Home Blog Page 1569

“რაც უფრო მოახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, მით მეტად გაიზრდება მაქინაციებითა და უცხო ფულით გავლენების მოპოვების მცდელობა”

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც „ყალბი ორგანიზაციებისა და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით.“

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, აუცილებელია, სახელმწიფომ სიფხიზლე გამოავლინოს და ყველა სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენოს, ბოროტი განზრახვების თავიდან ასაცილებლად.

„რაც უფრო მოახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, მით მეტად გაიზრდება მაქინაციებითა და უცხო ფულით გავლენების მოპოვების მცდელობა. ერთია, როდესაც ღია პროპაგანდითა და „ფეიკ-კამპანიებით” ცდილობს “გლობალური ომის პარტია” სასურველი შედეგის მიღწევას, რაც არ გამოსდის და ამიტომ უფრო სახიფათო, ის უკონტროლო, ჭარბი ფულია, რომელიც მაქინაციების საშუალებით შემოედინება ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ აუცილებელია, სახელმწიფომ სიფხიზლე გამოავლინოს და ყველა სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენოს ასეთი ბოროტი განზრახვების თავიდან ასაცილებლად.“ – წერს ქადაგიძე.

“ფოთის პორტში საკონტეინერო ტვირთების მოცულობა რეკორდულ დონეს აღწევს” – ეიპიემ ტერმინალს ფოთი

კონტეინერების დამუშავებისა და ტვირთბრუნვის თვალსაზრისით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთისთვის“ 2023 წლის აპრილი რეკორდული თვე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აპრილში დამუშავდა 53,626 TEU კონტეინერი, რაც 91,3%-ით მაღალი მაჩვენებელია 2022 წლის აპრილთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურში, ერთ თვის მანძილზე, ამ რაოდენობის ტვირთის დამუშავების პრაქტიკა აქამდე არ ყოფილა.

„წლის დასაწყისში, ტვირთების მნიშვნელოვნად ზრდა ძალიან გვახარებს. მაშინ, როდესაც ჩვენი კომპანიის მთავარი ფოკუსი ჩვენი მომხმარებლები და მათი კმაყოფილებაა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მომსახურების მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ. ეს არის ეიპიემ ტერმინალსის გუნდსა და ჩვენს მომხმარებლებს შორის ძლიერი პარტნიორობის დამსახურება,“ – აცხადებს იენ როლინსონი, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციული დირექტორი.

„საერთო ჯამში, 2023 წლის პირველ ოთხ თვეში ეიპიემ ტერმინალს ფოთის მიერ დამუშავებული კონტეინერების მოცულობა იყო 177 900 TEU, რაც 73%-ით მაღალი მაჩვენებელია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ყველაზე მაღალი, რაც კი ოდესმე ყოფილა წლის პირველ ოთხ თვეში.

გარდა ამისა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, პირველ ოთხ თვეში ყველაზე მეტი – 25 239 ავტომობილი დამუშავდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 59,7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამასთან, მნიშვნელოვნად გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. წლის დასაწყისიდან ეიპიემ ტერმინალს ფოთმა გასულ წელთან შედარებით მიიღო 74.6%-ით მეტი – 103 საკონტეინერო გემი. ზრდა შეინიშნება რკინიგზით შემოტანილი კონტეინერების რაოდენობაშიც. 2023 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში, შემოსული და დამუშავებული კონტეინერების რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ რაოდენობას შორის – 3, 848 TEU“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ნაცმოძრაობა” კარს უხურავს იმ ადამიანებს, რომლებზეც იდგა და დგას პარტია – ბაჩო დოლიძე

“მაშინ, როდესაც უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილის სტრასბურგის სასამართლო პროცესი იქნება და მაშინ, როდესაც ყველაფერია გასაკეთებელი, რომ მზად ვიყოთ ყველანაირი სცენარის განვითარებისთვის, როგორც მმართველი გუნდიდან, ისე ოპოზიციიდან, რიგი სამუშაოებია გასაწევი და ამ დროს ვნიშნავთ რაღაც არჩევნებს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ მ განაცხადა.

