Home Blog Page 1571

აშშ-ის ახალ ელჩთან ძალიან საინტერესო თანამშრომლობა გველოდება -ირაკლი ღარიბაშვილი

დიდი ოპტიმიზმით ველოდებით აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგანის ჩამობრძანებას, დიდ იმედს ვამყარებ და მინდა, გამოვთქვა ოპტიმიზმი, რომ ქალბატონ ელჩთან პირველივე დღეებიდან ძალიან კარგ ურთიერთობებს ჩამოვაყალიბებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აშშ საქართველოსთვის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველთან, ბატონ სალივანთან. მინდა, საჯაროდ გამოვხატო მადლიერება. მქონდა ხანგრძლივი, ღია, გულწრფელი საუბარი. ჩვენ თითქმის ყველა საკითხზე გვქონდა საუბარი, მსჯელობა, ბოლო პერიოდში ასეთი მაღალი დონის შეხვედრები, საუბრები, სამწუხაროდ, აღარ გამართულა. ამის მიუხედავად, ჩვენთან მაღალი რანგის სტუმარი ჩამოვიდა ამერიკიდან, მაგრამ ბატონ სალივანთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა და ჩვენ შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ეხებოდა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, თანამშრომლობას. მინდა, ასევე გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან დიდი ოპტიმიზმით ველოდებით ახალი ელჩის, ქალბატონი დანიგანის ჩამობრძანებას, რომელიც სულ მალე ჩამოვა საქართველოში. მე დიდ იმედს ვამყარებ და მინდა, გამოვთქვა დიდი ოპტიმიზმი, რომ ქალბატონ ელჩთან, ჩვენ პირველივე დღეებიდან ძალიან კარგ ურთიერთობებს ჩამოვაყალიბებთ. ჩვენ გექნება მაქსიმალურად გახსნილი, ღია, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, გულწრფელი ურთიერთობა. ბუნებრივია, ქვეყნებს შორის არსებობს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენთვის ამერიკა არის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა. ჩვენ მადლიერი ვართ ამერიკის. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ხანდახან შეიძლება, იყოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან ჩვენ, ჩვენს ქვეყანას ჩვენი ინტერესები გვაქვს, ამერიკას რა თქმა უნდა, თავისი მიზნები და ინტერსები აქვს. არსებობს საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული სხვადასხვა მოსაზრება, ეს ნორმალური პროცესია. ჩვენ ამაზე ვთანხმდებით, რომ არ არის ანომალია და რაღაც არაჯანსარი მოცემულობა. მთავარია, რომ დიალოგი იყოს ჯანსაღი, იყოს გულწრფელი კომუნიკაცია. ჩვენ არავისთან არაფერი დასამალი არ გვაქვს, არავითარი დაფარული დღის წესრიგი საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს არცერთ საკითხთან მიმართებაში, ხაზგასმით აღვნიშნავ. ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო თანამშრომლობა გველოდება ახალ ელჩთან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკება ოფიციალურად 2023 წლის დასრულებამდე უნდა დაიწყოს”-რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, მილიონებით ადამიანისთვის, რომლებიც ევროპას თავის სახლად მიიჩნევენ, იმედის გაცრუება არ ღირს.

აღნიშნულის შესახებ რობერტა მეცოლამ ბრიუსელში პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მოსალოდნელი ვადებიც დაასახელა.

„ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკება ოფიციალურად 2023 წლის დასრულებამდე უნდა დაიწყოს“, – განაცხადა მეცოლამ.

მისივე თქმით, უკრაინამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების იმედი არ უნდა დაკარგოს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა ცვლილებების მასშტაბური ტალღა უნდა დაიწყოს იმისთვის, რომ მოემზადოს უკრაინის, როგორც წევრი სახელმწიფოს მიღებისთვის. ამ ცვლილებებში სავაჭრო ტარიფების მოხსნა და კიევისთვის ევროკავშირის ბაზარზე წვდომა უნდა შევიდეს, ევროკავშირში მის სრულ გაწევრიანებამდე.

ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ღარიბაშვილის, ფარცხალაძის და “ეფესბეს” აგენტების დახმარებით საქართველო გადააქციოს რუსეთისთვის ერთადერთ პლატფორმად რეგიონში -ხატია დეკანოიძე

ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ღარიბაშვილის, ფარცხალაძის და „ეფესბეს“ სხვა აგენტების დახმარებით საქართველო გადააქციოს ერთადერთ პლატფორმად რუსეთისთვის რეგიონში, – ასე ეხმაურება  „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი, ხატია დეკანოიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას სადაც სერგეი ლავროვმა განაცხადა „ჩვენ დავინახეთ, რომ თბილისში ამჟამინდელი მთავრობა დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით 

დეკანოიძის თქმით,  სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობაში ამხილა.

„23 მაისს გავაკეთე განცხადება, სადაც საქართველოს ხელისუფლებას ღიად ვკითხე და საზოგადოებას ვუთხარი, რომ არსებობს ფარული მოლაპარაკებები, შეთანხმება საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის, რაზეც ხელისუფლებისგან პასუხი ვერ მივიღეთ. როგორც დღეს აღმოჩნდა, ლავროვის ხელისუფლებას, კრემლს პირდაპირი კავშირი აქვს ღარიბაშვილის ხელისუფლებასთან, რაც არის ზუსტად იმის დადასტურება, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, ღარიბაშვილის, ფარცხალაძის და „ფეესბეს“ სხვა აგენტების მიერ, მათი დახმარებით ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, საქართველო გადააქციოს  რეგიონში რუსეთისთვის ერთადერთ პლატფორმად. გეოპოლიტიკური ცვლილებების შემდეგ, რუსეთის გავლენა რეგიონში ძალიან შემცირებულია და პრაქტიკულად აღარ არსებობს. მაშინ, როდესაც ევროკავშირი განიხილავს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ქართველი ხალხის დამსახურებით, შესაძლებელია, კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ლავროვი ამხელს საქართველოს ხელისუფლებას. მხილებები გაგრძელდება, რაც გულისხმობს, რომ არის ძალიან სერიოზული საბოტაჟი და საგარეო პოლიტიკური კურსის სერიოზული ცვლილება საქართველოს ხელისუფლების მიერ, რომელიც ლავროვმა დაადასტურა. ეს არის არათავსებადი საგარეო პოლიტიკურ კურსთან, რომელიც საქართველოს უნდა ჰქონდეს ევროატლანტიკური მისწრაფებების გამო. ეს კურსი ჩაწერილია ჩვენს კონსტიტუციაში. ამ შეთანხმების ლოგიკური შედეგი კი ფრენების აღდგენაა. ლოგიკა მხოლოდ ერთია, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილის ხელოსუფლებას გადაწყვეტილი აქვს, საქართველო გახდეს ერთადერთი პლატფორმა რუსეთისთვის რეგიონში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არც ერთი სომეხი აღარ დარჩება”-ფაშინიანი

როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არც ერთი სომეხი აღარ დარჩება, – ამის შესახებ სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არც ერთი სომეხი აღარ დარჩება. ეს ეთნიკური წმენდის პირდაპირი აქტია, რის შესახებაც დიდი ხანია საერთაშორისო საზოგადოებას ვაფრთხილებდით. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო აქტორები საკუთარ განცხადებებში ეთნიკურ წმენდას გმობენ, მაგრამ თუ ამ განცხადებებს არ მოჰყვება კონკრეტული ქმედებები, ეს ისტორიაში მხოლოდ მორალური სტატისტიკის შექმნის მაგალითად დარჩება“, – აცხადებს ფაშინიანი.

სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან სომხეთში უკვე 50 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი გადავიდა.

“წულუკიანი „რუსული ოცნებისთვის“ კულტურის იდეალური მინისტრია, რომელიც უნიკალურ ქართულ კულტურას და ხელოვნებას ანადგურებს” – ანა ნაცვლიშვილი

რასაც მინისტრი ცდილობს მათთან მიმართებით, კულტურის დამორჩილების პოლიტიკის ნაწილია მხოლოდ – რასაც ვერ იმორჩილებს, ცდილობს უბრალოდ გააუქმოს, – ამის შესახებ ლელოს დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი კონსერვატორიაში მიმდინარე პროცესებზე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, „რუსული ოცნებისთვის“ [თეა წულუკიანი] კულტურის იდეალური მინისტრია, რომელიც უნიკალურ ქართულ კულტურას და ხელოვნებას ანადგურებს“.

