Home Blog Page 1717

“როცა საქმე ბავშვებს ეხება, ჩვენი მოქმედება მყისიერია და მაქსიმალურად ეფექტური” – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, გახშირებული პედოფილიის შემთხვევები გამოწვევა და პრობლემაა.

იოსელიანის თქმითვე, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვთა დეპარტამენტი ყველა მსგავსი შემთხვევის შესწავლაში აქტიურადაა ჩართული.

„ეს ნამდვილად გამოწვევა, პრობლემაა და სახალხო დამცველის აპარატი ყველა ასეთ შემთხვევაზე და არამხოლოდ იმ შემთხვევებზე, რომელიც გახმაურებულია, არის შემთხვევები, რომელიც საჯაროდ არ ხმაურდება, მუშაობს, ბავშვთა დეპარტამენტი აქტიურადაა ჩართული ყველა შემთხვევის შესწავლაში და შესაბამისად ვართ კონტაქტზე შესაბამის უწყებებთან, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გვყავს ბავშვები და მათთან დაკავშირებული პრობლემები.

დარწმუნებული ვარ, იცით, რომ სახალხო დამცველს თვითონ არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაგრამ პარლამენტთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და არასრულწლოვნებთან მიმართებაში ძალიან ბევრი ინიციატივა გვაქვს, რომელიც მიმართულია მათი უფლებების სამომავლოდ კიდევ უფრო დაცვაზე და გაუმჯობესებაზე. სისხლის სამართლის კოდექსში არსებული სასჯელები საკმაოდ მკაცრია გაუპატიურების მუხლთან დაკავშირებით, მაგრამ ამ სასჯელის სიმკაცრე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბავშვზე მორგებული კანონმდებლობა კიდევ უფრო ეფექტური იყოს“, – განაცხადა იოსელიანმა.

კითხვაზე, უნდა ფორმდებოდეს თუ არა, პედოფილიაში მხილებულ ადამიანებთან საპროცესო შეთანხმებები, ის პასუხობს, რომ კონკრეტულ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებს.

„ზოგადად, როცა საქმე ბავშვებს ეხება, ყველას, მოსამართლიდან დაწყებული, რიგითი მოქალაქით დამთავრებული, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, ყურადღება გვმართებს, რომ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება მათ საუკეთესო ინტერესს ემსახურებოდეს. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, როცა ბავშვის შესახებ საქმეებს განიხილავენ, ეს იქნება სასამართლოში, თუ სხვა უწყებებში, მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესებით იხელმძღვანელონ“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისივე თქმით, როცა სახალხო დამცველის აპარატისთვის ერთ-ერთი ჟურნალისტის შვილის შესახებ გავრცელებული ვიდეომასალის შესახებ გახდა ცნობილი, მათ აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინეს.

„როცა ჩვენ გავიგეთ, რომ ერთ-ერთი ჟურნალისტის ბავშვის ამსახველი რგოლი ტრიალებდა სოციალურ სივრცეში, ჩვენ სპეციალური განცხადება გავაკეთეთ ამის შესახებ და მოვუწოდეთ, რომ ბავშვის ინტერესები მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული, ადამიანებს გამოეჩინათ პასუხისმგებლობა, შსს-ს მიეღო შესაბამისი ზომები, რომ ბავშვის ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული. როცა საქმე ბავშვებს ეხება, მინდა ნათლად იცოდეს საზოგადოებამ, რომ სახალხო დამცველის პოზიცია, ჩვენი აპარატის მოქმედება ძალიან მყისიერია და მაქსიმალურად ეფექტური, იმ ფარგლებში, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია. ყოველთვის ვგმობთ, მოვუწოდებთ და შემდეგ მივყვებით ამ საქმეებს“, – განაცხადა იოსელიანმა.

რუსეთის „სუ-25“ აზოვის ზღვაში ჩავარდა

კრასნოდარის მხარის იეისკის რაიონში აზოვის ზღვაში „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩავარდა. ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი განცხადებით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„პილოტი ცოცხალია, მან კატაპულტირება განახორციელა“, – აღნიშნავს წყარო.

კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ცნობით, მაშველებმა მფრინავის ევაკუაცია დროულად მოახდინეს.

“არ ვიყავი მიწვეული, მალე ბატონი ჭყონია თავადაც დარწმუნდება, რომ ამათგან რევოლუციონერი არ გამოვა”- იაგო ხვიჩია

„წინანდალში შეკრებილებისგან რევოლუციონერი არ გამოვა“, – ამის შესახებ  პარტია „გირჩის“  ლიდერმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია აცხადებს, რომ კახეთში ოპოზიციონერების შეკრებაზე არ მიიწვიეს.

