Home Blog Page 1655

“არ შეიძლება ისრაელის რაფაჰზე თავდასხმა დავუშვათ – გვერდზე ვერ გავდგებით” – იორდანიის მეფე

იორდანიის მეფე აბდულა აცხადებს, რომ აუცილებელია ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და სამართლიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარება.

”ჩვენ ერთად, არაბული ქვეყნებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და დაუყოვნებლივ დავიწყოთ მუშაობა პოლიტიკური ჰორიზონტის შესაქმნელად, რომელიც მიგვიყვანს სამართლიან და ყოვლისმომცველ მშვიდობამდე“, – განაცხადა იორდანიის მეფე აბდულამ თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობასა და უსაფრთხოებას როგორც პალესტინელებისა და ისრაელელებისთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის.

იორდანიის მეფემ დაგმო ისრაელის სამხედრო ოპერაცია რაფაჰში და ხაზი გაუსვა, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს კიდევ ერთ ჰუმანიტარულ კატასტროფას.

“არ შეიძლება დავუშვათ ისრაელის თავდასხმა რაფაჰზე. სიტუაცია ისედაც აუტანელია მილიონზე მეტი ადამიანისთვის, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ რაფაჰში გადავიდნენ. არ შეიძლება გვერდზე გავდგეთ და ამის გაგრძელება დავუშვათ“, – აღნიშნა მეფე აბდულამ.

ის, რაც თქვა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, უნდა იყოს გამოღვიძების ნიშანი ზოგიერთი მოკავშირისთვის, რომლებსაც ბევრი რამ არ გაუკეთებიათ თავდაცვისთვის -კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ტრამპის განცხადება უნდა იყოს გამოღვიძების ნიშანი ნატო-ს წევრებისთვის, რომ თავდაცვის სფეროში ინვესტიცია განახორციელონ, – ამის შესახებ კაია კალასმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, ის, რაც თქვა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, უნდა იყოს გამოღვიძების ნიშანი ზოგიერთი მოკავშირისთვის, რომლებსაც ბევრი რამ არ გაუკეთებიათ თავდაცვისთვის“, – განაცხადა კალასმა.

თავის მხრივ, რობერტა მეცოლამ აღნიშნა, რომ ევროკავშირმა თავდაცვაზე მეტი თანხა უნდა დახარჯოს.

„ევროკავშირმა უნდა გაგზავნოს მკაფიო გზავნილი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ უხელმძღვანელებს აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას, რომ ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ, რათა შევძლოთ ერთმანეთის დაცვა და ნებისმიერ ასეთ განცხადებას გაგებით მოვეკიდოთ“, – განაცხადა მეცოლამ.

“მივიღებთ ზომებს რუსეთის უკანონო აგრესიის მარცხის უზრუნველსაყოფად” – საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ გააგრძელონ კოორდინაცია ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში და უახლოეს მომავალში ვაიმარი-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების გაფართოებული შეხვედრა გამართონ, – ამის შესახებ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„საგანგებო დრო მოითხოვს საგანგებო ზომებს. ამ ფონზე, ჩვენი მიზანია გავხადოთ ევროკავშირი უფრო ერთიანი, ძლიერი, რათა შეძლოს და უპასუხოს დღევანდელ უსაფრთხოების გამოწვევებს. ჩვენ ასევე ერთგული ვართ ძლიერი და ერთიანი ნატოს. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს კოორდინაციას ვაიმარის სამკუთხედის ფარგლებში, რათა ის ევროკავშირის სამსახურში ჩავდოთ და გავხადოთ ის იმაზე უფრო ინსტრუმენტული, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოების ინტერესებს.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის გამო ევროპაში უსაფრთხოების გარემოს უპრეცედენტო გაუარესების საფრთხის ფონზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ უკრაინას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში და რუსული აგრესიის მოგერიებაში. ამ ომში ევროპის უსაფრთხოების ინტერესები სასწორზე დევს. ჩვენ მივიღებთ ზომებს რუსეთის უკანონო აგრესიის მარცხის უზრუნველსაყოფად და მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ რუსეთს ევროპის დაღლილობის იმედი არ უნდა ჰქონდეს. „უნდა მოელოდეს სრულ პასუხისმგებლობას უკრაინაში ჩადენილი ყველა უკანონო ქმედებისა და დანაშაულისთვის. ყველა რუსი დამნაშავე უნდა დაისაჯოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრები ხაზს უსვამენ, რომ არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი ალიანსის ძალასა და გადაწყვეტილებაში, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი დუიმი ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად.

მათივე განცხადებით, გააგრძელებენ ერთად მუშაობას, რათა დაეხმარონ უკრაინას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე წინსვლაში.

„გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ხელი შევუწყოთ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლაში. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. ერთად გავაგრძელებთ უკრაინის პროგრესის მხარდაჭერას თავსებადობისა და უსაფრთხოების სექტორის დამატებით რეფორმებში. უკრაინის მომავალი ნატოშია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

“რუსების მიერ გაშვებული 23 დრონიდან 16 გავანადგურეთ” – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ რუსების მიერ გაშვებული Shahed-136/131 ტიპის 23 დრონიდან 16 გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტერმა შეტევა Shahed-136/131 ტიპის 23 უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკისა და ყირიმის ოლქის ტერიტორიიდან განახორციელა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

მათი ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები, საჰაერო ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები.

„საბრძოლო მოქმედებების შედეგად დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში მტრის 16 დრონი განადგურდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს საზღვარზე ცეცხლის გახსნასა და პროვოკაციაში ადანაშაულებენ და დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ იუწყებიან.

“12 თებერვალს, სომხეთის შეიარაღებული ძალების მორიგი სამხედრო პროვოკაციის შედეგად, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. სომხური მხარის ეს პროვოკაცია სერიოზულ დარტყმას აყენებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესს. ბოლო 4-5 თვის სტაბილურობის პირობებში მსგავსი პროვოკაციული ქმედებები აშკარად ეწინააღმდეგება სომხეთის გაცხადებულ სამშვიდობო გზავნილებს”, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომაც. უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, რომლებმაც დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე პროვოკაცია სცადეს, განადგურდნენ.

მათივე ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.

„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ნერკინ ხანდას მიმართულებით ცეცხლის გახსნის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, არის ორი დაღუპული და დაჭრილები“, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

საქართველო ევროპაში მე-4 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ტურისტებისთვის ღამით უსაფრთხოდ გადაადგილებაა უზრუნველყოფილი -World of Statistics

სოციალურ ქსელ X-ზე, ორგანიზაცია Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად.

გვერდზე World of Statics გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველო მე-4 ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ ხორვატიას, სლოვენიას და ისლანდიას. ასევე ჩანს, რომ საქართველო ტურისტების ღამით უსაფრთხოდ გადაადგილების მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირის 25 წევრ და ყველა კანდიდატ სახელმწიფოს.

Numbeo.com-ზე გამოქვეყნებული კვლევები და მონაცემები არ არის რომელიმე სამთავრობო ორგანიზაციის გავლენით მომზადებული. ორგანიზაციის მონაცემები გამოყენებული იქნა ისეთი საერთაშორისო გამოცემების მიერ, როგორებიცაა BBC, Time, The Week, Forbes, The Economist, Business Insider, New York Times, The Telegraph და სხვა.

 

ევროკავშირმა თავდაცვაზე მეტი თანხა უნდა დახარჯოს – რობერტა მეცოლა

ევროკავშირმა მკაფიო გზავნილი უნდა გაგზავნოს, რომ ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ, რათა შევძლოთ ერთმანეთის დაცვა და ნებისმიერ ასეთ განცხადებას გაგებით მოვეკიდოთ, – ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას.

„ევროკავშირმა თავდაცვაზე მეტი თანხა უნდა დახარჯოს. იმის მიუხედავად, თუ ვინ უხელმძღვანელებს შეერთებული შტატების მომავალ ადმინისტრაციას, ევროკავშირმა მკაფიო გზავნილი უნდა გაგზავნოს, რომ ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ, რათა შევძლოთ ერთმანეთის დაცვა და ნებისმიერ ასეთ განცხადებას გაგებით მოვეკიდოთ“, – აცხადებს მეცოლა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის წაახალისებდა რუსეთს, რომ თავს დასხმოდა ნატოს ნებისმიერ წევრს, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს.

ნიუ იორკის მეტროში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა

ნიუ იორკის მეტროში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ნიუ იორკის პოლიციამ განაცხადა, რომ ეძებენ შეიარაღებულ პირს, რომელმაც ბრონქსის მეტროში და სადგურის პლატფორმაზე ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.

ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მატარებელში მოზარდების ორი ჯგუფი დაუპირისპირდა ერთმანეთს, რის შედეგადაც ერთ-ერთმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. გარდაცვლილია 34 წლის მამაკაცი, ხოლო დაშავებულია ოთხი მამაკაცი და ორი ქალი.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

13 თებერვალს ქუთაისში +24 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 11. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +14 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.

ჭიათურაში უნალექო დღე და +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ახალციხეში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 1 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +18, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც უნალექო დღეა. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი 5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღე +8 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა ომალოშიც. დღისით +11, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

თბილისში უნალექო დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.

ნეთანიაჰუ არავის უსმენს. მან მოუწოდა პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას რაფაჰიდან ევაკუაციისკენ, მაგრამ როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს? -ჯოზეფ ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აშშ-ს ისრაელისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას სთავაზობს, ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ამასთან, ბორელმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდების სასამართლომ ნიდერლანდების მთავრობას დაავალა F-35-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ნაწილების ექსპორტის დაბლოკვა ისრაელისთვის იმის გამო, რომ ისრაელი ამ თვითმფრინავებით ღაზის სექტორში საერთაშორისო სამართალს არღვევს.

