რუსმა სამხედროებმა ნიკოპოლი დაბომბეს – ომის 532-ე დღე

73
spot_img

უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება. საოკუპაციო ძალებმა ღამის განმავლობაში 2-ჯერ მიიტანეს იერიში ქალაქ პაროვსკიზე, თავდასხმა მოხდა ზაპოროჟიეზეც, სადაც, სამხედრო ადმინისტრაციის მტკიცებით, რუსულმა არმიამ ტაქტიკური ავიაცია გამოიყენა.

დღე-ღამის განმავლობაში 12-ჯერ მოხდა თავდასხმა სუმის ოლქზე. რეგიონის ადმინისტრაციის ცნობით, დაიბომბა 11 დასახლებული პუნქტი.

დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით გრძელდება უკრაინის კონტრშეტევით ოპერაცია.

რუსმა სამხედროებმა ნიკოპოლიც დაბომბეს, დაიღუპა 18 წლის მამაკაცი.

ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი ლისაკი ავრცელებს.

„ნიკოპოლი და მარგანეცის თემი მძიმე არტილერიით სამჯერ დაიბომბა. დაღუპულია 18 წლის ახალგაზრდა, სამი ადამიანი დაშავდა“, – განაცხადა ლისაკმა.

მისივე თქმით, ასევე დაზიანებულია ეკლესია, 5 კერძო სახლი და რამდენიმე ელექტროგადამცემი ხაზი.