“უნდა გვქონდეს ფრთხილი და პრინციპული პოზიცია რუსეთთან, განსაკუთრებით დეოკუპაციის საკითხზე” – გიორგი ცუცქირიძე

523
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპირისპიროდ, დასავლეთის მხრიდან საერთაშორისო სანქციების დაწესება, რუსეთისათვის ემსახურებოდა რუსეთის ეკონომიკის გამოფიტვას, საომარი ხარჯების ზრდის პირობებში ბიუჯეტის დეფიციტის მკვეთრი ზრდით, რამაც რუსეთი კომპრომისებისაკენ უნდა აიძულოს. მაგრამ ეს ჩვენთანაც და დასავლეთში ზოგიერთმა არასწორად გაიგო თითქოს ამ სანქციების ზეგავლენა ხანმოკლე პერიოდში გახდებოდა შესაძლებელი, რაც ამ ომს ასევე მოკლე ვადაში დაასრულებდა.

მიმაჩნია, რომ დასავლეთში შედარებით სერიოზულ ანალიტიკურ და საექსპერტო წრეებში ამის ილუზია არც არავის ჰქონდა, შემთხვევითი არც ამ სანქციების ეტაპობრივი ხასიათია. ამიტომაც ვწერდი, რომ ეს ომი უბრალოდ ვერ იქნებოდა ხანმოკლე, რასაც ბევრი არ ეთანხმებოდა. მართალია, დღეს სავარაუდო ვადად კიდევ წელიწადნახევარს ასახელებენ, მაგრამ ესეც ვფიქრობ უფრო პირობითია. ომი მეტი ხნითაც თავისუფლად შეიძლება გაგრძელდეს და არა 2025 წლამდე!

ამის პირველი ნიშანი არის თითქმის 1200 კილომეტრზე გაწელილ საომარ მოქმედებათა თეატრში არსებული სტატუსქვო, სადაც სტრატეგიულ უპირატესობას ვერც ერთი მხარე ვერ ფლობს. წამყვანი სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთს კონტრშეტევისათვის არ ყოფნის არა მხოლოდ შეიარაღება, არამედ ცოცხალი ძალაც. როგორი უპირატესობაც არ უნდა გქონდეს ჰაერში, ომის ბედი დღესაც მიწაზე წყდება. დაახლოებით იგივე ითქმის უკრაინაზეც, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკრაინის არმია გაცილებით ძლიერია ვიდრე ამ ომის დაწყებამდე იყო. შეიარაღებითაც და სამხედრო ქვედანაყოფების მომზადებითაც და საჰაერო თავდაცვითაც. ეს ასე რომ არ იყოს, რუსეთს არ მოუწევდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავდაცვის რეჟიმში გადასვლა.

რუსეთი, რომ ხანგრძლივი დაპირისპირებისათვის ემზადება, ბოლო საკანონმდებლო გადაწყვეტილებებიც ადასტურებს. 2024 წლის იანვრიდან აპირებს მობილიზაციის გამოცხადებას, რომელიც შეეხება 18 და 45 წლამდე ასაკის პირებს, მოწვევა მიუვათ ელექტრონული ფორმით, ხოლო თავის არიდება გაწვევაზე დაისჯება სისხლის სამართლის კანონმდებლობით. პოტენციურად ამ პირთა რიცხვი 17 მილიონამდე შეიძლება იყოს და 10 % რომ გაიწვიონ საკმაოდ სერიოზულ შევსებას მიიღებს.

რაც შეეხება ეკონომიკას, რუსეთმა მაისში, მას შემდეგ რაც უკრაინაში შეიჭრა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად დააფიქსირა ბიუჯეტის პროფიციტი, თუმცა დეფიციტი წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში 3,41 ტრილიონ რუბლამდე (41,9 მილიარდი აშშ დოლარი) იყო გაზრდილი, რაც ქმნის ფისკალურ ზეწოლას, სამხედრო ბიუჯეტზე. ნიშანდობლივია, რომ 2022 წლის იანვარ-მაისში ანუ ამ ომის პირველ და შედარებით ყველაზე ცხელ ფაზაში რუსეთს 1,59 ტრილიონი რუბლის ბიუჯეტის პროფიციტი ჰქონდა, მაგრამ უკრაინაში მისი სამხედრო კამპანიის მხარდასაჭერმა დანახარჯებმა და ნავთობისა და გაზის ექსპორტზე დასავლეთის სანქციებმა სერიოზულად დაარტყა სამთავრობო ხაზინას.

ამასთან, საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებამ აიძულა მოსკოვი დაეწყო საერთაშორისო რეზერვების გაყიდვა დეფიციტის დასაფარად, რუსეთმა მიმდინარე წელს უკვე დახარჯა თითქმის 440 მილიარდი რუბლი ეროვნული სიმდიდრის ფონდიდან (NWF) რომელიც ფორმირდება ნავთობისა და გაზის ჭარბ შემოსავლებიდან, დეფიციტის დასაფარად, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2022 წელს ფინანსთა სამინისტრომ რაც დახარჯა თითქმის 3 ტრილიონი რუბლი დეფიციტის დასაფარად, არც ეს ციფრია ზედა ზღვარი – კანონით 2023-2024 წლებში წლიურად 29 ტრილიონი რუბლის დახარჯვა შეუძლია.

