Home Blog Page 1733

“შს მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციაზე მოვა და ყველა კითხვას პასუხს გასცემს” – ირაკლი ქადაგიშვილი

რა თქმა უნდა, შს მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციაზე მოვა და ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საზოგადოებას ხელისუფლებისგან კითხვებზე ამომწურავი პასუხები უკვე აქვს და კითხვებთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ არის – ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტში ვახტანგ გომელაურის დაბარებას „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.

ქადაგიშვილი იმასაც ამბობს, რომ ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია არა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, არამედ ის, რომ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებული სპეკულაცია მუდმივად დღის წესრიგში ჰქონდეთ.

„ეს არის მიზანი. ჩვენ პრობლემისთვის თვალის გასწორების არ გვეშინია, მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია – ოპოზიცია ცდილობს, რომ ტრაგედიიდან რამენაირად მისი პოლიტიკური ხვალინდელი დღე გამოადნოს. ამისთვის არაფერს ერიდება – არ ერიდება არც მიცვალებულს, არც მიცვალებულის ოჯახის განცდას, არც ტრაგედიას, რომელიც საზოგადოების თითოეულმა წევრმა თანაბრად გაიზიარა. ამ ყველაფერზე სპეკულირებენ. გარკვეული კატეგორიის ადამიანები ჩასაფრებული არიან, რომ ტრაგედია საკუთარი ხვალინდელი დღის წარმატების საფუძვლად აქციონ და როცა ოპოზიცია ამაზე ფიქრობს, ეს სულ სხვა რამეზე მიგვანიშნებს. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ოპოზიციას მომავლის პოზიტიური ხედვა არ გააჩნია და ნებისმიერი ტრაგედიის ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოყენებას ცდილობს. მათი ასეთი დამოკიდებულებით თვითლუსტრაციას ეწევიან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„კოვიდის ახალი ვარიანტი უკვე აქ არის… ერთი კარგი ამბავი – ის არ არის ძალიან „მძიმე“ – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ქვეშტამის – EG.5-ის გავრცელებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

გიორგი ფხაკაძე ავრცელებს კოვიდის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით The New York Times-ის სტატიას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ომიკრონის“ ქვეშტამი EG.5 სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არ არის უფრო საშიში, ვიდრე წინა ვარიანტები“.

„ახალი ვარიანტი უკვე აქ არის, ერთი კარგი ამბავი, ის არ არის ძალიან „მძიმე“, მაგრამ რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის არის საშიში“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, Reuters აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროების მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ში, ევროპასა და აზიაში კოვიდ ინფექციები და მისგან გამოწვეული ჰოსპიტალიზაცია იზრდება.

საუბარია კოვიდ 19-ის „ომიკრონის“ ვარიანტის ქვევარიანტზე – EG.5-ზე, იგივე „ერისზე“, რომელიც 2021 წლის ნოემბერში აღმოაჩინეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, აგვისტოს მდგომარეობით, აღნიშნული ქვეშტამი 50-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი.

„ის არის კოვიდ-19-ის ყველაზე გავრცელებული და ყველაზე სწრაფად მზარდი ქვევარიანტი აშშ-ში და, სავარაუდოდ, კოვიდ-19 ის ამჟამინდელი შემთხვევების დაახლოებით 17% სწორედ ეს შტამია“, – წერს მედია ჯანდაცვის უწყებებზე დაყრდნობით.

“არა კომისიის შექმნა, არამედ ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს მთავარი ამოცანა” – გიგი წერეთელი

არსებული პარლამენტი არანაირ წესს არ იცავს, ამიტომ, არა კომისიის შექმნა, არამედ ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს მთავარი ამოცანა, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი შოვში მომხდარ ტრაგედიაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ამ პარლამენტში შეუძლებელია, რომ საგამოძიებო კომისიის ინიციატივას რაიმე განვითარება ჰქონდეს.

„ნებისმიერ ნორმალურ პარლამენტში, სადაც წესები და კანონები იცნობა, საგამოძიებო კომისიის არსებობა ასეთ ტრაგიკულ საკითხთან დაკავშირებით, მითუმეტეს, როცა ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, სწორი ინიციატივა იქნებოდა, თუმცა არსებული პარლამენტი არანაირ წესს არ იცავს. იგი ორიენტირებულია უმრავლესობის პოზიციის დაცვაზე და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არანაირ არსებულ კითხვას პასუხი არ გაეცეს. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ არა კომისიის შექმნა, არამედ ამ ტიპის ხელისუფლების შეცვლაა ჩვენი მთავარი ამოცანა“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

