველა ლიდერთან ექნებათ კომუნიკაცია.

„ცხადია, საუბარი გვაქვს და გვექნება გიორგი მარგველაშვილთანაც. შეიძლება ამიტომაც დაესხნენ თავს. წარმოუდგენელია, გიორგი მარგველაშვილმა მონაწილეობა არ მიიღოს რუსული პარტიის ჩამოცილებაში. ეს ადამიანი არის აქტიურად ჩართული ანტირუსულ კამპანიებში და დარწმუნებული ვარ, რომელი ფრონტის ხაზი იქნება ან რომელი გუნდი იქნება, გიორგი მარგველაშვილს თავის პოზიცია ექნება. მისი პოზიცია, დიახ, მნიშვნელოვანია, მათ შორის საერთაშორისო დონეზე. რომ დაველაპარაკებით ყველას, ამას გიდასტურებთ. ეჭვი არავის შეეპაროს, რომ კიდევ ვიზრუნებთ გაფართოებაზე და გაძლიერებაზე.

მაქვს ხოლმე კომუნიკაცია, როგორ შეიძლება პრეზიდენტ მარგველაშვილთან კომუნიკაცია არ მქონდეს, რჩევა არ ვკითხო და მისი გონებრივი რესურსები არ გამოვიყენო. მე გამოვიყენებ ყველას გონებრივ რესურსს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ძალიან ბევრ ლიდერს შევკრებთ, საბოლოო ჯამში, „გამარჯვების პლატფორმაზე“. ვხედავ, რომ ამიტომ ესხმიან თავს გიორგი მარგველაშვილს. აქვთ შიში, რომ მისი ჩართულობა იქნება პრობლემა რუსი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

“ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ვითომ სააკაშვილის ლობიზმის შესახებ, სინამდვილეში შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ” -მაჭარაშვილი

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ვითომ სააკაშვილის ლობიზმის შესახებ, სინამდვილეში შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ , – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში  „ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, ეს კონტრაქტი სინამდვილეში შეთქმულებას ასახავს და მასში ნახსენები ყველა პირი ვალდებულია ქართველ ხალხს ახსნა-განმარტება მისცეს.

„რამდენი მტრული განზრახვა იმალება მარტის დღეების ამბოხის უკან. სისხლის ღვრაზეც კი წავიდნენ, ოღონდ პარლამენტს ის კანონი არ მიეღო, რომელიც მტრის ზრახვებს გამოააშკარავებდა.

სისხლისღვრა სურდათ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოს უსაფრთხოებაზე ვზრუნავდით და გვსურდა ზუსტად ისეთი კანონი მიგვეღო, როგორიც მოქმედებდა ამერიკაში, მაგრამ ამის უფლება არ მოგვცეს თავად ამ კანონის ავტორებმა. რატომ? პასუხი მარტივია: – არ სურდათ ქართველ ხალხს გაეგო იმ მალული და მტრული განზრახვით დახარჯული მილიონების შესახებ, რასაც უცხო ქვეყნები და მათი აგენტები ახორციელებენ საქართველოში.

FARA -ს კანონის ანალოგია, რომელიც „ხალხის ძალამ” პარლამენტში წარვადგინეთ, ქვეყნის უსაფრთხოებას იცავდა ყველა მხრიდან და ყველა ქვეყნიდან. სწორედ ეს არ სურდათ, საქართველოს უსაფრთხოების გასაღები მხოლოდ მათ ხელში უნდა იყოს, რომ უკეთ მართონ ჩვენი ქვეყანა, მეტად დამოკიდებულნი გახადონ ქართველი პოლიტიკოსები მათზე და უფრო მარტივად შეძლონ დაუნდობელ ომში ჩვენი ქვეყნის ჩართვა.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ვითომ სააკაშვილის ლობიზმის შესახებ, სინამდვილეში შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ. ქვეყნის დასანქცირების მოთხოვნა სერიოზული საერთაშორისო სკანდალია და არ შეიძლება ამ საკითხის უბრალოდ ლობიზმში გატარება. ოფიციალური მონაცემებით ვიგებთ, რომ ამ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებენ არა მარტო ქართველი ოპოზიციონერები, არამედ, ევროპელი პარლამენტარები და თავად ამერიკის საელჩო საქართველოში.