„ჩვენ შევთავაზეთ, ვნახოთ რა ხდება და მერე ჩაატარეთთქო, ამაზეც არ მოდიან, რადგან მათთვის უფრო მნიშვნელოვანია სასამართლო საკითხის გადაფარვა და თანამდებობების განაწილება. დღეს სხვათაშორის 100 დღე შესრულდა, რაც თავმჯდომარეა, ამ 100 დღის განმავლობაში ყოველდღე ვიღაცას სადღაც ნიშნავენ. შესაბამისად, ნამდვილად არ მივეხმარებით იმ პროცესს, რომელიც გულისხმობს პარტიის დაზიანებასა და დასუსტებას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ პარტიამ ნაკლები ზიანი მიიღოს“, – განაცხადა დოლიძემ.

დოლიძე პარტიის რამდენიმე რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელების მიერ პოსტების დატოვების საკითხს გამოეხმაურა.

„პარტია საერთოდ კარს ხურავს იმ ადამიანებისთვის, რომელზეც იდგა და დგას პარტია, რადგან ახალი მენეჯმენტის რაოდენობა რომ ავიღოთ, ვერასდროს გადააჭარბებს ჩვენი ამომრჩევლის და ჩვენი რიგითი წევრების რაოდენობას, გაცილებით დიდი ჯარია. რასაც დღეს აკეთებენ მიზანმიმართულად, ყველასთვის კარის დაკეტვა და რიტორიკა, რომ თუ რაღაც არ მოგწონს, წადი, თითოეული ადამიანის წასვლა არის პრობლემა ამ პარტიისთვის, ამას ვერ ხვდებოდე ვერ აცნობიერებდე, ეს კიდევ დამატებითი პრობლემაა“, – განაცხადა დოლიძემ.

“საქართველოში ხალხს სურს ევროპა, პრეზიდენტთან ერთად დავეხმარები მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის სწრაფად გადალახვაში”

საქართველოში ხალხს სურს ევროპა, არის საშინაო დავალებები და გზა, გპირდებით, ჩემს პრეზიდენტთან ერთად, დავეხმარები მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის სწრაფად გადალახვაში, – ამის შესახებ უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარემ დავით არახამიამ განაცხადა.

„ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს სამუშაო ვიზიტით კიევში იმყოფება. სამუშაო დღის წესრიგში ბევრი შეხვედრა იყო, მათ შორის, რა თქმა უნდა, შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. უკრაინამ, როგორც ევროკავშირის მომავალმა წევრმა, ბევრი რეფორმა და საკანონმდებლო ცვლილება უნდა განახორციელოს.

ჩვენს მთავრობას აქვს თანმიმდევრული სამოქმედო გეგმა ყველა მნიშვნელოვან ცვლილებასთან და განხორციელების ვადებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოორდინირებული მუშაობა უახლოეს მომავალში აუცილებლად მოგვცემს სასურველ შედეგს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე მივიღეთ საშინაო დავალება.

ჩვენ ვიღებთ ბევრ კანონს, ვიშორებთ ოლიგარქების გავლენას ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკაზე და ვაუმჯობესებთ სასამართლო სისტემას. ყველა ევროპელი დიპლომატი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, ერთხმად აღნიშნავს ამ ცვლილებების სწრაფ პროგრესს და უჩვეულო ტემპს. რაც კეთდება სხვა ქვეყნებში წლების განმავლობაში, ჩვენ ვახორციელებთ ერთ თვეში, რაც კეთდება თვეებში, ჩვენთან სრულდება დღეებში. სხვანაირად ვერ ვიქნებით.

როდესაც ასიათასობით ადამიანი იარაღით იცავს ჩვენს ქვეყანას რუსული აგრესიისგან,ზურგში ჩვენ უნდა ვაკეთოთ საქვეყნო საქმე და მოვამზადოთ ნათელი მომავალი ჩვენი ხალხისთვის. საქართველოშიც ხალხს სურს ევროპა. ასევე არის საშინაო დავალებები და კონკრეტული გზა, თუ როგორ უნდა მივიდეთ იქამდე. ძნელი იქნება მიზნის მიღწევა, როცა ქვეყანაში მთელი ძალაუფლება ერთ ოლიგარქზეა დამოკიდებული, როცა პოლიტპატიმრები არიან, როცა ჟურნალისტები ციხეში არიან. მაგრამ, მიუხედავად ყველა ამ პრობლემისა, ქართველი ხალხი ადრე თუ გვიან გადაჭრის ამ პრობლემას. უკრაინა წინ წავიდა ამ პროცესში და დღეს ჩემს პრეზიდენტთან ერთად გპირდებით, რომ დავეხმარები ჩემს მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის შეძლებისდაგვარად სწრაფად გადალახვაში. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს“, – წერს დავით არახამია.