„არ ვიყავი მიწვეული და ძალიან გამიკვირდა, რადგან ჩემზე დაინტერესებული აფხაზეთის საკითხით არავინ იყო, რომ დავაკვირდი. ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო. არ მგონია, რომ ის ხალხი, ვინც იქ იყვნენ, რევოლუციონერები იყვნენ.

შეიძლება ბატონი ჭყონია ფიქრობს, რომ ამათგან რევოლუციონერი გამოვა და რაღაც უცნაურ ინვესტიციას აკეთებს პოლიტიკაში, მოგეხსენებათ, ბიზნესმენებმა იციან ქართულ პოლიტიკაში უცნაური ინვესტიციების კეთება, მაგრამ, ჩემი აზრით, მალე ბატონი ჭყონია თავადაც დარწმუნდება, რომ ამათგან რევოლუციონერი არ გამოვა და თავს დაანებებს ამ საქმეს“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

პოლიტიკურმა პარტიებმა, ბიზნესმენებმა, ექსპერტებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა წინანდალში სხვადასხვა საკითხზე შეხვედრა გამართეს. 

“დღევანდელი შეხვედრა ლოგიკურად აგრძელებს ჩვენს დიალოგს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო უზბეკეთში თქვენი ოფიციალური ვიზიტისას”

უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა ლოგიკურად აგრძელებს ქვეყნებს შორის დიალოგს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო უზბეკეთში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტისას.

„მოგესალმებით, ბატონო ირაკლი! გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ თქვენდამი და ყველა ჩვენი ქართველი მეგობრისადმი ასეთი მეგობრული მიღებისთვის.

საქართველოში ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან ვიგრძენით ქართველი ხალხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სტუმართმოყვარეობა და გულწრფელი პატივისცემა. ეს ვიზიტი პირველია უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის რანგში.

ამავდროულად, დღევანდელი შეხვედრა ლოგიკურად აგრძელებს ჩვენს დიალოგს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო უზბეკეთში თქვენი ოფიციალური ვიზიტისას.

მადლობას გიხდით უზბეკეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვისთვის“,- განაცხადა აბდულა არიპოვმა.

” ბატონი აუსტრევიჩუსი არის სულ მცირე უზრდელი, რა ენითაც საუბრობს, მეტყველებს იმაზე, რომ მართლაც გარკვეული ბანდის ინტერესის გამტარებელია”- ქადაგიშვილი

ბატონი აუსტრევიჩუსი არის სულ მცირე უზრდელი – რა ენითაც საუბრობს, მეტყველებს იმაზე, რომ მართლაც გარკვეული ბანდის ინტერესის გამტარებელია, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებას გამოეხმაურა.

ქადაგიშვილის თქმით, აუსტრევიჩუსს სერიოზულ პოლიტიკოსად არ განიხილავს.
“ბატონი აუსტრევიჩუსი, ეტყობა, მთლიანად გამოსულია წყობიდან. რა ენითაც საუბრობს, მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკასთან კი არ აქვს საერთო, მართლაც გარკვეული ბანდის ინტერესის გამტარებელია, თუ მაინც და მაინც ბანდაზე აქვს ლაპარაკი. როცა სხვა სუვერენული სახელმწიფოს მთავრობას ასეთი სიტყვებით მოიხსენიებ, იქ, რა თქმა უნდა, მისი, როგორც სერიოზული პოლიტიკოსის განხილვა, რა თქმა უნდა, დასრულებულია. რაც შეეხება იმას, რომ უკრაინისთვის ნატოს წევრობა და მისი სრული მხარდაჭერა დღეს არის მნიშვნელოვანი, ამას ლაპარაკობს, პირველ რიგში, უკრაინის ხელისუფლება. რუსეთზე გამარჯვების პირობა და თუ რუსეთი დამარცხდა ამ ომში, იქ რა თქმა უნდა, უკვე სულ სხვა მოცემულობა დგება და ამ შემთხვევაში უკრაინას მართლა სულ სხვა მდგომარეობა აქვს, ვიდრე მხოლოდ და მხოლოდ ნატოს ასპირანტი ქვეყნის.
ბატონი აუსტრევიჩუსი არის სულ მცირე უზრდელი, ამით დავამთავროთ ამ ადამიანზე საუბარი. მისი ეს ზღვარგადასული და მწყობრიდან გამოსული ადამიანის კომენტარების ახსნა განმარტება საჭირო აღარ არის. რაც შეეხება კოლექტიურ უსაფრთხოებას, აუსტრევიჩუსმა ახლა რომ გამოიღვიძა, უნდა კარგად იცოდეს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაში, საქართველოს, ისე რომ არასდროს იყო ამ კოლექტიური უსაფრთხოებით დაცული, აქვს არანაკლები როლი შეტანილი და შეიძლება სადღაც უფრო მეტი, ვიდრე მის ქვეყანას,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას – „თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ, ნატოს წევრობა რაღაში სჭირდება“,ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი გამოეხმაურა და „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ესაა პოლიტიკური ბანდა და არა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე დაფუძნებული აზროვნება“.