ამ შეთქმულების მონაწილეებმა კეთილი ინებონ და დეტალური ახსნა-განმარტება მისცენ ქართველ ხალხს. არავის დაავიწყდეს, ჩვენ კიდევ უფრო მეტი ვიცით დასაბუთებული ფაქტებით, ვიდრე თუნდაც ამ მაღალი რანგის დოკუმენტში წერია”, – წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

“როგორც სოლიდური სიმსივნეების, ასევე ონკოჰემატოლოგიის დიაგნოზის მქონე ბავშვები შეძლებენ დახმარება მიიღონ უცხოეთის იმ კლინიკაში, რომელსაც თავად შეარჩევენ”

როგორც სოლიდური სიმსივნეების, ასევე ონკოჰემატოლოგიის დიაგნოზის მქონე ბავშვები შეძლებენ დახმარება მიიღონ უცხოეთის იმ კლინიკაში, რომელსაც თავად შეარჩევენ და ამაში მათ რჩევას სამინისტროსთან არსებული სპეციალური საბჭოც გაუწევს, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართული კლინიკები ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მდგომარეობის მართვის პროცესში გარკვეულწილად მაინც ჩართული იქნებიან. კერძოდ, ონკოლოგიური დიაგნოზი საქართველოს კლინიკებში დაისმება და შემდეგ უცხოეთის კლინიკებში გადამოწმდება. უცხოეთში მკურნალობის შემდეგ კი ბავშვს მეთვალყურეობას ქვეყანაში ისევ ქართველი ექიმები გაუწევენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და პრაქტიკულაად, ეს არის ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიის სერვისის განვითარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები უცხოეთში მიიღებენ მკურნალობას, ამის პარალელურად, ქვეყანაში აუცილებლად მოხდება უფრო ფორსირებული განვითარება იმ სერვისების, რასაც ამჟამად ბავშვები უცხოეთში მიიღებენ. ეს კიდევ უფრო სტიმულს მისცემს ჩვენთანაც ამ სერვისების განვითარებას“, – აღნიშნა გაბუნიამ.

მისი თქმით, პროგრამისთვის ესპანეთის, თურქეთისა და ისრაელის ყველაზე საუკეთესო, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე კლინიკები შეირჩა.

„ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სრული პაკეტი იმის და მიხედვით, თუ როგორც მას დაუნიშნავს ექიმი საქართველოში, საწყისი დიაგნოსტიკის შემდეგ. მკურნალი ექიმი მშობელთან და ბავშვთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას, რა იქნება ოპტიმალური შემდგომ მკურნალობის გასაგრძელებლად. ეს დამოკიდებული იქნება, ბავშვს რა სერვიზი სჭირდება“, – განაცხადა გაბუნიამ.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო.

ირაკლი ღარიბაშვილი ზაგრებში საქართველოს საელჩოს გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან ანდრეი პლენკოვიჩთან ერთად ზაგრებში საქართველოს საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ანდრეი პლენკოვიჩმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და საელჩოს გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„პრემიერ-მინისტრო პლენკოვიჩ, ჩემო ძვირფასო მეგობარო და კოლეგავ, თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო მეგობრებო! უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ ჩემთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა აქ – ხორვატიის რესპუბლიკაში და სახელდობრ მის დედაქალაქ ზაგრებში – ყოფნა. დღეს აღინიშნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე. ამასთანავე, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი საელჩოს გახსნას და აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩვენს ელჩს კარგი გემოვნება ჰქონია, რადგან ფანტასტიკური ადგილი შეარჩია თვალწარმტაცი ხედით. ამასთანავე, ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია თქვენს მშვენიერ ქვეყანაში. პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა თქვენი გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის. უდიდეს მადლობას მოგახსენებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ხორვატია ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული მომავლის ძლიერი მხარდამჭერი. პრემიერ-მინისტრო პლენკოვიჩ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლიერება გამოვხატო ჩემი მთავრობისა და ხალხის სახელით. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. დაბოლოს, უნდა ვთქვა, რომ რადგან გადავწყვიტეთ საქართველოს საელჩოს გახსნა ხორვატიაში, რომელიც ზაგრებში დაიდებს ბინას, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად დიდია ჩვენი ინტერესი და ერთგულება ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის იდეისადმი. ამით ჩვენ შემდეგ ეტაპზე ავიყვანეთ ჩვენი ურთიერთობა. ამიტომ, მადლობას მოგახსენებთ და მოგესალმებით ჩვენს საელჩოში”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა აღნიშნა, დღეს ისტორიული მოვლენაა, რადგან ხორვატიაში პირველად იმყოფება ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი! გულთბილად მოგესალმებით ხორვატიაში.