“გარედან დაფინანსებაში მხილებული პარტია ჩვეულ რეჟიმში ვეღარ გააგრძელებს მუშაობას”- ზაალ ანჯაფარიძე

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, ყალბი ორგანიზაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში, ამ საკითხით კი, აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს.

ანჯაფარიძის თქმით, ბოლო დროს შექმნილი პარტიების მაგალითებით აშკარაა, რომ ეს პროცესი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ექსპერტი ასევე არ გამორციხავს, რომ აუდიტის სამსახურის მიერ პარტიების უცხოეთიდან დაფინანსების საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, აღნიშნული ქმედება ოპოზიციის მიერ „რუსულ გეგმად“ მოინათლება.

„ეს პროცესი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და ოდნავ დაკვირვებული ადამიანიც კი შეამჩნევს, განსაკუთრებით ბოლო დროს შექმნილ პარტიების მაგალითზე. მათი უმეტესობა ნაცმოძრაობის მიერ დაყრილი შვილი-პარტიებია.
თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ რომ აუდიტის მიერ პარტიებში გარედან ჩადებული ფულის გამოვლენის შემთხვევაში ხმაური ატყდეს და ის ნაცნობი სცენარით “რუსულ გეგმად” მოინათლოს გამომდინარე შედეგებით.
ამის მიუხედავად, მომხრე ვარ რომ ამ საკითხს ბოლომდე მოეფინოს ნათელი. იმედია ხვდებით რატომაც.
გარედან დაფინანსებაში მხილებული პარტია ჩვეულ რეჟიმში ვეღარ გააგრძელებს მუშაობას.“ – წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

“სუვერენულ საქართველოში კანონის უზენაესობა გვაქვს!” – გია აბაშიძე

პოლიტიკაში შემოწირულებების მკაცრი მონიტორინგია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს არც საზოგადოებისგან და არც პარლამენტის თავმჯდომარისგან – ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ ყალბი ორგანიზაციებისა და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში და მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით.

როგორც ანალიტიკოსი წერს, არსებული სამართლებრივი ბერკეტებით შესაძლებელია ჭარბი და საეჭვო უცხოური ფულის შემოდინების კონტროლი ქართულ პოლიტიკაში.

„არსებული სამართლებრივი ბერკეტებით შესაძლებელია ჭარბი და მეტადრე საეჭვო უცხოური ფულის შემოდინების კონტროლი ქართულ პოლიტიკაში. თანაც ძებნილი დავით კეზერაშვილის სატელევიზიო აღიარებაცაა (პოლიტტექნოლოგია ისე ესმის, როგორც ხაბეიშვილს ინგლისური), რომ ის ოპოზიციისა და ფსევდო-არასამთავრობოების სპონსორია.
პოლიტიკაში შემოწირულებების მკაცრი მონიტორინგია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს არც საზოგადოებისგან და არც პარლამენტის თავმჯდომარისგან.
გასაგებია, რომ რადიკალების დე ფაქტო ლიდერი, ყველაფერში ჩამრევი ელჩი დეგნანი “შეშფოთდება და აღშფოთდება”, თუმცა მან კიდევ ერთხელ უნდა გაითვალისწინოს – სუვერენულ საქართველოში კანონის უზენაესობა გვაქვს!“ – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

“დიდი ბრიტანეთი დაჯგუფება „ვაგნერს“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს”-The Times

დიდი ბრიტანეთი კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს. ამის შესახებ მთავრობაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით The Times-ი წერს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში იქნება მიღებული და მას სამართლებრივი საფუძვლის ორთვიანი ძებნა უძღოდა წინ.