„ბევრი უნდა ისწავლო და ნაკლები იოცნებო“, – წერს პეტრას აუსტრევიჩუსი.

“ძალზე ვაფასებ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს” – პრემიერი

მსურს კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩემს ძვირფას კოლეგას, აბდულა არიპოვს, რომ ძალზე ვაფასებ ჩვენს ქვეყნებს შორის ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც მუდმივად ვითარდება და უზბეკეთის პრემიერის დღევანდელი ვიზიტიც ამის დადასტურებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან აბდულა არიპოვთან პირისპირ შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შავკატ მირზიოევს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა უზბეკეთს და უზბეკ ხალხს.

„მივესალმები ჩემს ძვირფას კოლეგას, უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ბატონ აბდულა არიპოვს. მე მოხარული ვარ, ვუმანსპინძლო ჩემს კოლეგას თბილისში.

მე მქონდა წარმატებული ვიზიტი უზბეკეთში. მახსოვს ჩემი კოლეგის ძალიან გულთბილი დახვედრა და მოხარული ვარ, რომ მისი საპასუხო ვიზიტი შედგა საქართველოში. მსურს კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩემს ძვირფას კოლეგას, ბატონ პრემიერს, რომ ძალზე ვაფასებ ჩვენს ქვეყნებს შორის ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებს.

ეს ურთიერთობები მუდმივად ვითარდება და უზბეკეთის პრემიერის დღევანდელი ვიზიტიც ამის დადასტურებაა. მე ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ხალხის სახელით მივულოცო პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს არჩევნებში გამარჯვება, ვუსრვებ წარმატებებს უზბეკეთს და უზბეკ ხალხს. ბატონო პრემიერო, ჩვენი ურთიერთოებები ყველა მიმართულებით ვითარდება; სწორედ ამაზე გვექნება დღეს საუბარი გაფართოებულ შეხვედაზეც და დღეს ასევე ხელს მოვაწერთ ძალზე მნიშნველოვან მემორანდუმს – უზბეკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებების სამოქმედო გეგმას, საგზაო რუკას. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ძალიან მიხარია თქვენი ნახვა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა ირაკლი ღარიბაშვილს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა ლოგიკურად აგრძელებს ქვეყნებს შორის დიალოგს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო უზბეკეთში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტისას.

„მოგესალმებით, ბატონო ირაკლი! გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ თქვენდამი და ყველა ჩვენი ქართველი მეგობრისადმი ასეთი მეგობრული მიღებისთვის.

საქართველოში ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან ვიგრძენით ქართველი ხალხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სტუმართმოყვარეობა და გულწრფელი პატივისცემა. ეს ვიზიტი პირველია უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის რანგში.

ამავდროულად, დღევანდელი შეხვედრა ლოგიკურად აგრძელებს ჩვენს დიალოგს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო უზბეკეთში თქვენი ოფიციალური ვიზიტისას.

მადლობას გიხდით უზბეკეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვისთვის“,- განაცხადა აბდულა არიპოვმა.

უწყების ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, რომელიც ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებს ეფუძნება.

„ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს და მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიურ დინამიკას.

პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრეს ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2021-2022 წლებში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, საქართველო უზბეკეთის რესპუბლიკას მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს, დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობით და მიესალმება უზბეკ ინვესტორებს საქართველოში.

მხარეებმა გამოთქვეს ეკონომიკის სფეროში არსებული თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისებისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის ხელის შეწყობის მზადყოფნა.

პირისპირ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრებმა ასევე იმსჯელეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, „შუა დერეფნის” განვითარების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ფორმატში აღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტის პოპულარიზაციის მნიშვნელობას. განიხილეს საქართველოს რეფორმების გაზიარების კუთხით არსებული თანამშრომლობა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მზად არის, გააგრძელოს შემდგომი თანამშრომლობა უზბეკეთის რესპუბლიკასთან რეფორმების სფეროში გამოცდილების გაცვლის კუთხით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

“ხვალ, კაჭრეთში, რევოლუციის მოსახდენ სემინარზე მივდივართ”-რომან გოცირიძე 

ხვალ, კაჭრეთში, რევოლუციის მოსახდენ სემინარზე მივდივართ – სემინარის ძირითადი საკითხი პარლამენტის რეგლამენტის სრულყოფაა, მაგრამ ეს არის შენიღბვის ფორმა და სინამდვილეში საუბარი იქნება არა პარლამენტის რეგლამენტზე, არამედ იმაზე, თუ როგორ დავამხოთ რუსული ხელისუფლება, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში”ევროოპტიმისტების” დეპუტატმა რომან გოცირიძემ წინანდალში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.