მადლობას ვუხდი ელჩ გოგსაძეს ზაგრებში საქართველოს ახლადგახსნილ საელჩოში მიღებისთვის. მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილსა და მის მასპინძელ კოლეგას. აქვე მივესალმები ყველა ჩვენ ქართველ მეგობარსა და დამსწრე საზოგადოებას – ხორვატიის ოფიციალურ პირებს. დიდი მადლობა პოლიფონიური სიმღერების შემსრულებლებს. ყველა ხორვატზე მოახდენდა შთაბეჭდილებას მათი ნამღერი, რადგან ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეთ, მაგრამ რომ არ მცოდნოდა ქართველები რომ ხართ, აუცილებლად ვიკითხავდი ხორვატიის რომელი რეგიონიდან არიან-მეთქი. ჩვენზე ყოველივე ამან ემოციურად ძალიან იმოქმედა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გმასპინძლობთ და მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ ღონისძიებისთვის ამ ანსამბლის ჩამოყვანისთვის. დღეს ნამდვილად ისტორიული მოვლენაა, რადგან ჩვენთან პირველად იმყოფება ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ხვალ ზუსტად 8 წელი შესრულდება მას შემდეგ რაც ბატონი ირაკლი გავიცანი. მე მაშინ ევროპარლამენტარი ვიყავი, ხოლო თქვენ პრემიერ-მინისტრობის პირველი მანდატით მართავდით ქვეყანას. მახსოვს, თბილისს ვეწვიე და თქვენი ლამაზი ქვეყანა მოვიარე. მაშინ კარგად გავაცნობიერე რა სირთულეების წინაშე იმყოფებოდა ქვეყანა, გავიაზრე თქვენი ისტორია და ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – საკითხი.

თქვენ წნეხს გაუძელით და, რა თქმა უნდა, ამიტომ ვუჭერთ მხარს და პატივს ვცემთ თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; ისევე როგორც თქვენს ძალისხმევას, რათა იპოვოთ გამოსავალი, რომელიც გაამთლიანებს საქართველოს ტერიტორიას და თქვენი მთავრობის იურისდიქციასა და საკონსტიტუციო კონტროლს დაუქვემდებარებს ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამას გისურვებთ, რადგან ხორვატია მსგავს სიტუაციაში იყო სამწუხაროდ 90-იან წლებში და 7 წელი დაგვჭირდა იურიდიული და საკონსტიტუციო წესრიგის დასამყარებლად ქყვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ამიტომაც არის, რომ კარგად გვესმის თქვენი და ემფატიურობის ხარისხიც დიდი გვაქვს თქვენი ქმედებების მიმართ.

ამავდროულად, მტკიცედ გიჭერთ მხარს ერვოპული და ტრანს-ატლანტიკური ამბიციებისა და მისწრაფებების მიმართულებით. ჩვენ მხარი დავუჭირეთ თქვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს და საქართველოს ვროპული პერსპექტივის აღიარებას. კენჭისყრა ევროპულ საბჭოში ერთი წლის წინ ჩატარდა. მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობისთვის განსაზღვრული კრიტერიუმების შესრულებას და ევროკავშირის დონეზე გადაწყვეტილებების მიღებას თქვენი ამბიციების სასიკეთოდ. შემდეგი ინსტიტუციური ნაბიჯი იქნება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება.

