პროკურატურამ, ადვოკატის მიმართ მუქარისა და ძალადობის ფაქტზე, ორ პირს, მათ შორის, ერთ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

41
spot_img

საქართველოს პროკურატურამ, ადვოკატის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით მუქარისა და ძალადობის ფაქტზე, ორ პირს, მათ შორის, ერთ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ორმა პირმა ბრალდებულის ადვოკატის მიმართ ფიზიკურად იძალადა, მათ შორის არასრულწლოვანი ადვოკატს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძალადობა დაცვის განხორციელებასთან და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით), ხოლო არასრულწლოვანს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (მუქარა და ძალადობა დაცვის განხორციელებასთან და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით) წარედგინათ.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენის მიზნით,”- ნათქვამია ინფორმაციაში.