Home Blog Page 1726

“ვგმობთ რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში და დუნაის გასწვრივ” – ნატო-ს პრესსპიკერი

ნატო-ს არ აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს რუსეთის მხრიდან რაიმე განზრახ თავდასხმაზე მოკავშირეების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერმა, დილან უაითმა რუმინეთში რუსული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის თავდასხმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უკრაინაში და დუნაის გასწვრივ. ნატო-ს არ აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს რუსეთის მხრიდან რაიმე განზრახ თავდასხმაზე მოკავშირეების წინააღმდეგ. ჩვენ ვაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს და მჭიდრო კავშირში ვართ რუმინეთის ხელისუფლებასთან“, – განაცხადა ნატო-ს პრესსპიკერმა.

უკრაინაზე რუსეთის იერიშის შემდეგ, რუმინეთში დრონი ჩამოვარდა. დრონი უკრაინის საზღვართან, რუმინეთის სოფელ გრინდუდან ოთხ კილომეტრში, დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა. საფრენი აპარატის ჩამოვარდნის ადგილას 1,5 მეტრის სიღრმის კრატერი გაჩნდა. უკრაინის საზღვართან დრონის ჩამოვარდნის გამო რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი ვალერი კუზმინი დაიბარეს. რუმინეთი ნატო-ს წევრია. ალიანსის წესდების მეხუთე მუხლით გათვალისწინებულია თავდაცვის კოლექტიური ვალდებულება ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში.

მედიის ცნობით, უკრაინაზე რუსეთის იერიშის შემდეგ, რუმინეთში დრონი ჩამოვარდა

რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუმინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, 1,5 მეტრის სიღრმის კრატერი უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისას გამოყენებული დრონის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

უპილოტო საფრენი აპარატი სოფელ გრინდუსთან, დაუსახლებელ რაიონში ჩამოვარდა. რუმინეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, მომხდარის შემდეგ რუმინეთის F-16-ის ავიაგამანადგურებლებმა და გერმანულმა სამხედრო თვითმფრინავებმა რუმინეთის საჰაერო სივრცეში სადაზვერვო ფრენა შეასრულეს.

უკრაინის საზღვართან დრონის ჩამოვარდნის გამო რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი ვალერი კუზმინი დაიბარეს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცე პროტესტს გამოთქვამს ინციდენტის გამო, რომელიც უკავშირდება უპილოტო საფრენი აპარატის უკონტროლო ჩამოვარდნას, რომელიც გამოიყენებოდა ღამით უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისას“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

რუმინული მხარე აცხადებს, რომ მომხდარი არის რუმინეთის საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარის შესახებ აცნობა და კონსულტაციებს მართავს ნატო-ს მოკავშირეებთან. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინულ მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები, ასევე, შეწყვიტოს უსაფრთხოების სიტუაციის უპასუხისმგებლო ესკალაცია, მათ შორის რუმინეთისა და უკრაინის საზღვარზე.

შეგახსენებთ, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე და მარცვლეულის საწყობებზე მდინარე დუნაის გასწვრივ იერიშები გააძლიერა. მას შემდეგ იყო რამდენიმე ინციდენტი, როდესაც რუმინეთის ტერიტორიაზე დრონის ნაწილები ჩამოვარდა. რუმინეთმა დუნაის მიმდებარეს საჰაერო თავდაცვის სისტემები განალაგა, ასაფრენი ზონა დააწესა, დამატებითი სამხედრო-სადაზვერვო პოსტები განათავსა და პატრულირება გააძლიერა. რუმინეთი ნატო-ს წევრია. ალიანსის წესდების მეხუთე მუხლით გათვალისწინებულია თავდაცვის კოლექტიური ვალდებულება ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში.

“მიმდინარე წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქალაქის განვითარების მიმართულებით” – გიორგი ტყემალაძე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, 15 დეკემბერს, თბილისის საკრებულო თბილისის მერის 2023 წლის ანგარიშს მოისმენს და 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოხდება.

შესაბამისი განცხადება ტყემალაძემ საკრებულოში დედაქალაქის მერის ანგარიშთან და თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით გააკეთა.

„მიმდინარე 2023 წელი, რომლის შეჯამებაც უნდა მოხდეს, საკმაოდ წარმატებული იყო. ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქალაქის განვითარების მიმართულებით. მერის ანგარიში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს მოიცავს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი მუნიციპალიტეტს კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას მისცემს.

