Home Blog Page 1593

“აცნობიერებენ, რომ მართებული გადაწყვეტილება არ იყო, როცა საქართველოს სტატუსი არ მიენიჭა, იმედი მაქვს, გამართლდება პროგნოზები” – მიხეილ სარჯველაძე

საქართველოს ყველა მოცემულობა აქვს, რომ კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ნებისმიერი გარემოებისა და კრიტერიუმის მიხედვით, საქართველომ მიაღწია კონდიციას, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას განაპირობებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სტატუსთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინია.

„სტატუსი თუ ეკუთვნოდა მოლდოვასა და უკრაინას, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსაც ეკუთვნის. ევროპაშიც კარგად ხვდებიან, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა, მათ შორის ევროპისთვისაც მნიშვნელოვანია. მათი მხრიდან გაფართოების პერსპექტივაზე საუბარი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აცნობიერებენ, რომ თავის დროზე, როცა საქართველოს სტატუსი არ მიენიჭა, ეს მართებული გადაწყვეტილება არ იყო. დიდი იმედი მაქვს, გამართლდება პროგნოზები, რომლებიც, მათ შორის მედიის წრეებში კეთდება. მოლდოვასა და უკრაინას თუ ეკუთვნოდა სტატუსი, რა თქმა უნდა, ეკუთვნოდა საქართველოსაც. აქედან გამომდინარე, მაღალია მოლოდინიც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ოპოზიციის ნაწილი მოტივირებულია, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართულებით ქვეყანას ხელი შეუშალოს.

„ისინი შეფასებებში არა უბრალოდ ტენდენციური, არამედ უსაფუძვლო არგუმენტებით შეიარაღებული არიან. საგნობრივად ვერცერთ ისეთ საკითხზე ვერ საუბრობენ, რაც შეუსრულებელი დარჩა. სასამართლო რეფორმას ფასადურს უწოდებენ, მაგრამ კონკრეტული არაფერი აქვთ სათქმელი. საუბარია რაღაც ეფემერულ ცვლილებებზე, რომლის გაუტარებლობაზე მუდმივად გვესმის კრიტიკა, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მივა, ვითხოვთ და ვსვამთ კითხვას, რა უნდა იყოს ცვლილება. ისინი ან არაფერს გვაწვდიან, ან გვაწვდიან მცდარ და არასწორ ინიციატივებს, როგორიც იყო, მაგალითად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორმაგი, 2/3-ის შემოღების ინიციატივა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან  დეპოლარიზაციის მიმართულებით ყველა ნაბიჯი გადაიდგა.

„დიდი ინიციატივები იქნა წარდგენილი საიმისოდ, რომ ასეთი პროცესი დაწყებულიყო. ირაკლი კობახიძემ ყველა კარი გახსნა, რათა თითოეულ საკითხზე ერთობლივად გვემუშავა და რეკომენდაციების შესრულებაზე ერთად მიგვეღწია წარმატებისთვის. ოპოზიციამ იმთავითვე პროცესის ბოიკოტი შემოგვთავაზა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

“წუხელ, მოსკოვის და ბელგოროდის ოლქის გარდა, აფეთქების ხმა ვლადივოსტოკშიც ისმოდა” – რუსული მედია

რუსული მედიის ცნობით, დღეს ღამე, მოსკოვის და ბელგოროდის ოლქის გარდა, აფეთქების ხმა ვლადივოსტოკშიც გაისმა, სადაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზაა განლაგებული.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აფეთქებები კორვეტ „გრომკის“ წვრთნასთან იყო დაკავშირებული.

თუმცა მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ სამხედრო-საზღვაო ბაზას მოსკოვისკენ მიმავალმა დრონმა შეუტია, რადგან მანძილი ამ ქალაქებს შორის სულ 9 000 კმ შეადგენს.