ამასთანავე, ტერორისტული ორგანიზაციების სიაში „ვაგნერის“ შეყვანის შემდეგ დაჯგუფების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება.

მანამდე საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო სპეციალური რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებასა და ევროკავშირს, „ვაგნერი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანონ.

“ახალგაზრდები იღუპებიან და მეტადონის პროგრამის გარდა, სახელმწიფოს არ აქვს ანტინარკოტიკული გეგმები”

ქვეყანა მოსაწევის სუნით ყარს და უმეტესად კლუბური ნარკოტიკებითა და კოკაინით გაბრუებული ხალხით გაივსო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი წერს.

მისი თქმით, ახალგაზრდები იღუპებიან და მეტადონის პროგრამის გარდა, რომელიც, როგორც ჩანს, ხარვეზებიანია, სახელმწიფოს არ აქვს ანტინარკოტიკული გეგმები.

“უკვე კარგ ტონად ითვლება ნარკოტიკის მოხმარება. ამ დროს კი, ეს ბოროტებაა საკუთარი თავის მიმართ.

ახალგაზრდები იღუპებიან და მეტადონის პროგრამის გარდა, რომელიც, როგორც ჩანს, ხარვეზებიანია, სახელმწიფოს არ აქვს ანტინარკოტიკული გეგმები.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნარკოტიკებიც ადვილად და იაფად იშოვება. ამდენი გაბრუებული ადამიანის არსებობას, განსაკუთრებით კლუბებში, სხვა ახსნა არ აქვს.

ჩვენს თვალწინ იღუპებიან ახალგაზრდები, უმეტესად 20-27 წლის გოგო-ბიჭები. ისინი ამას ვერ ხვდებიან, რადგან უმრავლესობის მშობლები ემიგრაციაში არიან და უყურადღებოდ დარჩნენ. აღზრდის საკითხებში სკოლებიც ვერ არიან სათანადო დონეზე.

შესაძლოა, მშობლების გამოგზავნილ ფულს უმეტესობა სწორედ ნარკოტიკში ხარჯავს.

ამას ემატება ნარკომანიაში ადამიანების ჩათრევა ფულის მიზიდვის მიზნით. როცა ჩათრეული ღარიბდება, ახლა ის ითრევს სხვას.

ამ სქემას ბევრმა ვერ გაუძლო.

ერი ნადგურდება, შვილები გეღუპებათ.

დროა, სახელმწიფომ მკვეთრი ანტონარკოტიკული პროგრამები შექმნას, ჯანსაღი ცხოვრების წესი წაახალისოს და ადამიანები გადაარჩინოს,”– წერს გოგა ჩანადირი.

საქართველოს პოპულარიზაციისათვის ახალი ტურისტული პორტალი შეიქმნა

ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მთავარი ტურისტული პორტალის პრეზენტაცია მოაწყო. Georgia.travel-ის ახალი ვებგვერდი 70-მდე ქვეყნის ტურისტული პორტალის კვლევისა და ანალიზის შედეგად მომზადდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვებგვერდზე საქართველოს მნიშვნელოვანი სანახაობებისა და ტურისტული პროდუქტების შესახებ დარგის კონსულტანტების ჩართულობით 3200-მდე სტატია მომზადდა და აიტვირთა ქართულ და ინგლისურ ენებზე.

პორტალზე ინტერაქციული რუკით ვიზიტორს შეუძლია გაფილტროს რეგიონები, ადგილები. ინტერესის მიხედვით შეარჩიოს და სურვილების კალათაში შეინახოს სასურველი ლოკაცია, გაეცნოს ინფორმაციას, დაათვალიეროს ფოტოები, რაც აისახება პირად რუკაზე და ვიზიტორს საშუალება ექნება დაგეგმოს მოგზაურობა საქართველოში.

ახალ პორტალზე განთავსებულია ლაშქრობების, საფეხმავლო ტურების გეგმები, რაც შესაძლებლობას იძლევა აღნიშნული მიმართულების განვითარების და სათავგადასავლო მიმართულებით დაინტერესებულ ვიზიტორს საშუალება აქვს ინფორმაცია მიიღოს საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის პოტენციალის შესახებ.

