მავნებელი ხართ თქვენ, ქალბატონო ყოფილო ელჩო, ჩვენი მთავარი პარტნიორი, რომელიც უნდა იყოს მხარდამჭერი დემოკრატიული პროცესების, სიმშვიდის, ქალბატონი დეგნანი, რომელიც არის წარმომადგენელი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ელექტრონულ არჩევნებს, რომელიც მათი რეკომენდაციით დავნერგეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა, სადაც არჩევნების შესახებაც არის საუბარი.
ირაკლი ზარქუას თქმით, კელი დეგნანმა ვერ გაითავისა, რომ იყო არა პარტიის, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი.
„მავნებელი ხართ თქვენ, ქალბატონო ყოფილო ელჩო, Goodbye, my darling. ე.ი. რა გამოდის, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორი, რომელიც უნდა იყოს მხარდამჭერი დემოკრატიული პროცესებისა და ქვეყნის განვითარების, სიმშვიდის, ქალბატონი დეგნანი, რომელიც არის წარმომადგენელი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ელექტრონულ არჩევნებს, რომელიც მათი რეკომენდაციით დავნერგეთ. უფრო მეტიც, პრაქტიკაში გამოვიყენეთ ახლა.
შუალედური არჩევნები გვქონდა, მათ შორის კრწანისში, თერჯოლაში და ასე შემდეგ, ავირჩიეთ მერები და ვაპირებთ, გორში გამოვიყენოთ ოქტომბრის თვეში შუალედურ არჩევნებში. სადაც ჩატარდა ელექტრონულად, არცერთი პრობლემა, ხარვეზი არ დაფიქსირებულა და ყველამ, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებმაც, ადგილობრივმა არასამთავრობოებმაც თქვეს, რომ კი, ეს გამართულია და მოქმედებს. ახლა ამას რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებ 2024-ში, მავნებელი ხართ თქვენ, ქალბატონო ყოფილო ელჩო, მინდა, ეს მოგმართოთ და პირდაპირ გითხრათ, თქვენ თქვენი ვერ გაითავისეთ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არა პარტიის წარმომადგენელი, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენლი იყავით. იმ სახელმიფოსი, რომელზეც იმედებს ვამყარებთ დღემდე და მომავალში დავამყარებთ, რომ ჩვენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში კიდევ უფრო მეტად წინ წავიწიოთ, უფრო მეტად დემოკრატიული საზოგადოება ავაშენოთ და მეტად დემოკრატიული გავხადოთ ეს ქვეყანა და ამით ძლიერი, ეკონომიკურად განვითარებული. თქვენ, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არცერთი ნაბიჯი არ გადაგიდგამთ, ისევე როგორც დღემდე არ აქვს საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და თქვენ ამისთვის არაფერი გაგიკეთებიათ, არც უვიზო მიმოსვლა აქვს საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამისთვის თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ, არც ინვესტიცია ჩაგიდიათ.
ვსვამ კითხვას – ანაკლიის პორტში რატომ არ დევს ამერიკული ფული, რატომ არ გამოხვედით ინიციატივით თქვენ ან სხვები. ყაზახურ ინვესტიციებს გვტენიდა ის, ვინც იყო იქ შესული. რატომ არ არის? ჩამოდით და ჩადეთ ფული. ხომ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თქვენთვისაც. არ გამოვა ასე ორმაგი სტრანდარტით, ვწუხვარ ამის თქმის საშუალება რომ მომეცით, მაგრამ ეს თქვენ ბრძანეთ. ქართველი ერი, უდიდესი ცივილიზაციის, კულტურის, განათლების მქონე საზოგადოება ვართ და რამენაირად იმასაც გავარკვევდით და გავარკვიეთ, ელექტრონულად როგორ შეიძლება მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებში. ძალიან ვწუხვარ, ქალბატონო ელჩო, მაგრამ თქვენ, როგორც ელჩი, ვერ შედექით და ეს უნდა ითქვას.
ვწუხვარ, თქვენ პოლარიზაცია გაზარდეთ ქართულ საზოგადოებაში თქვენი საქმიანობით, თქვენი განცხადებებით და ამის დემონსტრირებაა ის, რაც ბოლოს მოვისმენთ. ჩვენი პარტნიორები, მათ შორის თქვენ და ყველა, საზოგადოება გვირჩევდა, რომ ელექტრონული არჩევნები 100 პროცენტით გაგვეხადა საქართველოში, რომელიც იქნებოდა მყარი და ყოველგვარი მანიპულაციებისგან დაცული, თურმე ესეც არ მოგწონთ.
რატომ? იმიტომ, რომ ალბათ თქვენ იყავით ერთერთი ერთ-ერთი შემოქმედი, რომ აქ რევოლუციური ტალღა აგორებულიყო და 3-4-ჯერ ჩვენ ეს ჩავახშეთ, რადგან საქართველოს და მისი მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებში არასდროს შედიოდა ქაოსი, არეულობა და არც მეორე ფრონტის გახსნა, რასაც ეს ხელმოცარულები და რადიკალები ცდილობდნენ. ვწუხვარ, მაგრამ თქვენ ძალიან დიდი შეცდომები დაუშვით და გააგრძელეთ, ბოლოს ამით დააგვირგვინეთ. მქონდა მცდელობა, ბოლოს ლამაზად, ლამაზი სიტყვებით გამეცილებინეთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. ასე რომ, Goodbye, my darling“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.