„აფეთქებების ხმა სამხედრო-საზღვაო ბაზის ტერიტორიიდან ისმოდა. ადგილზე არა მარტო საგანგებო სამსახურები, არამედ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების თანამშრომლებიც მივიდნენ, რომლებმაც ხალხს ამ ფაქტის გაუხმაურებლობისკენ მოუწოდებდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

რთველი 2023-ის ფარგლებში, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირებას სახელმწიფო განახორციელებს

რთველი 2023-ის ფარგლებში, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირებას სახელმწიფო განახორციელებს.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2023 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.

„ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარისა. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანისათვის 0,20 ლარს.

რთველი 2023-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიანი რეჟიმით იმუშავებს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501.

გასულ წელს, სახელმწიფო სუბსიდია 1კგ რქაწითელისა და 1კგ კახური მწვანისათვის 0,35 ლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან უკანასკნელ წლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგში განხორციელებულმა სწორმა პოლიტიკამ დარგი მნიშვნელოვნად გააძლიერა: გაშენდა ახალი ვენახები, შეიქმნა ახალი საწარმოები, გაუმჯობესებულია ღვინის ხარისხი, გაფართოვდა საექსპორტო ბაზრების არეალი, რეკორდულ რაოდენობამდე გაზრდილია ღვინის ექსპორტი და ყურძნის მოსავალი, მუშაობს აგროკრედიტისა და აგროდაზღვევის სისტემა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ლიბერთი“ ბანკის ფილიალის დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებითშსს ინფორმაციას ავრცელებს

თბილისში, გლდანში, „ლიბერთი“ ბანკის ერთ-ერთი ფილიალის დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში ერთი პირი – 45 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც წარსულში ნასამართლევია და ამჟამად, პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

შსს-ს ცნობით, აღნიშნული მამაკაცი ბანკში შეიჭრა და თანხას უკანონოდ დაეუფლა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1978 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ც. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ბრალდებული „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა, სადაც უკანონოდ დაეუფლა ფულს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

სამართალდამცველებმა თანხის ნაწილი, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

ინდოეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Indigo-მ დელი-თბილისი-დელის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. თბილისიდან დელიში 186 ადამიანი გაემგზავრა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს ასევე ეწვია ინდოეთის ელჩი ნილაქში სინჰა.

ავიაკომპანია Indigo რეგულარულ ავიარეისებს საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.

Indigo ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც მის მფლობელობაში არსებული 300-ზე მეტი საჰაერო ხომალდით ყოველდღიურად 1850 ფრენას ახორციელებს 111 მიმართულებით, საიდანაც 79 – ადგილობრივი, 32 კი – საერთაშორისოა.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება

ონკოლოგიური პაციენტებისთვის, სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე, მათ აღნიშნულ მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება. ცვლილება უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ.

“უნდა გვქონდეს ფრთხილი და პრინციპული პოზიცია რუსეთთან, განსაკუთრებით დეოკუპაციის საკითხზე” – გიორგი ცუცქირიძე

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპირისპიროდ, დასავლეთის მხრიდან საერთაშორისო სანქციების დაწესება, რუსეთისათვის ემსახურებოდა რუსეთის ეკონომიკის გამოფიტვას, საომარი ხარჯების ზრდის პირობებში ბიუჯეტის დეფიციტის მკვეთრი ზრდით, რამაც რუსეთი კომპრომისებისაკენ უნდა აიძულოს. მაგრამ ეს ჩვენთანაც და დასავლეთში ზოგიერთმა არასწორად გაიგო თითქოს ამ სანქციების ზეგავლენა ხანმოკლე პერიოდში გახდებოდა შესაძლებელი, რაც ამ ომს ასევე მოკლე ვადაში დაასრულებდა.

მიმაჩნია, რომ დასავლეთში შედარებით სერიოზულ ანალიტიკურ და საექსპერტო წრეებში ამის ილუზია არც არავის ჰქონდა, შემთხვევითი არც ამ სანქციების ეტაპობრივი ხასიათია. ამიტომაც ვწერდი, რომ ეს ომი უბრალოდ ვერ იქნებოდა ხანმოკლე, რასაც ბევრი არ ეთანხმებოდა. მართალია, დღეს სავარაუდო ვადად კიდევ წელიწადნახევარს ასახელებენ, მაგრამ ესეც ვფიქრობ უფრო პირობითია. ომი მეტი ხნითაც თავისუფლად შეიძლება გაგრძელდეს და არა 2025 წლამდე!