გოცირიძის შეფასებით, ერთადერთი კეთროვანი პოლიტიკური ორგანიზაცია “ქართული ოცნებაა”, ვისაც მართლა არავინ უნდა გაეკაროს და სემინარზეც მასთან არავინ დაჯდეს. გოცირიძის თქმით, “ნაყარ-ნუყარა პრორუსული დაჯგუფებების გარდა, დღეს “ქართულ ოცნებას” მოკავშირე არ ჰყავს”.

„როგორი სიტყვებით უნდა შევაფასო ის უნიკალური გამოძიება, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სახელისუფლო მედიამ მოაწყო, რომ თურმე წინანდალში, სემინარზე რევოლუციას გეგმავდნენ, სადაც ასევე „ქართული ოცნების” უმრავლესობის წარმომადგენლები იყვნენ მოწვეული და მათგან იქ არც ერთი არ გამოცხადდა. სწორად გამოძიებაც ვერ მოაწყვეს – დაინახეს ერთი ფოტო, სადაც მაგიდის ირგვლივ არიან დეპუტატები, მაგრამ ვინ იჯდა მაგიდის ქვეშ, აი ეს არის მთავარი! რევოლუციის მთავარი დამგეგმავი მაგიდის ქვეშ იჯდა და ეს ხელისუფლებასა და მის მედიას გამორჩა.

რევოლუციას პერმანენტული ხასიათი აქვს. ტროცკის გამონათქვამია, პერმანენტული რევოლუცია – რევოლუცია მუდმივი და განგრძობადი უნდა იყოს. 18-19 ივლისს, კაჭრეთში სემინარზე მიწვეული არიან დეპუტატები. რა თქმა უნდა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მოვლენ, თუმცა უმრავლესობა არც ახლა იკადრებს ოპოზიციასთან ერთად მუშაობას, რაც მით უარესი მათთვის – რეგლამენტის ნაცვლად, რევოლუციაზე ვისაუბრებთ. იმდენი ჭკუაც არ ჰყოფნით, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მარტო არ დაგვტოვონ”, – განუცხადა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.

“მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებას გმობს.

„მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ. ევროკავშირი მუშაობს მსოფლიოს დაუცველი მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „ევროკავშირის სოლიდარობის ბილიკები“ გააგრძელებს აგროპროდუქტების უკრაინიდან და გლობალურ ბაზრებზე გატანას“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

განცხადება გაავრცელა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰოექსტრამაც და რუსეთის გადაწყვეტილებას “სრულიად ამორალური” ნაბიჯი უწოდა.

„დასანანია, რომ რუსეთი ხელს უშლის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გახანგრძლივებას. შეთანხმების გახანგრძლივება მნიშვნელოვანია, რათა თავიდან იქნას აცილებული სურსათზე ფასების ზრდა და ბაზრის დესტაბილიზაცია. სრულიად ამორალურია, რომ რუსეთი აგრძელებს საკვების იარაღად გამოყენებას. ნიდერლანდები მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლად განაახლოს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განხორციელება“, – წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შესახებ შეთანხმება შეაჩერა. „სამწუხაროდ, ამ შეთანხმებაში რუსეთთან დაკავშირებული ნაწილი ჯერ არ განხორციელებულა. ამიტომ მისი მოქმედება წყდება“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, როგორც კი შესრულდება შეთანხმებების ნაწილი, რომელიც ეხება რუსეთს, მოსკოვი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება მის განხორციელებას.

„მივიწყებული ფრონტი: რუსი ემიგრანტები საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქში“ – რას წერს უცხოური პრესა

აშშ-ის კოლორადოს შტატის მთავარ გაზეთში – Colorado Springs Gazette-ში (დაარსებულია 1874 წელს და შტატის მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს) გამოქვეყნებულია სტატია საქართველოს შესახებ, სათაურით „მივიწყებული ფრონტი: რუსი ემიგრანტები საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქში“ (ავტორები – ზიკ ლოიდი და მაიკლ ბრეთუეითი, კოლორადოს უნივერსიტეტის ამერიკელი სტუდენტები).

