“ვიდრე არჩევნები არ გაქვს მოგებული, გაყალბება დამტკიცებული, არასერიოზულია წინასწარ ფიქრი, როგორ შეიძლება, დაამხო რეჟიმი”- ალექსანდრე რაქვიაშვილი

77
spot_img

ვიდრე არჩევნები არ გაქვს მოგებული და გაყალბება დამტკიცებული, არასერიოზული მგონია წინასწარ ფიქრი, როგორ შეიძლება, დაამხო რეჟიმი. მგონი, ზოგიერთებს არ აქვთ იმედი, რომ არჩევნებში კარგ შედეგს მიიღებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილი გამოეხმაურა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა: „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვების ერთი გზაა რიგგარეშე არჩევნები; მეორეა, რეგულარულ არჩევნებზე უგებ და თუ მაინც არ გაძლევენ საშუალებას, ისევ ქუჩიდან უნდა გაყარო, ყველაზე რეალისტური სცენარი ეს არის“.

რაქვიაშვილის შეფასებით, რიგგარეშე არჩევნები უკვე აღარ დაინიშნება.

„ქართულ ოცნებას“ როცა შეეშინდა საბურთალოზე არჩევნების დანიშვნა, იმიტომაც გავიდა სერგეენკო გვიან პარლამენტიდან, რომ ტექნიკურად შეუძლებელი გახადეს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ასე რომ, ეს საკითხი 2024 წლამდე დასრულებულია. რაც შეეხება საკითხს, რა უნდა გააკეთო, თუ არჩევნებზე დამარცხდი, მარცხსაც გააჩნია. თუ უბრალოდ დამარცხდი, არც არაფერი არ უნდა გააკეთო, უბრალოდ, შეეგუო შედეგს და გააგრძელო ცხოვრება, მაგრამ თუ მიიჩნევ, რომ არჩევნები გაყალბდა, როგორც 2020 წელს მოდაში იყო ეს ყველაფერი, მაშინ შეიძლება, სცადო, ძალით შეცვალო მმართველი გუნდი, მაგრამ ასეთი რაღაცები ყოველთვის ძალიან საშიშია. ვიდრე არჩევნები არ გაქვს მოგებული და გაყალბება – დამტკიცებული, არასერიოზული მგონია წინასწარ ფიქრი, როგორ შეიძლება, დაამხო რეჟიმი რევოლუციით და უფრო იმაზე მიუთითებს, რომ მგონი, ზოგიერთებს არ აქვთ იმედი, რომ არჩევნებში კარგ შედეგს მიიღებენ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.