ამის პირველი ნიშანი არის თითქმის 1200 კილომეტრზე გაწელილ საომარ მოქმედებათა თეატრში არსებული სტატუსქვო, სადაც სტრატეგიულ უპირატესობას ვერც ერთი მხარე ვერ ფლობს. წამყვანი სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთს კონტრშეტევისათვის არ ყოფნის არა მხოლოდ შეიარაღება, არამედ ცოცხალი ძალაც. როგორი უპირატესობაც არ უნდა გქონდეს ჰაერში, ომის ბედი დღესაც მიწაზე წყდება. დაახლოებით იგივე ითქმის უკრაინაზეც, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკრაინის არმია გაცილებით ძლიერია ვიდრე ამ ომის დაწყებამდე იყო. შეიარაღებითაც და სამხედრო ქვედანაყოფების მომზადებითაც და საჰაერო თავდაცვითაც. ეს ასე რომ არ იყოს, რუსეთს არ მოუწევდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავდაცვის რეჟიმში გადასვლა.

რუსეთი, რომ ხანგრძლივი დაპირისპირებისათვის ემზადება, ბოლო საკანონმდებლო გადაწყვეტილებებიც ადასტურებს. 2024 წლის იანვრიდან აპირებს მობილიზაციის გამოცხადებას, რომელიც შეეხება 18 და 45 წლამდე ასაკის პირებს, მოწვევა მიუვათ ელექტრონული ფორმით, ხოლო თავის არიდება გაწვევაზე დაისჯება სისხლის სამართლის კანონმდებლობით. პოტენციურად ამ პირთა რიცხვი 17 მილიონამდე შეიძლება იყოს და 10 % რომ გაიწვიონ საკმაოდ სერიოზულ შევსებას მიიღებს.

რაც შეეხება ეკონომიკას, რუსეთმა მაისში, მას შემდეგ რაც უკრაინაში შეიჭრა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად დააფიქსირა ბიუჯეტის პროფიციტი, თუმცა დეფიციტი წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში 3,41 ტრილიონ რუბლამდე (41,9 მილიარდი აშშ დოლარი) იყო გაზრდილი, რაც ქმნის ფისკალურ ზეწოლას, სამხედრო ბიუჯეტზე. ნიშანდობლივია, რომ 2022 წლის იანვარ-მაისში ანუ ამ ომის პირველ და შედარებით ყველაზე ცხელ ფაზაში რუსეთს 1,59 ტრილიონი რუბლის ბიუჯეტის პროფიციტი ჰქონდა, მაგრამ უკრაინაში მისი სამხედრო კამპანიის მხარდასაჭერმა დანახარჯებმა და ნავთობისა და გაზის ექსპორტზე დასავლეთის სანქციებმა სერიოზულად დაარტყა სამთავრობო ხაზინას.

ამასთან, საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებამ აიძულა მოსკოვი დაეწყო საერთაშორისო რეზერვების გაყიდვა დეფიციტის დასაფარად, რუსეთმა მიმდინარე წელს უკვე დახარჯა თითქმის 440 მილიარდი რუბლი ეროვნული სიმდიდრის ფონდიდან (NWF) რომელიც ფორმირდება ნავთობისა და გაზის ჭარბ შემოსავლებიდან, დეფიციტის დასაფარად, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2022 წელს ფინანსთა სამინისტრომ რაც დახარჯა თითქმის 3 ტრილიონი რუბლი დეფიციტის დასაფარად, არც ეს ციფრია ზედა ზღვარი – კანონით 2023-2024 წლებში წლიურად 29 ტრილიონი რუბლის დახარჯვა შეუძლია.

