Home Blog Page 1693

სისხლის ტესტით ალცჰაიმერის დაავადება შეიძლება სიმპტომების გამოჩენამდე 10 წლით ადრე დაფიქსირდეს

რაც უფრო ადრე მოხდება ალცჰაიმერის დაავადების დაფიქსირება, რა თქმა უნდა, მით უკეთესია, მაგრამ სამწუხაროდ, არ არსებობს ამის ადვილი და საიმედო მეთოდი. თუმცა, ახალი კვლევის წყალობით, ეს დაავადება სიმპტომების გამოჩენამდე 10 წლით ადრე შეიძლება დაფიქსირდეს სისხლის მარტივ ტესტში, თუ რა თქმა უნდა, საბოლოოდ დამტკიცდება, რომ ახალი მოდელი სწორია.

მკვლევრებმა სისხლში შაქრის მოლეკულა დაუკავშირეს ამილიოდ ბეტას და ტაუ-ცილების არანორმალურ დაგროვებას, რაც ალცჰაიმერისთვის არის დამახასიათებელი. ეს ცილები თავის ტვინში გროვდება და ნეირონებს კლავენ.

ამ კონკრეტული მოლეკულის, შუაზე გაყოფილი N-აცეტილგლუკოზამინის შემჩნევის შედეგად, მეცნიერებს შეიძლება მიეცეთ ალცჰაიმერის მაღალი რისკის ამოცნობის კარგი გზა. ამ მოლეკულას გლიკანი ჰქვია, ცილების ზედაპირზეა მოთავსებული და გავლენას ახდენენ მათ მუშაობაზე.

„შაქრის მოლეკულებისგან აგებული სტრუქტურების, გლიკანების როლი შედარებით შეუსწავლელი სფეროა დემენციის კვლევებში. ჩვენს კვლევაში ვაჩვენეთ, რომ სისხლში გლიკანების დონე დაავადების განვითარებისას ადრეულ ეტაპზევე იცვლება“, — ამბობს შვედეთის სამედიცინო სამეფო ინსტიტუტის ნევროლოგი რობინ ჟიუ ჟუ.

მკვლევრებმა შეისწავლეს 233 ადამიანის მონაცემები; ეს ადამიანები მონაწილეობდნენ დაბერებისა და მოვლის შვედეთის ეროვნულ კვლევაში. პირველი მონაცემები 2001-2004 წლებშია შეგროვებული, შემდეგი დაკვირვებები კი 17 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მონაწილეთა ასაკის მიხედვით, დადგენილი ინტერვალებით.

როგორც მონაცემებმა აჩვენე, ინდივიდებს, რომლებსაც სისხლში გლიკანებისა და ტაუ-ცილების შესაბამისი დონე ჰქონდათ, ორჯერ მაღალი ჰქონდათ ალცჰეიმერის ტიპის დემენციის განვითარების რისკი. ასეთი კავშირი მანამდეც იყო შემჩნეული ხერხემლის ცერებროსპინალურ სითხეში, მაგრამ სისხლის ტესტები გაცილებით ადვილად ჩასატარებელია.

თუკი ეს დასკვნები საბოლოოდ ალცჰაიმერის სკრინინგ-ტესტად იქცა, მკვლევრებს სხვა კრიტერიუმების დამატებაც სურთ, მაგალითად, APOE4 გენის ძებნა, რომელიც ასევე დაკავშირებულია ალცჰაიმერის განვითარების მაღალ რისკთან.

„ასევე ვაჩვენეთ, რომ მარტივი სტატისტიკური მოდელი, რომელიც მხედველობაში იღებს სისხლში გლიკანების და ტაუ-ცილების დონეს, რისკის გენი APOE4 და მეხსიერების ტესტი შეიძლება გამოვიყენოთ ალცჰაიმერის დაავადების 80-პროცენტიანი სიზუსტით პროგნოზირებისთვის, პირველი სიმპტომების, მაგალითად, მეხსიერების დაკარგვის განვითარებამდე თითქმის ათი წლით ადრე“, — ამბობს შვედეთის სამედიცინო სამეფო ინსტიტუტის სამედიცინო ბიოქიმიკოსი სოფია შედინ ვაისი.