“დასავლეთი ცეცხლზე ნავთს ასხამს, რათა უკრაინაში კონფლიქტი კიდევ უფრო გაღვივდეს და მასში სხვა სახელმწიფოებიც ჩაითრიონ”

დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში კონფლიქტი გააფართოოს და მასში ახალი ქვეყნები ჩართოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო უსაფრთხოების შესახებ მოსკოვის XI კონფერენციაზე ვიდეო ჩართვის საშუალებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ის, თუ სანამდე მივყავართ ცეცხლზე ნავთის დასხმის პოლიტიკას ნათლად ჩანს უკრაინის მაგალითზე. ნეონაცისტური რეჟიმისთვის მილიარდობით დოლარის, აღჭურვილობის, იარაღის, საბრძოლო მასალის მიწოდება, სამხედრო მრჩევლებისა და დაქირავებული ჯარისკაცების გაგზავნა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კონფლიქტი კიდევ უფრო გაღვივდეს და მასში სხვა სახელმწიფოებიც ჩაითრიონ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

“11 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების ავთენტურობაში სასულიერო პირთა ერთი ნაწილის მხრიდან ეჭვის შეტანა, გაუმართლებელია”

საქართველოს საპატრიარქო მათ მიერ 11 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.

„ა.წ. 11 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების ავთენტურობაში სასულიერო პირთა ერთი ნაწილის მხრიდან ეჭვის შეტანა, გაუმართლებელია. ჩვენს გვერდზე დადებული განცხადება ყოველთვის არის შეთანხმებული კათოლიკოს-პატრიარქთან და საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან.

გვინდა აღვნიშნოთ ისიც (სხვა ფაქტებზე რომ არაფერი ვთქვათ), რომ როდესაც ქვეყანაში მასშტაბური მოვლენა ხდება, რომელზეც შეფასებას პირველიერარქი აკეთებს, მასთან (და, ასევე, ეპარქიის მმართველ მღვდელმთავართან) შეუთანხმებლად ნებისმიერი სასულიერო პირის მხრიდან საჯარო სივრცეში განსხვავებული დასკვნის გაკეთება სუბორდინაციის სერიოზული დარღვევაა.

ყველას მოვუწოდებთ ერთობისა და მშვიდობისაკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

“არ არსებობს კითხვა, რაზეც „ნაცმოძრაობას” პასუხი არა აქვს” – გურამ მაჭარაშვილი

არ არსებობს კითხვა, რაზეც „ნაცმოძრაობას” პასუხი არა აქვს – უბრალოდ, ეს არის ხალხი, რომელიც ტრაგედიებით იკვებება და სურს, საკუთარი დღის წესრიგი სწორედ ტრაგედიებსა და ომებზე ააგოს, – ასეთია უმრავლესობის დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის პოზიცია შოვის სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტში შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციის წესით დაბარების შესახებ.

მაჭარაშვილის თქმით, აქედან გამომდინარეობს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაც.

მისივე შეფასებით, “ამიტომაც ყოველთვის იქნება 10-0 ოპოზიციის საწინააღმდეგოდ”.

“თუ დააკვირდებით, რადიკალური ოპოზიცია ომებითა და ტრაგედიებით ცხოვრობს. თუ ომი ან ტრაგედია არ არის, ხალხი არავის ახსოვს. როგორც კი ტრაგედია მოხდება ან უნდათ, რომ რამენაირად ომი იყოს, გაცოცხლდებიან და ამბობენ, რომ ხელისუფლება უნდა დაამხონ. ეს არის მათი სტილი”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებაშია მხილებული, ახლა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარესა და შს მინისტრს იმაში ადანაშაულებენ, რომ თითქოს სტიქიისგან გადარჩენილებს ებრძვიან.

“ეს არის სპეკულაციის შემადგენელი ნაწილი. ირაკლი კობახიძე პირველივე დღეებიდან იქ იყო და მისი სახე მთელმა საზოგადოებამ ნახა – თუ როგორი სახე ჰქონდა, როცა პირველ კომენტარს იძლეოდა. ასევე ყველამ იცის, რა მიზეზით არ იყო სტიქიის ადგილზე შს მინისტრი პირველივე დღეებში.

