საფრანგეთის ერთ-ერთ მრავალტირაჟიან ყოველდღიურ გაზეთში „უესტ-ფრანსში“ (Ouest-France – „დასავლეთ საფრანგეთი“) გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „უკრაინა: ილუზორული ნეიტრალიტეტი“ (ავტორი – ლორან მარშანი, მთავარი რედაქტორის მოადგილე).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
რუსეთ-უკრაინის ომის მე-18 თვის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკისათვის ყველაზე მძიმე პერიოდი იწყება. დასავლეთს ეჭვები შეეპარა კიევის წარმატებაში – უკრაინის არმიის კონტრშეტევას რაიმე მნიშვნელოვანი შედეგები არ მოაქვს, რუსეთის არმიის პოზიციები უცვლელი რჩება. ომის ადამიანური, ეკონომიკური და მორალური დანაკარგები კი სულ უფრო მატულობს და მძიმდება.
ერთი წლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება უფრო იზოლაციონისტურ პოზიციაზე გადავიდეს. აქედან გამომდინარე, სუსტდება იმის რწმენა, რომ გააგრძელებს თუ არა ვაშინგტონი უკრაინისადმი გულუხვ დახმარებას. არ არის გამორიცხული, რომ პოლიტიკური ბალანსი ევროპაშიც შეიცვალოს 2024 წლის ივნისის არჩევნების შედეგად. დღეს, სანამ რუსეთი თვითონ არ გადადგამს არსებით ნაბიჯს, მოლაპარაკების დასაწყებად არავითარი პირობები არ არსებობს. უკრაინა დასავლეთის სოლიდარობით ომს უძლებს, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში ომისაგან გამოწვეული დაღლილობა ქვეყანაზე აუცილებლად აისახება და კიევის პოზიციებს დაასუსტებს.
სწორედ ასეთი გაურკვევლობების კონტექსტში უნდა განვიხილოთ ბოლო კვირაში გაკეთებული განცხადებები. გასულ სამშაბათს ერთ-ერთმა ნატოელმა მაღალჩინოსანმა სტიან იენსენმა ნორვეგიის გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა ჰიპოთეზა უკრაინის ტერიტორიების რუსეთისათვის დათმობაზე, ალიანსში მიღების სანაცვლოდ. კიევისათვის ეს ცივი შხაპი აღმოჩნდა. მართალია, მოგვიანებით იენს სტოლტენბერგმა კომენტარი გააკეთა, სტიან იენსენის ნათქვამი არასწორად იქნა გაგებულიო, მაგრამ როგორც ამბობენ ხოლმე ასეთ შემთხვევებში, „კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს“.
ოთხაშაბათს ინდოეთმა „დიდი ოცეულის“ (G-20) სამიტის მონაწილეთა სია გამოაქვეყნა, რომელიც 9-10 სექტემბერს ნიუ-დელში უნდა გაიმართოს და განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტისაგან განსხვავებით, G-20-ში უკრაინა მიწვეული არ იქნება. ეს სიგნალი გასაგებია: BRICS-ის სამიტამდე (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) მხოლოდ რამდენიმე დღეა დარჩენილი (22-24 აგვისტოს, იოჰანესბურგში). განვითარებადი ქვეყნების ლიდერებს ვლადიმერ პუტინის ომის დროს მშვენიერი შესაძლებლობები ეძლევათ თავიანთი ინტერესები დაიცვან და მიზანმიმართულად გააღრმაონ ანტიდასავლური განხეთქილება.
და ბოლოს, ხუთშაბათს, გაზეთ „ფიგაროსათვის“ მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ შეარბილა ფრანგი მემარჯვენეების მნიშვნელოვანი ნაწილის პრორუსული რიტორიკა და „ნეიტრალური“ უკრაინის მხარდამჭერად გამოვიდა, რომელიც, მისი აზრით დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი რგოლი უნდა იყოს და მისი ნეიტრალიტეტი საერთაშორისო შეთანხმებით უნდა იყოს გარანტირებული.
ეს რომ ნიკოლა სარკოზის 1994 წელს ეთქვა, როცა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ბორის ელცინმა და ბილ კლინტონმა ხელი ბუდაპეშტის მემორანდუმს მოაწერეს, ამას კიდევ ექნებოდა რაღაც აზრი, მაგრამ ახლა, როცა აგრესიული ომი მიდის, როცა რუსეთის ტერიტორიას არავინ ემუქრება, მოსკოვი კი წელიწადნახევრის განმავლობაში ბომბებს აყრის უკრაინის ქალაქებს და მშვიდობიან მოსახლეობას, სარკოზისეული „ნეიტრალიტეტი“ რუსეთის თავდასხმის მსხვერპლის – უკრაინის დასუსტებას და აგრესორის მხარდაჭერას ემსახურება და განა ეს უნდა გაგვიკვირდეს? თუ დავფიქრდებით, გასაკვირი არაფერია. პრომოსკოვური გადახრები ძველი მაცდური ტრადიციაა, რომელიც საფრანგეთის მმართველ კლასს ახასიათებს, ყველგან – დიპლომატიაში, სამხედრო სფეროში, პოლიტიკასა და ბიზნესში… განა იგივე ნიკოლა სარკოზი არ დათანხმდა რუსეთისათვის „მისტრალის“ ტიპის ხომალდების მიყიდვას 2010 წელს, ანუ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან ორი წლის შემდეგ? საბედნიეროდ, საბოლოო ჯამში „მისტრალები“ რუსეთმა ვერ მიიღო, რადგან ნიკოლა სარკოზი პრეზიდენტად აღარ ავირჩიეთ. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, რუსეთს რომ შავ ზღვაში სადესანტო „მისტრალები“ ჰყოლოდა – ოდესა გასულ წელსვე დაპყრობილი ექნებოდა.
სწორედ კრემლმა მოსპო უკრაინის ნეიტრალიტეტის ყოველგვარი შესაძლებლობა – იმდენად, რომ თვით ფინეთიც და შვედეთიც კი იძულებული გახადა ნატოში გაწევრიანების სურვილი გასჩენოდათ. გასაგებია, რომ მშვიდობა, თუნდაც ცივი იყოს, ომს მაინც სჯობია, მაგრამ რუსეთის მიმართ ლოიალობის გამოჩენა იმ დროს, როცა კრემლის გამო უკრაინელი ხალხი იტანჯება, ეს პოლიტიკა არ არის.
მას შემდეგ, რაც 2008 წლის ომით რუსეთმა საქართველოს მიმართ საერთაშორისო სამართლის პრინციპები დაარღვია, მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმსა და დონბასში გააკეთა – როგორ შეიძლება ხელი გაუწოდო ვლადიმერ პუტინს? ჩვენს ინტერესებში უკრაინის დახმარებაა.