Home Blog Page 1723

“ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თანხმდება” – ქართული მედიასაშუალებები

ევროპული საბჭოს სხდომის დასკვნის ამ დროისთვის არსებული პროექტის მიხედვით, რომელიც ქართულმა მედიასაშუალებებმა მოიპოვეს, ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თანხმდება.

„ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს კანდიდატის ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს, იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის რეკომენდაციით განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება“,- ნათქვამია დასკვნის პროექტში.

რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, ამავე პროექტის თანახმად, ევროპული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები აღნიშნულ ორ ქვეყანასთან.

„ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან. ევროპული საბჭო იწვევს საბჭოს მიიღოს მოლაპარაკების ჩარჩო, იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის რეკომენდაციით განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება“,- ნათქვამია დასკვნის პროექტში.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6859 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.6859 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური 2.6859 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6745 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0114 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9300 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი ლარს 2.8815 შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0485 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

პროკურატურამ, ადვოკატის მიმართ მუქარისა და ძალადობის ფაქტზე, ორ პირს, მათ შორის, ერთ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ადვოკატის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით მუქარისა და ძალადობის ფაქტზე, ორ პირს, მათ შორის, ერთ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ორმა პირმა ბრალდებულის ადვოკატის მიმართ ფიზიკურად იძალადა, მათ შორის არასრულწლოვანი ადვოკატს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძალადობა დაცვის განხორციელებასთან და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით), ხოლო არასრულწლოვანს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (მუქარა და ძალადობა დაცვის განხორციელებასთან და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით) წარედგინათ.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენის მიზნით,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

“სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს”

სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს. შესაბამისად, მისი ეს განცხადება ვფიქრობ, რომ ადეკვატურია და სწორია, თუმცა ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი, როცა ადამიანი ატარებს პოლიტიკურ ტყვეობაში ცხოვრებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია და შეწყალებაზე კომენტარებს არ აკეთებს, თუ არ ამბობს რომ ვინმეს იწყალებს.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილებები ქვეყნისთვის საჭირო ფაქტორების მიხედვით უნდა მიიღოს.

„სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს. შესაბამისად, მისი ეს განცხადება, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ადეკვატურია და სწორია, თუმცა ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი, როცა ადამიანი ატარებს პოლიტიკურ ტყვეობაში ცხოვრებას. ამიტომ, თუ ეს მისი მხრიდან არის შერბილებული განცხადება, მივესალმები, ნორმალურია. ზოგადად ხდება ხოლმე პოლიტიკაში ასე, ჩვენთვის ძალიან მიუღებელი პოლიტიკური ფიგურაა სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად ამისა, ჩვენ მისი იმპიჩმენტისთვის მხარი არ დაგვიჭერია, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს სასარგებლო არ იქნებოდა. მანაც არა პირადი შეხედულებით, არამედ ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ და ჩვენც ქვეყანას როგორც სჭირდება, ისე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება პუტინის ტყვე საპატიმროში”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დაამტკიცოს, რომ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს. მისი განმარტებით, ეს გამოიხატება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებით.

„მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ არის დამოუკიდებელი, თუ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს „ფსბ”-ს აგენტ ფარცხალაძის ბრალით გასამართლებულ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

“საცობების მთავარი მიზეზია ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისისთვის საცობები ერთ-ერთი გამოწვევაა და ამის მთავარი მიზეზი ავტომობილების „გადაჭარბებული რაოდენობაა“.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საცობების მიმართულებით იმისთვის, რომ „რაღაცები გამოსწორდეს“, ერთადერთი გზა ის პოლიტიკაა, რომელსაც დედაქალაქის მერია ატარებს.