როგორც გაზეთის რედაქცია აცხადებს, ამ პუბლიკაციით მთავრდება სტატიების სერიალი, რომლის ავტორები ამჯერად ბათუმურ შთაბეჭდილებებს გადმოსცემენ.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ბათუმი საქართველოს საზღვაო კურორტი-ნავსადგურია ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის ნაპირზე, აფხაზეთიდან – რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან – დაახლოებით 100 მილის მოშორებით. ბათუმს ადგილობრივი მცხოვრებლები „შავი ზღვის ლას ვეგასს“ უწოდებენ – აქ ბევრი კაზინოა, კომფორტაბელური სასტუმროები და მშვენიერი კენჭოვანი პლაჟები.

მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ბათუმში დემოგრაფიული სიტუაცია შეიცვალა. აქ ბოლო წლის განმავლობაში, ქართული ენის ნაცვლად, დომინირებადი გახდა რუსული ენა – ქალაქში რუსეთიდან უამრავი რუსი ჩავიდა, რომლებიც ქვეყნის მმართველ რეჟიმს საქართველოში გამოექცნენ. ეს ცვლილება ქუჩებშიც კარგად ჩანს – ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან რუსების გრძელი რიგები დგას, ისინი რუსულ რუბლებს უცხოურ ვალუტებზე ცვლიან, საქართველოზე ამ მხრივ დასავლური სანქციები არ ვრცელდება.

ბათუმი ტურისტული ღირსშესანიშნაობების მქონე ქალაქს წარმოადგენს, მაგრამ რუსები აქ დროებითი ტურისტები კი არ არიან, არამედ თითქმის მუდმივ მცხოვრებლებად ითვლებიან – სანამ ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომს აგრძელებს, ქალაქში მყოფი რუსები საკუთარ ცხოვრებას იწყობენ. „ისინი ქვეყანაში გარკვეულ ეკონომიკური ნიშას ქმნიან – ხსნიან კაფეებს, რესტორნებს, მაღაზიებს, განსაკუთრებით შავიზღვისპირა ბათუმში“, – ამბობს მალხაზ მაცაბერიძე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე დამოკიდებული ხდება: „რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, მათ მიერ შექმნილ ობიექტებზე ძირითადად რუსები მუშაობენ“.

საქართველო არ იყო მზად ათობით ათასი რუსი მიგრანტის მისაღებად. ბუნებრივია, მათ საცხოვრებლად ბინების დაქირავება-ყიდვა დასჭირდათ, შესაბამისად, ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, ამ გარემოებამ კი ქართველების უკმაყოფილება გამოიწვია. ქუჩებში რუსებს ამრეზით უყურებენ, ზოგიერთ კერძო დაწესებულებებში არ უშვებენ. „მე მადლობელი ვარ ქართველებისა, რომ აქ ცხოვრების უფლებას გვაძლევენ“, – ამბობს დარია პოლკინა, ერთ-ერთი რუსი მიგრანტი.

საქართველოსგან განსხვავებით, მეზობელ სომხეთში და აზერბაიჯანში პრორუსული განწყობა უფრო მეტად არის გამოხატული. ერთ-ერთი რუსის თქმით, რომელმაც სახელი არ გაამხილა, მას სომხეთში იარაღის მუქარით ათქმევინეს ვლადიმერ პუტინის საქებარი სიტყვები.
ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მიუხედავად, საქართველოდან რუსები თავიანთ სამშობლოში უკან დაბრუნებას ჯერ-ჯერობით არ აპირებენ. „რა თქმა უნდა, მე რუსეთში ოჯახის წევრები მყავს, მეგობრები, ბევრი მოგონება მაკავშირებს, მაგრამ პოლიტიკის გამო, რუსეთის ხელისუფლება მძულს“, – ამბობს დარია პოლკინა. ახალგაზრდა რუსი მამაკაცები კრემლის რეჟიმს ადამიანის უფლების დარღვევისა და ომში მობილიზაციის გამო გამოექცნენ: „მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ – დოკუმენტების შეცვლაც კი, რომ ფრონტზე გაგზავნონ“, – ამბობს ერთ-ერთი რუსი მიგრანტი.

რუსეთში მცხოვრები რუსების უმეტესობა კრემლის რეჟიმის პროპაგანდისა სჯერა, მაგრამ საქართველოში მყოფი რუსების უმეტესობა ხედავს, თუ როგორ სიტუაციაშია ქვეყანა, რომელმაც დასავლური ანტირუსული სანქციებიც უნდა დაიცვას და რუსეთთანაც იძულებულია ურთიერთობა ჰქონდეს. მათ იციან, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. ასევე იციან, რომ საქართველო დასავლეთისაკენ ისწრაფვის – ევროკავშირის დროშა პარლამენტის წინ საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად ფრიალებს, მოსახლეობის უმრავლესობას ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრირება სურს. 2022 წლის მარტში თბილისმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი შეიტანა.