უცნობია, რატომ აჩვენებენ გლიკანის მოლეკულები ალცჰაიმერის ნიშნებს ტვინის დაზიანების დაწყებამდე, მაგრამ ეს ის საკითხია, რომელიც სამომავლო კვლევებმა უნდა შეისწავლოს უფრო ღრმად.

მიუხედავად იმისა, რომ ალცჰაიმერისგან განკურნების ან მისი ეფექტების უკუქცევის საშუალება ჯერ არ გვაქვს, არსებობს მისი სიმპტომების მართვის გზები; ასეთმა აღმოჩენებმა კი შეიძლება უფრო ახლოს მიგვიყვანოს იმის გაგებასთან, რატომ ჩნდება ალცჰაიმერი და როგორ შეიძლება მისი პრევენცია.

საბოლოოდ კი ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, მარტივი ტესტების მცირე სერიით, ძლიერ ზუსტად მოხდეს ალცჰაიმერის რისკის პროგნოზირება. საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, მკვლევრები ამჟამად პირველადი ჯანდაცვის ექსპერტებთან თანამშრომლობენ.

კვლევა Alzheimer’s & Dementia-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.ki.se-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

 

წყარო

“როცა ორი დაპირისპირებული მხარე ხელიაუფლებისთვის იბრძვიან, ვის უნდა ელაპარაკო, ვის სცალია უცხოელებისთვის?”-სალუქვაძე

“ამ ქვეყანაში ბოლო სამ წელში ორი სამხედრო გადატრიალება მოხდა, 2019 და 2021 წლებში. სახელმწიფოს მართავს გარდამავალი სამხედრო საბჭო, უფრო გასაგებად – ხუნტა”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში სუდანში მიმდინარე მოვლენებს ექსპერტი, ამირან სალუქვაძე.
“სუდანის შესახებ, ორი სიტყვით.
ამ ქვეყანაში ბოლო სამ წელში ორი სამხედრო გადატრიალება მოხდა, 2019 და 2021 წლებში. სახელმწიფოს მართავს გარდამავალი სამხედრო საბჭო, უფრო გასაგებად – ხუნტა.
კონფლიქტი მოჰყვა სწრაფი რეაგირების ძალების არმიის შემადგენლობაში შეყვანის მცდელობას.
ეს მიზეზი ყველგან ითქვა, მაგრამ არსის უკეთ გასაგებად, უნდა დაზუსტდეს შემდეგი: არმია ექვემდებარება სამხედრო მთავრობის ხელმძღვანელს, გენერალია, ხოლო სწრაფი რეაგირების ძალები – ვიცე-პრეზიდენტს, ასევე გენერალია. გვარებით არ გადაგღლით.
ის რომ ყველა ფორმირება შეიარაღებულ ძალებში უნდა გადავიდეს, თანხმობა ჰქონდათ. ლიდერები, ანუ ვიცე-პრეზიდენტი და სამხედრო მთავრობის ხელმძღვანელი, ვერ შეთანხმდნენ ამ ინტეგრაციის ვადებთან დაკავშირებით, რასაც სამხედრო დაპირისპირება მოჰყვა.
რჩევა რომელიმე ქვეყანაში გამგზავრების წინ: უნდა გადახედოთ ინტერნეტს, ვიკიპედიას. როცა ქვეყანაში სამხედრო მმართველობაა, ხშირია გადატრიალებები და სხვა, ასეთ ქვეყანაში მგზავრობას, სამუშაოდ წასვლას უნდა მოერიდოთ, რადგან შეიარაღებული შეტაკებების განახლების შემთხვევაში, როცა ქვეყანაში სახელისუფლებო სტრუქტურები მოშლილია, შენი სახელმწიფოს და მისი საელჩოების მხრიდან დახმარების გაწევის შესაძლებლობა შეზღუდულია, ან შეუძლებელია.
როცა ორი დაპირისპირებული მხარე ხელისუფლებისთვის იბრძვიან, ვის უნდა ელაპარაკო, ვის სცალია უცხოელებისთვის?
სუდანის შემთხვევაში სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს და უნდა გააკეთოს. რაც დავწერე, სამომავლო რჩევაა,”- წერს ამირან სალუქვაძე.