ასევე მივესალმებით თქვენს გარდაქმნებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. მივესალმებით აგრეთვე ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობას, როდესაც საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნება.

ორმხრივ ურთიერთობებს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყნებს მრავალი მსგავსება აქვს. დღეს შევთანხმდით, რომ ეკონომიკური ურთიერთობები უნდა გავაუმჯობესოთ, კულტურული თანამშრომლობისკენ ვისწრაფვოდეთ და სამომავლო ენერგეტიკული კავშირების კონტექსტში ვნახოთ რისი გაკეთებაა შესაძლებელი თქვენი და ჩვენი გეო-სტრატეგიული ადგილმდებარეობის საფუძველზე. იგივე ეხება თანამშრომლობას მთელი ევროპის მასშტაბით, რადგან ეტაპობრივად ხდება წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება განახლებადი ენერგომატარებლებით, რომლებსაც დიდი ინვესტიციები ხმარდება.

ყოველივე ამის ფონზე, მოუთმენლად ველი თქვენი ელჩის გააქტიურებას. აქ, ზაგრებში. ის იქნება „ძრავა”, რომელიც მეტ იდეასა და ინიციატივას განახორციელებს საქართველოსა და ხორვატიას შორის თანამშრომლობის გასაზრდელად. პირადად ჩემი, ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრისა და მთელი მთავრობის სახელით ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ თქვენს ელჩს და თქვენს გუნდს. მადლობას მოგახსენებთ თბილისში მოწვევისთვის. თარიღს შევარჩევთ საპასუხო ვიზიტისთვის და გეწვევით საქართველოსა და ხორვატიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილის აღსანიშნავად. დიდი მადლობა ძვირფასო ირაკლი, მადლობას ვუხდი ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ელჩს”, – განაცხადა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა.
საელჩოს გახსნის ღონისძიებაზე ანსამბლმა “ჰერიომ” საქართველოსა და ხორვატიის ეროვნული ჰიმნები შეასრულა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აგრეთვე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები.
ამ დრომდე ხორვატიის რესპუბლიკას საქართველო უნგრეთიდან ფარავდა.

“სააკაშვილის მეგობრობა ან მისი ლობირება ჩვენს ქვეყანაში ნიშნავს დანაშაულის, ძალადობისა და კრიმინალის მეგობრობასა და ლობირებას”

ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონი“ – ე.წ. FARA აღმოჩნდა პანდორას ყუთი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ფაქტობრივად, ის მავნებლური საკითხები, რაც „ნაცმოძრაობაში“ უხვად არის ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე საბოლოოდ ცნობილი გახდა, თუნდაც ის დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც სინამდვილეში არა სააკაშვილის გადასარჩენად, არამედ საქართველოს გასაშავებლად იყო წარმოებული,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ საჭიროა ახსნა-განმარტებები ამ პროცესში საქართველოს აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის ჩართულობასთან დაკავშირებით.

„სააკაშვილის მეგობრობა ან მისი ლობირება ჩვენს ქვეყანაში ნიშნავს დანაშაულის, ძალადობისა და კრიმინალის მეგობრობასა და ლობირებას და არა ქართველი ხალხისა და ჩვენი საზოგადოების. ეს ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, იმიტომ, რომ სააკაშვილის მხარეზე დგომა პირველ რიგში უსამართლობისა და მორალური ბარიერების წაშლის მხარეზე დგომაა. ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ვინც ამ არჩევანს აკეთებს, უპირისპირდება სამართლიანობას, ჩვენი ქვეყნის მომავალსა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში საუბარია საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელზე. FARA-ს დოკუმენტების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე, ნიუ-იორკში სალომე ზურაბიშვილთან უნდა გამართულიყო შეხვედრა და შუამავლად მითითებულია შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელი ევან ელიოტი.