„საცობები ერთ-ერთი გამოწვევაა და ამის მთავარი მიზეზი ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობაა. 650 ათასი ავტომობილი მოძრაობს თბილისში პიკის საათში. წარმოგიდგენიათ? გუშინ ამას ავტოსაგზაო შემთხვევები დაემატა, ვაკე-საბურთალოს მიდამოებში იყო 54 ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ. ეს საოცრებაა ცხადია ამ ყველაფერს აქვს თავისი გავლენა. ერთადერთი გზა, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ამ მიმართულებით რაღაცები გამოვასწოროთ, ეს არის ის პოლიტიკა, რასაც დედაქალაქის მერია ატარებს – საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ახალი საავტობუსო ზოლები, ავტობუსები. იცით, რომ 18-მეტრიანი ავტობუსები მალე დაგვემატება დედაქალში, რომ შევძლოთ უფრო მეტი ადამიანის გადაყვანა. შევძლოთ, უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ, როგორც ავტობუსი ასევე, მიკროავტობუსი და რა თქმა უნდა, ის ინფრასტრუქტურული პროექტები. მესმის, ამ სამუშაოების დროსაც არის დისკომფორტი, პრობლემა. დღეს წერეთლის გამზირი გადაკეტილია და მოძრაობა ჭირს, რადგან ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სხვანაირად შეუძლებელია. მაშინ რა ვქნათ, არ გავაკეთოთ? ნახეთ ძალიან მარტივ რაღაცას გეუბნებით, ოპოზიცია ჩვეულებრივი სპეკულანტები არიან. აღნიშნული თემით სპეკულირებენ. მე გამოვედი, კიდევ ერთხელ ვთქვი და ხაზი გავუსვი – თუ გაქვთ რაიმე და იცით, მზად ვართ მოიტანეთ ან გააკეთეთ განცხადებები და გავაკეთებთ. მაგრამ უბრალოდ ძახილი, რომ ის არასწორს აკეთებს.. კარგი, მე არასწორს ვაკეთებ, რა არის სწორი გვითხარით. მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, ექსპერტები ჩართულნი არიან და გვეუბნებიან, თუ რა უნდა გაკეთდეს. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ვაშაძის თემა მინდა გავიხსენო, გამოვიდა თქვა, რომ მერი არასწორად აკეთებს, „სისტრამ“ დაუწერა რაღაცები და იმას არ ასრულებსო. გამოდგა, რომ ეს არის ტყუილი, სიცრუე. თვითონ აღნიშნული კომპანიაც გამოვიდა, სიცრუეში დაადანაშაულა ბატონი ვაშაძე. მერე, მივმართე მას, რომ თუ იცის რამე, წარმოადგინოს და მზად ვართ განვიხილოთ. გამოვიდა და კომისიები შევქმნათო, სასაცილოა ეს ყველაფერი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საცობების გამო, გუშინ ხანძრისას გამოძახებაზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადების შესაძლო დაგვიანებას შეეხებოდა, კალაძემ აღნიშნა, რომ საცობების მიუხედავად, არც სასწრაფო დახმარების მანქანას და არც სახანძროს გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს.

„არანაირი დაგვიანებით არ მისულა {სახანძრო მანქანა]. შეგიძლიათ გამოითხოვოთ ეგ ინფორმაცია და მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას, რამდენ წუთში მივიდა სახანძრო. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის საცობები, მიუხედავად იმისა, რომ რთულია გადაადგილება, არც სასწრაფო დახმარების მანქანას და არც სახანძროს გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს, იმიტომ, რომ საზოგადოებას იმის კულტურა აქვს, როდესაც სახანძრო მოდის და თუნდაც სასწრაფო დახმარების მანქანა, გაატარონ“,- განაცხადა კალაძემ.

“რუსეთს დასავლეთში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს” – პუტინი

დასავლეთში ბევრ ადამიანს სჯერა, რომ რუსეთი ყველაფერს სწორად აკეთებს, ჩვენ გვყავს უამრავი მხარდამჭერი ტრადიციული ღირებულებების დაცვაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვიცი, რომ არა მხოლოდ გერმანიის ქალაქებში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნების ქალაქებსა და შეერთებულ შტატებში, რომ აღარაფერი ვთქვათ მსოფლიოს სხვა რეგიონებზე, ბევრს სჯერა, რომ ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ“, – განაცხადა პუტინმა.