რუსეთის ბევრ მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებაზე უარს აცხადებენ: „რუსეთი ჯოჯოხეთისაკენ მიგორავს“, – სინანულით ამბობს ერთ-ერთი მიგრანტი.

წყარო

“ჩვენთვის “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოჰაბიტაცია წითელი ხაზია”-ბექა ლილუაშვილი

“ჩვენთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია წითელი ხაზია, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით. ამ ქვეყანაში „ნაც-ქოცური“ კარუსელი უნდა დასრულდეს”, – ამის შესახებ „საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმე სარგებელს ნახულობს „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებით, ეს „ქართული ოცნებაა“.

„ქართული ოცნება“ და მისი ზოგიერთი ტელევიზია „ფეიკების“ ქარხნად გადაიქცა. თუ ვინმე სარგებლობს „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებებით, მასთან კოლაბორაციით, ესაა „ქართული ოცნება“ და არაერთი მაგალითი შემიძლია, მოვიყვანო. ხელისუფლება გადართულია „ფეიკის“ გავრცელებაზე, თითქოს გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობს. ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რამენაირად „ნაციონალური მოძრაობას“ ჩვენი პარტია დაუკავშირონ, რაც შეუძლებელია, რადგან საქმეები მეტყველებს განზრახვებზე. ეს განზრახვები ძალიან კარგად ვნახეთ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აირჩიეს. თუ ვინმე სარგებელს ნახულობს „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებით, ესაა „ქართული ოცნება“. ორივე ძალას როგორც ერთობლივად, ასევე ცალ-ცალკე ამ ქვეყნის მომავლით თამაშის საშუალება უნდა შეეზღუდოს და მათ მომდევნო არჩევნებზე ერთობლივად 50 პროცენტი ვერ უნდა გადალახონ. ჩვენთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია წითელი ხაზია, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით. ამ ქვეყანაში „ნაც-ქოცური“ კარუსელი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

“სააკაშვილი და თავისი მომხრეები მცდელობას არ აკლებენ, რომ საქართველოს იმიჯი შელახონ”

პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში პოლონლ ექიმებთან დაკავშირებულ სკანდალს ეხმიანება.

„ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ის ვიდეომასალა რომ არ არსებობდეს, რაც იუსტიციამ გაავრცელა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს არ გამოევლინათ პოლონელი ექიმის თაღლითობა, ძალიან მალე ჩვენ გვექნებოდა რომელიმე წამყვანი კლინიკის/ექსპერტიზ(ებ)ის დასკვნა, რომ სააკაშვილი მოწამლულია.

მიხეილ სააკაშვილი და თავისი მომხრეები მცდელობასა და მილიონებს არ აკლებენ საქართველოს იმიჯი შელახონ და მოახდინონ ინსტიტუციების დისკრედიტაცია, მაგრამ მერწმუნეთ ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა და არავის გამოუვა, შინ და გარეთ, მორყევის მცდელობაც კი“, – წერს გრეტა წიწავა.

„იმედის კვირის“ ინფორმაციით, პოლონელი ნეიროქირურგი არტურ ზააჩინსკია, რომელსაც რეკომენდაცია სწორედ პოლონეთის საელჩომ გაუწია.

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც პოლონელმა ექიმებმა კლინიკა დატოვეს, პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

„ჩვენი მიზანი ევროკავშირია“ – როზა გრიგორაშვილი

გერმანულ ყოველდღიურ გაზეთ „ფრანკფურტერ რუნდშაუში“ (Frankfurter Rundschau) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჩვენი მიზანი ევროკავშირია“ (ავტორი – კლაუს-იურგენ გეფერტი), რომელშიც გადმოცემულია საუბრის შინაარსი როზა გრიგორაშვილთან – საოპერო მომღერალთან, საგუნდო დირიჟორთან და სამუსიკო პედაგოგთან. იგი გერმანიაში მუშაობს და მოღვაწეობს – ფრანკფურტისა და შტუტგარტის სამუსიკო სასწავლებლებში, სამუსიკო გუნდებში და ა.შ. როგორც ავტორი აღნიშნავს, იგი ახალგაზრდა ქალს გერმანულ ენაზე ესაუბრება, თუმცა მან ასევე კარგად იცის ინგლისური, ფრანგული, ესპანური, კატალონიური და სომხური ენები. „როზა იმ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელია, რომელიც სამხრეთ კავკასიიდან ევროპისაკენ მიილტვის.