„საკრებულოში შემოსულია დედაქალაქის ფინანსური დოკუმენტის გადამუშავებული პროექტი, რომელშიც მაქსიმალურად არის გათვალისწინებული თბილისის საკრებულოს რეკომენდაციები. 2024 წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაზრდილია მიმდინარე ბიუჯეტთან მიმართებით. მისი მოცულობაა 1 763 354,7 ათასი ლარით განისაზღვრება. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო დატვირთული იყოს როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალური კუთხით. ჩვენ გვაქვს საინტერესო პროექტები. დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

“რომ გითხრათ, პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებული ცვლილებებით რაიმე არსებითად იცვლება, ასე არ არის” – ბექა დავითულიანი

რომ გითხრათ, პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებული ცვლილებებით რაიმე არსებითად იცვლება, ასე არ არის – აქამდეც ყველა პარტიის დაფინანსების უდიდეს ნაწილს ფიზიკური პირების შემოწირულობები შეადგენდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განუცხადა.

დავითულიანისთვის გაუგებარია, რატომ არ უჭერს ოპოზიცია მხარს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.

“პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებით ინიცირებული ცვლილებები ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციაა – ეს “ქართული ოცნების“ ინიციატივა არ ყოფილა.

ფაქტი და მოცემულობაა ის, რომ აქამდეც ყველა პარტიის დაფინანსების უდიდეს და გადამწყვეტ ნაწილს ფიზიკური პირების შემოწირულობები შეადგენდა. შესაბამისად, რომ გითხრათ, რომ ამით პოლიტიკურ ველზე არსებითად რაიმე იცვლება, ასე არ არის – ვერ ვიგებ ოპოზიცია ცვლილებებს რატომ არ უჭერს მხარს.

თუ ისინი ევროპელ პარტნიორებს გადაარწმუნებენ, რომ აღნიშნული რეკომენდაცია შესასრულებელი არ არის, მისი არმიღების მხრივ პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

პარლამენტი, დაჩქარებული წესით, “ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ.

საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, იურიდიულ პირებს პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა აეკრძალებათ. ამავე პროექტით, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.

როგორც “ქართული ოცნება” განმარტავს, აღნიშნული პროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციას “დეოლიგარქიზაციის შესახებ”, სადაც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის სამხედრო ავიაციამ კიევი დაბომბა

რუსეთის სამხედრო ავიაციამ კიევი დაბომბა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა.

ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სამი რაკეტა მიფრინავდა სტაროკონსტანტინოვის მიმართულებით. უკრაინული მედია წერს, რომ საფრთხის ქვეშაა რივნე და ლუცკი.

გარდა ამისა, როგორც მედია წერს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ რუსული ტაქტიკური ავიაციის აქტიურობა სამხრეთ-აღმოსავლეთში კვლავ შეინიშნება და არსებობს საავიაციო იარაღის გამოყენების საფრთხე.

უკრაინაში უკვე მესამედ გამოცხადდა საჰაერო თავდასხმის განგაში.

“ახლა არ არის გაჩერების დრო, უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა დღეს, როდესაც შესაძლებლობების ფანჯარა გახსნილია” – რობერტა მეცოლა

ახლა არ არის გაჩერების დრო. უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა დღეს, როდესაც შესაძლებლობების ფანჯარა გახსნილია. ეს ფანჯარა უნდა დარჩეს ღია, რადგან თუ დავხურავთ, მაშინ ეს ნიშნავს ისტორიული შანსის დაკარგვას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

მეცოლას თქმით, უკრაინამ და მოლდოვამ რეფორმები გაატარეს, სამუშაო შეასრულეს და ახლა მათთვის შემდეგი ნაბიჯი მოლაპარაკებების გახსნა უნდა იყოს.

„ეს არ ეხება გაწევრიანების დაჩქარებას, ეს იქნება იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილების თანახმად მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ. ჩვენმა ქვეყნებმა ევროკავშირში გასაწევრიანებლად ეს გზა გაიარეს და ვიცით, ეს ნაბიჯი რამდენად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის მხარდაჭერის სიგნალი ხალხისთვის. ეს ეხება საქართველოსაც და ბოსნია-ჰერცეგოვინასაც კრიტერიუმების დაკმაყოფილების პირობით. ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს უნდა გავითვალისწინოთ დღეს ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, ასევე, ის ფასი, რომლის გადახდაც უმოქმედობის შემთხვევაში მოგვიწევს. თუ დავტოვებთ ვაკუუმს, მაშინ ეს სიცარიელე შეივსება სხვა აქტორების მიერ, რომელთა დღის წესრიგი განსხვავდება ჩვენი დღის წესრიგისგან“, – აღნიშნა რობერტა მეცოლამ.

მეცოლას განმარტებით, ევროპარლამენტის პოზიცია ძალიან მკაფიოა – ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ გაფართოება აძლიერებს ევროპის კონტინენტს, ხელს უწყობს მშვიდობას, სტაბილურობას, უსაფრთხოებას.