მეორეს მხრივ, თავდაცვითი ხარჯების ზრდამ გამოაცოცხლა რუსეთის ინდუსტრიული, მათ შორის სამხედრო-სამრეწველო სექტორი, რაც განაპირობებს წელს ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ პროგნოზებს და ეხმარება მოსკოვს სამხედრო კამპანიის გაგრძელებაში უკრაინაში.თუ აპრილში ეკონომიკა 3.4 %-ით გაიზარდა, პირველად გასული წლის ვარდნის შემდეგ, მაის-ივნისში ზრდამ 5.4 % შეადგინა, მაგრამ რუსული ნავთობი და გაზი ექვემდებარება რა დასავლეთის სანქციებს და ფასების ლიმიტს, ნავთობისა და გაზის საექსპორტო შემოსავლები 49,6%-ით ნაკლები იყო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პირველ ხუთ თვეში.

რუსი და დასავლეთის ექსპერტების ნაწილის აზრით ეკონომიკა, ახლა სტეროიდებზე მომუშავე ბოდიბილდერს ჰგავს. როგორც კი ეს სტეროიდები ამოიწურება, ეკონომიკისთვის გაცილებით რთული იქნება ზრდის შენარჩუნება. თუმცა, ობიექტურობისათვის, რუსეთს აქვს რესურსები არსებულ გამოწვევებზე, რაც საშუალებას მისცემს ომი გადაიყვანოს გრძელვადიან ფაზაში: მეორე გზა არის შიდა სახელმწიფო ვალის გაზრდა, როდესაც საერთაშორისო ბაზრები დახურულია რუსეთის ობლიგაციებისათვის, რუსეთს აქვს რა ისედაც დაბალი სახელმწიფო ვალი, სახაზინო ობლიგაციების ბაზრის გაფართოება შეიძლება კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში, თუმცა მაინც გაუჭირდება, რადგან გრძელვადიანი დაფინანსებისთვის ვალების დაგროვების მთავარი შეზღუდვა არის სწორედ მისი მაღალი ღირებულება(10%) მუდმივი გაურკვევლობისა და უკიდურესად მაღალი რისკების გამო. რუსეთს შეუძლია, გადასახადების გაზრდაც, რუსეთის მთავრობამ უკვე გამოაცხადა, რომ გეგმავს კორპორაციული მოგებიდან ერთჯერადი გადასახადის დაწესებას, რასაც შესაძლოა სხვა გადასახადების ზრდა მოჰყვეს, პირველ რიგში, მდიდარ რუსებზე საგადასახადო ტვირთი გაიზრდება.

როდესაც ვიეტნამის სინდრომზე ვაკეთებ ხოლმე აქცენტებს, დღევანდელ მოცემულობაში ეს მიმაჩნია შედარებით რეალისტურ ვარიანტად. აშშ-შიც ვიეტნამის ომის პირველ წლებში განსაკუთრებით დიდი იყო ენთუზიაზმი ამ ომში წამსვლელთა შორის და საზოგადოების განწყობაც შესაბამისი, მაგრამ წლებში შემდეგ სულ უფრო იმატა ანტისაომარმა განწყობებმა და სახალხო პროტესტმა, და თუ რითაც დამთავრდა ესეც ყველასთვის ცნობილია. დასავლეთის სტრატეგიული ამოცანაც ამაში მდგომარეობს და არც არავინ მიამიტი არ არის, რომ რუსულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში გარდატეხა ასე სწრაფად მოხდება. რუსეთმა უკვე დაკარგა მილიონ ნახევრამდე ეკონომიკისათვის ყველაზე აქტიური, კრეატიული და ახალგაზრდა თაობა, რომელმაც არ მოისურვა ომი, ისინი უკვე მოღვაწეობენ ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათი ნაწილი დღეს საქართველოშია და ამაში არც არაფერია ცუდი აქ ზოგიერთებს რომ ჰგონიათ. ამასთან, მარტო მარგარიტა სიმონიანი არა არის რუსეთის სახე, ბევრი რუსი ცნობილი საზოგადო მოღვაწე თუ სპორტსმენი გაემიჯნა პუტინის ნეო იმპერიულ პოლიტიკას და ეს პროცესი შეუქცევადია.

