„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ბათუმში ისტორიული შენობის დაზიანების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

113
spot_img

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ბათუმში ისტორიული შენობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, საგამოძიებო ორგანოებმა მყისიერი რეაგირება მოახდინონ.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში „საყდრისის კომიტეტი“ აღნიშნავს, ბათუმში XX საუკუნის დასაწყისით დათარიღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რესტავრაციის ნაცვლად დაზიანდა, რასაც ადასტურებს სამხარაულის ბიუროს დასკვნაც.

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ცნობილი გახდა ბათუმში XX საუკუნის დასაწყისით დათარიღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებისა და ხელყოფის ფაქტის შესახებ.

სამწუხაროდ, რუსთაველის ქ. #7-ში მდებარე შენობის „რეაბილიტაცია“ სავალალო შედეგებით მიმდინარეობს – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ავთენტური იერსახის შენარჩუნებაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს „იორ ბუილდინგ კომპანის,“ უნდა ეზრუნა, თუმცა, რეაბილიტაციის ნაცვლად, სამშენებლო კომპანიის ე.წ. რესტავრატორებმა ძეგლი თავდაპირველ მდგომარეობაზე მეტად დააზიანეს.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად ცხადია, რომ შენობაში მოხდა დიდი რაოდენობით წყლის ჩადინება, სავარაუდოდ, სამუშაოების დროს დაზიანდა სახურავი. ამასთან, გაურკვეველია, რა ვითარებაში დააზიანეს უძველესი კედლის დეკორი (რომელიც ვანდალურადაა ჩამოფხეკილი) და სადარბაზოში არსებული ჩუქურთმები.

მნიშვნელოვნად დასველდა კედლები, რის შედეგადაც გაჩნდა ბზარები. ამას ადასტურებს სამხარაულის ბიუროს დასკვნაც. შენობის დათვალიერების შედეგად, ექსპერტიზამ დაადგინა არაერთი დაზიანება, რომელიც სწორედ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

ზემოხსენებული საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები სტანდარტების დარღვევით, არასაკმარისად კვალიფიციური სპეციალისტების მიერ ტარდებოდა. უცნობია, რა პრინციპით შეირჩა ეს კომპანია ტენდერში გამარჯვებულად და ჰქონდათ თუ არა მის სპეციალისტებს საერთოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მუშაობის გამოცდილება. ამასთან, რამდენად ეფექტური ზომები მიიღო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ძეგლზე უხეშად ჩატარებული სამუშაოების შედეგად სავალალო შედეგი დადგა. ვფიქრობთ, ამ კითხვებზე პასუხი უკვე გამოძიებამ უნდა გასცეს.

სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული, რაც გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის დაზიანებას და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე.

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ საჯაროდ მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, ბ-ნ ირაკლი შოთაძეს, საგამოძიებო ორგანოებმა მოახდინონ მყისიერი რეაგირება და პირად კონტროლზე იქნას აყვანილი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტი, რადგან საქმე ეხება ბათუმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, ქალაქის უძველეს ნაწილში მდებარე შენობას, რომლის ხელყოფაც პირდაპირ ნიშნავს მისი ისტორიული იერსახის დამახინჯებას. სამწუხაროდ, სახეზეა „ისტორიული“ ვანდალიზმის მძიმე შემთხვევა.

ცნობისთვის, ბათუმში, რუსთაველის ქ. #7-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 1904 წელს აშენდა. სახლი რენესანსულ-ბაროკულ სტილშია აგებული, გარე ფასადი შემკულია ქვაში ნაკვეთი ორნამენტებით, გირლანდებით, სვეტებით. ინტერიერში აღსანიშნავია ცენტრალური სადარბაზოს მოზაიკური იატაკი, ლითონის ჭვირული მოაჯირი, კედლებისა და ჭერის დეკორი”, – ნათქვამია განცხადებაში.

„საყდრისის კომიტეტი“ შესაბამის ვიდეოკადრებსაც ავრცელებს, რომლის ნახვაც შესაძლებელია ბმულზე: https://youtube.com/shorts/g7rB2IfYXak?feature=share