„გაფართოებას მოაქვს სარგებელი საზოგადოებისთვის, ხალხისთვის და ხალხი ჩვენს ქმედებებს ელოდება. არ ვიცი, როდემდე გაგრძელდება სამიტი, მაგრამ იმედი მაქვს გადაწყვეტილებების. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გაფართოებისთვის და ამას რეფორმა სჭირდება. რეფორმირების საჭირობის გამო აუცილებლად მივიჩნევთ დისკუსიების გაძლიერებას, ინტენსიურობას თემაზე,  როგორი უნდა იყოს ევროკავშირი სამომავლოდ“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

“ეს დღე ისტორიაში შევა” – ზელენსკიმ ევროკავშირის სამიტს მიმართა

ევროკავშირის სამიტზე ვიდეოჩართვის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, არ უღალატონ ევროპისადმი ხალხის რწმენას.

ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრაზე დისტანციური ჩართვისას ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ კიევმა შეასრულა ყველა საშინაო დავალება ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად.

„ეს დღე ისტორიაში შევა. ჩვენთვის კარგი იქნება თუ ცუდი, ისტორია ჩაწერს ყველაფერს, ყოველ სიტყვას, ყოველ ნაბიჯს, ყოველ ქმედებას და უმოქმედობას, ვინ რისთვის იბრძოდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპა დღეს არ ჩავარდეს გაურკვევლობაში. არავის სურს, ევროპა არასანდო ჩანდეს ან ვერ იღებდეს გადაწყვეტილებებს, რომლებიც თავად მოამზადა. დღეს ერთს გთხოვთ – ნუ უღალატებთ ევროპისადმი ხალხის რწმენას. არავის თუ არ სჯერა ევროპის, რა დაეხმარება ევროკავშირს გადარჩენაში? ევროპაში ხალხი ვერ ნახავს რაიმე სარგებელს, თუ მოსკოვი მიიღებს ბრიუსელიდან საშვს უკრაინის მიმართ ნეგატივის სახით. ნუ მიანიჭებთ მას წლის პირველ და ერთადერთ გამარჯვებას. ევროპამ უნდა გაიმარჯვოს, შეთანხმებები უნდა იყოს დაცული და სიტყვებს მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

“ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თანხმდება” – ქართული მედიასაშუალებები

ევროპული საბჭოს სხდომის დასკვნის ამ დროისთვის არსებული პროექტის მიხედვით, რომელიც ქართულმა მედიასაშუალებებმა მოიპოვეს, ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თანხმდება.

„ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს კანდიდატის ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს, იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის რეკომენდაციით განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება“,- ნათქვამია დასკვნის პროექტში.

რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, ამავე პროექტის თანახმად, ევროპული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები აღნიშნულ ორ ქვეყანასთან.

„ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან. ევროპული საბჭო იწვევს საბჭოს მიიღოს მოლაპარაკების ჩარჩო, იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის რეკომენდაციით განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება“,- ნათქვამია დასკვნის პროექტში.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6859 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.6859 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური 2.6859 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6745 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0114 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9300 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი ლარს 2.8815 შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0485 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

პროკურატურამ, ადვოკატის მიმართ მუქარისა და ძალადობის ფაქტზე, ორ პირს, მათ შორის, ერთ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ადვოკატის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით მუქარისა და ძალადობის ფაქტზე, ორ პირს, მათ შორის, ერთ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ორმა პირმა ბრალდებულის ადვოკატის მიმართ ფიზიკურად იძალადა, მათ შორის არასრულწლოვანი ადვოკატს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძალადობა დაცვის განხორციელებასთან და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით), ხოლო არასრულწლოვანს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (მუქარა და ძალადობა დაცვის განხორციელებასთან და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით) წარედგინათ.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენის მიზნით,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

“სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს”

სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს. შესაბამისად, მისი ეს განცხადება ვფიქრობ, რომ ადეკვატურია და სწორია, თუმცა ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი, როცა ადამიანი ატარებს პოლიტიკურ ტყვეობაში ცხოვრებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია და შეწყალებაზე კომენტარებს არ აკეთებს, თუ არ ამბობს რომ ვინმეს იწყალებს.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილებები ქვეყნისთვის საჭირო ფაქტორების მიხედვით უნდა მიიღოს.

„სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს. შესაბამისად, მისი ეს განცხადება, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ადეკვატურია და სწორია, თუმცა ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი, როცა ადამიანი ატარებს პოლიტიკურ ტყვეობაში ცხოვრებას. ამიტომ, თუ ეს მისი მხრიდან არის შერბილებული განცხადება, მივესალმები, ნორმალურია. ზოგადად ხდება ხოლმე პოლიტიკაში ასე, ჩვენთვის ძალიან მიუღებელი პოლიტიკური ფიგურაა სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად ამისა, ჩვენ მისი იმპიჩმენტისთვის მხარი არ დაგვიჭერია, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს სასარგებლო არ იქნებოდა. მანაც არა პირადი შეხედულებით, არამედ ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ და ჩვენც ქვეყანას როგორც სჭირდება, ისე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება პუტინის ტყვე საპატიმროში”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დაამტკიცოს, რომ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს. მისი განმარტებით, ეს გამოიხატება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებით.

„მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ არის დამოუკიდებელი, თუ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს „ფსბ”-ს აგენტ ფარცხალაძის ბრალით გასამართლებულ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

“საცობების მთავარი მიზეზია ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისისთვის საცობები ერთ-ერთი გამოწვევაა და ამის მთავარი მიზეზი ავტომობილების „გადაჭარბებული რაოდენობაა“.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საცობების მიმართულებით იმისთვის, რომ „რაღაცები გამოსწორდეს“, ერთადერთი გზა ის პოლიტიკაა, რომელსაც დედაქალაქის მერია ატარებს.

„საცობები ერთ-ერთი გამოწვევაა და ამის მთავარი მიზეზი ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობაა. 650 ათასი ავტომობილი მოძრაობს თბილისში პიკის საათში. წარმოგიდგენიათ? გუშინ ამას ავტოსაგზაო შემთხვევები დაემატა, ვაკე-საბურთალოს მიდამოებში იყო 54 ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ. ეს საოცრებაა ცხადია ამ ყველაფერს აქვს თავისი გავლენა. ერთადერთი გზა, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ამ მიმართულებით რაღაცები გამოვასწოროთ, ეს არის ის პოლიტიკა, რასაც დედაქალაქის მერია ატარებს – საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ახალი საავტობუსო ზოლები, ავტობუსები. იცით, რომ 18-მეტრიანი ავტობუსები მალე დაგვემატება დედაქალში, რომ შევძლოთ უფრო მეტი ადამიანის გადაყვანა. შევძლოთ, უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ, როგორც ავტობუსი ასევე, მიკროავტობუსი და რა თქმა უნდა, ის ინფრასტრუქტურული პროექტები. მესმის, ამ სამუშაოების დროსაც არის დისკომფორტი, პრობლემა. დღეს წერეთლის გამზირი გადაკეტილია და მოძრაობა ჭირს, რადგან ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სხვანაირად შეუძლებელია. მაშინ რა ვქნათ, არ გავაკეთოთ? ნახეთ ძალიან მარტივ რაღაცას გეუბნებით, ოპოზიცია ჩვეულებრივი სპეკულანტები არიან. აღნიშნული თემით სპეკულირებენ. მე გამოვედი, კიდევ ერთხელ ვთქვი და ხაზი გავუსვი – თუ გაქვთ რაიმე და იცით, მზად ვართ მოიტანეთ ან გააკეთეთ განცხადებები და გავაკეთებთ. მაგრამ უბრალოდ ძახილი, რომ ის არასწორს აკეთებს.. კარგი, მე არასწორს ვაკეთებ, რა არის სწორი გვითხარით. მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, ექსპერტები ჩართულნი არიან და გვეუბნებიან, თუ რა უნდა გაკეთდეს. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ვაშაძის თემა მინდა გავიხსენო, გამოვიდა თქვა, რომ მერი არასწორად აკეთებს, „სისტრამ“ დაუწერა რაღაცები და იმას არ ასრულებსო. გამოდგა, რომ ეს არის ტყუილი, სიცრუე. თვითონ აღნიშნული კომპანიაც გამოვიდა, სიცრუეში დაადანაშაულა ბატონი ვაშაძე. მერე, მივმართე მას, რომ თუ იცის რამე, წარმოადგინოს და მზად ვართ განვიხილოთ. გამოვიდა და კომისიები შევქმნათო, სასაცილოა ეს ყველაფერი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საცობების გამო, გუშინ ხანძრისას გამოძახებაზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადების შესაძლო დაგვიანებას შეეხებოდა, კალაძემ აღნიშნა, რომ საცობების მიუხედავად, არც სასწრაფო დახმარების მანქანას და არც სახანძროს გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს.

„არანაირი დაგვიანებით არ მისულა {სახანძრო მანქანა]. შეგიძლიათ გამოითხოვოთ ეგ ინფორმაცია და მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას, რამდენ წუთში მივიდა სახანძრო. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის საცობები, მიუხედავად იმისა, რომ რთულია გადაადგილება, არც სასწრაფო დახმარების მანქანას და არც სახანძროს გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს, იმიტომ, რომ საზოგადოებას იმის კულტურა აქვს, როდესაც სახანძრო მოდის და თუნდაც სასწრაფო დახმარების მანქანა, გაატარონ“,- განაცხადა კალაძემ.