უკრაინაში გრძელვადიანი საომარი მოქმედებების პირობებში საქართველოს სტრატეგიული ამოცანა არის სტაბილურობის შენარჩუნება და შუა დერეფნის ფუნქციონალური დატვირთვის გაზრდით გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილური ზრდის მიღწევა, შექმნილ სიტუაციაში, “ქართულ ოცნებასაც” მოუწევს დასავლეთთან სიტუაციის დალაგება, პირველ რიგში აშშ-ის ახალ ელჩთან თავიდანვე სწორ და თანამიმდევრულ პოზიციას დიდი მნიშვნელობა ექნება.

ჩვენ უნდა გვქონდეს ფრთხილი და ამავდროულად პრინციპული პოზიცია რუსეთთან განსაკუთრებით დეოკუპაციის საკითხზე და მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის უკან დასავლეთის მხარდაჭერა დგას, დასავლეთთანაც, თანამიმდევრულები უნდა ვიყოთ, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეხება,ოღონდ არა ანტიდასავლურ დისკურსში!

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროსაბჭოში მხარი დაუჭირა ქართული მხარის დადანაშაულებას ომის განახლებაში”

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის თაობაზე რეზოლუციაში, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუჭირა მხარი, წერია, რომ 7 აგვისტოს ქართულმა მხარემ დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტის ახალი ფაზა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამით მათ მხარი დაუჭირეს ქართული მხარის დადანაშაულებას ომის განახლებაში.

„უპირველეს ყოვლისა, ამ რეზოლუციაში, რომელსაც მაშინ მხარი დაუჭირა ევროსაბჭოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს ქართულმა მხარემ დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტის ახალი ფაზა. ამით მათ მხარი დაუჭირეს ქართული მხარის დადანაშაულებას ომის განახლებაში. ამიტომაც საზოგადოებისთვის დიდი ხნის განმავლობაში დამალული იყო, თუმცა ესეც გაირკვა და ყველამ კარგად იცის. რაც შეეხება მტკიცებას, იყო ამ ჩანაწერის ინიციატორი რუსეთი თუ სხვა, მით უფრო უარესი, თუკი ეს რუსეთი არ იყო და აღმოჩნდება, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ჩართული ამ პროექტის შედგენაში და ისინი იყვნენ ამ ჩანაწერის ინიციატორები. ამიტომ, მათ უნდა გასცენ პასუხი, ვინ იყო ამ ჩანაწერის ინიციატორი. მხარდაჭერას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა საკუთარი მხარდაჭერა გაემართლებინა იმით, თითქოს სხვა კარგი ჩანაწერები რაც არსებობს, ამის გამო რეზოლუცია ჩავარდებოდა, რაც არის ტყუილი. უმრავლესობა საკმარისი იყო ამ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, მაგრამ ქართულ სახელმწიფოს და მის წარმომადგენლებს ხელი არ უნდა გაესვარათ ასეთი ჩანაწერის მხარდაჭერაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი ოპოზიციის მოუმწიფებლობას”

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა შოვის სტიქიაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ოპოზიციის მოუმწიფებლობას ნიშნავს და ამით მათ პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება უნდა მხოლოდ.

„ყველა ინფორმაცია, თუ რაიმე საინტერესოა ვინმესთვის პარლამენტში, არის საჯარო, მეც მოგახსენეთ ბევრი ასეთი ინფორმაცია და ამ დღეები ქვეყნდებოდა კიდეც. პარლამენტის წევრებს რაიმე პრობლემა რომ ჰქონდეთ, ეს ინფორმაცია მიიღონ საჯარო წყაროებიდან, დეპუტატის შეკითხვის საფუძველზე თუ ა.შ. არანაირი პრობლემა არ არის. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი ოპოზიციის მოუმწიფებლობას. ვხედავთ, რომ როგორც კი ნახავენ რაღაც თემას, რომელზეც ფიქრობენ რომ შეუძლიათ პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება, ეგრევე აყენებენ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. შემდეგ ავიწყდებათ ხოლმე ეს იდეა. არასერიოზულია. თქვან, რა ინფორმაცია არ აქვთ და სჭირდებათ და სადეპუტატო შეკითხვით იქნება თუ სხვანაირად, ამ ინფორმაციას მიიღებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“ეუთო/ოდირმა ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ პარლამენტში ინიცირებულ ორ კანონპროექტზე სამართლებრივი დასკვნა მოამზადა” – ომბუდსმენის აპარატი