20 აპრილს რუსთაველის გამზირის ნაწილზე გადაადგილება შეიზღუდება

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დაგეგმილი სამუშაოების გამო, 20 აპრილის 03:00-დან 07:00 საათამდე შოთა რუსთაველის გამზირზე, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში შოთა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მძღოლები ლესია უკრაინკას, ტარას შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილებისა და 9 აპრილის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.
რაც შეეხება თავისუფლების მოედნიდან შოთა რუსთაველის გამზირისკენ მიმავალ ავტომობილებს, გადაადგილებას შეძლებენ ანტონ ფურცელაძის, რევაზ თაბუკაშვილისა და გია ჭანტურიას ქუჩების გავლით.

“ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნა იმისთვის სჭირდება, რომ თქვან, თითქოს სასამართლოში ხდება უბედურება” – მამუკა მდინარაძე

ვინმეს მიაჩნია, რომ ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნა იმისთვის უნდა, რომ სასამართლოში მიღწეული პროგრესი დაადასტუროს?! არა, რა თქმა უნდა, მათ ეს იმისათვის სჭირდებათ, რომ თქვან, რომ სასამართლოში ხდება უბედურება მაშინ, როცა ეს ასე არ არის და ამით შეაფერხონ საქართველოს ევრო ინტეგრაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გუშინდელი გადაწყვეტილება ბუნებრივია არ შევცვალეთ! სოლიდარობა ქართულ სასამართლოს! თქვენ იცით, რომ წლის ბოლოს ევროკავშირმა შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, საქართველოს მისცეს თუ არა კანდიდატის სტატუსი. ეს სტატუსი ერთხელ ჩვენ არ მოგვეცა უსამართლოდ. ეს თავად ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კრიტერიუმებით დამტკიცდა და სხვას რას შეიძლება ემსახურებოდეს ახლა სასამართლოს თემაზე კომისიის შექმნა, თუ არა საბოტაჟს იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობასა“ და მთელ მის კლასტერს ვერ წარმოუდგენია „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ყველაფერს აკეთებენ ამის გამოსარიცხად. საზოგადოებამ გადაწყვიტოს რას შეიძლება ემსახურებოდეს სასამართლოსთან დაკავშირებული კომისიის შექმნა მაშინ, როდესაც საქართველოში გატარებული რეფორმებისა და პროგრესის საფუძველზე ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ. შესაბამისად, ამას სხვაგვარი პასუხი ობიექტურად ვერ გაეცემა. მტკიცებულებების გარეშე გვისანქცირებენ მოსამართლეებს, სავიზო შეზღუდვებს უწესებენ და შენ, ოპოზიციონერი რომ გქვია, ნაცვლად იმისა, რომ დადგე ქვეყნის გვერდით და თქვა, რომ მტკიცებულებების გარეშე ეს დაუშვებელია, პირიქით, ამის საფუძველზე ამბობ, რომ ჩვენ ახლა უნდა შევქმნათ მტკიცებულებები და შევქმნათ კომისია. ვინმეს მიაჩნია, რომ ოპოზიციას ამ კომისიის შექმნა იმისთვის უნდათ, რომ სასამართლოში მიღწეული პროგრესი დაადასტუროს?! არა, რა თქმა უნდა, მათ ეს იმისათვის სჭირდებათ, რომ თქვან, რომ სასამართლოში ხდება უბედურება, როცა ეს ასე არ არის და ამით შეაფერხონ საქართველოს ევროინტეგრაცია“,- განაცხადა მდინარაძემ.

აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

პარლამენტის 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა.

სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ კორუმის არარსებობის გამო ვერც 19 აპრილს შედგა. ამის მიზეზი მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

“ნაციონალური მოძრაობა” მოშლილია, არაფერი ეშველება” – ირაკლი კობახიძე

„ნაციონალური მოძრაობა“ მოშლილია, მას არაფერი ეშველება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით უამრავი დინება და ფლანგია ჩამოყალიბებული, რაც მეტყველებს ამ პოლიტიკური პარტიის სისუსტეზე. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, პოლიტიკური პარტია, რომელსაც უმძიმესი წარსული აქვს, კრიზისს განიცდის.

„იცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, სულ მცირე, ორ ნაწილად არის გაყოფილი, არის ორი სხვადასხვა ფრთა. უკვე მკაფიოდ გამოიკვეთა დაპირისპირება მერაბიშვილსა და კეზერაშვილის შორის. „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით უამრავი დინება და ფლანგია ჩამოყალიბებული, რაც მეტყველებს ამ პოლიტიკური პარტიის საერთო სისუსტეზე. ეს ძალიან კარგია. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ მოშლილია. პოლიტიკური პარტია, რომელსაც უმძიმესი წარსული აქვს, პარტიის შიგნით კრიზისს განიცდის. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, ხელი შევუწყოთ პარტიის დაშლის პროცესს.

სინამდვილეში, „ნაცმოძრაობას“ არაფერი უშველის. მათი თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი, მათი ლიდერი, მთავარი დონორი არის კეზერაშვილი, ინტელექტუალური ლიდერი – ვანო მერაბიშვილი და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გარკვეული სარკაზმით ვამბობ. შესაბამისად, ამ ვითარებაში რაც არ უნდა არჩევნები ატარონ და რა ზომაც არ უნდა მიიღონ, ბუნებრივია, „ნაცმოძრაობას“ არაფერი ეშველება. ეს არის კარგი პროცესი ქართული დემოკრატიისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის ელჩს გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადებული პირველი ანგარიში გადასცა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, დღეს, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ევროკომისიისთვის განკუთვნილი ანგარიში გადასცა, რომელიც გაფართოების პაკეტის ფარგლებში, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად პირველად მომზადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ანგარიში 2023 წლის 18 აპრილს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 66-ე სხდომის ფარგლებში დამტკიცდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.

დოკუმენტი 35 თავს მოიცავს და მასში ასახულია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა სახის აქტივობები და ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ მიღწეული პროგრესი.

„აღსანიშნავია, რომ ანგარიშის მომზადება თებერვლის ბოლოს ევროკომისიის მოთხოვნის შესაბამისად დაიწყო და პროცესს კოორდინაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევდა.

პროცესში ჩართული იყო ყველა სახელმწიფო უწყება, ასევე საკანონმდებლო ორგანო და სასამართლო ხელისუფლება.

აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე, ევროკომისია საქართველოს ე.წ. კოპენჰაგენის თემატური კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს, რაც მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და სექტორულ ნაწილებს.

ევროკომისიის შეფასების ანგარიში გამოქვეყნდება 2023 წლის შემოდგომაზე, რის საფუძველზეც, 2023 წლის ბოლოს ევროპული საბჭო განიხილავს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს.

