Home Blog Page 1676

აფხაზეთში დაღუპულთა ნეშტები 30 წლის შემდეგ ოჯახებს დაუბრუნდა

მიმდინარე წლის 19 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. სამსახურის დირექტორმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

სამოქალაქო პანაშვიდზე, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები_ მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის თანამშრომლები, ა(ა)იპ – „ ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 13 იდენტიფცირებული პირის_ გივი ჭელიძის, დავით ზაქარაიას, გურამ ხუნწელიას, შახი სიჭინავას, შოთა მურუსიძის, მოსე მარგველანის, ანზორ თოდუას, გენადი თოდუას, ვახტანგ ჩიჩუას, აბელ პატარაიას, დავით შარვაძის, ჯემალ იოსავას და გულნარა აბულაძის ნეშტები გადმოასვენეს.

გადმოსვენებულთა შორის ოთხი მებრძოლია:

გივი იასონის ძე ჭელიძე

დაიბადა 1933 წლის 29 მარტს. მსახურობდა ქ. სოხუმის სამხედრო კომენდატურის რკინიგზის ოცეულში, მოხალისედ; გივი ჭელიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული სამხედრო კომენდატურის ოცეულის მიერ წარმოებულ ყველა ძირითად საბრძოლო ოპერაციაში, როგორც გუმისთის, ასევე, შრომა-კამანისა და კინდღი-ტამიშის მიმართულებით. 1993 წლის 29 სექტემბერს, ქ. სოხუმიდან არაორგანიზებული გამოსვლის შემდეგ, აფხაზმა ბოევიკებმა დახვრიტეს გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფის ტერიტორიაზე. გივი ჭელიძეს, ოჯახის გადაწყვეტილებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზნაკვაში, 20 ივლისს,საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

დავით აბელის ძე ზაქარაია

დაიბადა 1968 წლის 7 იანვარს სოხუმში; ირიცხებოდა 23-ე ბრიგადის მესამე ბატალიონში; აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, მონაწილეობა აქვს მიღებული თითქმის ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში; დაიღუპა 1993 წლის 17 სექტემბერს, სოხუმზე შტურმის დროს; დაკრძალული იყო აჩადარაში, საკუთარი სახლის ეზოში. დავით ზაქარაიას, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 20 ივლისს,სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

შახი ნიკოლოზის ძე სიჭინავა

დაიბადა 1949 წელს ქ. სოხუმში. 1993 წლის 17 სექტემბერს, შახი სიჭინავა ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის მე-6 ცალკეული სატანკო ბატალიონის რიგებში. კერძოდ, ბატალიონის პირველი ასეულის მე-3 ოცეულში. 1993 წლის 18 სექტემბერს, იგი აქტიურად იბრძოდა პოზიციების გასათავისუფლებლად. შახი სიჭინავა ბოლომდე იცავდა გუმისთის ”უშხოზის” ტერიტორიას. მე-6 ბატალიონის ალყაში მოხვედრის დროს, წავიდა ალყის გასარღვევად; ამ შეტაკებისას, ე.წ.”მაიაკის” მოსახვევთან, აფხაზმა სეპარატისტებმა მოკლეს. შახი სიჭინავას, ოჯახის გადაწყვეტილებით, 22 ივლისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

გურამ ერმილეს ძე ხუნწელია

დაიბადა 1942 წლის 10 თებერვალს, მარტვილში. მოკლეს 1992 წლის 5 ოქტომბერს, გაგრის რაიონის სოფელ ალახაძეში. ოჯახის გადაწყვეტილებით, გურამ ხუნწელიას, 20 ივლისს, მარტვილში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, რომელთაგან ერთი_ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე – 90-იანი წლებისა და 2008 წლის ცხინვალის რეგიონში წარმოებულ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს, სულ მოძიებულია 601 ნეშტი, რომელთაგან 243 ოჯახებს გადაეცათ. დღეისათვის, 2049 სამხედრო და სამოქალაქო პირი ჯერაც ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, რომელთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემისთვის ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

პუტინმა დასავლეთის ქვეყნები შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა

რუსეთის პრეზიდენტი, მარცვლეულის შეთანხმებაში დაბრუნების პირობებს, მსოფლიოს კიდევ ერთხელ ახსენებს. პარალელურად კი, დასავლეთის ქვეყნებს, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.

