ბატონი აუსტრევიჩუსი არის სულ მცირე უზრდელი – რა ენითაც საუბრობს, მეტყველებს იმაზე, რომ მართლაც გარკვეული ბანდის ინტერესის გამტარებელია, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებას გამოეხმაურა.
ქადაგიშვილის თქმით, აუსტრევიჩუსს სერიოზულ პოლიტიკოსად არ განიხილავს.
“ბატონი აუსტრევიჩუსი, ეტყობა, მთლიანად გამოსულია წყობიდან. რა ენითაც საუბრობს, მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკასთან კი არ აქვს საერთო, მართლაც გარკვეული ბანდის ინტერესის გამტარებელია, თუ მაინც და მაინც ბანდაზე აქვს ლაპარაკი. როცა სხვა სუვერენული სახელმწიფოს მთავრობას ასეთი სიტყვებით მოიხსენიებ, იქ, რა თქმა უნდა, მისი, როგორც სერიოზული პოლიტიკოსის განხილვა, რა თქმა უნდა, დასრულებულია. რაც შეეხება იმას, რომ უკრაინისთვის ნატოს წევრობა და მისი სრული მხარდაჭერა დღეს არის მნიშვნელოვანი, ამას ლაპარაკობს, პირველ რიგში, უკრაინის ხელისუფლება. რუსეთზე გამარჯვების პირობა და თუ რუსეთი დამარცხდა ამ ომში, იქ რა თქმა უნდა, უკვე სულ სხვა მოცემულობა დგება და ამ შემთხვევაში უკრაინას მართლა სულ სხვა მდგომარეობა აქვს, ვიდრე მხოლოდ და მხოლოდ ნატოს ასპირანტი ქვეყნის.
ბატონი აუსტრევიჩუსი არის სულ მცირე უზრდელი, ამით დავამთავროთ ამ ადამიანზე საუბარი. მისი ეს ზღვარგადასული და მწყობრიდან გამოსული ადამიანის კომენტარების ახსნა განმარტება საჭირო აღარ არის. რაც შეეხება კოლექტიურ უსაფრთხოებას, აუსტრევიჩუსმა ახლა რომ გამოიღვიძა, უნდა კარგად იცოდეს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაში, საქართველოს, ისე რომ არასდროს იყო ამ კოლექტიური უსაფრთხოებით დაცული, აქვს არანაკლები როლი შეტანილი და შეიძლება სადღაც უფრო მეტი, ვიდრე მის ქვეყანას,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას – „თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ, ნატოს წევრობა რაღაში სჭირდება“,ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი გამოეხმაურა და „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ესაა პოლიტიკური ბანდა და არა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე დაფუძნებული აზროვნება“.
„ბევრი უნდა ისწავლო და ნაკლები იოცნებო“, – წერს პეტრას აუსტრევიჩუსი.