“ამ კონტრაქტით ქართული საზოგადოება მიხვდა, ვინ, სად და რა საქციელს სჩადიოდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ”

48
spot_img

„ამ კონტრაქტმა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ძალიან ბევრს შეუქმნა, სულ ცოტა, უხერხულობა, მაგრამ, სამაგიეროდ, საზოგადოებას აქვს კომფორტი, რადგან მიხვდა, ვინ, სად და რა საქციელს სჩადიოდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მოქალაქის უფლებაა იცოდეს, ვინ და რისთვის იღებს თანხებს პოლიტიკაში.

„დაფინანსებულებს შორის, სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი, მარგველაშვილიც მოხვდა. საზოგადოებამ უკვე გაიგო, რომ დაფინანსებები მიმდინარეობს და ძალიან ბევრი, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტიც იღებს თანხებს.

ეს იყო და არის, ზოგადად, მოქალაქის ინტერესი, რომ იცოდეს, რომელი იურიდიული თუ ფიზიკური პირი რაში იღებს თანხებს. ფაქტობრივად, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ვიხილეთ რადიკალური ოპოზიციისა და მისი პატრონების დღის წესრიგი. როდესაც ელჩი ამბობს, რომ ის არ იცნობს ამ ინფორმაციას, ეს არის სულ ცოტა ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა.

თებერვალში ამერიკულიდან გადმოთარგმნილ კანონსა და მის შერბილებულ ვარიანტზეც კი ამბობდა ელჩი დეგნანი, რომ რუსული კანონია, მაგრამ ეს „რუსული კანონი“ დღეს ძალიან კარგად მოქმედებს ამერიკაში და სწორედ მისი წყალობით გავიგეთ ინფორმაცია ხელშეკრულების შესახებ. საქართველოში ჟურნალისტი და მედია კი არა, ალბათ, მოქალაქე აღარ დარჩა, რომ ამ კონტრაქტის შესახებ არ გაეგო. უფრო სწორად გიული ალასანიასა და ელჩის გარდა თურმე ყველამ გაიგო, მხოლოდ მათ ვერ გაიგეს, რა არის ეს კონტრაქტი. ეს, სულ ცოტა, შეურაცხყოფაა! ეს დამოკიდებულება არ არის არც დიპლომატიური და არც – პარტნიორული, როდესაც არ იცი იმის შესახებ, რომ შენი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მილიონიანი კონტრაქტი, სადაც შენ ხარ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.