“მივიღებთ ზომებს რუსეთის უკანონო აგრესიის მარცხის უზრუნველსაყოფად” – საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები

11
spot_img

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ გააგრძელონ კოორდინაცია ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში და უახლოეს მომავალში ვაიმარი-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების გაფართოებული შეხვედრა გამართონ, – ამის შესახებ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„საგანგებო დრო მოითხოვს საგანგებო ზომებს. ამ ფონზე, ჩვენი მიზანია გავხადოთ ევროკავშირი უფრო ერთიანი, ძლიერი, რათა შეძლოს და უპასუხოს დღევანდელ უსაფრთხოების გამოწვევებს. ჩვენ ასევე ერთგული ვართ ძლიერი და ერთიანი ნატოს. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს კოორდინაციას ვაიმარის სამკუთხედის ფარგლებში, რათა ის ევროკავშირის სამსახურში ჩავდოთ და გავხადოთ ის იმაზე უფრო ინსტრუმენტული, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოების ინტერესებს.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის გამო ევროპაში უსაფრთხოების გარემოს უპრეცედენტო გაუარესების საფრთხის ფონზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ უკრაინას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში და რუსული აგრესიის მოგერიებაში. ამ ომში ევროპის უსაფრთხოების ინტერესები სასწორზე დევს. ჩვენ მივიღებთ ზომებს რუსეთის უკანონო აგრესიის მარცხის უზრუნველსაყოფად და მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ რუსეთს ევროპის დაღლილობის იმედი არ უნდა ჰქონდეს. „უნდა მოელოდეს სრულ პასუხისმგებლობას უკრაინაში ჩადენილი ყველა უკანონო ქმედებისა და დანაშაულისთვის. ყველა რუსი დამნაშავე უნდა დაისაჯოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრები ხაზს უსვამენ, რომ არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი ალიანსის ძალასა და გადაწყვეტილებაში, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი დუიმი ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად.

მათივე განცხადებით, გააგრძელებენ ერთად მუშაობას, რათა დაეხმარონ უკრაინას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე წინსვლაში.

„გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ხელი შევუწყოთ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლაში. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. ერთად გავაგრძელებთ უკრაინის პროგრესის მხარდაჭერას თავსებადობისა და უსაფრთხოების სექტორის დამატებით რეფორმებში. უკრაინის მომავალი ნატოშია“, – აღნიშნულია განცხადებაში.