„რაიმეს შექმნა, აღდგენა, გადარჩენა არ შეუძლია – გელათის გადარჩენა ევალებოდა და ვერ გაართვა თავი, ტაძარი უარეს დღეშია, ვიდრე მისი გამინისტრებისას – ღვთისმშობლის “დაპატიმრებული” ფრესკა ყველასთვის უდიდესი ტკივილი და სირცხვილია, ეროვნული მუზეუმის გადარჩენა ევალებოდა და ვერ გაართვა თავი და ა.შ. თავისი არაკომპეტენტურობა აწუხებს და ამის დეკომპენსირებას რეპრესიებით, ცინიზმით და ძლიერი ხელის იმიტაციით ცდილობს. ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ ის ადრე იუსტიციის მინისტრი იყო და ვერც ერთი რეფორმა ვერ გაატარა წარმატებით. მისი მინისტრობის დროს, სასამართლოს კლანი აღდგა და გაძლიერდა კიდეც.

თუ რამის უნარი ჰქონდა, კომპეტენცია, ძლიერი ხელი და ქვეყანაზე ფიქრი, მანდ უნდა გამოეჩინა, სამართლიანი სასამართლო და პროკურატურა შეექმნა. მას ამისთვის იდეალური ისტორიული მომენტი ჰქონდა. ეს ვერ შეძლო. დამარცხდა. მას შემდეგ ცდილობს დაამტკიცოს, რომ მაგარია! „რუსული ოცნებისთვის“ ის კულტურის იდეალური მინისტრია, რომელიც უნიკალურ ქართულ კულტურას და ხელოვნებას ანადგურებს“, – წერს ნაცვლიშვილი.

“ნაცვლად იმისა, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უპირობო განცხადებები მოგვესმინა, საყვედურნარევი განცხადება მოვისმინეთ”

ძალიან ცუდია, რომ პრეზიდენტის იმ ვიზიტს, რომელზეც მას მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონდა მიღებული, ერთადერთი შედეგი ჰქონდა – ლატვიის მხრიდან მოწოდება მივიღეთ, რომ ჩვენ რუსეთის მიმართ სანქციები დავაწესოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლატვიის პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სანქციების დაწესება რუსეთთან ჩვენს ქვეყანას ეკონომიკურ ზიანს მიაყენებს.

„რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ – პირდაპირი მოწოდება, რომ საქართველომ რუსეთს სანქციები დაუწესოს. ამ საკითხზე საუბარი უკვე ბევრჯერ იყო და ბოლო პერიოდში პარტნიორების მხრიდან ამაზე საუბარი აღარ ყოფილა. ძალიან ცუდია, რომ ერთადერთი შედეგი, რაც პრეზიდენტის იმ ვიზიტმა, რომელზეც მას მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონდა მიღებული, ისაა, რომ ლატვიის მხრიდან მოწოდება მივიღეთ – ჩვენ რუსეთის მიმართ სანქციები დავაწესოთ. მიზეზი, რის გამოც საქართველო რუსეთს სანქციებს არ უწესებს, ეს არაერთხელ ავხსენით. სანქციების დაწესება რუსეთთან ესკალაციის ახალ ფაზას გამოიწვევს. სანქციების ომში შესვლით ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურ ზიანს და დარტყმას მიიღებს. რა თქმა უნდა, რუსეთთან ასეთ ესკალაციაში შესვლა საბოლოო ჯამში ჩვენი უსაფრთხოებისთვის რისკებს ქმნის. ამიტომ ვინც ჩვენ მოგვიწოდებს, რომ სანქციები დავაწესოთ რუსეთის მიმართ და ამავე დროს უარს გვეუბნებიან, რომ მოგვცენ უსაფრთხოების გარანტიები, ეკონომიკური მხარდაჭერის გარანტიები, რა თქმა უნდა, ესკალაციისკენ გვიბიძგებენ. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რამდენად სწორი იყო მთავრობის გადაწყვეტილება, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის ვიზიტების განსახორციელებლად თანხმობა არ მიეცა. ვხედავთ, რომ პრაქტიკაშიც, საერთო ჯამში დამაზიანებელია მისი ვიზიტები და ვნახეთ, რომ საერთოდ არსაიდან გაჩნდა სანქციების დაწესების საკითხი, რომელიც დიდი ხანია დახურულია და მათ შორის გარკვეულია ყველა მხრივ როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატო-ს წევრ ქვეყნებთან. საქართველოში სანქციების კოორდინატორები იყვნენ ჩამოსულები ევროკავშირიდან, ამერიკიდან და არავის არანაირი შენიშვნა არ ჰქონია იმაზე, თუ რა პოლიტიკას ატარებს საქართველო სანქციებზე. ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ზუსტად ის ვიხილეთ, რის გამოც მთავრობა პრეზიდენტს თანხმობას არ აძლევდა. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე უპირობო განცხადებები მოგვესმინა, მოვისმინეთ რაღაცნაირი საყვედურნარევი განცხადება, რომ საქართველომ რუსეთის მიმართ სანქციები უნდა დააწესოს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პოლონეთის მმართველი პარტია ქვეყანას ევროკავშირიდან გაიყვანს