ვებგვერდზე მოეწყო საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ერთიანი ბაზა. ვიზიტორს შეუძლია აირჩიოს სასურველი მარშრუტი და დაგეგმოს მოგზაურობა რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით და სხვა ტრანსპორტით.

ახალი ტურისტულ პორტალზე ატვირთულია ტურისტულად საინტერესო ღონისძიებების კალენდარი საქართველოს მასშტაბით. ამ მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს როგორც კერძო სექტორთან, ასევე სხვადასხვა უწყებებთან.

ვებგვერდი სრულად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

საქართველოს მთავარი ტურისტული პორტალისთვის შემუშავდა პოზიციონირების სტრატეგია, როგორც საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის ნაწილში, ასევე ციფრული რეკლამირების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს პორტალის სწორ პოზიციონირებას და მიზნობრივი ვიზიტორების მოზიდვას განაპირობებს.

ვებგვერდზე სრულყოფილი ინფორმაციის განთავსების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თანამშრომლობს საერთაშორისო პლატფორმებთან: Booking, Tripadisor, Wikiloc და სხვ.

საქართველოს მთავარ ტურისტულ პორტალს 200-მდე ქვეყნიდან უკვე ეწვია 18 მილიონამდე უნიკალური ვიზიტორი.
მთავარი ტურისტული პორტალი georgia.travel შემუშავდა პარტნიორი კომპანიების დახმარებით, რომლებიც არიან: მკტ მენტორი, კლიპარტი, არტმედია და სხვა.

“მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს ვეტოს უფლება არჩევნების დასაცავად” – ბექა ლილუაშვილი

„ოცნების” მიერ ცესკო-სთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლება, რომლის მიმართ ნდობა დღესვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, უკვე ემზადება 2024 წლის არჩევნების გასაყალბებლად, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

“საქართველოსთვის” წევრები პრეზიდენტს მოუწოდებენ ცესკოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს ვეტო დაადოს, ხოლო საერთაშორისო პარტნიორებს და ადგილობრივ ორგანიზაციებს მიმართავენ, გააძლიერონ ძალისხმევა კანონის მიღების წინააღმდეგ.

„ეს ნიშნავს, რომ “ოცნებას” გაყალბების გარდა, სხვა რესურსი არ გააჩნია. არაფორმალური ძალაუფლების და გავლენების შესანარჩუნებლად, გადაწყვეტილი აქვთ, მოქალაქეებს წაართვან არჩევანის უფლება და მოჰპარონ ევროპული მომავალი.

„ოცნების” მიერ, სრულად კონტროლირებადი, სანქცირებული სასამართლო და ცესკო, ჩვენი პარტნიორების ყოველდღიური შტურმი და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მადისკრედიტირებელი კამპანია ქმნის არჩევნების დაცვის კრიტიკულ საჭიროებას, და ამაში ყველამ საკუთარი როლი უნდა შევასრულოთ, რადგან სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებული არჩევნები – ერთადერთი დემოკრატიული, ვიმეორებ ერთადერთი დემოკრატიული გზაა, გადარჩეს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი.

დაუშვებელია, რომ ძალაუფლების დაკარგვის შიშები, წარმოადგენდეს სახელმწიფო ინსტიტუტების გაუქმების მოტივს, დაუშვებელია, არჩევნების ბედი წყდებოდეს – ივანიშვილის რომელიმე რეზიდენციაში.

ამიტომ, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს ვეტოს უფლება არჩევნების დასაცავად.

ასევე მივმართავთ სტრატეგიულ პარტნიორებს და ადგილობრივ ორგანიზაციებს, გააძლიერონ ძალისხმევა კანონის მიღების წინააღმდეგ და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას, ყველა ძალისხმევა მიმართონ არჩევნების დაცვისკენ.

პარტია “საქართველოსთვის” უახლოეს დღეებში ოფიციალურად მიმართავს ყველა ზემოაღნიშნულ აქტორს. ჩვენ გავაძლიერებთ ძალისხმევას და გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვის,”- განაცხადა ლილუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი – თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.

ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს 8 მაისის სხდომაზე წარედგინა.