ყველას მშვიდობა და ჯანმრთელობა მისცეს, მაგრამ მაინც და მაინც საკუთარ თავზე უნდა გამოსცადო ის, რომ შემდეგ სხვისი გაიგო?! ხომ არ შეიძლება ყველაფერზე წახვიდე და ყველაფერი იკადრო იმისთვის, რომ როგორმე პოლიტიკური პროცესი მოიგო. ტყუილებისა და დეზინფორმაციის ცეცხლი რომ გაიხსნა, ამაზე ვინმემ ბოდიში მოიხადა?! როცა პირდაპირ ამბობდნენ, რომ თურმე იქ წყალი გუბდებოდა და არავის შეატყობინეს, ამაზე ვინმემ ბოდიში მოიხადა – ის, რასაც არასამთავრობო სექტორი ამბობდა, ტყუილი აღმოჩნდა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვლადიმერ პუტინი ნატო-ს ქვეყნებს სარგებლის მიღების მიზნით ახალი კონფლიქტების პროვოცირებაში სდებს ბრალს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატო-ს ქვეყნებს სარგებლის მიღების მიზნით ახალი კონფლიქტების პროვოცირებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, ისინი ავითარებენ და მოდერნიზებას უწევენ შეტევით შესაძლებლობებს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნატო ასევე ერთიანდება AUKUS ბლოკთან, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დომინირებისთვის.

„ნატო-ს წევრი ქვეყნები განაგრძობენ შეტევითი შესაძლებლობების განვითარებას და მოდერნიზაციას, მცდელობებს, გადაიტანონ სამხედრო დაპირისპირება კოსმოსსა და საინფორმაციო სივრცეში, გამოიყენონ ზეწოლის სამხედრო და არასამხედრო საშუალებები. ეს ყველაფერი შეიარაღების კონტროლის სისტემის განადგურების ფონზე“, – განაცხადა პუტინმა.

“2022 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ორ მილიარდ დოლარს გადააჭარბა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვბული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 097.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ მეტია, ხოლო 2022 წლის წინასწარ მონაცემებს 4.9%-ით აღემატება.

ამასთან, 2022 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის 66% შეადგინა.

რაც შეეხება ქვეყნებს, უმსხვილესი ინვესტორები არიან: გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, ნიდერლანდები, აშშ, ირლანდია, რუსეთი, ჩეხეთი, იაპონია, თურქეთი, ჩინეთი.

გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კომპონენტების მიხედვით ასე გადანაწილდა: სააქციო კაპიტალი – 696.8 მლნ დოლარი; რეინვესტიცია – 1 378.4; სავალო ვალდებულებები – 22.7 მლნ დოლარი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით პირველ ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს 20.8%-ით (437.0 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზეა ესპანეთი 17.2%-ით (360.5 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე – ნიდერლანდები 9.4% (196.2 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 538 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 25.6%-ია. ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 366.5 მლნ. აშშ დოლარით (17.5%), ხოლო მესამეზე – წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა 197.2 მლნ. აშშ დოლარით (9.4%).

“ის, რომ კითხვები არსებობს, ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა მოსახლეობა” – გიორგი ბოტკოველი

ის, რომ კითხვები არსებობს, ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა ქვეყნის მოსახლეობა, როდესაც ჩვენ მოვისმინეთ ეს მავნებლური, ბოროტული და უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელიც გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან. ინტერპელაციის პროცესი სწორედ ამას ითვალისწინებს, რომ დავსვათ კითხვები, რომელიც საზოგადოებას აქვს, – ამის შესახებ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც გაწირავს ადამიანებს“.

„ის, რომ კითხვები არსებობს, ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა ქვეყნის მოსახლეობა, როდესაც ჩვენ მოვისმინეთ ეს მავნებლური, ბოროტული და უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელიც გაკეთდა ხელისუფლების, მთავრობის თუ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. სწორედაც პოლიტიკურად უნდა მივუდგეთ, რომ ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც გაწირავს ჯერ ადამიანებს და ვინც გადაურჩა სტიქიას მათ ასე დასცინის და ხვალ – ზეგ მათი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. სწორედ ინტერპელაციის პროცესი ითვალისწინებს ამას, რომ ჩვენ იქ გვექნება საშუალება დავსვათ ყველა ის კითხვა, რომელიც აწუხებს არა ამ შემთხვევაში რომელიმე პოლიტიკურ ძალას და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ მოსახლეობას, რა კითხვებიც ძალიან ბევრი გაჩნდა დღეს ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

“შოვში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ ვუჭერთ” – მიხეილ დაუშვილი

პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობის მიღება ჩვენი მიზანი არ არის – სწორედ ამიტომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ ვუჭერთ, – აღნიშნული განცხადება პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა შოვის სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე საუბრისას გააკეთა.

როგორც დაუშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, ერთის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობა” მომხდარი ტრაგედიის საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს, მეორეს მხრივ კი, “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” მავნებლურ ქმედებებს პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად იყენებს.

დაუშვილის თქმით, “ამ ეტაპზე ამ პროცესში შესვლას არ აპირებენ”.

