ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის (BBC Russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სასოწარკვეთის ნიშნები. რატომ დასრულდა ვოლოდიმირ ზელენსკის მესამე ვიზიტი აშშ-ში დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის გარეშე“, რომლის ავტორი, BBC-ის ვაშინგტონელი კორესპონდენტი ენტონი ზურკერი უკრაინის ლიდერის ამერიკული შეხვედრების შედეგებს აანალიზებს.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის რიგით მესამე ამერიკული ვიზიტი სასოწარკვეთილი მცდელობა იყო იმისათვის, რომ კიევს კონგრესისაგან დაფინანსება – დახმარების ახალი პაკეტი მიეღო მანამ, სანამ ადრე გამოყოფილი თანხა გამოილეოდა.
დიახ, უკრაინის ლიდერის მოქმედებაში მართლაც სასოწარკვეთა გამოსჭვიოდა – იმიტომ, რომ ამჟამად, შესაძლოა, მისი ქვეყნის ბედი წყდება. მაგრამ ასევე სასოწარკვეთილია აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს გადამწყვეტ ომად თვლის, დემოკრატიულ სახელმწიფოებსა და ავტოკრატულ რეჟიმებს შორის.
მაგრამ ვიზიტის შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვერც ვოლოდიმირ ზელენსკი და ვერც ჯო ბაიდენი რაიმე კონკრეტული შედეგით ვერ დაიკვეხნიან.
„ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგემნი მტკბარად…“
როცა უკრაინის პრეზიდენტი გასულ წელს ვაშინგტონს ეწვია, მას აღტაცებულად მიესალმნენ კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე – სენატორებიც და წარმომადგენლების პალატის წევრებიც. ვოლოდიმირ ზელენსკი ფიანდაზით მიიღეს თეთრ სახლში და საზეიმო დახვედრა მოუწყეს. ვაშინგტონმა დაუყონებლივ და ულაპარაკოდ გამოყო 50 მილიარდი დოლარი, რომელიც უკრაინას რუსებისაგან ოკუპირებულ-მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებაში უნდა დახმარებოდა.
სამწუხაროდ, ახლანდელი, 11-12 დეკემბრის ვიზიტის დროს მოვლენები და ფონი სულ სხვაგვარად გამოიყურებოდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ, იგი მხოლოდ სპიკერს ესაუბრა, მაიკლ ჯონსონს, რომელმაც შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ტელეკამერების წინაშე გამოსვლაზე უარი განაცხადა.
რაც შეეხება თეთრ სახლში ვიზიტს, იქ ვოლოდიმირ ზელენსკის მისვლა თითქმის შეუმჩნეველი იყო, ყოველგვარი ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე… და ასეთი მიდგომა, როგორც ჩანს, შემთხვევითი არ არის. მომხდარი, რასაკვირველია, არ შეიძლება ისე შეფასდეს, რომ უკრაინის პრეზიდენტს სავალდებულო ღიმილით შეხვდნენ, ზურგზე ხელი „მეგობრულად წამოარტყეს“ და უთხრეს – „წარმატებას გისურვებთო“. რა თქმა უნდა, ყველაფერი უფრო სერიოზულად იყო, ვიდრე ეს ზოგიერთებს ჰგონიათ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნახევარი მსოფლიო გაიარა (უკრაინიდან ჯერ არგენტინაში, შემდეგ კი აშშ-ში) დახმარების ძიებაში, მაგრამ ამერიკელებისაგან დაფინანსების მიღების მიზანი, სამწუხაროდ, მიუღწეველი დარჩა.
უკრაინა და მიგრაციის პრობლემა აშშ-ში
უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის ატმოსფერო ისეთი იყო, რომელშიც ვაშინგტონში არსებული საერთო განწყობა აისახა – აშშ-ის შიდაპოლიტიკური ბრძოლა არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით, აშშ-მექსიკის საზღვარზე. საქმე იმაშია, რომ დემოკრატების აზრით, აშშ-ის საზღვრების უსაფრთხოების განმტკიცებისათვის თანხები იმ 100-მილიარდიან პაკეტში უნდა შევიდეს, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დასახმარებლად არის განკუთვნილი. რესპუბლიკელები კი, თავის მხრივ, ცდილობენ მიაღწიონ იმას, რომ მთლიანად გადაისინჯოს მიგრანტებთან დაკავშირებით არსებული პრინციპები – იმ არალეგალებთან მიმართებით, რომლებიც აშშ-ში აღწევენ და თავშესაფარს ითხოვენ.
ვოლოდიმირ ზელებსკისთან შეხვედრის სემდეგ რეასპუბლიკელი სენატორები არ მალავდნენ, რომ მათთვის პრიორიტეტულ და უფრო მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს აშშ-ის უსაფრთხოების საკითხები და მექსიკის საზღვარზე შექმნილი ვითარება, თუმცა აცხადებდნენ, რომ, რასაკვირველია, მძიმე განსაცდელში მყოფ უკრაინასაც თანაუგრძნობდნენ.
