ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონი“ – ე.წ. FARA აღმოჩნდა პანდორას ყუთი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ფაქტობრივად, ის მავნებლური საკითხები, რაც „ნაცმოძრაობაში“ უხვად არის ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე საბოლოოდ ცნობილი გახდა, თუნდაც ის დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც სინამდვილეში არა სააკაშვილის გადასარჩენად, არამედ საქართველოს გასაშავებლად იყო წარმოებული,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ საჭიროა ახსნა-განმარტებები ამ პროცესში საქართველოს აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის ჩართულობასთან დაკავშირებით.
„სააკაშვილის მეგობრობა ან მისი ლობირება ჩვენს ქვეყანაში ნიშნავს დანაშაულის, ძალადობისა და კრიმინალის მეგობრობასა და ლობირებას და არა ქართველი ხალხისა და ჩვენი საზოგადოების. ეს ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, იმიტომ, რომ სააკაშვილის მხარეზე დგომა პირველ რიგში უსამართლობისა და მორალური ბარიერების წაშლის მხარეზე დგომაა. ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ვინც ამ არჩევანს აკეთებს, უპირისპირდება სამართლიანობას, ჩვენი ქვეყნის მომავალსა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში საუბარია საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელზე. FARA-ს დოკუმენტების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე, ნიუ-იორკში სალომე ზურაბიშვილთან უნდა გამართულიყო შეხვედრა და შუამავლად მითითებულია შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელი ევან ელიოტი.