დეპუტატი “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს, “ქართული ოცნების” გათეთრებას, გამოძვრენას და მის მაშველ რგოლობას თავი დაანებოს”.

“პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მთავარი მიზანი სიმართლის დადგენა უნდა იყოს – თუ რა მოხდა რეალურად, სად იყო დისფუნქციური სახელმწიფო ინსტიტუტები, გამოვლინდნენ პასუხისმგებელი პირები და მოხდეს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. იმისათვის, რომ საგამოძიებო კომისია ფუნქციური იყოს, სიმართლის დადგენა ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს.

ჩვენ დღეს რეალურად ვხედავთ იმას, რომ ერთის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, რომ მომხდარი უმძიმესი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, პოლიტიკური დივიდენდებისა და სარგებლის მისაღებად. მეორეს მხრივ, “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” ამ მავნებლურ საქციელს იყენებს იმისთვის, რომ ამ უმძიმეს ტრაგედიაზე არასათანადო რეაგირებაზე პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს. ჩვენი მიზანი არ არის ამ პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობის მიღება.

ვიდრე ეს პროცესი დაიწყებოდა, ჩვენ კითხვებით პრემიერ-მინისტრს, შს მინისტრს მივმართეთ და ფაქტობრივად, წინასაგამოძიებო მოქმედებები დავიწყეთ, რათა მომხდარზე ჭეშმარიტება დადგინდეს, გამოვლინდეს, სად არ მოქმედებდა სახელმწიფო ინსტიტუტები და თანამდებობის პირები, სად არის მათი პასუხისმგებლობა. თუ ჩვენ კითხვებზე პასუხებს ვერ მივიღებთ, რა თქმა უნდა, ეს საგამოძიებო კომისიის შექმნის ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გახდეს”, – განაცხადა ჟურნალისტებთან მიხეილ დაუშვილმა.

“ამ დროისთვის რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 86 პროცენტი შესრულებულია” – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან 45 გვირაბი უკვე გაჭრილია.

მათივე ცნობით, პროექტით დაგეგმილი 97 ხიდიდან აშენებულია 81 ხიდი.

„12 გვირაბითა და 22 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. ამ დროისთვის რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 86% შესრულებულია“, – ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

“ვიდრე არჩევნები არ გაქვს მოგებული, გაყალბება დამტკიცებული, არასერიოზულია წინასწარ ფიქრი, როგორ შეიძლება, დაამხო რეჟიმი”- ალექსანდრე რაქვიაშვილი

ვიდრე არჩევნები არ გაქვს მოგებული და გაყალბება დამტკიცებული, არასერიოზული მგონია წინასწარ ფიქრი, როგორ შეიძლება, დაამხო რეჟიმი. მგონი, ზოგიერთებს არ აქვთ იმედი, რომ არჩევნებში კარგ შედეგს მიიღებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილი გამოეხმაურა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა: „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვების ერთი გზაა რიგგარეშე არჩევნები; მეორეა, რეგულარულ არჩევნებზე უგებ და თუ მაინც არ გაძლევენ საშუალებას, ისევ ქუჩიდან უნდა გაყარო, ყველაზე რეალისტური სცენარი ეს არის“.

რაქვიაშვილის შეფასებით, რიგგარეშე არჩევნები უკვე აღარ დაინიშნება.

„ქართულ ოცნებას“ როცა შეეშინდა საბურთალოზე არჩევნების დანიშვნა, იმიტომაც გავიდა სერგეენკო გვიან პარლამენტიდან, რომ ტექნიკურად შეუძლებელი გახადეს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ასე რომ, ეს საკითხი 2024 წლამდე დასრულებულია. რაც შეეხება საკითხს, რა უნდა გააკეთო, თუ არჩევნებზე დამარცხდი, მარცხსაც გააჩნია. თუ უბრალოდ დამარცხდი, არც არაფერი არ უნდა გააკეთო, უბრალოდ, შეეგუო შედეგს და გააგრძელო ცხოვრება, მაგრამ თუ მიიჩნევ, რომ არჩევნები გაყალბდა, როგორც 2020 წელს მოდაში იყო ეს ყველაფერი, მაშინ შეიძლება, სცადო, ძალით შეცვალო მმართველი გუნდი, მაგრამ ასეთი რაღაცები ყოველთვის ძალიან საშიშია. ვიდრე არჩევნები არ გაქვს მოგებული და გაყალბება – დამტკიცებული, არასერიოზული მგონია წინასწარ ფიქრი, როგორ შეიძლება, დაამხო რეჟიმი რევოლუციით და უფრო იმაზე მიუთითებს, რომ მგონი, ზოგიერთებს არ აქვთ იმედი, რომ არჩევნებში კარგ შედეგს მიიღებენ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.