“დასავლეთმა უკრაინისადმი დახმარებით ომი უნდა გააგრძელოს თუ მშვიდობის დასამყარებლად უნდა იმოქმედოს?” – Foreign policy

96
spot_img

აშშ-ის ყოველკვირეული ჟურნალის „ფორინ პოლისის“ (Foreign policy) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დასავლეთმა უკრაინისადმი დახმარებით ომი უნდა გააგრძელოს თუ მშვიდობის დასამყარებლად უნდა იმოქმედოს? კონტრშეტევის ნელმა ტემპმა სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის მოწოდებები გამოიწვია“ (ავტორები – მეთიუ კროინიგი, ბრენტ სკოუკროფტის სახ. სტრატეგიისა და უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი მოადგილე და ემა ეშფორდი, ამავე ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინის არმიის კონტრშეტევა არცთუ ისე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც ამას დასავლეთი იმედოვნებდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ დასავლეთის სურვილის მიუხედავად, კიევმა შეიძლება რუსეთთან ბრძოლის შედეგად დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება ვერ მოახერხოს.

კონტრშეტევის დროს კიევი თანდათან იძულებული ხდება საომარ მოქმედებებში დროს სულ უფრო მეტი და მნიშვნელოვანი რესურსები და რეზერვები გამოიყენოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით უკრაინა სასურველ მიზანს ვერ აღწევს – რუსეთის თავდაცვის ხაზის გარღვევას ვერ ახერხებს. კიევი დღეს თვითონვე აღიარებს, რომ შეტევა შეფერხებით მიმდინარეობს და არა ისე სწრაფად, როგორც დაგეგმილი იყო. თანაც მთავარი პრობლემა უკრაინის მოქმედებით კი არ გამოიხატება, არამედ დასავლეთის არარეალისტურ მოლოდინებში. რუსეთს შედარებით სუსტ მეზობელთან ომის დროს ჰქონდა დრო, რომ დაპყრობილ ტერიტორიაზე განმტკიცებულიყო. დასავლურ საზოგადოებას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ რა სირთულეებთან მოუხდა შეტაკება კიევს ბრძოლის ველზე. ევროპულ დედაქალაქებში და ვაშინგტონში ეგონათ, რომ თუ უკრაინას იარაღს მისცემდნენ, კიევი ტერიტორიის დაბრუნებას შეძლებდა. მაგრამ რეალობა – შეტევის წარუმატებლობა – იმას მოწმობს, რომ ისინი ცდებოდნენ.

თეთრი სახლი უსაფუძვლოდ ვარაუდობდა, რომ კიევისადმი ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერით შეძლებდა ბალანსის დაცვას – „ოქროს შუალედის“ შენარჩუნებას, ანუ უკრაინის დახმარებას გამარჯვებისათვის ისე, რომ რუსეთის პროვოცირებას არ გამოიწვევდა.

ევროპის ქვეყნებისაგან განსხვავებით, ამერიკამ უკრაინის გამო თავისი იარაღის საცავები დააცარიელა და კიევს ასობით მილიარდი დოლარის დახმარება გაუგზავნა. მართალია, ხანდახან თეთრი სახლი სიფრთხილეს იჩენდა და კიევს ურჩევდა, მიცემული იარაღი რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ არ გამოეყენებინა (ომის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით), მაგრამ რადგანაც უკრაინის არმია სულ უფრო მეტად აქტიურდება, მოსკოვისადმი დარტყმების მიყენებასაც არ ერიდება, გამორიცხული არ არის, რომ დაპირების მიუხედავად, შეიძლება გამოიყენოს კიდეც.

ამჟამად დასავლეთის სახელმწიფოების წინაშე დგება საკითხი, თუ როგორი უნდა იყოს მათი შემდგომი ნაბიჯი უკრაინის მიმართ. დღეისათვის არსებობს სამი ვარიანტი: პირველი – ხანგრძლივი დამქანცველი ომი, სანამ ქვეყანა ყოველმხრივ მთლიანად არ გაჩანაგდება, მეორე – სამშვიდობო მოლაპარაკების მცდელობა და მესამე – უკრაინისადმი დასავლეთის დახმარების გაგრძელება და გამარჯვება. მაგრამ მესამე ვარიანტის ეალიზებისათვის დასავლეთს და უპირველესად, ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწევს ფინანსური და სამხედრო დახმარების მნიშვნელოვანი გაფართოება. ამ შემთხვევაში ვაშინგტონმა უკრაინას ყველაფერი უნდა მისცეს, რასაც კიევი მოსთხოვს, ბირთვული იარაღის გარდა.

საერთოდ კი, უკრაინამ უკვე მოიპოვა გრანდიოზული გამარჯვება, როცა რუსეთს არ მიეცა მთავრობის დამხობის შესაძლებლობა და ქვეყანამ სუვერენიტეტი შეინარჩუნა (მართალია, რიგ ტერიტორიებს კიევი ვერ აკონტროლებს, მაგრამ მაინც). და ეს არის არამარტო უკრაინის, არამედ აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და მთლიანად დასავლეთის გამარჯვება. შესაბამისად, ვაშინგტონს მოუწევს მიღწეული წარმატების განმტკიცება – უკრაინის სოციალ-ეკონომიკური სტაბილიზება და მისი თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფდა სამომავლოდ.

წყარო