ნეთანიაჰუ არავის უსმენს. მან მოუწოდა პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას რაფაჰიდან ევაკუაციისკენ, მაგრამ როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს? -ჯოზეფ ბორელი

65
spot_img

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აშშ-ს ისრაელისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას სთავაზობს, ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ამასთან, ბორელმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდების სასამართლომ ნიდერლანდების მთავრობას დაავალა F-35-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ნაწილების ექსპორტის დაბლოკვა ისრაელისთვის იმის გამო, რომ ისრაელი ამ თვითმფრინავებით ღაზის სექტორში საერთაშორისო სამართალს არღვევს.

ბორელის თქმით, ქვეყნები საკუთარ ნათქვამთან წინააღმდეგობაში მოდიან, რადგან აცხადებენ, რომ ისრაელი ძალიან ბევრ მშვიდობიან მოსახლეობას კლავს ღაზაში, მაგრამ ამის თავიდან ასაცილებლად კონკრეტულად არაფერს აკეთებენ.

„თუ გჯერათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი კვდება, იქნებ ნაკლები იარაღი მივაწოდოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ამდენი ადამიანის სიკვდილი. თუ საერთაშორისო საზოგადოებას სჯერა, რომ ეს არის ხოცვა, ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, იქნებ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იარაღის მიწოდების შეჩერებაზე“, – განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.

ასევე, ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას, ბორელმა გააკრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და თქვა, რომ ის არ ითვალისწინებდა თხოვნას, გაეკეთებინა მეტი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.

„ყველა მიდის თელ ავივში და ევედრება, „გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ამას, დაიცავით მშვიდობიანი მოქალაქეები, ნუ მოკლავთ ამდენს“. რამდენია ძალიან ბევრი? რა არის სტანდარტი? ნეთანიაჰუ არავის უსმენს. მან მოუწოდა პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას რაფაჰიდან ევაკუაციისკენ, მაგრამ როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს? სად უნდა წავიდნენ ისინი? მთვარეზე? სად აპირებენ ამ ხალხის ევაკუაციას?“ – განაცხადა ბორელმა.