მისი მტკიცებით, რუსეთს არ ეშინია, იბრძოლოს საკუთარი ეროვნული ინტერესებისთვის სხვების ხელყოფის გარეშე და ამას მხარს უჭერს.

„ჩვენი ტრადიციული ღირებულებების დაცვაში მსოფლიოში უამრავი მხარდამჭერი გვყავს”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც შეერთებულ შტატებში შიდა ცვლილებები მოხდება და როდესაც ისინი დაიწყებენ სხვების პატივისცემას, მაშინ შეიქმნება ფუნდამენტური პირობები ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

„როდესაც მოხდება გარკვეული შიდა ცვლილებები, როდესაც ისინი დაიწყებენ პატივისცემას სხვა ადამიანების, სხვა ქვეყნების მიმართ, როდესაც დაიწყებენ კომპრომისების გამონახვას და არა სანქციებითა და საომარი მოქმედებებით საკითხების მოგვარებას, მაშინ შეიქმნება ფუნდამენტური პირობები სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის“, – აღნიშნა პუტინმა.

რობინ დანიგანი ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან იმყოფებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელჩი თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტიბორ კოზმასა და დამკვირვებელთა ჯგუფს შეუერთდა.

„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია და ბორდერიზაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტიბორ კოზმასა და დამკვირვებელთა ჯგუფს შეუერთდა. ელჩმა ადგილზე მიიღო ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისა და კონფლიქტის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ.

შეერთებული შტატები აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, რომ მან შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ვურჩევ ქალბატონ პრეზიდენტს, ნუ გამოცდის ხალხის რისხვას” – ირაკლი ზარქუა სააკაშვილის შეწყალებაზე

ვურჩევ ქალბატონ პრეზიდენტს, ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას – ნუ მოაწერს ხელს (შეწყალებას), მშვიდობიანად ჩაამთავროს მისი საარჩევნო თუ საპრეზიდენტო ვადა და მშვიდობიანად გავისტუმრებთ იქ, საიდანაც მოვიდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია და შეწყალებაზე კომენტარებს არ აკეთებს, თუ არ ამბობს რომ ვინმეს იწყალებს.

ამასთან, ზარქუას თქმით, “ზურაბიშვილის რეიტინგი და პოლიტიკური კაპიტალი ნულს უტოლდება”.

„ქართველებს კარგი გამოთქმა გვაქვს, “ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო.” არც ოპოზიციაა ხარი და არც ქალბატონი პრეზიდენტი, მაგრამ როცა კოალიციაში ხარ უთავმოყვარეოებთან, ღირებულებების გარეშე დარჩენილ ხელმოცარულებთან, არ უნდა გაგიკვირდეთ, როცა იმ გამოთქმას “არა და არასდროს”, ისე გაუკეთებ ინტერპრეტაციას და მოდერნიზაციას, როგორც გინდა.