ანგარიშთან ერთად, ევროკავშირის ელჩს გადაეცა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრისადმი, საგარეო უწყების ხელმძღვანელის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ, გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტი მოიცავს ყოვლისმომცველ ინფორმაციას, მათ შორის შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს ყველა მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“მნიშვნელოვანია, პარტიამ და, ზოგადად, ოპოზიციამ მაქსიმალურად წინ გაიხედოს”

ჩვენთვის ასეთი ინფორმაცია ნამდვილად არ არის ცნობილი, რომ ახლა ჩატარებული არჩევნების შემდეგ კვლავ არჩევნები იგეგმებოდეს. ვფიქრობ, ეს არ იქნება მართებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი ოპოზიციური პარტია უნდა იყოს ფორმაში და არა – მუდმივი არჩევნების რეჟიმში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, პარტიამ და, ზოგადად, ოპოზიციამ მაქსიმალურად წინ გაიხედოს. გადავლახოთ ყოველგვარი ურთიერთდაპირისპირება და ვკონცენტრირდეთ უმთავრესზე. საქართველოს მოქალაქეები ცვლილებისთვის მზად არიან, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა, როგორც ოპოზიციის, რომ ჩვენ შევთავაზოთ რეალური, დემოკრატიული და პროდასავლური ალტერნატივა. ამისთვის მთავარი ოპოზიციური პარტია უნდა იყოს ფორმაში და არა – მუდმივი არჩევნების რეჟიმში. მნიშვნელოვანია ეროვნული საკითხები, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ერთად უნდა შეეჭიდონ, ასევე ყველა მხარდამჭერი და, ზოგადად, მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც პროდასავლურ ოპოზიციურ ძალას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

“დავით კეზერაშვილი არის ოლიგარქი თავისი სისხლიანი ფულით” – ირაკლი კობახიძე

დავით კეზერაშვილი არის ოლიგარქი თავისი სისხლიანი ფულით, შესაბამისად, ამ ადამიანისგან ფულის მიღება სხვადასხვა ფორმით, აბსოლუტურად ამორალური ქმედებაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერების დონეზე “მთლიანად კრიმინალებისგან შედგება”.

„კეზერაშვილი არის ოლიგარქი, მას სისხლიანი ფული აქვს ნაშოვნი. რის ხარჯზე? ეს იყო ბიზნესის რეკეტი, ჯარის გაძარცვა, ევროპელი პენსიონერების გაძარცვა და ვიღაცები მხოლოდ ახლა შეშფოთდნენ, როცა ეს ყველაფერი, მესამე ნაწილი BBC-დან გაიგეს. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რის ხარჯზე აქვს კეზერაშვილს ფული ნაშოვნი. ეს არის ოლიგარქი თავისი სისხლიანი ფულით, შესაბამისად, ამ ადამიანისგან ფულის მიღება სხვადასხვა ფორმით, აბსოლუტურად ამორალური ქმედებაა. რაც შეეხება წილების გადაფორმებას, ეს რა თქმა უნდა, ვითარებას არ ცვლის, „ფორმულა“ წაგებაზე მომუშავე ტელევიზიაა, შესაბამისად, მას სჭირდება მილიონობით ლარი იმისთვის, რომ ფუნქციონირება განაგრძოს. ბუნებრივია, წილების გადანაწილება აქ არაფერს ცვლის, კეზერაშვილი კვლავაც დააფინანსებს სისხლიანი ფულით ტელეკომპანია „ფორმულას“, შესაბამისად, წილების ფორმალური, თუ არაფორმალური გადანაწილებით არაფერი იცვლება, კეზერაშვილი გააგრძელებს სისხლიანი ფულით „ფორმულას“ დაფინანსებას.

მთლიანობაში ვსაუბრობთ „ნაცმოძრაობაზე“, კეზერაშვილი არის აქ ერთ-ერთი კრიმინალი, ეს პოლიტიკური პარტია მთლიანად შედგება ლიდერების დონეზე კრიმინალებისგან – ეს არის კეზერაშვილი, მერაბიშვილი, სააკაშვილი, თითოეული მათგანი უმძიმესი კრიმინალური წარსულის მქონეა. თუ ვინმეს უნდა, რომ კეზერაშვილამდე დაიყვანოს „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი წარსული, ეს არასწორია. ეს პარტია, ლიდერების დონეზე მთლიანად კრიმინალებისგან შედგება. შესაბამისად, კეზერაშვილის ფაქტორი აქ არაფერს ცვლის, ყველა მათგანი, ყველა ლიდერი კრიმინალური წარსულის მქონეა, საზოგადოებამ მთლიანობაში უნდა იმსჯელოს „ნაცმოძრაობის“ არსზე და ამის მიხედვით კიდევ ერთხელ უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც არაერთხელ მიიღო არჩევნებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