ბორელის თქმით, ქვეყნები საკუთარ ნათქვამთან წინააღმდეგობაში მოდიან, რადგან აცხადებენ, რომ ისრაელი ძალიან ბევრ მშვიდობიან მოსახლეობას კლავს ღაზაში, მაგრამ ამის თავიდან ასაცილებლად კონკრეტულად არაფერს აკეთებენ.

„თუ გჯერათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი კვდება, იქნებ ნაკლები იარაღი მივაწოდოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ამდენი ადამიანის სიკვდილი. თუ საერთაშორისო საზოგადოებას სჯერა, რომ ეს არის ხოცვა, ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, იქნებ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იარაღის მიწოდების შეჩერებაზე“, – განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.

ასევე, ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას, ბორელმა გააკრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და თქვა, რომ ის არ ითვალისწინებდა თხოვნას, გაეკეთებინა მეტი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.

„ყველა მიდის თელ ავივში და ევედრება, „გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ამას, დაიცავით მშვიდობიანი მოქალაქეები, ნუ მოკლავთ ამდენს“. რამდენია ძალიან ბევრი? რა არის სტანდარტი? ნეთანიაჰუ არავის უსმენს. მან მოუწოდა პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას რაფაჰიდან ევაკუაციისკენ, მაგრამ როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს? სად უნდა წავიდნენ ისინი? მთვარეზე? სად აპირებენ ამ ხალხის ევაკუაციას?“ – განაცხადა ბორელმა.

13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს სადაც არ უნდა იყოთ, ყურადღების ცენტრში იქნებით. გახსოვდეთ, რომ ადამიანებს თქვენში ყველაზე მეტად ხალისიანი განწყობა, პიროვნული ხიბლი და იუმორის გრძნობა მოსწონთ. შესაძლოა, საკმაოდ საჭირო და გავლენიანი ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც დახმარებას შემოგთავაზებენ. ჩაიწერეთ ან დაიმახსოვრეთ იდეა, რომელიც თავში მოგივათ – ის შეიძლება ფინანსურად მოგებიანი იყოს.

კურო

დროა, ღრუბლებში ფრენა დაასრულოთ და დაგროვილ საქმეებს მიხედოთ. ამ დღეს ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ რთული საქმის დაწყების ნუ შეგეშინდებათ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც გავლენას მოახდენს თქვენს მომავალზე. სავარაუდოდ, ამ დღეს წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ.

ტყუპები

ამ დღეს ემოციების გავლენით ან ინტუიციურად არ უნდა იმოქმედოთ. არასწორად მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება თქვენს კარიერაზე და ზოგადად, მომავალზე უარყოფითად აისახოს. სავარაუდოდ, ვიღაც შესანიშნავ იდეას მოგაწვდით, რომელიც აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ. პასუხისმგებლობის აღების ნუ შეგეშინდებათ – 13 თებერვალს იღბალი თქვენს მხარეზეა. არსებობს შეცდომების გამოსწორების და შერიგების შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

კირჩხიბი

ამ დღეს ბევრ მნიშვნელოვან სიახლეს შეიტყობთ. მოემზადეთ საჭირო ადამიანებთან შესახვედრად. მათგან შესანიშნავ იდეას მიიღებთ, რომელიც მომავალში წარმატებით განხორციელდება და ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ. ნუ აჩქარდებით, ყველაფერი მშვიდად და ყურადღებით აკეთეთ, რათა შეცდომა აიცილოთ. ეცადეთ, საკუთარ სიტყვებს და მოქმედებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ნუ გასცემთ დაპირებებს, რომლებსაც ვერ შეასრულებთ.

ლომი

ვარსკვლავები გირჩევენ, აქტიურობა შეამციროთ და ხანმოკლე შესვენება გამოაცხადოთ. თქვენთვის მნიშვნელოვან ურთიერთობებს საფრთხე ემუქრება, ამიტომ ეცადეთ, თითოეული სიტყვა და მოქმედება კარგად აწონ-დაწონოთ. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ახლობელი ადამიანების მიმართ, მოერიდეთ დაუსაბუთებელ კრიტიკას და უმიზეზოდ გული არავის ატკინოთ.

ქალწული

გეგმას ეტაპობრივად მიჰყევით და შედეგის მისაღწევად უკან არ დაიხიოთ. ამ დღეს უამრავ საინტერესო სიახლეს გაიგებთ, რომლებიც მშვიდად და ფრთხილად უნდა შეაფასოთ. თქვენს ცხოვრებაში სიახლის ნაკადი შემოიჭრება. შესაძლოა, ეს რაღაც ახალი, უჩვეულო გრძნობა იყოს. ფრთხილად იყავით, შესაძლოა, ამ გატაცების შედეგი თქვენს ბედზე უარყოფითად აისახოს.