ვურჩევ ქალბატონ პრეზიდენტს, ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას. პატიმარ სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას” უამრავი ადამიანი ჰყავს გამწარებული, უამრავი ოჯახი დააქცია, უამრავ ახალგაზრდას მოუსწრაფა სიცოცხლე მისმა პოლიტიკამ, ნუ გამოცდის, ჩვენ ვერ შევაკავებთ იმ ხალხს და ვერ ავუხსნით. პატიმარი სააკაშვილი უმძიმეს ბრალდებებშია მხილებული და სამართლიანად აქვს მისჯილი, კიდევ უამრავია თემა, რომელიც განიხილება, მათ შორის ტელევიზიების დარბევა, ქრთამი და უამრავი კორუფცია, მძიმე დანაშაულებები. ნუ მოაწერს ხელს, მშვიდობიანად ჩაამთავროს მისი საარჩევნო თუ საპრეზიდენტო ვადა და მშვიდობიანად გავისტუმრებთ საიდანაც მოვიდა იქ. სამწუხაროდ, რისთვისაც გვერდში ამოვიყენეთ და ეს იყო ის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე გავეძლიერებინეთ და მას ხმა არ ამოუღია, როცა პირველად მიიღეს გადაწყვეტილება ევროპელმა კოლეგებმა, მაშინ რატომ არ დადიოდა და არ დარბოდა? როცა ერთობით, ღირსებით და არა ცალ ფეხზე დგომით მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი, მერე უკვე დაიწყო მავნებლობა, სიარული თანხმობის გარეშე. რატომ დაიწყო? იმიტომ, რომ ამათი განწყობა იყო, რომ თუ სტატუსს ვერ მივიღებდით, მერე რევოლუცია უნდა მოეწყოთ აქ, ამ ნარატივში ჩაწერა, ამას ვშიფრავთ ჩვენც, ხალხიც და მისი რეიტინგიც და პოლიტიკური კაპიტალიც ნულს უტოლდება,”- განაცხადა ზარქუამ.

„უკრაინას წინ მკაცრი ზამთარი ელოდება: ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევისადმი დახმარების თაობაზე რესპუბლიკელთა დარწმუნება ვერ შეძლო“

„უკრაინას წინ მკაცრი ზამთარი ელოდება: ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევისადმი დახმარების თაობაზე რესპუბლიკელთა დარწმუნება ვერ შეძლო“, – ასეთი სათაური აქვს აშშ-ის ტელეარხის „სი-ენ-ენ“-ის (CNN) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორები – კევინ ლიპტაკი, ნატაშა ბერტრანი და პრისცილა ალვარესი), რომელშიც ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტია შეფასებული.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინის ლიდერის ვაშინგტონური შეხვედრები ფაქტიურად უშედეგოდ დასრულდა – იმდენად, რამდენადაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვერ შეძლო კონგრესში რეაპუბლიკელების დარწმუნება კიევისთვის დამატებითი ფინანსების გამოყოფის მიზნით. უკრაინის პრეზიდენტის პირადი მიმართვები უკვე მეტად ვეღარ ახდენს ძველებურ გავლენას მსმენელებზე. ამჟამად სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის წარუმატებელი მცდელობა უკრაინას ზამთარში ნეგატიურად შეუბრუნდება და მძიმე შედეგებს გამოიწვევს როგორც სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, ასევე ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის მხრივ – ეროვნული ერთიანობის შენარჩუნების თვალსაზრისით.

ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის წინათ, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის უკრაინელ კოლეგასთან ერთად თეთრი სახლის წინ იდგა, მან უკრაინას ამერიკის მხარდაჭერა აღუთქვა „იმდენი, რამდენიც საჭირო იქნებოდა“. ამ ვალდებულებას იგი არაერთხელ იმეორებდა ომის 22 თვის განმავლობაში. მაგრამ ახლა, ვოლოდიმირ ზელენსკის მორიგი ვიზიტის დროს, როცა სიტუაცია აშშ-ში მკვეთრად არის შეცვლილი, ჯო ბაიდენმა უკრაინას აღუთქვა, რომ ამერიკა უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვან შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკას „იმდენს მიაწოდებს, რამდენსაც შეძლებს“.