„ჩვენ არაერთხელ გავაგრძელეთ ეს შეთანხმება და გამოვიჩინეთ მოთმინება. ველოდით, რომ ჩვენი საერთაშორისო კოლეგები ბოლოს და ბოლოს შეასრულებდნენ შეთანხმების პირობებს. მაგრამ ასე არ მოხდა. დასავლეთმა მარცვლეულის შეთანხმებით, ურცხვად ისარგებლა. უბრალოდ და სრულად დამახინჯებულია ამ შეთანხმებების მნიშვნელობა და არსი. დასავლეთმა მთლიანად გაანადგურა და დაამახინჯა ეს არსი და იმის ნაცვლად, რომ რეალურად გაჭირვებულ ქვეყნებს დახმარებოდა, მარცვლეულის შეთანხმება პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოიყენა. გარდა ამისა, ტრანსნაციონალური კორპორაციების, მარცვლეულის მსოფლიო ბაზრის სპეკულანტების გამდიდრების იარაღად აქცია“, – აცხადებს პუტინი.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 ივლისს ქუთაისში +33 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. +31 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

იწვიმებს ბორჯომშიც. დღისით +32, ღამის ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღისით +21 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +19 ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +34 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +32 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +34 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გლობალურ ბაზრებზე ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა -BBC

გლობალურ ბაზრებზე ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება დატოვა და განაცხადა, რომ უკრაინის პორტებისკენ მიმავალ გემებს პოტენციურ სამხედრო სამიზნედ განიხილავს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„2023 წლის 20 ივლისს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან, შავ ზღვაზე უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება, როგორც სამხედრო ტვირთის პოტენციური გადამზიდავი, ის სახელმწიფოები კი, რომლის დროშის ქვეშაც ასეთი გემები იმოძრავებენ, ჩაითვლებიან უკრაინის კონფლიქტში, კიევის რეჟიმის მხარეს ჩართულ სახელმწიფოებად“, – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ამ განცხადების შემდეგ, თეთრი სახლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთი სამოქალაქო გემებზე თავდასხმას და ამ თავდასხმაში უკრაინის დადანაშაულებას გეგმავს.

BBC-ის ცნობით, ერთი ტონა ხორბლის ფასი ევროპის საფონდო ბირჟაზე ოთხშაბათს, წინა დღესთან შედარებით, 8.2%-ით, 253.75 ევრომდე გაიზარდა, სიმინდის ფასზე კი 5.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რუსეთმა გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით უკრაინასთან გაფორმებული შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც შავი ზღვის პორტების საშუალებით უკრაინული მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლეოდა, ორშაბათს დატოვა. რუსეთმა, შეთანხმების დატოვებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, უკრაინის პორტებზე თავდასხმები დაიწყო. უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის, მიკოლა სოლსკის განცხადებით, დარტყმების შედეგად 60 000 ტონა მარცვლეული გაანადგურა და მარცვლეულის ექსპორტის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი დააზიანა.რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ მოსკოვი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება მარცვლეულის შეთანხმებას, თუ მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდება. მოთხოვნებს შორისაა რუსეთის სოფლის მეურნეობის ბანკის გლობალურ გადახდის სისტემასთან, SWIFT-თან დაკავშირება.

აშშ-მა უკრაინისთვის 1,3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის 1,3 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტი უზრუნველყოფილია უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივით (USAI), რომელიც ითვალისწინებს სამხედრო დახმარების არა აშშ-ის მარაგებიდან გაგზავნას, არამედ შეძენას. პაკეტში ძირითადად შედის ოთხი NASAMS საზენიტო სარაკეტო სისტემა და მათთვის საბრძოლო მასალა, 152 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები, TOW ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და ზუსტი მართვადი საავიაციო საბრძოლო მასალა. ასევე, ნახსენებია ადრე გამოცხადებული Phoenix Ghost და Switchblade დრონები, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემები.

გარდა ამისა, შეერთებული შტატები უკრაინისთვის შეიძენს 150 ბენზომზიდს, 115 ტაქტიკურ მანქანას ბუქსირებისა და ტრანსპორტირებისთვის, 50 ტაქტიკურ მანქანას აღჭურვილობის ევაკუაციისთვის, პორტების და ნავსადგურების დასაცავად და ნაღმების გაწმენდის აღჭურვილობას, ასევე ტაქტიკურ უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემებს.

