“ხვალ, კაჭრეთში, რევოლუციის მოსახდენ სემინარზე მივდივართ”-რომან გოცირიძე 

82
spot_img

ხვალ, კაჭრეთში, რევოლუციის მოსახდენ სემინარზე მივდივართ – სემინარის ძირითადი საკითხი პარლამენტის რეგლამენტის სრულყოფაა, მაგრამ ეს არის შენიღბვის ფორმა და სინამდვილეში საუბარი იქნება არა პარლამენტის რეგლამენტზე, არამედ იმაზე, თუ როგორ დავამხოთ რუსული ხელისუფლება, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში”ევროოპტიმისტების” დეპუტატმა რომან გოცირიძემ წინანდალში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.

გოცირიძის შეფასებით, ერთადერთი კეთროვანი პოლიტიკური ორგანიზაცია “ქართული ოცნებაა”, ვისაც მართლა არავინ უნდა გაეკაროს და სემინარზეც მასთან არავინ დაჯდეს. გოცირიძის თქმით, “ნაყარ-ნუყარა პრორუსული დაჯგუფებების გარდა, დღეს “ქართულ ოცნებას” მოკავშირე არ ჰყავს”.

„როგორი სიტყვებით უნდა შევაფასო ის უნიკალური გამოძიება, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სახელისუფლო მედიამ მოაწყო, რომ თურმე წინანდალში, სემინარზე რევოლუციას გეგმავდნენ, სადაც ასევე „ქართული ოცნების” უმრავლესობის წარმომადგენლები იყვნენ მოწვეული და მათგან იქ არც ერთი არ გამოცხადდა. სწორად გამოძიებაც ვერ მოაწყვეს – დაინახეს ერთი ფოტო, სადაც მაგიდის ირგვლივ არიან დეპუტატები, მაგრამ ვინ იჯდა მაგიდის ქვეშ, აი ეს არის მთავარი! რევოლუციის მთავარი დამგეგმავი მაგიდის ქვეშ იჯდა და ეს ხელისუფლებასა და მის მედიას გამორჩა.

რევოლუციას პერმანენტული ხასიათი აქვს. ტროცკის გამონათქვამია, პერმანენტული რევოლუცია – რევოლუცია მუდმივი და განგრძობადი უნდა იყოს. 18-19 ივლისს, კაჭრეთში სემინარზე მიწვეული არიან დეპუტატები. რა თქმა უნდა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მოვლენ, თუმცა უმრავლესობა არც ახლა იკადრებს ოპოზიციასთან ერთად მუშაობას, რაც მით უარესი მათთვის – რეგლამენტის ნაცვლად, რევოლუციაზე ვისაუბრებთ. იმდენი ჭკუაც არ ჰყოფნით, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მარტო არ დაგვტოვონ”, – განუცხადა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.