ეგვიპტე უკრაინას იარაღით დაეხმარება – რატომ უღალატა დიდი ხნის მოკავშირემ რუსეთს

აშშ-ის გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ეგვიპტეს ჯერ გადაწყვეტილი ჰქონდა რუსეთისათვის რაკეტები მიეცა, მაგრამ შემდეგ უკრაინისათვის იარაღის გაგზავნაზე დათანხმდა“ (ავტორები – მის რაიანი და ევან ჰილი). სტატიაში გადმოცემულია ეგვიპტესთან დაკავშირებული საკმაოდ გახმაურებული ამბავი, თუ როგორ გადაწყვიტა კაიროს ხელისუფლებამ რუსეთისათვის მალულად მიეწოდებინა იარაღი, მაგრამ შემდეგ აშშ-ის თხოვნით, თავისი გადაწყვეტილება შეცვალა და უკრაინისათვის საბრძოლო მასალების წარმოება დაიწყო. ამ ფაქტის შესახებ მოწმობს პენტაგონის დოკუმენტი, რომელიც სოციალურ ქსელებში გაიჟონა, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის ჯეკ ტეიშერის მიერ.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს ეგვიპტის ხელისუფლებამ, პრეზიდენტ აბდელ-ფათახ ას-სისის თანხმობით, მაგრამ საიდუმლოდ, საერთაშორისო საზოგადოებისაგან მალულად, მიიღო გადაწყვეტილება რუსეთისათვის 40 ათასი 122-მილიმეტრიანი რაკეტების Sakr-45-ების მიწოდების თაობაზე, რუსული რაკეტული კომპლექსების აღსაჭურვად.

ამერიკის დაზვერვის მონაცემების თანახმად, მომლაპარაკებელი მხარეები – მოსკოვი და კაირო – შეთანხმდნენ ფასზე (ერთი რაკეტა – 1100 დოლარი), თუმცა ეგვიპტემ რუსეთი გააფრთხილა, რომ ფასი შეიძლება 1500 დოლარამდე გაზრდილიყო, სპილენძის ღირებულების მომატების გამო.

დოკუმენტების მიხედვით, რუსეთმა ეგვიპტეს 15 ათასი რაკეტა შეუკვეთა, მაგრამ პრეზიდენტ აბდელ-ფათახ ას-სისის განკარგულებით, იმდენი სპილენძი და სხვა მასალები იქნა შესყიდული, რომელიც 40 ათასი რაკეტის დამზადებასაც ეყოფოდა.

როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ აღნიშნავს, ეგვიპტის პრეზიდენტს იმედი ჰქონდა, რომ შეთანხმება საიდუმლო დარჩებოდა და ამას ამერიკის შეერთებული შტატები ვერ გაიგებდა. აბდელ-ფათახ ას-სისის არ სურდა, რომ ვაშინგტონი გაეღიზიანებინა, რომელთანაც კაიროს კარგი ურთიერთობები ჰქონდა: როგორც ცნობილია, აშშ ეგვიპტეს სამხედრო დახმარებას რეგულარულად უწევს წელიწადში ერთი მილიარდი დოლარის ოდენობით.