როგორც ჩანს, დპრების ფორმულირების ცვლილება სემთხვევითი არ არის და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამჟამად შექმნილ რეალობას, რომელსაც უკრაინისათვის სასარგებლოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

საქმე იმაშია, რომ ამერიკული მხარდაჭერა უკრაინისათვის არ არის არც გარანტია და არც უვადო ვალდებულება და ახლა, როცა კიევს წინ მკაცრი ზამთარი ელოდება და როცა ფაქტიურად უკრაინა კაპიტოლიუმის ბორცვიდან (კონგრესიდან) ვერ მიიღებს, სიტუაცია ერთობ შიშის მომგვრელი ხდება.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკრაინამ – თუ მას რუსეთის არმიის უკუგდება და უფრო მომგებიანი პოზიციის მიღწევა სურს სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკების წინ, როცა ამის დრო დადგება – თავისი ამჟამინდელი სამხედრო სტრატეგია მომავალი წლისათვის ახლით უნდა შეცვალოს,

ზოგიერთი ამერიკელი ჩინოვნიკი იმედგაცრუებული იყო იმით, რომ უკრაინამ ჯერ კონტრშეტევის დაწყება დააყოვნა (რის გამოც რუსეთმა მოახერხა თავდაცვის ხაზის გამაგრება), შემდეგ კი ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების რჩევები არ გაიზიარა. ამჟამად კიევი დაეთანხმა პანტაგონის წინადადებას ახალი სამხედრო სტრატეგიის შემუშავების თაობაზე, რომლის მთავარი მიზანია იმ ტერიტორიებზე კონტროლის შენარჩუნება, რომლებსაც უკრაინა ამჟამად ფლობს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამინდელი ვიზიტი ვაშინგტონში მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი ყოფნისაგან აშშ-ში გასულ წელს: გაქრა ორპარტიული მხარდაჭერა, ხოლო ოვაციის, უკრაინის დროშების ფრიალისა და იარაღის დიდი რაოდენობით გამოყოფაზე კონგრესმენთა დაპირებების ნაცვლად, კიეველი სტუმარი მასპინძლების, განსაკუთრებით რესპუბლიკელების ცივი მიღების მოწმე გახდა, რომლებისთვისაც უკრაინის დახმარების საკითხი, როგორც ჩანს, პრიორიტეტული აღარ არის აშშ-ის შიდა მიგრაციული პრობლემების ფონზე.

ჯო ბაიდენი ოვალურ კაბინეტში მოლაპარაკების დროს, ცდილობდა თავისი უკრაინელი სტუმრის გამხნევებას და ვოლოდიმირ ზელენსკის არწმუნებდა, რომ მას იმედი არ დაეკარგა… თუმცა იმ მომენტისათვის უკვე ნათელი იყო, რომ უკრაინის პრეზიდენტის პირად მიმართვებს, რომლებითაც იგი წარმატებით სარგებლობდა ომის თითქმის ორი წლის განმავლობაში, უკვე  ძველებური წონა და გავლენა აღარ აქვთ.

ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე იგრძნობოდა, რომ შექმნილი რეალობა, როგორც ჩანს, თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააცნობიერა: ვიზიტმა მას აჩვენა, თუ რამდენად ღრმაა ის პრობლემები, რომლებიც უკრაინის წინაშე დგას და რომლებიც ქვეყნის ეროვნულ ერთიანობას ემუქრება.

წყარო

რატომ დასრულდა ვოლოდიმირ ზელენსკის მესამე ვიზიტი შშ-ში დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის გარეშე – უცხოური პრესა

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის (BBC Russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სასოწარკვეთის ნიშნები. რატომ დასრულდა ვოლოდიმირ ზელენსკის მესამე ვიზიტი აშშ-ში დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის გარეშე“, რომლის ავტორი, BBC-ის ვაშინგტონელი კორესპონდენტი ენტონი ზურკერი უკრაინის ლიდერის ამერიკული შეხვედრების შედეგებს აანალიზებს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის რიგით მესამე ამერიკული ვიზიტი სასოწარკვეთილი მცდელობა იყო იმისათვის, რომ კიევს კონგრესისაგან დაფინანსება – დახმარების ახალი პაკეტი მიეღო მანამ, სანამ ადრე გამოყოფილი თანხა გამოილეოდა.