პოლონეთის ოპოზიციის ლიდერის, დონალდ ტუსკის თქმით, 15 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პოლონეთის მმართველი პარტია პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ (PiS) ქვეყანას ევროკავშირიდან გაიყვანს.

„ან 15 ოქტომბერს ჩვენ გავიყვანთ PiS-ს , ან PiS-ი გაგვიყვანს. ევროკავშირიდან“, – წერს „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერი X-ზე.

 

“80-ვე დეპუტატი დავიგინებით, რომ, დიახ, თქვენ აკეთებდით რუსულ საქმეს!” – ალუდა ღუდუშაური ხატია დეკანოიძეს

80-ვე დეპუტატი დავიგინებით, რომ, დიახ, თქვენ აკეთებდით რუსულ საქმეს! – ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატ, ხატია დეკანოიძეს.

ხატია დეკანოიძე ფინანსთა მინისტრის მოადგილისგან დაინტერესდა, მმართველი გუნდი აპირებდა თუ არა რეანომობილების რაოდენობის გასაზრდელად თანხის გამოყოფას. ასევე, კომიტეტის სხდომაზე, ხმაური მოჰყვა დეკანოიძის იმ შეფასებას, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ ხელისუფლებასთან თანხმდება.

„აზრი არ აქვს საუბარს, „არ გათეთრდების ყორანიო“ – ისეა ამათი საქმე. არავის ჩაუკეტავს კარები, ორი კარია და ორივეგან შეგიძლიათ ერთდროულად გახვიდეთ, მატრიცასავით. გეუბნებით, თქვენთან ვარ ამ საკითხში, იმ საკითხში და მაინც მებრძვით. იმიტომ შევიკრიბეთ აქ, რომ კონკრეტული საქმე ვაკეთოთ. წყალს წაუღია ნებისმიერი მანდატი და პოლიტიკა, თუ ხალხს არ ემსახურება. ხალხს ემსახურება რეანომობილი და დიახ, კარგია! ვიღაცებისნაირად კი არ ვარ რაღაცებს გამოკიდებული. ხალხში დავდივარ და ამაყად უნდა ვიარო. ნუ იქნებით სიცრუის ტირაჟირებაში. რეანომობილთან დაკავშირებით ამბავი ატეხეთ და სამარცხვინო რაღაცები გააკეთეთ. სავალუტო ფონდთან დაკავშირებითაც ატეხეთ ამბავი – რა შუაშია [სებ-ის 19 სექტემბრის] გადაწყვეტილება, ხომ იცით, რომ [სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერება] ეგრე არაა. რაც შეეხება ყავლაშვილის დაგინებას, ძალაშია. რუსულ საქმეს თუ ვინმე აკეთებს, გადასახადებს რომ იხდიდა, ძირითადი ობიექტები რომ ჩააბარეს შენი პარტიის ყოფილმა ბოსებმა, იმიტომაა ეს. რუსული საქმე იმდენად გააკეთეთ, რომ მაგას ისტორია შეაფასებს. 80-ვე დეპუტატი დავიგინებით, რომ დიახ, თქვენ აკეთებდით რუსულ საქმეს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ჩვენ დავინახეთ, რომ თბილისში ამჟამინდელი მთავრობა დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით- ლავროვი

დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვეტია. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა, რომელმაც აშშ-ის წახალისებით „ხელი აწია“ საკუთარ მოქალაქეებზე და ოსებზე, რომლებიც მას თავის მოქალაქეებად მიაჩნდა, ასევე მშვიდობისმყოფელებზეც. როდესაც მან ღირსეული პასუხი მიიღო, თავისი სრული პოლიტიკური, სამხედრო მარცხის ანტირუსული ქმედებებით „კომპენსირება“ დაიწყო, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა.

ლავროვის თქმით, არასდროს ჰქონიათ ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. ამასთან, სერგეი ლავროვი აღნიშნავს, რომ „თბილისში ამჟამინდელი მთავრობა დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით“.

