„უკრაინას წინ მკაცრი ზამთარი ელოდება: ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევისადმი დახმარების თაობაზე რესპუბლიკელთა დარწმუნება ვერ შეძლო“

34
spot_img

„უკრაინას წინ მკაცრი ზამთარი ელოდება: ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევისადმი დახმარების თაობაზე რესპუბლიკელთა დარწმუნება ვერ შეძლო“, – ასეთი სათაური აქვს აშშ-ის ტელეარხის „სი-ენ-ენ“-ის (CNN) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორები – კევინ ლიპტაკი, ნატაშა ბერტრანი და პრისცილა ალვარესი), რომელშიც ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტია შეფასებული.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინის ლიდერის ვაშინგტონური შეხვედრები ფაქტიურად უშედეგოდ დასრულდა – იმდენად, რამდენადაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვერ შეძლო კონგრესში რეაპუბლიკელების დარწმუნება კიევისთვის დამატებითი ფინანსების გამოყოფის მიზნით. უკრაინის პრეზიდენტის პირადი მიმართვები უკვე მეტად ვეღარ ახდენს ძველებურ გავლენას მსმენელებზე. ამჟამად სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის წარუმატებელი მცდელობა უკრაინას ზამთარში ნეგატიურად შეუბრუნდება და მძიმე შედეგებს გამოიწვევს როგორც სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, ასევე ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის მხრივ – ეროვნული ერთიანობის შენარჩუნების თვალსაზრისით.

ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის წინათ, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის უკრაინელ კოლეგასთან ერთად თეთრი სახლის წინ იდგა, მან უკრაინას ამერიკის მხარდაჭერა აღუთქვა „იმდენი, რამდენიც საჭირო იქნებოდა“. ამ ვალდებულებას იგი არაერთხელ იმეორებდა ომის 22 თვის განმავლობაში. მაგრამ ახლა, ვოლოდიმირ ზელენსკის მორიგი ვიზიტის დროს, როცა სიტუაცია აშშ-ში მკვეთრად არის შეცვლილი, ჯო ბაიდენმა უკრაინას აღუთქვა, რომ ამერიკა უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვან შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკას „იმდენს მიაწოდებს, რამდენსაც შეძლებს“.

როგორც ჩანს, დპრების ფორმულირების ცვლილება სემთხვევითი არ არის და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამჟამად შექმნილ რეალობას, რომელსაც უკრაინისათვის სასარგებლოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

საქმე იმაშია, რომ ამერიკული მხარდაჭერა უკრაინისათვის არ არის არც გარანტია და არც უვადო ვალდებულება და ახლა, როცა კიევს წინ მკაცრი ზამთარი ელოდება და როცა ფაქტიურად უკრაინა კაპიტოლიუმის ბორცვიდან (კონგრესიდან) ვერ მიიღებს, სიტუაცია ერთობ შიშის მომგვრელი ხდება.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკრაინამ – თუ მას რუსეთის არმიის უკუგდება და უფრო მომგებიანი პოზიციის მიღწევა სურს სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკების წინ, როცა ამის დრო დადგება – თავისი ამჟამინდელი სამხედრო სტრატეგია მომავალი წლისათვის ახლით უნდა შეცვალოს,

ზოგიერთი ამერიკელი ჩინოვნიკი იმედგაცრუებული იყო იმით, რომ უკრაინამ ჯერ კონტრშეტევის დაწყება დააყოვნა (რის გამოც რუსეთმა მოახერხა თავდაცვის ხაზის გამაგრება), შემდეგ კი ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების რჩევები არ გაიზიარა. ამჟამად კიევი დაეთანხმა პანტაგონის წინადადებას ახალი სამხედრო სტრატეგიის შემუშავების თაობაზე, რომლის მთავარი მიზანია იმ ტერიტორიებზე კონტროლის შენარჩუნება, რომლებსაც უკრაინა ამჟამად ფლობს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამინდელი ვიზიტი ვაშინგტონში მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი ყოფნისაგან აშშ-ში გასულ წელს: გაქრა ორპარტიული მხარდაჭერა, ხოლო ოვაციის, უკრაინის დროშების ფრიალისა და იარაღის დიდი რაოდენობით გამოყოფაზე კონგრესმენთა დაპირებების ნაცვლად, კიეველი სტუმარი მასპინძლების, განსაკუთრებით რესპუბლიკელების ცივი მიღების მოწმე გახდა, რომლებისთვისაც უკრაინის დახმარების საკითხი, როგორც ჩანს, პრიორიტეტული აღარ არის აშშ-ის შიდა მიგრაციული პრობლემების ფონზე.

ჯო ბაიდენი ოვალურ კაბინეტში მოლაპარაკების დროს, ცდილობდა თავისი უკრაინელი სტუმრის გამხნევებას და ვოლოდიმირ ზელენსკის არწმუნებდა, რომ მას იმედი არ დაეკარგა… თუმცა იმ მომენტისათვის უკვე ნათელი იყო, რომ უკრაინის პრეზიდენტის პირად მიმართვებს, რომლებითაც იგი წარმატებით სარგებლობდა ომის თითქმის ორი წლის განმავლობაში, უკვე  ძველებური წონა და გავლენა აღარ აქვთ.

ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე იგრძნობოდა, რომ შექმნილი რეალობა, როგორც ჩანს, თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააცნობიერა: ვიზიტმა მას აჩვენა, თუ რამდენად ღრმაა ის პრობლემები, რომლებიც უკრაინის წინაშე დგას და რომლებიც ქვეყნის ეროვნულ ერთიანობას ემუქრება.

წყარო