პრეზიდენტმა შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო პანაშვიდზე სამების საკათედრო ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 4 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა.

რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე ერთ დღეში 78 საჰაერო დარტყმა განახორციელეს

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 5 მიმართულებით 30-მდე შეტაკება მოხდა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„მტერი ძირითადი ძალების კონცენტრირებს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკას მიმართულებებზე ახორციელებს – გასული დღის განმავლობაში 30-მდე სამხედრო შეტაკება მოხდა“, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე მასიური საჰაერო-სარაკეტო დარტყმის განსახორციელებლად საზღვაო ბაზირების „კალიბრის“ ტიპის 16 რაკეტა, Х-22 ტიპის 8 ფრთოსანი რაკეტა, „ონიქსის“ ტიპის 6 ფრთოსანი რაკეტა, Х-59 ტიპის მართვადი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 32 დრონი გამოიყენა.

გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 78 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და მშვიდობიან დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 69-ჯერ გაუხსნეს.

„უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია“, – აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 7 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ტერიტორიებს და ოპერატიულ -ტაქტიკური დონის 2 სადაზვერვო დრონი გაანადგურეს.

უკრაინის სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა რუსების ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის 4 ტერიტორიას და საბრძოლო მასალის საცავს დაარტყეს. ამასთან, გაანადგურეს საცეცხლე პოზიციებზე განლაგებული რუსების კუთვნილი 11 საარტილერიო დანადგარი და 2 საჰაერო თავდაცვის სისტემა.

ომის 512-ე დღე- რა ხდება უკრაინაში

რუსული აგრესია უკრაინაში გრძელდება. საოკუპაციო ძალებმა იერიში გაააქტიურეს ხარკოვისკენ. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში სარკინიგზო სადგური დაიკავეს.

იერიშები გრძელდება მიკოლაევისა და ოდესის მიმართულებით.

რუსული ძალები, 20 ივლისის ღამეს, თავს დაესხნენ მიკოლაივის ცენტრს, რის შედეგადაც 3 სართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და ავტოფარეხებში ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი კიმზე და მიკოლაივის მერზე, ალექსანდრე სენკევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია 9 დაჭრილის შესახებ, მათ შორის 5 ბავშვია. არიან გარდაცვლილებიც, რაოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია.

„რუსებმა ქალაქის ცენტრს დაარტყეს. ავტოფარეხები და 3 სართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის“, – განაცხადა მიკოლაივის მერმა.

ოლქის გუბერნატორის, ვიტალი კიმის ინფორმაციითმ ხანძარი სერიოზულია და ადგილზე მაშველები იმყოფებიან. მან ასევე დაადასტურა, რომ თავდასხმის შედეგად არიან გარდაცვლილებიც.

მიკოლაევში სარაკეტო დატრყმის შედეგად, სამ სართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. არის მსხვერპლი. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა დგინდება. 9 დაშავებულს შორის, 5 ბავშვია.

რუსული ძალები წუხელ უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას თავს დაესხნენ, საოკუპაციო ძალების სამიზნეში მოექცა პორტი და მარცვლეულის საწყობი- ამის შესახებ ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი იუწყება.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაფიქსირდა ნგრევა, 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი ხანძარი გაჩნდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების სპეციალისტები იმყოფებიან.

 

,,ალასანიასა და ენუქიძის ერთ სიმაღლეზე დაყენება ნორმალურია”- მურმან დუმბაძე

გიული ალასანია თავის შვილზე ისე ფიქრობს, როგორც ირინა ენუქიძე ფიქრობდა თავის შვილზე, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მურმან დუმბაძემ მედიასთან განაცხადა.

ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „წინა ეთერში სტუმრობისას თქვენმა განცხადებამ რეზონანსი გამოიწვია არა მარტო საზოგადოებაში, არამედ ოპოზიციაშიც, როდესაც ირინა ენუქიძესა და გიული ალასანიასთან დაკავშირებით პარალელი გაავლეთ. განაცხადეთ, რომ ირინა ენუქიძეს ვერავინ გაამტყუნებს იმიტომ, რომ ის არის დედა, მაგრამ გიული ალასანიას გამტყუნება შეგვიძლია?“, რაზეც დუმბაძემ განაცხადა:

„არა, არა, დედას ვერავინ გაამტყუნებს. დედა შვილზე ზრუნავს. ალასანიასა და ენუქიძის ერთ სიმაღლეზე დაყენება ნორმალურია, კი. გიული ალასანია თავის შვილზე ისე ფიქრობს, როგორც ქალბატონი ირინა ფიქრობდა თავის შვილზე“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

ამასთან, კითხვაზე, „სააკაშვილის ხელისუფლება გადაჰყვა ენუქიძის, გირგვლიანის საქმეს და თქვენ ერთ სიმაღლეზე რომ აყენებთ, ნორმალურია?“ დუმბაძემ განაცხადა:

„დედა დედაა. სულ ერთია, გინდ ირინა ენუქიძე იყოს, გინდ მურმან დუმბაძის დედა, გინდ ვახოს დედა იყოს, ნებისმიერი დედისთვის შვილი საყვარელია“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

,,ამ ადამიანს ვურჩევდი პირველ რიგში იზრუნოს თავისი ქვეყნის მოქალაქეებზე”- ბრეგაძე

ეს არის პოლიტიზებული მართლმსაჯულების კლასიკური მაგალითი, როდესაც ადამიანი იმუქრება გამოძიების დაწყებით და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ არ იქნება შესრულებული მისი სრულიად დაუსაბუთებელი და ალოგიკური სურვილი, – , – ამის შესახებ რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, დავით არახამია უკრაინის პროკურატურას მიმართავს, რათა დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე.

„მას შემდეგ რაც მსჯავრდადებულ სააკაშვილთან დაკავშირებულმა ძალებმა მიუხედავად მილიონ დოლარიანი კამპანიისა განიცადეს სრული სამართლებრივი კრახი, გავიდნენ სამართლებრივი ფარგლებიდან და დაიწყეს აკრძალული პროპაგანდისტული იარაღებით საქართველოს მოქალაქეების ტერორიზება. არახამიას ეს განცხადებას ამ სცენარის შემადგენელი ნაწილია. ეს არის პოლიტიზებული მართლმსაჯულების კლასიკური მაგალითი, როდესაც ადამიანი იმუქრება გამოძიების დაწყებით და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ არ იქნება შესრულებული მისი სრულიად დაუსაბუთებელი და ალოგიკური სურვილი. ეს ადამიანი პრაქტიკულად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და მინდა მას შევახსენო, რომ იმისთვის რომ ის საქართველოში იყოს პოლიტიკურად აქტიური და თუ მას აქვს ამ ქვეყანაში პოლიტიკური გეგმების მას სჭირდება საქართველოს მოქალაქეობა და უნდა ისწავლოს პირველ რიგში ქართული ენა და პატივი სცეს ქართულ საზოგადოებას. იქნებ ერთხელ მაინც როდესაც აკეთებს განცხადებებს ფსევდოქართველი პატრიოტი ვინმე არახამია, კეთილ ინებოს და თუნდაც ქართულ ენაზე მიმართოს ქართულ საზოგადოებას. ამ ადამიანს ვურჩევდი პირველ რიგში იზრუნოს იმ ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლის მოქალაქეც ამჟამად თავად არის და რომლის მოქალაქეებიც უსამართლო ომში იმყოფებიან. ხოლო უკრაინელ ხალხს ქვეყნის გამთლიანებას და მშვიდობას ვუსურვებთ“, – განაცხადა ბრეგაძემ.

,,მარცვლეულის შეთანხმებას“ დავუბრუნდებით თუ ჩვენი პირობები შესრულდება”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „მარცვლეულის შეთანხმებას“ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ მისი პირობები შესრულდება, უფრო კონკრეტულად კი:

◾ რუსული მარცვლეულისა და სასუქების მიწოდებაზე სანქციების მოხსნა;

◾ რუსული ბანკებისთვის, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე სურსათის მიწოდებას უზრუნველყოფენ ყველა წინაღობის მოხსნა, მათ შორის მათი დაკავშირება SWIFT-თან;

◾ რუსეთის ფედერაციისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სასუქების წარმოების კომპონენტებისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდების აღდგენა;

◾ სამუშაოების აღდგენა ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენზე, რომლის აფეთქებაშიც რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს;

◾ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული რუსული აქტივების განბლოკვა;

◾ მარცვლეულის გარიგების თავდაპირველი ჰუმანიტარული არსის აღდგენა.

