“ხალხის ძალის” წევრებს მოვუწოდებ, „დაგუგლონ“, რატომ წაუყენეს ბრალი ტრამპს”- ხატია დეკანოიძე

123
spot_img

„ხალხის ძალის“ წევრებს მოვუწოდებ, „დაგუგლონ“, რატომ წაუყენეს ბრალი ტრამპს – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებაც“ დაკარგავს ძალაუფლებას და ახლა ცდილობენ, ეს წინასაარჩევნო წელი იყოს ისტერიის და პოლიტიკური ეგზეკუციის მიმართულებით ძალისხმევის წელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტში, პოლიტიკური ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძე წინასაარჩევნოდ რეპრესიებს არ გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ ივანიშვილის პროექტი „ხალხის ძალის“ სახით, ჩავარდა და ახლა მისი წარმომადგენლები ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ ყურადღების მისაპყრობად.

„დაგუგლონ“ და წაიკითხონ, რატომ წაუყენეს ბრალი ყოფილ პრეზიდენტ ტრამპს. „ხალხის ძალაში“ ბიძინა ივანიშვილმა ჩადო საკმაოდ დიდი რესურსი და ის მოიაზრებოდა „ქართული ოცნების“ განაყოფად, რომელსაც არჩევნებზე პრორუსული ამომრჩევლის (ძალიან ცოტა) ხმები უნდა წაეღო. ახლა გვაქვს მოცემულობა, როცა რუსული კანონის ჩავარდნის შემდეგ „ხალხის ძალა“ არის გაკოტრებული, ივანიშვილის ეს პროექტი ჩავარდა, „ხალხის ძალა“ ვერაფერს იზამს არჩევნებზე, ვერანაირ მხარდაჭერას ვერ მიიღებს და აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს. ივანიშვილის ეს გაკოტრებული პროექტი საბოლოოდ გაპარტახებულია, სწორედ ამიტომ ცდილობენ გაკოტრებული პოლიტიკოსების განცხადებებით ყურადღება მიიპყრონ. რეპრესიებს მე, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ვიმეორებ ეს არის ივანიშვილის გაკოტრებული პროექტი, რომელიც ახმოვანებს ხოლმე „ქართული ოცნების“ ინიციატივებს, მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ, არათუ „ხალხის ძალა“, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებაც“ დაკარგავს ძალაუფლებას, ამიტომაც ახლა ცდილობენ, ეს წინასაარჩევნო წელი იყოს ისტერიის და პოლიტიკური ეგზეკუციის მიმართულებით ძალისხმევის,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, „ხალხის ძალა“ მიიჩნევს, რომ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ შეთქმულებისა და ქართველი ხალხის მოტყუების გამო.

როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იმედოვნებენ, რომ პროკურატურა სერიოზულად დაინტერესდება ამ საკითხით.

„ამერიკულმა პროკურატურამ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი ხმამაღალი სათაურით: „შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუებისთვის“. საბრალდებო დოკუმენტში ნათქვამია, რომ „არჩევნების დღიდან ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ბრალდებული ავრცელებდა სიცრუეს, რომ არჩევნები გაყალბდა და რეალურად მან გაიმარჯვა. ეს პრეტენზიები მცდარი იყო, რაც ბრალდებულმა იცოდა, მაგრამ მაინც გამოთქვამდა, რათა უნდობლობისა და ბრაზის ინტენსიური ატმოსფერო შეექმნა და არჩევნების ადმინისტრირების მიმართ საზოგადოების რწმენა შეერყია“.

გამოდის, რომ ამერიკული სტანდარტით, საქართველოში დასაჭერი ყოფილა მთელი ოპოზიცია, ყველა ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელი და მდიდარი NGO-ების ყველა თავმჯდომარე. იგივეს ვერ შევკადრებთ ამერიკის ელჩს და ევროკავშირის მაშინდელ „ამერიკელ“ ელჩს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ქართველი ხალხის მოტყუება თავადაც სცადეს, ოპოზიციის ყალბი ბრალდებები არჩევნების გაყალბების შესახებ პოლიტიკურ კრიზისად მონათლეს და ამ ყველაფრის საფუძველზე, მმართველ პარტიას 19 აპრილის კაბალურ შეთანხმებაზე მოაწერინეს ხელი,“ – აღნიშნულია განცხადებაში.