„ლიბერთი“ ბანკის ფილიალის დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებითშსს ინფორმაციას ავრცელებს

93
spot_img

თბილისში, გლდანში, „ლიბერთი“ ბანკის ერთ-ერთი ფილიალის დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში ერთი პირი – 45 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც წარსულში ნასამართლევია და ამჟამად, პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

შსს-ს ცნობით, აღნიშნული მამაკაცი ბანკში შეიჭრა და თანხას უკანონოდ დაეუფლა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1978 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ც. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ბრალდებული „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა, სადაც უკანონოდ დაეუფლა ფულს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

სამართალდამცველებმა თანხის ნაწილი, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.