“კენჭი რომ ააგდო „ქოლცენტრს“ დაეცემა” – ლევან ხაბეიშვილი

ტრანსნაციონალური დანაშაულის მექად გადააქციეს დედაქალაქი და ოპოზიციას ადებენ ხელს. კენჭი რომ ააგდო, „ქოლცენტრს“ დაეცემა – თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა ამის გამოძიება, ეს არის ხელისუფლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „რუსულ ოცნებას“ ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ეშინია.

„ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია იცით. „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. რუსულ ოცნებას ამის ეშინია და ამბობენ, რომ ამის გამოძიება არ უნდათ. საზოგადოება კარგად ხედავს, ვისაც უნდა გამოძიება ეს ოპოზიციაა, ვისაც არ უნდა არის რუსული ოცნება. ტრანსნაციონალური დანაშაულის მექად გადააქციეს დედაქალაქი და ოპოზიციას ადებენ ხელს. და თუ ასეთი არსებობს, დააკავონ კონკრეტული დამნაშავეები. რომ ჩამოდგებიან, მგონია, რომ კიდევ 2011 წელში არიან, როდესაც ოპოზიციაში იყვნენ, დადგებიან და მარტო ლაი-ლაი და ბლა-ბლა-ბლა გაუდით. უკაცრავად, წლებია ვსაუბრობ, რომ ქვეყანაში ტრანსნაციონალური დანაშაულია ყველა კუთხეში. კენჭი, რომ ააგდო „ქოლცენტრს“ დაეცემა. თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა ამის გამოძიება, ეს არის ხელისუფლება. ყველამ კარგად იცის, რომ ამ ქვეყანაში ასეთი დანაშაულის დაფარვა შეუძლია სუს-ს, პროკურატურას და მათ მფარველებს: მამაცაშვილ-ივანიშვილს და კრიმინალურ დაჯგუფებას”, – აღნიშნავს ხაბეიშვილი.

უკრაინელებმა ამერიკული „პატრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებით რუსული რაკეტა „კინჟალი“ ჩამოაგდეს

რუსეთ – უკრაინის ომის 441-ე დღე – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დღეს დილით რუსეთის კურსკის ოლქის სოფელ ტოლმაჩევოს თავზე დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა „ტელეგრამ“ არხზე დააწერა.

მისი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა გაზსადენი და საცხოვრებელი სახლის ფასადი დაზიანდა.

შეგახსენებთ, რუსული მხარე უკრაინულ ძალებს კურსკისა და რუსეთის სხვა, უკრაინის მოსაზღვრე ოლქებზე დრონებით თავდასხმაში რეგულარულად ადანაშაულებს. უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ არცერთ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

უკრაინაში აშშ-ის ელჩის, ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, რუსეთი კვლავ ბლოკავს უკრაინის პორტებში გემების მარცვლეულით დატვირთვის პროცესს, რათა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოიკვებოს ხალხი, ვისაც ეს სჭირდება.

ელჩი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სიტყვებს ციტირებს, რომლის თქმითაც, რუსეთი ადამიანების შიმშილს უკრაინის წინააღმდეგ ომში იარაღად იყენებს.

„მსოფლიოს არ უნდა სჭირდებოდეს, მოსკოვს ყოველ რამდენიმე კვირაში შეახსენოს, რომ შეწყვიტოს ადამიანების შიმშილის უკრაინის წინააღმდეგ ომში იარაღად გამოყენება,”– აცხადებს ბლინკენი.

ცნობისათვის, გუშინ გაერო-მ განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში გემების ინსპექტირება ორი დღეა შეჩერებულია.

“უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული „პატრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებით რუსული რაკეტა „კინჟალი“ ჩამოაგდეს,” -ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა.

”შემიძლია დავადასტურო, რომ მათ „პატრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებით რუსული რაკეტა ჩამოაგდეს. როგორც მოგეხსენებათ, ეს სისტემა არის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების უფრო ფართო სპექტრის ნაწილი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინას მიაწოდეს“, – აღნიშნა რაიდერმა.

მისი თქმით, აშშ და მისი პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებითა და საბრძოლო მასალით უზრუნველყოფას, რათა დაეხმარონ უკრაინას გააკონტროლოს მისი სუვერენული ცა და დაიცვას თავისი მოქალაქეები რუსეთისგან.