,,მარცვლეულის შეთანხმებას“ დავუბრუნდებით თუ ჩვენი პირობები შესრულდება”- პუტინი

73
spot_img

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „მარცვლეულის შეთანხმებას“ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ მისი პირობები შესრულდება, უფრო კონკრეტულად კი:

◾ რუსული მარცვლეულისა და სასუქების მიწოდებაზე სანქციების მოხსნა;

◾ რუსული ბანკებისთვის, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე სურსათის მიწოდებას უზრუნველყოფენ ყველა წინაღობის მოხსნა, მათ შორის მათი დაკავშირება SWIFT-თან;

◾ რუსეთის ფედერაციისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სასუქების წარმოების კომპონენტებისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდების აღდგენა;

◾ სამუშაოების აღდგენა ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენზე, რომლის აფეთქებაშიც რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს;

◾ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული რუსული აქტივების განბლოკვა;

◾ მარცვლეულის გარიგების თავდაპირველი ჰუმანიტარული არსის აღდგენა.

TASS-ის ცნობით, ეს პუნქტები პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე ჩამოთვალა.

მისივე თქმით, რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმება“ იმიტომ დატოვა, რომ გარიგების გაგრძელებამ „იმ სახით, როგორც ის არსებობდა, ყოველგვარი აზრი დაკარგა“.

როგორც რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, დასავლეთის ქვეყნებმა მთლიანად დაამახინჯეს გარიგების არსი – შედეგად, ევროპული კომპანიებმა ისარგებლეს, ხოლო რუსული მხარე კი წაგებაში დარჩა.

როგორც პუტინი აცხადებს, რუსეთი ამ ხელშეკრულების გახანგრძლივებით „მოთმინების, გამძლეობის და შემწყნარებლობის სასწაულს სჩადიოდა“, თუმცა საკუთარ ვალდებულებებს არავინ ასრულებდა. მისივე თქმით, რუსეთი დასავლეთის „თავხედობას და უცერემონიობას“ შეეჩეხა და მხოლოდ „დაპირებები და ცარიელი სიტყვები“ ისმოდა.

„ახლა კი, ისინი პრაქტიკულად ატყუებენ მთელ მსოფლიოს და აცხადებენ, რომ თითქოს რუსეთია ამ გარიგების ჩავარდნაში დამნაშავე. მათ სრულებით დაამახინჯეს შეთანხმების თავდაპირველი ჰუმანიტარული არსი, ის პოლიტიკური შანტაჟისთვისა და ამერიკული თუ ევროპული ბიზნესის გამდიდრებისთვის გამოიყენეს“, – ამბობს პუტინი და აცხადებს, რომ შეთანხმების ფარგლებში, უკრაინიდან 32.8 მილიონი ტონა მარცვლეული გაიტანეს, საიდანაც ღარიბ სახელმწიფოებზე 3%-ზე ნაკლები წილი მოვიდა.

მისივე თქმით, გაეროს თანამშრომლები „გულწრფელად ცდილობდნენ დასავლეთის მიერ მიცემული ყველა დაპირების შესრულებას, თუმცა ვერაფერს გახდნენ“.