ვურჩევ ქალბატონ პრეზიდენტს, ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას – ნუ მოაწერს ხელს (შეწყალებას), მშვიდობიანად ჩაამთავროს მისი საარჩევნო თუ საპრეზიდენტო ვადა და მშვიდობიანად გავისტუმრებთ იქ, საიდანაც მოვიდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია და შეწყალებაზე კომენტარებს არ აკეთებს, თუ არ ამბობს რომ ვინმეს იწყალებს.
ამასთან, ზარქუას თქმით, “ზურაბიშვილის რეიტინგი და პოლიტიკური კაპიტალი ნულს უტოლდება”.
„ქართველებს კარგი გამოთქმა გვაქვს, “ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო.” არც ოპოზიციაა ხარი და არც ქალბატონი პრეზიდენტი, მაგრამ როცა კოალიციაში ხარ უთავმოყვარეოებთან, ღირებულებების გარეშე დარჩენილ ხელმოცარულებთან, არ უნდა გაგიკვირდეთ, როცა იმ გამოთქმას “არა და არასდროს”, ისე გაუკეთებ ინტერპრეტაციას და მოდერნიზაციას, როგორც გინდა.
ვურჩევ ქალბატონ პრეზიდენტს, ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას. პატიმარ სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას” უამრავი ადამიანი ჰყავს გამწარებული, უამრავი ოჯახი დააქცია, უამრავ ახალგაზრდას მოუსწრაფა სიცოცხლე მისმა პოლიტიკამ, ნუ გამოცდის, ჩვენ ვერ შევაკავებთ იმ ხალხს და ვერ ავუხსნით. პატიმარი სააკაშვილი უმძიმეს ბრალდებებშია მხილებული და სამართლიანად აქვს მისჯილი, კიდევ უამრავია თემა, რომელიც განიხილება, მათ შორის ტელევიზიების დარბევა, ქრთამი და უამრავი კორუფცია, მძიმე დანაშაულებები. ნუ მოაწერს ხელს, მშვიდობიანად ჩაამთავროს მისი საარჩევნო თუ საპრეზიდენტო ვადა და მშვიდობიანად გავისტუმრებთ საიდანაც მოვიდა იქ. სამწუხაროდ, რისთვისაც გვერდში ამოვიყენეთ და ეს იყო ის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე გავეძლიერებინეთ და მას ხმა არ ამოუღია, როცა პირველად მიიღეს გადაწყვეტილება ევროპელმა კოლეგებმა, მაშინ რატომ არ დადიოდა და არ დარბოდა? როცა ერთობით, ღირსებით და არა ცალ ფეხზე დგომით მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი, მერე უკვე დაიწყო მავნებლობა, სიარული თანხმობის გარეშე. რატომ დაიწყო? იმიტომ, რომ ამათი განწყობა იყო, რომ თუ სტატუსს ვერ მივიღებდით, მერე რევოლუცია უნდა მოეწყოთ აქ, ამ ნარატივში ჩაწერა, ამას ვშიფრავთ ჩვენც, ხალხიც და მისი რეიტინგიც და პოლიტიკური კაპიტალიც ნულს უტოლდება,”- განაცხადა ზარქუამ.