სასწორი

პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ამ დღეს ბევრი საქმე თქვენი ძალისხმევის გარეშე მოგვარდება. პირად ურთიერთობებში სასურველია, რომ მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ და საყვარელ ადამიანს თქვენი გრძნობების შესახებ უამბოთ. დროა თაროზე შემოდებული, მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებაზე იფიქროთ, მით უმეტეს, თუკი ახლა მეტი თავისუფალი დრო გაქვთ.

მორიელი

მოვლენებით დატვირთული დღეა. შესაძლოა, მოულოდნელად სასწრაფო საქმე გამოგიჩნდეთ და გეგმების შეცვლა გაიძულოთ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ და პერიოდულად, ყურადღება სასიამოვნო საქმეებზე გადაიტანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალა გამოგელევათ და სამუშაოს დასრულებას ვეღარ შეძლებთ. სპორტული ვარჯიშები და სუფთა ჰაერზე სეირნობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ეცადეთ, რომ უფროსების თვალწინ იტრიალოთ, დისკუსიებსა და დებატებში მონაწილეობა მიიღოთ და ინიციატივა გამოიჩინოთ. თქვენი აქტიურობა აუცილებლად დაფასდება და შეიძლება კარიერული წინსვლა ან ფინანსური ბონუსი მიიღოთ. დღის მეორე ნახევარში ოჯახის ხანდაზმულ წევრებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

თხის რქა

გირჩევთ, გარშემო მყოფ ადამიანებს თქვენი წარმატებების ან საინტერესო იდეების შესახებ უამბოთ. ამ გზით ყურადღებას მიიპყრობთ და საჭირო ადამიანებს გაიცნობთ. მეგობრის რჩევა რთული სიტუაციიდან გამოსავალს გაპოვნინებთ. მიუხედავად იმისა, რომ კოლეგების ნელი მუშაობა გაღიზიანებთ, ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და უხეშად არავის მიმართოთ.

მერწყული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გულწრფელობა გამოიჩინოთ და ადამიანებით მანიპულირებას არ ეცადოთ. შედეგის მიღწევა გაცილებით ადვილი იქნება, თუ თქვენს პრობლემებსა და საჭიროებებზე ღიად ისაუბრებთ. შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი გაიგოთ, მაგრამ სანამ დაიჯერებთ, აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ.

თევზები

რთული და დაძაბული დღეა. ერთდროულად რამდენიმე საკითხის მოგვარება და პროცესების კონტროლი მოგიწევთ. პრობლემებისადმი არასტანდარტული მიდგომა დაგეხმარებათ, მათი გადაჭრის უფრო მოკლე გზა იპოვოთ. შესაძლოა, მოვლენები მოულოდნელი მიმართულებით განვითარდეს, მაგრამ ეცადეთ, სიმშვიდე და ცივი გონება შეინარჩუნოთ.

ევროპა უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ აშშ-მა, შესაძლოა, არ დაიცვას ნატო-ს მოკავშირეები, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ თავდაცვაზე – სტეფან სეჟურნე

ევროპა უნდა მოემზადოს იმ შესაძლებლობისთვის, რომ აშშ-მა, შესაძლოა, არ დაიცვას ნატო-ს მოკავშირეები, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ თავდაცვაზე, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა.

„ყველამ მოისმინა ბოლო დღეებში დონალდ ტრამპის განცხადებები. მე არ შევწყვეტ ყველა ლიდერის დარწმუნებას იმაში, რომ ჩვენი ალიანსი მუშაობს ყველას, მათ შორის, აშშ-ის სასარგებლოდ. თუმცა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია ევროპელების მოსამზადებლად, რათა მოემზადონ იმ შოკის მომგვრელი სცენარისთვის, რომელიც შესანიშნავად აღწერა აშშ-ის ყოფილმა და ამჟამინდელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ამ პერიოდის განმავლობაში, რათა გავაანალიზოთ მომავალი, კერძოდ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში“, – განაცხადა სეჟურნემ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ისინი მზად უნდა იყვნენ რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციისთვის, რადგან რუსეთი ამით ევროპის ერთიანობის განადგურებას ცდილობს.

ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელის ნებისმიერი სამხედრო კამპანია რაფაჰში „გაუმართლებელი“ იქნება და კიდევ ერთხელ მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კაროლინაში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მსვლელობისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის წაახალისებდა რუსეთს, რათა თავს დასხმოდა ნატო-ს ნებისმიერ წევრს, რომელიც არ გადაიხდიდა გადასახადებს, როგორც დასავლური სამხედრო ალიანსის ნაწილი.