2020 წელს საქართველოს ეროვნულმა სტატისტიკურმა სამსახურმა გერმანია იმ ქვეყნად დაასახელა, რომელშიც ქართული ევროპული ემიგრაცია ყველაზე მრავლად არის წარმოდგენილი – იმ დროს ოფიციალურად გერმანიაში საქართველოდან წასული 27 315 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, არაოფიციალურად უფრო მეტი იქნებოდა. ჯერ კიდევ 2017 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მაშინდელმა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ყველას გასაგონად განაცხადა, რომ „ევროპა – ეს ჩვენი ისტორიული ოჯახია, რომელთანაც გვსურს მუდმივი კავშირი გვქონდესო“. მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთს არ სურს საქართველოს ევროპის ორბიტაზე გაშვება და მასზე გავლენის დაკარგვა“, – აღნიშნულია სტატიაში. „როზა გრიგორაშვილმა რუსეთის ფაქტორი ადრეულად გააცნობიერა: იგი რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოს დედაქალაქ თბილისში გაიზარდა, დედამისი ქართული ენის მასწავლებელია, მამა კი ხელოსანი, ბავშვობიდან უკრავდა ფორტეპიანოზე, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, მიიღო სტიპენდია გერმანული ორგანიზაციისაგან… სწორედ მაშინ დაისახა მიზნად, რომ გერმანიაში წავიდოდა. როზა გრიგორაშვილის საყვარელი კომპოზიტორია იოჰან სებასტიან ბახი, ხოლო საყვარელი დირიჟორი – ჰერბერტ ფონ კარაიანი. 2018 წლიდან ჯერ ლიუბეკში გააგრძელა სწავლა, მაგისტრი გახდა, შემდეგ მცირე ხანს პოლონეთში დაყო და 2021 წელს ისევ გერმანიაში, ამჯერად ფრანკფურტში ჩავიდა. რა ხდებოდა იმ დროს საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებში?

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დიდი ხანია სურს, ასოცირების ხელშეკრულებაც გაფორმებულია, მაგრამ ბრიუსელი წევრად მიღებას ნაადრევად მიიჩნევდა. 2022 წლის მარტში კი, როცა რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, საქართველომ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირში წევრობის მიზნით , შესაბამისი განაცხადი შეიტანა. ევროკავშირის ვერდიქტი მკაცრი აღმოჩნდა – საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, თბილისს რიგი პირობების შესრულება მოსთხოვეს: კანონის უზენაესობა, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ.“, – აღნიშნულია სტატიაში. პუბლიკაციაში ცალკეა გამოყოფილი სტატიის ერთ-ერთი ნაწილი სათაურით „მეტი საქართველოს შესახებ“, რომელშიც გადმოცემულია გეოგრაფიულ-დემოგრაფიული მონაცემები, პოლიტიკური მოვლენები (დამოუკიდებლობის გამოცხადება 1991 წელს, სეპარატიზმის გაღვივება, რუსეთთან ომი 2008 წელს, ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება). მასში აღნიშნულია, რომ 2023 წლის მარტიდან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო, საქართველომ უამრავი უკრაინის მოქალაქე (ლტოლვილი) შეიკედლა, მათ დაემატნენ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც ომის გამო კრემლის რეჟიმს საქართველოში გამოექცნენ. „2012 წლიდან საქართველოს მართავს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნება“. 2020 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ქართულმა ოპოზიციამ გაყალბებულად შეაფასა. როგორც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ („რეპორტიორები საზღვრების გარეშე“, „ემნისტი ინტერნეიშენელი“), საქართველოს პრობლემები აქვს დემოკრატიის დაცვაში, კორუფციასთან ბრძოლაში, სასამართლო სისტემა გასაუმჯობესებელია, ირღვევა ჟურნალისტთა უფლებები… ასეთ სიტუაციაში მყოფი ქვეყნიდან სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ტოვებს ქვეყანას და ევროპაში მიდის, მათ შორის გერმანიაშიც“, – ნათქვამია სტატიაში. ფრანკფურტში მყოფი როზა გრიგორაშვილი ცდილობს რამდენიმე სიტყვით გამოხატოს, თუ რა სარგებლობას მოუტანს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება: პირველი – „უსაფრთხოება“, მეორე – „ადამიანის უფლების დაცვა“, მესამე – „მაღალხარისხიანი განათლება“. გარდა ამისა, ახალგაზრდა ქართველი ქალი თვლის, რომ მას ევროკავშირში და კერძოდ, გერმანიაში შეუძლია პირადი შესაძლებლობების უკეთ გამოყენებაც ისე, რომ ქართული ტრადიციები და თვითმყოფადობა არ დაკარგოს“. ეს ერთ-ერთი მიზეზთაგანია იმისა, თუ რატომ არ სურს როზა გრიგორაშვილს გერმანიის მოქალაქეობა.