„მე უკრაინელებით აღტაცებული ვარ, მაგრამ არ ვცვლი ჩემს თვალსაზრისს იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ აუცილებლად“, – უთხრა BBC-ის კორესპონდენტს რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა – იგი ერთ-ერთი იმათგანია, რომლებიც „ქორებად“ ითვლებიან აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში. „მე ის ვიცი, რომ დემოკრატები ჩვენს პოზიციას უნდა დაეთანხმნონ. მე მინდა, რომ ჩვენი საზღვრების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“, – ხაზი გაუსვა მან.
ვარიანტები ჯო ბაიდენისათვის
ახლა ჯო ბაიდენს მხოლოდ ორი ვარიანტი რჩება სამოქმედოდ: პირველი – ან ისევ გააგრძელოს რესპუბლიკელების დარწმუნება, რომ მათ შეარბილონ თავიანთი პოზიცია მიგრაციის საკითხში და ერთიანი პაკეტის მიღებაზე დათანხმდნენ, ან მეორე – თვითონ წავიდეს დათმობაზე რესპუბლიკელებთან, რაც აშკარად არ მოეწონება მის თანაპარტიელ დემოკრატებს.
ჯერ-ჯერობით ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ რესპუბლიკელები მზად არიან იმ მომენტს დაელოდნონ, როცა კიევისათვის ადრე მიცემული დახმარება მთლიანად ამოიწურება. ამრიგად, თუ რესპუბლიკელები შეძლებენ და გამარჯვებას მოიპოვებენ დემოკრატებზე, ეს ძალიან მოეწონებათ მათ ამომრჩევლებს – რესპუბლიკელ თანაპარტიელებს, რომელებიც დიდი ხანია ითხოვენ უკრაინის დაფინანსების შეწყვეტას.
გარდა ამისა, დღევანდელ სიტუაციას შეუძლია კიდევ უფრო გააღრმაოს განხეთქილება თვით დემოკრატებს შორისაც, რაც რესპუბლიკელების შანსებს აუმჯობესებს 2024 წლის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.
თანაც მიგრაციული რეფორმა, როგორც ჩანს, ერთადერთი დაბრკოლება არ არის უკრაინისათვის ახალი დახმარების გამოყოფის პროცესში. ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკლ ჯონსონმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების გაწევა დამოკიდებულია კონგრესის ზედამხედველობის გაძლიერებაზე წინა გამოყოფილი თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით. „გარდა ამისა, მას [უკრაინის პრეზიდენტს] არ განუმარტავს, თუ როგორია ომის დასრულების სტრატეგია“, – ხაზი გაუსვა მაიკლ ჯონსონმა.
მსგავსი ფორმულირებები შეიძლება იმასაც მოასწავებდეს, რომ სენატელი დემოკრატები და რესპუბლიკელები თუნდაც რომ შეთანხმდნენ და გარკვეულ კონსენსუსს მიაღწიონ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დახმარების პაკეტი გარანტირებულად იქნება მიღებული კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, სადაც რესპუბლიკელები ჭარბობენ.
უპერსპექტივო პერსპექტივა?
ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯო ბაიდენი ცდილობდნენ თავიანთი [აშკარად უნაყოფო] ძალისხმევა შელამაზებულ და ოპტიმისტურ ფერებში წარმოედგინათ.
ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ პრობლემას გადაწყვეტს, თუმცა გარანტირებულად არავის არაფერს არ პირდება.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, მან ამერიკელ კოლეგას თავისი გეგმები გაუზიარა და მისგან პოზიტიური პასუხი მიიღო. თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს ისეთი გამომეტყველებით განაცხადა, რომ როგორც ჩანს, მხოლოდ თვითონ სჯეროდა.
ამერიკელი ტელეჟურნალისტის ლიზი ჯარდენის თქმით, ვიზიტის დროს ვოლოდიმირ ზელენსკი სენატორებს ინგლისურად ესაუბრებოდა და პრეზიდენტმა რამდენჯერმე სთხოვა [თარჯიმანს] ზოგიერთი სიტყვის თარგმნა, რომლის მნიშვნელობა ვერ გაიგო. ერთ-ერთი ასეთი სიტყვა იყო «stalemate» [რაც „ჩიხს“, „პატურ სიტუაციას“ ნიშნავს].
სამწუხაროდ, ვოლოდიმირ ზელენსკის ამ სიტყვების მნიშვნელობის გაგება საკუთარ მწარე გამოცდილებაზე მოუწია. სიტუაციაში, როცა აშშ-ში ხელისუფლება ღრმად გაყოფილი რჩება, სიტყვათა შეთანხმება „პატური სიტუაცია“ ნიშნავს ისეთ მდგომარეობას, რომელშიც ამერიკული პოლიტიკა იმყოფება [უკრაინის მიმართ].