TASS-ის ცნობით, ეს პუნქტები პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე ჩამოთვალა.

მისივე თქმით, რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმება“ იმიტომ დატოვა, რომ გარიგების გაგრძელებამ „იმ სახით, როგორც ის არსებობდა, ყოველგვარი აზრი დაკარგა“.

როგორც რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, დასავლეთის ქვეყნებმა მთლიანად დაამახინჯეს გარიგების არსი – შედეგად, ევროპული კომპანიებმა ისარგებლეს, ხოლო რუსული მხარე კი წაგებაში დარჩა.

როგორც პუტინი აცხადებს, რუსეთი ამ ხელშეკრულების გახანგრძლივებით „მოთმინების, გამძლეობის და შემწყნარებლობის სასწაულს სჩადიოდა“, თუმცა საკუთარ ვალდებულებებს არავინ ასრულებდა. მისივე თქმით, რუსეთი დასავლეთის „თავხედობას და უცერემონიობას“ შეეჩეხა და მხოლოდ „დაპირებები და ცარიელი სიტყვები“ ისმოდა.

„ახლა კი, ისინი პრაქტიკულად ატყუებენ მთელ მსოფლიოს და აცხადებენ, რომ თითქოს რუსეთია ამ გარიგების ჩავარდნაში დამნაშავე. მათ სრულებით დაამახინჯეს შეთანხმების თავდაპირველი ჰუმანიტარული არსი, ის პოლიტიკური შანტაჟისთვისა და ამერიკული თუ ევროპული ბიზნესის გამდიდრებისთვის გამოიყენეს“, – ამბობს პუტინი და აცხადებს, რომ შეთანხმების ფარგლებში, უკრაინიდან 32.8 მილიონი ტონა მარცვლეული გაიტანეს, საიდანაც ღარიბ სახელმწიფოებზე 3%-ზე ნაკლები წილი მოვიდა.

მისივე თქმით, გაეროს თანამშრომლები „გულწრფელად ცდილობდნენ დასავლეთის მიერ მიცემული ყველა დაპირების შესრულებას, თუმცა ვერაფერს გახდნენ“.

რამდენიმე ევროპარლამენტარი ალტ-ინფოს“ და კონსტანტინე მორგოშიას დასანქცირებას ითხოვს

ევროპარლამენტარები ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, „ალტ-ინფო“ და მისი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია დაასანქცირონ. ამის შესახებ ექვსი ევროპარლამენტარის საერთო წერილშია ნათქვამი.

„ჩვენ მტკიცედ მოვითხოვთ მიზანმიმართულ სანქციებს ჯგუფ „ალტ-ინფოს“ და მის უკან მყოფი ოლიგარქის, კონსტანტინე მორგოშიას მიმართ. ცნობილია, რომ „ალტ-ინფო“ ავრცელებს ლგბტქი-ფობიურ სიძულვილის ენას თავის მედია არხებზე და აქტიურად იყო ჩართული 8 ივლისს თბილისი პრაიდზე თავდასხმებში. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ებრძოლონ ლგბტქი-ფობიურ ძალადობასა და რიტორიკას საქართველოში და ვალდებულებას უზრუნველყონ განსაკუთრებით ლგბტქი ადამიანების უსაფრთხოება“, -წერია წერილში.

ევროპარლამენტარების თქმით, ლგბტქი თემის წარმომადგენლების უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მას შემდეგ, რაც საქართველოს ოფიციალური პირები სასამართლო დევნის ნაკლებობის დემონსტრირებას ახდენენ 2019 და 2021 წლებში, თბილისი პრაიდის თავდასხმების დროს, რაც მოიცავდა ლგბტქი-ფობიურ ძალადობას.

წერილის ადრესატები არიან – ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ ვერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარი ჰელენა დალი.

განცხადებას ხელს აწერს ექვსი პარლამენტარი – მარკ ანგელი, კიმ ვან სპარენტაკი, მარია ვალში, პიერ კარლესკინდიმალინ ბიორკი და ფაბიო მასიმო კასტალდო.