იმიტომ, რომ თუ გერმანიის მოქალაქე გახდება, იგი საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს. მისი სამშობლოს კანონებით, ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია. „ალბათ, კარგი იქნებოდა ორი ქვეყნის მოქალაქეობა, მაგრამ მე ამ შემთხვევაში მირჩევნია ვიყო საქართველოს მოქალაქე, სადაც ჩემი მშობლიური სახლია“, – ამბობს ქართველი მუსიკოსი გერმანელ ჟურნალისტთან საუბარში. გერმანიაში ყოფნისას როზა გრიგორაშვილმა შეამჩნია, რომ გერმანელების დიდმა უმრავლესობამ არაფერი არ იცის საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ – რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზებისა და კრემლის მიერ ქართული მიწა-წყლის ოკუპაციის შესახებ, აფხაზურ-ოსური სეპარატიზმის ირგვლივ… როზა გრიგორაშვილი იხსენებს: „მე 11 წლისა ვიყავი, როცა ჩემმა უფროსმა ძმამ თბილისში ჩამოსვლა ვერ შეძლო – რუსეთის არმიას მთავარი გზა გადაკეტილი ჰქონდა… ეს იყო დიდი შიშისა და საფრთხის პერიოდი“. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ბევრი ქართველი შეშფოთებულია და ფიქრობენ, რომ შეიძლება რუსეთი მათ ქვეყანაშიც შეიჭრას. „ჩვენ ჩვენი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ვიბრძოლებთ“, – ამბობს როზა და იქვე ამატებს, რომ მას გერმანიაში, ფრანკფურტში, რუსი მეგობრებიც ჰყავს, რომლებთანაც მუსიკაზეც საუბრობს და პოლიტიკაზეც. იგი არ საყვედურობს თავის რუს მეგობრებს კრემლის პოლიტიკის გამო: „მე მათ არ ვეუბნები, რომ ოკუპანტი ხარ-მეთქი… ზოგიერთი რუსი კომპოზიტორისა და არტისტის პოზიციას კი ვგმობ და მათ ბოიკოტს ვუცხადებ. რაც შეეხება რუსულ მუსიკას, მას არ ვივიწყებ“. როზა გრიგორაშვილის თქმით, გერმანიაში დღეს ბევრი ქართველი ახალგაზრდა ჩადის. რა თქმა უნდა, ყველას ისე არ უმართლებს, როგორც მას გაუმართლა. ბევრის მიზანს სწავლა კი არა, მუშაობა და პოლიტიკური თავშესაფრის მიღება წარმოადგენს. 2022 წელს თავშესაფარი თითქმის რვა ათასმა ქართველმა ითხოვა, მაგრამ მათი იმედები სრულიად უპერსპექტივოა: განაცხადების 99% უარყოფილია, რადგან გერმანიის მთავრობა საქართველოს საცხოვრებლად უსაფრთხო ქვეყნად თვლის. თუმცა სინამდვილეში საქართველო შორს დგას დემოკრატიული სტანდარტებისაგან. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სულ უფრო იხრება ავტორიტარიზმისაკენ. 2023 წლის დასაწყისში საქართველოში მასობრივი ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციები ჩატარდა რუსეთის მსგავსი კანონმდებლობის მიღების საწინააღმდეგოდ (მაგალითად, კანონი „უცხოელი აგენტის შესახებ“). მთავრობა იძულებული გახდა კანონპროექტის განხილვა შეეჩერებინა და უკან გაეწვია. თუმცა მოგვიანებით საქართველო დათანხმდა რუსეთთან 2019 წელს შეწყვეტილი ავიამიმოსვლის აღდგენას. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის რუსეთი მეორე მთავარ სავაჭრო პარტნიორად ითვლება.

როზა გრიგორაშვილს თავისი ქვეყნის პოლიტიკის შესახებ საუბარი არ სურს, რადგან იქ მისი ოჯახი ცხოვრობს. მას მჭიდრო კონტაქტები აქვს როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე კონსერვატორულ მეგობრებთან. „მე გერმანიაში თავს უცხოელად არ ვგრძნობ“, – ასეთია მისი დასკვნა ფრანკფურტში ცხოვრების ორწლინახევრის შემდეგ. 2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. დღის წესრიგში დგება პრინციპული საკითხი: შეძლებს თუ არა საქართველო რუსეთის რეჟიმის გავლენიდან გამოსვლას და ევროპული ინტეგრაციის გზაზე მოძრაობის გაგრძელებას? პირადად როზა გრიგორაშვილმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება: „გერმანია ქართველებს დიდ შესაძლებლობებს აძლევს. კარგი იქნება, თუ გერმანია ქართულ დიპლომებს აღიარებს. როცა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, იგი შესაძლოა საცხოვრებლად თავის სამშობლოში დაბრუნდეს“, – წერს ავტორი სტატიის დასასრულს.

წყარო