ეუთო/ოდირმა ე.წ. „უცხოელი აგენტების“ შესახებ საქართველოს პარლამენტში 2023 წლის თებერვალში ინიცირებულ ორ კანონპროექტზე სამართლებრივი დასკვნა მოამზადა და აღნიშნული ინიციატივები ნეგატიურად შეაფასა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოქვეყნებული დოკუმენტი ფოკუსირდება ძირითად უფლებებზე, რომლებზეც კანონპროექტები ნეგატიურ გავლენას ახდენს.

„ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR), სახალხო დამცველის 24 თებერვლისა და 6 მარტის მიმართვების საფუძველზე, სამართლებრივი დასკვნა მოამზადა ე.წ. „უცხოელი აგენტების“ შესახებ საქართველოს პარლამენტში 2023 წლის თებერვალში ინიცირებულ ორ კანონპროექტზე და ნეგატიურად შეაფასა აღნიშნული ინიციატივები.

როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, მწვავე სოციალური პროტესტების შედეგად, მითითებულ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტში მსჯელობა არ გაგრძელებულა, ერთი მათგანი გამოთხოვილ იქნა, მეორე კი მეორე მოსმენით ჩავარდა. თუმცა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეუთო/ოდირმა გააგრძელა დასკვნაზე მუშაობა და საკითხთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების სტანდარტებისა და რეკომენდაციების ფართო მიმოხილვა წარმოადგინა.

გამოქვეყნებული დოკუმენტი ფოკუსირდება ძირითად უფლებებზე, რომლებზეც კანონპროექტები ნეგატიურ გავლენას ახდენს, კერძოდ: გაერთიანების, გამოხატვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებებსა და დისკრიმინაციისაგან თავისუფლებაზე. დასკვნაში ასევე მიმოხილულია აშშ-ს და ავსტრალიის კანონმდებლობა. ხაზგასმულია, რომ ისინი ფუნდამენტურად განსხვავებული შემთხვევებია, სრულიად სხვა მიზანი და მასშტაბი აქვთ, რის გამოც არ წარმოადგენენ რელევანტურ შედარებით მაგალითებს ქართულ კონტექსტში.

დასკვნა საკმაოდ ვრცლად მიმოიხილავს ამ და სხვა საკითხებს. მისი სრული ვერსიის გაცნობა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე ინგლისურ ენაზე https://shorturl.at/cpACX“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რუსმა სამხედროებმა ნიკოპოლი დაბომბეს – ომის 532-ე დღე

უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება. საოკუპაციო ძალებმა ღამის განმავლობაში 2-ჯერ მიიტანეს იერიში ქალაქ პაროვსკიზე, თავდასხმა მოხდა ზაპოროჟიეზეც, სადაც, სამხედრო ადმინისტრაციის მტკიცებით, რუსულმა არმიამ ტაქტიკური ავიაცია გამოიყენა.

დღე-ღამის განმავლობაში 12-ჯერ მოხდა თავდასხმა სუმის ოლქზე. რეგიონის ადმინისტრაციის ცნობით, დაიბომბა 11 დასახლებული პუნქტი.

დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით გრძელდება უკრაინის კონტრშეტევით ოპერაცია.

რუსმა სამხედროებმა ნიკოპოლიც დაბომბეს, დაიღუპა 18 წლის მამაკაცი.

ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი ლისაკი ავრცელებს.

„ნიკოპოლი და მარგანეცის თემი მძიმე არტილერიით სამჯერ დაიბომბა. დაღუპულია 18 წლის ახალგაზრდა, სამი ადამიანი დაშავდა“, – განაცხადა ლისაკმა.

მისივე თქმით, ასევე დაზიანებულია ეკლესია, 5 კერძო სახლი და რამდენიმე ელექტროგადამცემი ხაზი.

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 20 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 15 ადამიანს ეძებენ.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.