მეორეს მხრივ, თავდაცვითი ხარჯების ზრდამ გამოაცოცხლა რუსეთის ინდუსტრიული, მათ შორის სამხედრო-სამრეწველო სექტორი, რაც განაპირობებს წელს ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ პროგნოზებს და ეხმარება მოსკოვს სამხედრო კამპანიის გაგრძელებაში უკრაინაში.თუ აპრილში ეკონომიკა 3.4 %-ით გაიზარდა, პირველად გასული წლის ვარდნის შემდეგ, მაის-ივნისში ზრდამ 5.4 % შეადგინა, მაგრამ რუსული ნავთობი და გაზი ექვემდებარება რა დასავლეთის სანქციებს და ფასების ლიმიტს, ნავთობისა და გაზის საექსპორტო შემოსავლები 49,6%-ით ნაკლები იყო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პირველ ხუთ თვეში.

რუსი და დასავლეთის ექსპერტების ნაწილის აზრით ეკონომიკა, ახლა სტეროიდებზე მომუშავე ბოდიბილდერს ჰგავს. როგორც კი ეს სტეროიდები ამოიწურება, ეკონომიკისთვის გაცილებით რთული იქნება ზრდის შენარჩუნება. თუმცა, ობიექტურობისათვის, რუსეთს აქვს რესურსები არსებულ გამოწვევებზე, რაც საშუალებას მისცემს ომი გადაიყვანოს გრძელვადიან ფაზაში: მეორე გზა არის შიდა სახელმწიფო ვალის გაზრდა, როდესაც საერთაშორისო ბაზრები დახურულია რუსეთის ობლიგაციებისათვის, რუსეთს აქვს რა ისედაც დაბალი სახელმწიფო ვალი, სახაზინო ობლიგაციების ბაზრის გაფართოება შეიძლება კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში, თუმცა მაინც გაუჭირდება, რადგან გრძელვადიანი დაფინანსებისთვის ვალების დაგროვების მთავარი შეზღუდვა არის სწორედ მისი მაღალი ღირებულება(10%) მუდმივი გაურკვევლობისა და უკიდურესად მაღალი რისკების გამო. რუსეთს შეუძლია, გადასახადების გაზრდაც, რუსეთის მთავრობამ უკვე გამოაცხადა, რომ გეგმავს კორპორაციული მოგებიდან ერთჯერადი გადასახადის დაწესებას, რასაც შესაძლოა სხვა გადასახადების ზრდა მოჰყვეს, პირველ რიგში, მდიდარ რუსებზე საგადასახადო ტვირთი გაიზრდება.

როდესაც ვიეტნამის სინდრომზე ვაკეთებ ხოლმე აქცენტებს, დღევანდელ მოცემულობაში ეს მიმაჩნია შედარებით რეალისტურ ვარიანტად. აშშ-შიც ვიეტნამის ომის პირველ წლებში განსაკუთრებით დიდი იყო ენთუზიაზმი ამ ომში წამსვლელთა შორის და საზოგადოების განწყობაც შესაბამისი, მაგრამ წლებში შემდეგ სულ უფრო იმატა ანტისაომარმა განწყობებმა და სახალხო პროტესტმა, და თუ რითაც დამთავრდა ესეც ყველასთვის ცნობილია. დასავლეთის სტრატეგიული ამოცანაც ამაში მდგომარეობს და არც არავინ მიამიტი არ არის, რომ რუსულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში გარდატეხა ასე სწრაფად მოხდება. რუსეთმა უკვე დაკარგა მილიონ ნახევრამდე ეკონომიკისათვის ყველაზე აქტიური, კრეატიული და ახალგაზრდა თაობა, რომელმაც არ მოისურვა ომი, ისინი უკვე მოღვაწეობენ ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათი ნაწილი დღეს საქართველოშია და ამაში არც არაფერია ცუდი აქ ზოგიერთებს რომ ჰგონიათ. ამასთან, მარტო მარგარიტა სიმონიანი არა არის რუსეთის სახე, ბევრი რუსი ცნობილი საზოგადო მოღვაწე თუ სპორტსმენი გაემიჯნა პუტინის ნეო იმპერიულ პოლიტიკას და ეს პროცესი შეუქცევადია.

უკრაინაში გრძელვადიანი საომარი მოქმედებების პირობებში საქართველოს სტრატეგიული ამოცანა არის სტაბილურობის შენარჩუნება და შუა დერეფნის ფუნქციონალური დატვირთვის გაზრდით გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილური ზრდის მიღწევა, შექმნილ სიტუაციაში, “ქართულ ოცნებასაც” მოუწევს დასავლეთთან სიტუაციის დალაგება, პირველ რიგში აშშ-ის ახალ ელჩთან თავიდანვე სწორ და თანამიმდევრულ პოზიციას დიდი მნიშვნელობა ექნება.

ჩვენ უნდა გვქონდეს ფრთხილი და ამავდროულად პრინციპული პოზიცია რუსეთთან განსაკუთრებით დეოკუპაციის საკითხზე და მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის უკან დასავლეთის მხარდაჭერა დგას, დასავლეთთანაც, თანამიმდევრულები უნდა ვიყოთ, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეხება,ოღონდ არა ანტიდასავლურ დისკურსში!