დიახ, უკრაინის ლიდერის მოქმედებაში მართლაც სასოწარკვეთა გამოსჭვიოდა – იმიტომ, რომ ამჟამად, შესაძლოა, მისი ქვეყნის ბედი წყდება. მაგრამ ასევე სასოწარკვეთილია აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს გადამწყვეტ ომად თვლის, დემოკრატიულ სახელმწიფოებსა და ავტოკრატულ რეჟიმებს შორის.

მაგრამ ვიზიტის შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვერც ვოლოდიმირ ზელენსკი და ვერც ჯო ბაიდენი რაიმე კონკრეტული შედეგით ვერ დაიკვეხნიან.

„ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგემნი მტკბარად…“

როცა უკრაინის პრეზიდენტი გასულ წელს ვაშინგტონს ეწვია, მას აღტაცებულად მიესალმნენ კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე – სენატორებიც და წარმომადგენლების პალატის წევრებიც. ვოლოდიმირ ზელენსკი ფიანდაზით მიიღეს თეთრ სახლში და საზეიმო დახვედრა მოუწყეს. ვაშინგტონმა დაუყონებლივ და ულაპარაკოდ გამოყო 50 მილიარდი დოლარი, რომელიც უკრაინას რუსებისაგან ოკუპირებულ-მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებაში უნდა დახმარებოდა.

სამწუხაროდ, ახლანდელი, 11-12 დეკემბრის ვიზიტის დროს მოვლენები და ფონი სულ სხვაგვარად გამოიყურებოდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ, იგი მხოლოდ სპიკერს ესაუბრა, მაიკლ ჯონსონს, რომელმაც შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ტელეკამერების წინაშე გამოსვლაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება თეთრ სახლში ვიზიტს, იქ ვოლოდიმირ ზელენსკის მისვლა თითქმის შეუმჩნეველი იყო, ყოველგვარი ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე… და ასეთი მიდგომა, როგორც ჩანს, შემთხვევითი არ არის. მომხდარი, რასაკვირველია, არ შეიძლება ისე შეფასდეს, რომ უკრაინის პრეზიდენტს სავალდებულო ღიმილით შეხვდნენ, ზურგზე ხელი „მეგობრულად წამოარტყეს“ და უთხრეს – „წარმატებას გისურვებთო“. რა თქმა უნდა, ყველაფერი უფრო სერიოზულად იყო, ვიდრე ეს ზოგიერთებს ჰგონიათ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნახევარი მსოფლიო გაიარა (უკრაინიდან ჯერ არგენტინაში, შემდეგ კი აშშ-ში) დახმარების ძიებაში, მაგრამ ამერიკელებისაგან დაფინანსების მიღების მიზანი, სამწუხაროდ, მიუღწეველი დარჩა.

უკრაინა და მიგრაციის პრობლემა აშშ-ში

უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის ატმოსფერო ისეთი იყო, რომელშიც ვაშინგტონში არსებული საერთო განწყობა აისახა – აშშ-ის შიდაპოლიტიკური ბრძოლა არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით, აშშ-მექსიკის საზღვარზე. საქმე იმაშია, რომ დემოკრატების აზრით, აშშ-ის საზღვრების უსაფრთხოების განმტკიცებისათვის თანხები იმ 100-მილიარდიან პაკეტში უნდა შევიდეს, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დასახმარებლად არის განკუთვნილი. რესპუბლიკელები კი, თავის მხრივ, ცდილობენ მიაღწიონ იმას, რომ მთლიანად გადაისინჯოს მიგრანტებთან დაკავშირებით არსებული პრინციპები – იმ არალეგალებთან მიმართებით, რომლებიც აშშ-ში აღწევენ და თავშესაფარს ითხოვენ.

ვოლოდიმირ ზელებსკისთან შეხვედრის სემდეგ რეასპუბლიკელი სენატორები არ მალავდნენ, რომ მათთვის პრიორიტეტულ და უფრო მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს აშშ-ის უსაფრთხოების საკითხები და მექსიკის საზღვარზე შექმნილი ვითარება, თუმცა აცხადებდნენ, რომ, რასაკვირველია, მძიმე განსაცდელში მყოფ უკრაინასაც თანაუგრძნობდნენ.

