Home Blog Page 1563

სტიქიის შედეგად დაღუპული სოფო ბაკურაძე და გენადი სულთანიშვილი სოფელ გლოლაში დაკრძალეს

სტიქიის შედეგად დაღუპული სოფო ბაკურაძე და გენადი სულთანიშვილი სოფელ გლოლაში დაკრძალეს.

მანამდე გარდაცვლილთა სამოქალაქო პანაშვიდი საჯარო სკოლაში გაიმართა. მათ სულებს პატივი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა, ადგილობრივებმა მიაგეს და მათ ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

„ძალიან დიდია ტრაგედია, რომელიც ჩვენს კუთხეს, სრულიად საქართველოს დაატყდა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და ნათესავებს და გამოვთქვამ ჩემს თანადგომას ამ მძიმე განსაცდელის ჟამს მათ მიმართ“, – განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პარმენ მარგველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის დროს გარდაცვლილთა რიცხვი 25-ს შეადგენს, ხოლო ნაპოვნია სხეულის 5 ფრაგმენტი. ამ ეტაპზე შოვში დაკარგულ 8 ადამიანს ეძებენ.

შვედეთი უკრაინისთვის 314 მილიონ დოლარამდე სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

შვედეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გაგზავნას გეგმავს, – ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა პალ ჯონსონმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დახმარების ღირებულება 3.4 მილიარდი შვედური კრონია (313.5 მილიონი აშშ დოლარი) და ის, ძირითადად, ადრე მიწოდებული იარაღის სისტემებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილებისგან შედგება.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი ომი და ჩვენ ასევე გვაქვს გრძელვადიანი პერსპექტივა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ პლატფორმებს, რომლებსაც უკრაინაში გრძელვადიანად ვაგზავნით“, – აღნიშნა მინისტრმა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე თავდასხმაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვასა და ტარებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული შეიარაღებული მივიდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან და მერის სამუშაო და მისაღები ოთახების მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად შენობაში გაჩნდა ხანძარი, რამაც დააზიანა და გაანადგურა მერის სამუშაო ოთახში არსებული ქონება და ინვენტარი.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ხელისუფლების წარმომადგენლის სამსახურებრივ შენობაზე თავდასხმა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

უცხოური ვალუტის კურსი 16 აგვისტოსთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6209 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6209 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6186 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8665 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8674 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0009 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

მაჰაჩყალაში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი ძლიერი აფეთქების სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი კი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, მსხვერპლთა შორის სამი ბავშვია. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი, რომლის ფართობმა 600 კვადრატულ მეტრს მიაღწია, უკვე ჩამქრალია.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე მომსახურების გაწევის ფაქტზე, რამაც ორი ან მეტი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.

“ოპოზიციას რომ შეეძლოს, გაყაროს ხელისუფლება, ისინი უკვე გაყრილები იქნებოდნენ” – იაგო ხვიჩია

ოპოზიციას რომ შეეძლოს, გაყაროს ხელისუფლება, ისინი უკვე გაყრილები იქნებოდნენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია გამოეხმაურა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა: „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვების ერთი გზაა რიგგარეშე არჩევნები; მეორეა, რეგულარულ არჩევნებზე უგებ და თუ მაინც არ გაძლევენ საშუალებას, ისევ ქუჩიდან უნდა გაყარო, ყველაზე რეალისტური სცენარი ეს არის“.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, ოპოზიციამ ხალხს არ უნდა დაუმალოს, რის გაკეთებას აპირებს, როგორც მომავალი ხელისუფლება.

„ნებისმიერი ხელისუფლების გაშვების გზა არის არჩევნები ან გაყრა. მეორე საკითხია, ოპოზიცია რას აკეთებს იმისთვის, რომ ან არჩევნებით გავყაროთ ხელისუფლება, ან ქუჩით. მგონი, აქ არის მთავარი შეკითხვა, თორემ ხელისუფლების გაშვების გზა ან არჩევნები, ან გაყრა რომ არის, ეს ისედაც ცხადია. ოპოზიციას რომ შეეძლოს,  გაყაროს ხელისუფლება, ისინი უკვე გაყრილები იქნებოდნენ. თავისთავად ცხადია, რომ როცა რაღაც შეგიძლია, რესურსი გაქვს, ხალხი მხარს გიჭერს, რომ ხელისუფლება შეცვალო – ოპოზიციაში იმიტომ ხარ, რომ ეს გააკეთო, მაგრამ ვიდრე ამას გააკეთებ და ხალხი უფლებამოსილებას მოგცემს, რომ ხელისუფლება შეცვალო, ჯერ, სულ მცირე, მას არ უნდა დაუმალო, რის გაკეთებას აპირებ, როგორც მომავალი ხელისუფლება. აქ ვართ გაჭედილი ახლა. ოპოზიცია არ ამბობს, როგორი ქვეყანა უნდათ „ქართული ოცნების“ შემდეგ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი” – ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები უკრაინას რუსეთთან „სამშვიდობო მოლაპარაკებას“ არ აიძულებენ.

იტალიურ გამოცემა la Repubblica-თან ინტერვიუში, შეკითხვაზე, ცდილობენ თუ არა პარტნიორები უკრაინის ხელისუფლება დაარწმუნონ, რუსეთთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკება გამართოს და რა სცენარს სთავაზობენ მათ, ოლექსი დანილოვმა უპასუხა, რომ ინფორმაცია პარტნიორების მხრიდან ზეწოლის შესახებ დაუდასტურებელია.

