„კოვიდის ახალი ვარიანტი უკვე აქ არის… ერთი კარგი ამბავი – ის არ არის ძალიან „მძიმე“ – გიორგი ფხაკაძე

224
spot_img

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ქვეშტამის – EG.5-ის გავრცელებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

გიორგი ფხაკაძე ავრცელებს კოვიდის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით The New York Times-ის სტატიას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ომიკრონის“ ქვეშტამი EG.5 სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არ არის უფრო საშიში, ვიდრე წინა ვარიანტები“.

„ახალი ვარიანტი უკვე აქ არის, ერთი კარგი ამბავი, ის არ არის ძალიან „მძიმე“, მაგრამ რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის არის საშიში“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, Reuters აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროების მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ში, ევროპასა და აზიაში კოვიდ ინფექციები და მისგან გამოწვეული ჰოსპიტალიზაცია იზრდება.

საუბარია კოვიდ 19-ის „ომიკრონის“ ვარიანტის ქვევარიანტზე – EG.5-ზე, იგივე „ერისზე“, რომელიც 2021 წლის ნოემბერში აღმოაჩინეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, აგვისტოს მდგომარეობით, აღნიშნული ქვეშტამი 50-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი.

„ის არის კოვიდ-19-ის ყველაზე გავრცელებული და ყველაზე სწრაფად მზარდი ქვევარიანტი აშშ-ში და, სავარაუდოდ, კოვიდ-19 ის ამჟამინდელი შემთხვევების დაახლოებით 17% სწორედ ეს შტამია“, – წერს მედია ჯანდაცვის უწყებებზე დაყრდნობით.