მაგრამ მარტის თვეში ეგვიპტის პრეზიდენტმა, რომელსაც კაიროში ჩასული აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი და სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები ესაუბრნენ, გადაწყვიტა რუსეთისათვის რაკეტების მიწოდება შეეჩერებინა. ამის მიზეზი შემდეგშია: როგორც „გაჟონილ“ დოკუმენტებშია აღნიშნული ლოიდ ოსტინმა აბდელ-ფათახ ას-სისის სთხოვა, რომ უკრაინისათვის 152 და 155 მილიმეტრიანი საბრძოლო-საარტილერიო ჭურვები მიეყიდა. მართალია, ეს გარიგება ოფიციალურად არ გამჟღავნებულა, მაგრამ დაზვერვა ამტკიცებს, რომ კაირო შეთავაზებას დათანხმდა.

დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ ეგვიპტეს, აშშ-სთან დათმობის გამო, იმედი გაუჩნდა, რომ ვაშინგტონისაგან „ფანტომ-35“ ავიაგამანადგურებელს და სხვა იარაღს, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს – „პეტრიოტებს“ მიიღებდა.

ამერიკელების სტუმრობის შემდეგ ეგვიპტის ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსეთში 12-13 მარტს დაგეგმილი ვიზიტი გადადეს, რომლის დროსაც რაკეტების მიწოდების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა უნდა მომხდარიყო.
„საჭიროა დიდი სიფრთხილის გამოჩენა, რომ ეგვიპტე უსიამოვნო მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს“, – უთქვამს პრეზიდენტ აბდელ-ფათახ ას-სისის თავისი ქვეყნის თავდაცვის მინისტრისათვის. თავის მხრივ, მინისტრმა უთხრა, რომ ეგვიპტეს ჯერ-ჯერობით რაიმე პრაქტიკული ნაბიჯი არ გადაუდგამს და კონტრაქტიც ხელმოწერილი არ არის.

გაზეთის სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ეგვიპტეს რუსეთთან დიდი ხნის დიპლომატიური და სამხედრო ურთიერთობები აკავშირებს. ამასთან, კაიროს ასევე მტკიცე კონტაქტები აქვს ვაშინგტონთანაც, – ეგვიპტე აშშ-ის მთავარი მოკავშირეა ახლო აღმოსავლეთში.

წყარო

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

20 აპრილის დღის ბოლოდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ცალკეულ მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

რა იცვლება 2024 წლიდან ევროკავშირში მგზავრობის მსურველთათვის

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირში მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, 2024 წლიდან ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის მიღება, რაც ევროკავშირის ახალი მოთხოვნაა.

„ევროკავშირში მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ: 2024 წლიდან ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის (ავტორიზაციის) მიღება „ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემიდან“ (ETIAS). მგზავრობის დასტური ევროკავშირის მიერ შემოღებული ახალი მოთხოვნაა შენგენის 27 ქვეყანაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და კვიპროსში შესასვლელად.

გაითვალისწინეთ: ETIAS არ არის ვიზა! უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალაში რჩება საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში.

უფრთხილდით თაღლითებს! ETIAS-ის ერთადერთი ოფიციალური ვებგვერდი არის: www.europa.eu/etias.

ETIAS-ის სისტემა ჯერ არ ფუნქციონირებს. მისი ამოქმედების შემდეგ განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომი იქნება ოფიციალურ ვებგვერდზე.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: europa.eu/!FnfNwM“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

https://www.facebook.com/EUinGeorgia/posts/pfbid0S1SsZjAZwTZmvRWk8KbBvEv7m2L29tsMZjAMYFS4wQjbSZHPgqn4MbVvKjEaM42Pl

 

საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ვერ შედგა

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი.

სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ უცხადებენ ქართველ მოსამართლეებს სოლიდარობას და დღესაც საპარლამენტო უმრავლესობა არ გაივლის რეგისტრაციას.

რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 52-მა წევრმა. შესაბამისად, კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ვერ შედგა.

ოპოზიციის წარმომადგენლების მოთხოვნაა, კომისიამ სასამართლო სფეროში კორუფციის და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხრიდან მოსამართლეებზე ზემოქმედების შესაძლო შემთხვევები გამოიძიოს.