„მართლა გვიყვარს ქართველი ხალხი, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის ყველა ერი. რუსეთის, საბჭოთა კავშირის და ჩვენი ხელოვნების, კულტურის, მეცნიერების ისტორიაში ქართველებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. ჩვენ დავინახეთ, რომ თბილისში ამჟამინდელი მთავრობა დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. ადამიანებს სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ერთმანეთთან სტუმრობა, ორივე ქვეყანაში ტურისტებად ჩასვლა და ბიზნესის წარმოება, რომელიც ტრადიციულად აკავშირებდა ჩვენს სამეურნეო სისტემებს. ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან შევთანხმდით ფრენების აღდგენაზე და გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის უკვე საკმაოდ დიდი ხანია, არსებობდა. მრავალი ჩვენი მოქალაქე სარგებლობდა ამით. უვიზო რეჟიმის შემოღება ახლა ორმხრივ საფუძველზეა საქართველოს მოქალაქეებისთვისაც და საჰაერო კავშირის დამყარება ჩვენს კავშირებს ბევრად მოსახერხებელს და კომფორტულს ხდის. რეისების რაოდენობა და პირდაპირი რეისების გეოგრაფია იზრდება. იზრდება სავაჭრო ბრუნვა. ჩვენთან პოპულარულია ბევრი ტრადიციული ქართული საექსპორტო საქონელი: ღვინო, „ბორჯომი“ და მრავალი სხვა“, – განაცხადა ლავროვმა.

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან მიმართებაში გამოსყიდვის ხარჯებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაიღებს

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან მიმართებაში გამოსყიდვის ხარჯებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაიღებს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რა ხარჯებზე იქნება საუბარი სამინისტროს მხრიდან, ეს დაახლოებით, ერთ თვეში გახდება ცნობილი.

„პრემიერს არ უხსენებია, რომ 40 მილიონი დაიხარჯება ბიუჯეტიდან. 40 მილიონი ბიუჯეტიდან არ დაიხარჯება. იქნება გამოსყიდვა ამ ვალდებულებების საბაზრო ღირებულების, რაც აქვს ამ ვალდებულებებს, როგორც არსებობს პროდუქტი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს ამ გამოსყიდვის ხარჯებს. რა თანხა იქნება ზუსტად, ამას ვიხილავთ 1 თვის განმავლობაში. ეს იქნება გაცილებით ნაკლები 40 მილიონზე“, – აღნიშნა კაკაურიძემ.

ინფორმაციისთვის, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ გუშინ განაცხადა, რომ უნივერსიტეტებისთვის 20%-იანი შეთავაზება გაკეთდა და თუ უნივერსიტეტს 20%-ად უღირს რომ სტუდენტი, რომელიც სწავლის საფასურს ვერ იხდის, 20% გადაუხადო, ვალი ამ პირობით ჩამოიწერება. “სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს არ განუცხადებია, რომ თანხას ბიუჯეტიდან სრულად ჩვენ გადავიხდით. პრემიერმა თქვა, რომ სტუდენტებს დავალიანება ჩამოეწერებათ. პრემიერს არ უთქვამს, რომ 40 მილიონ ლარს დავხარჯავთ – პრემიერმა თქვა, რომ ვალი არის 40 მილიონი ლარი, რომელიც სტუდენტებს ჩამოეწერებათ. ის თუ რამდენს დავხარჯავთ, დაახლოებით ორ თვეში გამოჩნდება, როდესაც პროცესი დასრულდება,”- აღნიშნა კაკაურიძემ.

ფილმ “იარე, ლიზას” გადაღებასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ფილმები მინისტრის ბრძანებებით არ ფინანსდება. როგორც ჩანს, სისხლის სამართლის დამნაშავეს თავისი მმართველობის ხანაში ერევა ამჟამინდელი მთავრობის მინისტრის მმართველობის სტილი, – ამის შესახებ კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე აქტიურად და მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის – „იარე ლიზა“ – გადაღება კულტურის ახლანდელმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „ბრძანა“.
ამ სიცრუის ტირაჟირებას სათავე დაუდო სისხლის სამართლის დამნაშავის, ამჟამად პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა მისთვის დამახასიათებელმა პოლიტიკურმა ტყუილმა.