„მე უკრაინელებით აღტაცებული ვარ, მაგრამ არ ვცვლი ჩემს თვალსაზრისს იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ აუცილებლად“, – უთხრა BBC-ის კორესპონდენტს რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა – იგი ერთ-ერთი იმათგანია, რომლებიც „ქორებად“ ითვლებიან აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში. „მე ის ვიცი, რომ დემოკრატები ჩვენს პოზიციას უნდა დაეთანხმნონ. მე მინდა, რომ ჩვენი საზღვრების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“, – ხაზი გაუსვა მან.

ვარიანტები ჯო ბაიდენისათვის

ახლა ჯო ბაიდენს მხოლოდ ორი ვარიანტი რჩება სამოქმედოდ: პირველი – ან ისევ გააგრძელოს რესპუბლიკელების დარწმუნება, რომ მათ შეარბილონ თავიანთი პოზიცია მიგრაციის საკითხში და ერთიანი პაკეტის მიღებაზე დათანხმდნენ, ან მეორე – თვითონ წავიდეს დათმობაზე რესპუბლიკელებთან, რაც აშკარად არ მოეწონება მის თანაპარტიელ დემოკრატებს.

ჯერ-ჯერობით ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ რესპუბლიკელები მზად არიან იმ მომენტს დაელოდნონ, როცა კიევისათვის ადრე მიცემული დახმარება მთლიანად ამოიწურება. ამრიგად, თუ რესპუბლიკელები შეძლებენ და გამარჯვებას მოიპოვებენ დემოკრატებზე, ეს ძალიან მოეწონებათ მათ ამომრჩევლებს – რესპუბლიკელ თანაპარტიელებს, რომელებიც დიდი ხანია ითხოვენ უკრაინის დაფინანსების შეწყვეტას.

გარდა ამისა, დღევანდელ სიტუაციას შეუძლია კიდევ უფრო გააღრმაოს განხეთქილება თვით დემოკრატებს შორისაც, რაც რესპუბლიკელების შანსებს აუმჯობესებს 2024 წლის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.

თანაც მიგრაციული რეფორმა, როგორც ჩანს, ერთადერთი დაბრკოლება არ არის უკრაინისათვის ახალი დახმარების გამოყოფის პროცესში. ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკლ ჯონსონმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების გაწევა დამოკიდებულია კონგრესის ზედამხედველობის გაძლიერებაზე წინა გამოყოფილი თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით. „გარდა ამისა, მას [უკრაინის პრეზიდენტს] არ განუმარტავს, თუ როგორია ომის დასრულების სტრატეგია“, – ხაზი გაუსვა მაიკლ ჯონსონმა.

მსგავსი ფორმულირებები შეიძლება იმასაც მოასწავებდეს, რომ სენატელი დემოკრატები და რესპუბლიკელები თუნდაც რომ შეთანხმდნენ და გარკვეულ კონსენსუსს მიაღწიონ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დახმარების პაკეტი გარანტირებულად იქნება მიღებული კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, სადაც რესპუბლიკელები ჭარბობენ.

უპერსპექტივო პერსპექტივა?

ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯო ბაიდენი ცდილობდნენ თავიანთი [აშკარად უნაყოფო] ძალისხმევა შელამაზებულ და ოპტიმისტურ ფერებში წარმოედგინათ.

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ პრობლემას გადაწყვეტს, თუმცა გარანტირებულად არავის არაფერს არ პირდება.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, მან ამერიკელ კოლეგას თავისი გეგმები გაუზიარა და მისგან პოზიტიური პასუხი მიიღო. თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს ისეთი გამომეტყველებით განაცხადა, რომ როგორც ჩანს, მხოლოდ თვითონ სჯეროდა.