“ამ კონტრაქტით ქართული საზოგადოება მიხვდა, ვინ, სად და რა საქციელს სჩადიოდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ”

„ამ კონტრაქტმა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ძალიან ბევრს შეუქმნა, სულ ცოტა, უხერხულობა, მაგრამ, სამაგიეროდ, საზოგადოებას აქვს კომფორტი, რადგან მიხვდა, ვინ, სად და რა საქციელს სჩადიოდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მოქალაქის უფლებაა იცოდეს, ვინ და რისთვის იღებს თანხებს პოლიტიკაში.

„დაფინანსებულებს შორის, სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი, მარგველაშვილიც მოხვდა. საზოგადოებამ უკვე გაიგო, რომ დაფინანსებები მიმდინარეობს და ძალიან ბევრი, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტიც იღებს თანხებს.

ეს იყო და არის, ზოგადად, მოქალაქის ინტერესი, რომ იცოდეს, რომელი იურიდიული თუ ფიზიკური პირი რაში იღებს თანხებს. ფაქტობრივად, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ვიხილეთ რადიკალური ოპოზიციისა და მისი პატრონების დღის წესრიგი. როდესაც ელჩი ამბობს, რომ ის არ იცნობს ამ ინფორმაციას, ეს არის სულ ცოტა ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა.

თებერვალში ამერიკულიდან გადმოთარგმნილ კანონსა და მის შერბილებულ ვარიანტზეც კი ამბობდა ელჩი დეგნანი, რომ რუსული კანონია, მაგრამ ეს „რუსული კანონი“ დღეს ძალიან კარგად მოქმედებს ამერიკაში და სწორედ მისი წყალობით გავიგეთ ინფორმაცია ხელშეკრულების შესახებ. საქართველოში ჟურნალისტი და მედია კი არა, ალბათ, მოქალაქე აღარ დარჩა, რომ ამ კონტრაქტის შესახებ არ გაეგო. უფრო სწორად გიული ალასანიასა და ელჩის გარდა თურმე ყველამ გაიგო, მხოლოდ მათ ვერ გაიგეს, რა არის ეს კონტრაქტი. ეს, სულ ცოტა, შეურაცხყოფაა! ეს დამოკიდებულება არ არის არც დიპლომატიური და არც – პარტნიორული, როდესაც არ იცი იმის შესახებ, რომ შენი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მილიონიანი კონტრაქტი, სადაც შენ ხარ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს სამხედრო რეზერვისტებისთვის ასაკობრივი ზღვარის გაზრდის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთის სამხედრო რეზერვში ყოფნის ასაკობრივ ზღვარს, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის, 5 წლით ზრდის.

„სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ ფედერალურ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ჯარისკაცებისთვის, მეზღვაურებისთვის და სერჟანტებისთვის ასაკობრივი ზღვარი ადრე არსებული 35-დან 40 წლამდე იზრდება, ზემდეგებისთვისა და “პრაპორშჩიკებისთვის”, 45-დან 50 წლამდე, ხოლო მიჩმანებისთვის 50-დან 55 წლამდე.

გარდა ამისა, კანონი ახანგრძლივებს სამობილიზაციო რეზერვში მყოფთა ასაკობრივ ზღვარსაც.

ახალი წესები 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ბათუმში ისტორიული შენობის დაზიანების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ბათუმში ისტორიული შენობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, საგამოძიებო ორგანოებმა მყისიერი რეაგირება მოახდინონ.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში „საყდრისის კომიტეტი“ აღნიშნავს, ბათუმში XX საუკუნის დასაწყისით დათარიღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რესტავრაციის ნაცვლად დაზიანდა, რასაც ადასტურებს სამხარაულის ბიუროს დასკვნაც.

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ცნობილი გახდა ბათუმში XX საუკუნის დასაწყისით დათარიღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებისა და ხელყოფის ფაქტის შესახებ.