უპირველესად, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ფილმები მინისტრის ბრძანებებით არ ფინანსდება. როგორც ჩანს, სისხლის სამართლის დამნაშავეს თავისი მმართველობის ხანაში ერევა ამჟამინდელი მთავრობის მინისტრის მმართველობის სტილი.

ასევე, შევახსენებთ ყველა დაინტერესებულ პირს, რომ თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა 2021 წლის მარტში. კინოხელოვანთა ერთი ჯგუფი, მათ შორის – რეჟისორი ნანა ჯანელიძე, მას დღემდე აკრიტიკებს ეროვნული კინოცენტრის რეფორმის გამო, რომელიც ამ ორგანიზაციის გამჭვირვალობასა და სამართლიანი კონკურსების მოდელის შემუშავებას ისახავს მიზნად.

ფილმის – „იარე ლიზა“ – გადაღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაპირველად 2019 წელს დაფინანსდა (300 000 ლარი), მოგვიანებით კი კინოცენტრის ხელმძღვანელის – გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით კინოცენტრმა ფილმის გადაღებისთვის უკონკურსოდ გამოყო კიდევ 240 690 ლარი. 2020 წელს, იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, უშუალო ჩარევით ფილმისთვის დამატებით, ისევ უკონკურსოდ, გამოიყო 1 200 000 ლარი. სულ ფილმის გადასაღებად იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასა და კინოცენტრის ხელმძღვანელის, გაგა ჩხეიძის, ხელშეწყობით გამოიყო 1 740 690 ლარი“,- აღნიშნულია განცხადებაში.

” სერგეი ლავროვის განცხადება ადასტურებს, რომ საქართველოს მართავს რუსეთის მსახური ხელისუფლება”

პარტია „ლელოს“ განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მართავს რუსეთის მსახური ხელისუფლება, რომელიც კრემლთან სრულ თანხვედრაში და ჰარმონიაშია.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დღეს ყველა ქართველის უპირველეს ამოცანას რუსეთის მსახური ხელისუფლების დაუყოვნებლივ შეცვლა უნდა წარმოადგენდეს.

„ჩვენ უკვე გვსმენია კრემლის დასტური, რომ რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის ინიციატივა საქართველოს მთავრობამ გამოთქვა. დღეს ლავროვმა ხელახლა დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა კონსულტაციები რუსეთთან ურთიერთობების „ნორმალიზების“ და ფრენების აღდგენის საკითხზე.

მაშინ, როდესაც რუსეთის დამნაშავე რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსულ ომს აწარმოებს და საერთაშორისო საზოგადოების იზოლაციის საგანია, საქართველოს რუსული ხელისუფლება ურთიერთობებს აღრმავებს სწორედ კრემლთან და პარალელურად ურთიერთობებს ანადგურებს ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან.

საერთაშორისო კონტექსტიც რომ დავივიწყოთ, იმ ფონზე, როდესაც გრძელდება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების დარღვევა, მცოცავი ანექსია, მშვიდობიანი მოსახლეობის დევნა და ე. წ. დიპლომატიური ურთიერთობები აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთთან, ორმხრივ ურთიერთობათა ნორმალიზებაზე რაიმე საუბარი ცინიზმის მწვერვალია.

დღეს ყველა ქართველის უპირველეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს რუსეთის მსახური ხელისუფლების დაუყოვნებლივ შეცვლა, რათა გადარჩეს ქართული სახელმწიფო და ჩვენი ევროპული მომავალი”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან კითხვაზე, ხედავს თუ არა უახლოეს მომავალში საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას, განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გაუწყვიტავს და „ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა“.

“როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო ადამიანების ინტერესების გამო, რომლებსაც სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ის, რომ ერთმანეთს ეწვიონ, ეწვიონ ჩვენს ქვეყნებს, როგორც ტურისტები, სურთ ბიზნესის კეთება, ჩვენ შევთანხმდით ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე და გაუქმდა სავიზო რეჟიმი, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა და ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიყენა იგი. მაგრამ ახლა, ორმხრივობის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კომუნიკაციების დამყარება, რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ხდის. იზრდება ავიარეისების რაოდენობა, ფართოვდება პირდაპირი ფრენების გეოგრაფიაც, იზრდება სავაჭრო ბრუნვა. ჩვენთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრი ქართული ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი: ღვინო, ბორჯომი და მრავალი სხვა”, – აღნიშნა ლავროვმა.