ამერიკელი ტელეჟურნალისტის ლიზი ჯარდენის თქმით, ვიზიტის დროს ვოლოდიმირ ზელენსკი სენატორებს ინგლისურად ესაუბრებოდა და პრეზიდენტმა რამდენჯერმე სთხოვა [თარჯიმანს] ზოგიერთი სიტყვის თარგმნა, რომლის მნიშვნელობა ვერ გაიგო. ერთ-ერთი ასეთი სიტყვა იყო «stalemate» [რაც „ჩიხს“, „პატურ სიტუაციას“ ნიშნავს].

სამწუხაროდ, ვოლოდიმირ ზელენსკის ამ სიტყვების მნიშვნელობის გაგება საკუთარ მწარე გამოცდილებაზე მოუწია. სიტუაციაში, როცა აშშ-ში ხელისუფლება ღრმად გაყოფილი რჩება, სიტყვათა შეთანხმება „პატური სიტუაცია“ ნიშნავს ისეთ მდგომარეობას, რომელშიც ამერიკული პოლიტიკა იმყოფება [უკრაინის მიმართ].

წყარო

“უკრაინამ 7 წინაპირობიდან 3 არ შეასრულა, ასე რომ, არ არსებობს უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მიზეზი”

გაფართოება თეორიული საკითხი არაა. გაფართოება არის დამსახურებაზე დაფუძნებული იურიდიულად დეტალური პროცესი, რომელსაც წინაპირობები აქვს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროკავშირის ლიდერები ევროკავშირის სამიტისთვის იკრიბებიან.

მისი თქმით, უკრაინამ ევროკომისიის 7 პირობიდან 3 არ შეასრულა, რის გამოც ევროკავშირში მისი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მიზეზი არ არსებობს.

„ჩვენ უკრაინას წავუყენეთ 7 წინაპირობა და იქიდან 3 არ არის შესრულებული, ასე რომ, არ არსებობს უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მიზეზი. ჩემი შეფასებით, მეტიც არ იყო შესრულებული, თუმცა სამიც საკმარისია იმისთვის, რომ ვთქვათ: თუკი არ შეასრულეთ წინაპირობები, მოლაპარაკებების დაწყების შანსი არ არსებობს“, – აღნიშნა ორბანმა.

“მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე ჩვენ დავადგინეთ ახალი, სამართლიანი ტარიფი, რომლის მიხედვითაც დამატებით თანხის გადახდა პაციენტს აღარ მოუწევს”

ამ დრომდე, დაფინანსების ნაწილში, თითქმის ყველა პაციენტს უწევდა თანაგადახდა. დავადგინეთ ახალი, სამართლიანი ტარიფი, რომლის მიხედვითაც დამატებით თანხის გადახდა პაციენტს აღარ მოუწევს. ამისთვის ჩვენ ის სერვისი, რომელიც შეიძლება პოტენციურად დასჭირდეს პაციენტს, სატარიფო გაანგარიშებაში შევიყვანეთ, რა თქმა უნდა, ეს მოიცავს უშუალოდ მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ხარჯებს, ამასთანავე დავამატეთ გაუტკივარების ხარჯი, არჩევითი ექიმის ხარჯი და სხვა. დღეს, თანაგადახდის საჭიროება პაციენტს აღარ აქვს, შესაბამისად დამატებითი თანხის მოთხოვნა, ისევე როგორც DRG-ით დაფინანსებულ ყველა სხვა სერვისზე, სრულიად აკრძალულია, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ DRG დაფინანსების მოდელი, უკვე ერთი წელია რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ინტეგრირდა. ერთი თვეა, აღნიშნული დაფინანსების მოდელი მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზეც, ასევე ნეონატალურ სერვისზეც გავრცელდა.

„ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ამოცანა, ეს არის სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხების ხარჯთეფექტურობის გაზრდა, რომლისთვისაც DRG სისტემა ყველაზე წარმატებულ მოდელად ითვლება და ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის პაციენტისთვის თანაგადახდის შემცირება“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.