“შოვში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ ვუჭერთ” – მიხეილ დაუშვილი

74
spot_img

პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობის მიღება ჩვენი მიზანი არ არის – სწორედ ამიტომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ ვუჭერთ, – აღნიშნული განცხადება პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა შოვის სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე საუბრისას გააკეთა.

როგორც დაუშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, ერთის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობა” მომხდარი ტრაგედიის საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს, მეორეს მხრივ კი, “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” მავნებლურ ქმედებებს პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად იყენებს.

დაუშვილის თქმით, “ამ ეტაპზე ამ პროცესში შესვლას არ აპირებენ”.

დეპუტატი “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს, “ქართული ოცნების” გათეთრებას, გამოძვრენას და მის მაშველ რგოლობას თავი დაანებოს”.

“პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მთავარი მიზანი სიმართლის დადგენა უნდა იყოს – თუ რა მოხდა რეალურად, სად იყო დისფუნქციური სახელმწიფო ინსტიტუტები, გამოვლინდნენ პასუხისმგებელი პირები და მოხდეს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. იმისათვის, რომ საგამოძიებო კომისია ფუნქციური იყოს, სიმართლის დადგენა ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს.

ჩვენ დღეს რეალურად ვხედავთ იმას, რომ ერთის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, რომ მომხდარი უმძიმესი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, პოლიტიკური დივიდენდებისა და სარგებლის მისაღებად. მეორეს მხრივ, “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” ამ მავნებლურ საქციელს იყენებს იმისთვის, რომ ამ უმძიმეს ტრაგედიაზე არასათანადო რეაგირებაზე პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს. ჩვენი მიზანი არ არის ამ პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობის მიღება.

ვიდრე ეს პროცესი დაიწყებოდა, ჩვენ კითხვებით პრემიერ-მინისტრს, შს მინისტრს მივმართეთ და ფაქტობრივად, წინასაგამოძიებო მოქმედებები დავიწყეთ, რათა მომხდარზე ჭეშმარიტება დადგინდეს, გამოვლინდეს, სად არ მოქმედებდა სახელმწიფო ინსტიტუტები და თანამდებობის პირები, სად არის მათი პასუხისმგებლობა. თუ ჩვენ კითხვებზე პასუხებს ვერ მივიღებთ, რა თქმა უნდა, ეს საგამოძიებო კომისიის შექმნის ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გახდეს”, – განაცხადა ჟურნალისტებთან მიხეილ დაუშვილმა.