სამწუხაროდ, რუსთაველის ქ. #7-ში მდებარე შენობის „რეაბილიტაცია“ სავალალო შედეგებით მიმდინარეობს – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ავთენტური იერსახის შენარჩუნებაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს „იორ ბუილდინგ კომპანის,“ უნდა ეზრუნა, თუმცა, რეაბილიტაციის ნაცვლად, სამშენებლო კომპანიის ე.წ. რესტავრატორებმა ძეგლი თავდაპირველ მდგომარეობაზე მეტად დააზიანეს.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად ცხადია, რომ შენობაში მოხდა დიდი რაოდენობით წყლის ჩადინება, სავარაუდოდ, სამუშაოების დროს დაზიანდა სახურავი. ამასთან, გაურკვეველია, რა ვითარებაში დააზიანეს უძველესი კედლის დეკორი (რომელიც ვანდალურადაა ჩამოფხეკილი) და სადარბაზოში არსებული ჩუქურთმები.

მნიშვნელოვნად დასველდა კედლები, რის შედეგადაც გაჩნდა ბზარები. ამას ადასტურებს სამხარაულის ბიუროს დასკვნაც. შენობის დათვალიერების შედეგად, ექსპერტიზამ დაადგინა არაერთი დაზიანება, რომელიც სწორედ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

ზემოხსენებული საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები სტანდარტების დარღვევით, არასაკმარისად კვალიფიციური სპეციალისტების მიერ ტარდებოდა. უცნობია, რა პრინციპით შეირჩა ეს კომპანია ტენდერში გამარჯვებულად და ჰქონდათ თუ არა მის სპეციალისტებს საერთოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მუშაობის გამოცდილება. ამასთან, რამდენად ეფექტური ზომები მიიღო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ძეგლზე უხეშად ჩატარებული სამუშაოების შედეგად სავალალო შედეგი დადგა. ვფიქრობთ, ამ კითხვებზე პასუხი უკვე გამოძიებამ უნდა გასცეს.

სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული, რაც გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის დაზიანებას და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე.

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ საჯაროდ მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, ბ-ნ ირაკლი შოთაძეს, საგამოძიებო ორგანოებმა მოახდინონ მყისიერი რეაგირება და პირად კონტროლზე იქნას აყვანილი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტი, რადგან საქმე ეხება ბათუმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, ქალაქის უძველეს ნაწილში მდებარე შენობას, რომლის ხელყოფაც პირდაპირ ნიშნავს მისი ისტორიული იერსახის დამახინჯებას. სამწუხაროდ, სახეზეა „ისტორიული“ ვანდალიზმის მძიმე შემთხვევა.

ცნობისთვის, ბათუმში, რუსთაველის ქ. #7-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 1904 წელს აშენდა. სახლი რენესანსულ-ბაროკულ სტილშია აგებული, გარე ფასადი შემკულია ქვაში ნაკვეთი ორნამენტებით, გირლანდებით, სვეტებით. ინტერიერში აღსანიშნავია ცენტრალური სადარბაზოს მოზაიკური იატაკი, ლითონის ჭვირული მოაჯირი, კედლებისა და ჭერის დეკორი”, – ნათქვამია განცხადებაში.

„საყდრისის კომიტეტი“ შესაბამის ვიდეოკადრებსაც ავრცელებს, რომლის ნახვაც შესაძლებელია ბმულზე: https://youtube.com/shorts/g7rB2IfYXak?feature=share

ბერდიანსკის მიმართულებაზე რუსეთის ჯარმა 1.4 კილომეტრით უკან დაიხია – უკრაინის თავდაცვის ძალები

უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ბერდიანსკის მიმართულებაზე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ნაწილობრივი წარმატება აქვთ.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ მიმართულებაზე რუსეთის ჯარმა 1.4 კილომეტრით უკან დაიხია.

„გვაქვს წარმატება, ამჟამად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. მელიტოპოლის მიმართულებაზე საგრძნობი ცვლილებები არ არის“, – ნათქვამია განცხადებაში.