“შს მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციაზე მოვა და ყველა კითხვას პასუხს გასცემს” – ირაკლი ქადაგიშვილი

72
spot_img

რა თქმა უნდა, შს მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციაზე მოვა და ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საზოგადოებას ხელისუფლებისგან კითხვებზე ამომწურავი პასუხები უკვე აქვს და კითხვებთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ არის – ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტში ვახტანგ გომელაურის დაბარებას „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.

ქადაგიშვილი იმასაც ამბობს, რომ ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია არა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, არამედ ის, რომ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებული სპეკულაცია მუდმივად დღის წესრიგში ჰქონდეთ.

„ეს არის მიზანი. ჩვენ პრობლემისთვის თვალის გასწორების არ გვეშინია, მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია – ოპოზიცია ცდილობს, რომ ტრაგედიიდან რამენაირად მისი პოლიტიკური ხვალინდელი დღე გამოადნოს. ამისთვის არაფერს ერიდება – არ ერიდება არც მიცვალებულს, არც მიცვალებულის ოჯახის განცდას, არც ტრაგედიას, რომელიც საზოგადოების თითოეულმა წევრმა თანაბრად გაიზიარა. ამ ყველაფერზე სპეკულირებენ. გარკვეული კატეგორიის ადამიანები ჩასაფრებული არიან, რომ ტრაგედია საკუთარი ხვალინდელი დღის წარმატების საფუძვლად აქციონ და როცა ოპოზიცია ამაზე ფიქრობს, ეს სულ სხვა რამეზე მიგვანიშნებს. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ოპოზიციას მომავლის პოზიტიური ხედვა არ გააჩნია და ნებისმიერი ტრაგედიის ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოყენებას ცდილობს. მათი ასეთი დამოკიდებულებით თვითლუსტრაციას ეწევიან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.