“ეუთო/ოდირმა ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ პარლამენტში ინიცირებულ ორ კანონპროექტზე სამართლებრივი დასკვნა მოამზადა” – ომბუდსმენის აპარატი

spot_img

ეუთო/ოდირმა ე.წ. „უცხოელი აგენტების“ შესახებ საქართველოს პარლამენტში 2023 წლის თებერვალში ინიცირებულ ორ კანონპროექტზე სამართლებრივი დასკვნა მოამზადა და აღნიშნული ინიციატივები ნეგატიურად შეაფასა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოქვეყნებული დოკუმენტი ფოკუსირდება ძირითად უფლებებზე, რომლებზეც კანონპროექტები ნეგატიურ გავლენას ახდენს.

„ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR), სახალხო დამცველის 24 თებერვლისა და 6 მარტის მიმართვების საფუძველზე, სამართლებრივი დასკვნა მოამზადა ე.წ. „უცხოელი აგენტების“ შესახებ საქართველოს პარლამენტში 2023 წლის თებერვალში ინიცირებულ ორ კანონპროექტზე და ნეგატიურად შეაფასა აღნიშნული ინიციატივები.

როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, მწვავე სოციალური პროტესტების შედეგად, მითითებულ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტში მსჯელობა არ გაგრძელებულა, ერთი მათგანი გამოთხოვილ იქნა, მეორე კი მეორე მოსმენით ჩავარდა. თუმცა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეუთო/ოდირმა გააგრძელა დასკვნაზე მუშაობა და საკითხთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების სტანდარტებისა და რეკომენდაციების ფართო მიმოხილვა წარმოადგინა.

გამოქვეყნებული დოკუმენტი ფოკუსირდება ძირითად უფლებებზე, რომლებზეც კანონპროექტები ნეგატიურ გავლენას ახდენს, კერძოდ: გაერთიანების, გამოხატვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებებსა და დისკრიმინაციისაგან თავისუფლებაზე. დასკვნაში ასევე მიმოხილულია აშშ-ს და ავსტრალიის კანონმდებლობა. ხაზგასმულია, რომ ისინი ფუნდამენტურად განსხვავებული შემთხვევებია, სრულიად სხვა მიზანი და მასშტაბი აქვთ, რის გამოც არ წარმოადგენენ რელევანტურ შედარებით მაგალითებს ქართულ კონტექსტში.

დასკვნა საკმაოდ ვრცლად მიმოიხილავს ამ და სხვა საკითხებს. მისი სრული ვერსიის გაცნობა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე ინგლისურ ენაზე https://shorturl.at/cpACX“,- ნათქვამია ინფორმაციაში.