„ზეწოლის შესახებ ცნობები არაფრით არ დასტურდება. ის მხოლოდ ინტერნეტში ვრცელდება. არ ვიცი, შეიძლება ეს რუსული ტროლების არმიის საქმეა, მაგრამ ვიცი, რომ პარტნიორებს მოლაპარაკების გამართვასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ წამოუყენებიათ. უკრაინა ამ პრობლემას დამოუკიდებლად მოაგვარებს და პუტინთან ყველანაირი მოლაპარაკება შეუძლებელია. რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი“, – აღნიშნა დანილოვმა.

“შს მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციაზე მოვა და ყველა კითხვას პასუხს გასცემს” – ირაკლი ქადაგიშვილი

რა თქმა უნდა, შს მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციაზე მოვა და ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საზოგადოებას ხელისუფლებისგან კითხვებზე ამომწურავი პასუხები უკვე აქვს და კითხვებთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ არის – ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტში ვახტანგ გომელაურის დაბარებას „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.

ქადაგიშვილი იმასაც ამბობს, რომ ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია არა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, არამედ ის, რომ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებული სპეკულაცია მუდმივად დღის წესრიგში ჰქონდეთ.

„ეს არის მიზანი. ჩვენ პრობლემისთვის თვალის გასწორების არ გვეშინია, მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია – ოპოზიცია ცდილობს, რომ ტრაგედიიდან რამენაირად მისი პოლიტიკური ხვალინდელი დღე გამოადნოს. ამისთვის არაფერს ერიდება – არ ერიდება არც მიცვალებულს, არც მიცვალებულის ოჯახის განცდას, არც ტრაგედიას, რომელიც საზოგადოების თითოეულმა წევრმა თანაბრად გაიზიარა. ამ ყველაფერზე სპეკულირებენ. გარკვეული კატეგორიის ადამიანები ჩასაფრებული არიან, რომ ტრაგედია საკუთარი ხვალინდელი დღის წარმატების საფუძვლად აქციონ და როცა ოპოზიცია ამაზე ფიქრობს, ეს სულ სხვა რამეზე მიგვანიშნებს. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ოპოზიციას მომავლის პოზიტიური ხედვა არ გააჩნია და ნებისმიერი ტრაგედიის ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოყენებას ცდილობს. მათი ასეთი დამოკიდებულებით თვითლუსტრაციას ეწევიან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„კოვიდის ახალი ვარიანტი უკვე აქ არის… ერთი კარგი ამბავი – ის არ არის ძალიან „მძიმე“ – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ქვეშტამის – EG.5-ის გავრცელებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

გიორგი ფხაკაძე ავრცელებს კოვიდის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით The New York Times-ის სტატიას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ომიკრონის“ ქვეშტამი EG.5 სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არ არის უფრო საშიში, ვიდრე წინა ვარიანტები“.

„ახალი ვარიანტი უკვე აქ არის, ერთი კარგი ამბავი, ის არ არის ძალიან „მძიმე“, მაგრამ რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის არის საშიში“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, Reuters აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროების მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ში, ევროპასა და აზიაში კოვიდ ინფექციები და მისგან გამოწვეული ჰოსპიტალიზაცია იზრდება.

საუბარია კოვიდ 19-ის „ომიკრონის“ ვარიანტის ქვევარიანტზე – EG.5-ზე, იგივე „ერისზე“, რომელიც 2021 წლის ნოემბერში აღმოაჩინეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, აგვისტოს მდგომარეობით, აღნიშნული ქვეშტამი 50-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი.

„ის არის კოვიდ-19-ის ყველაზე გავრცელებული და ყველაზე სწრაფად მზარდი ქვევარიანტი აშშ-ში და, სავარაუდოდ, კოვიდ-19 ის ამჟამინდელი შემთხვევების დაახლოებით 17% სწორედ ეს შტამია“, – წერს მედია ჯანდაცვის უწყებებზე დაყრდნობით.

“არა კომისიის შექმნა, არამედ ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს მთავარი ამოცანა” – გიგი წერეთელი

არსებული პარლამენტი არანაირ წესს არ იცავს, ამიტომ, არა კომისიის შექმნა, არამედ ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს მთავარი ამოცანა, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი შოვში მომხდარ ტრაგედიაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ამ პარლამენტში შეუძლებელია, რომ საგამოძიებო კომისიის ინიციატივას რაიმე განვითარება ჰქონდეს.

„ნებისმიერ ნორმალურ პარლამენტში, სადაც წესები და კანონები იცნობა, საგამოძიებო კომისიის არსებობა ასეთ ტრაგიკულ საკითხთან დაკავშირებით, მითუმეტეს, როცა ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, სწორი ინიციატივა იქნებოდა, თუმცა არსებული პარლამენტი არანაირ წესს არ იცავს. იგი ორიენტირებულია უმრავლესობის პოზიციის დაცვაზე და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არანაირ არსებულ კითხვას პასუხი არ გაეცეს. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ არა კომისიის შექმნა, არამედ ამ ტიპის ხელისუფლების შეცვლაა ჩვენი მთავარი ამოცანა“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

“დასავლეთი ცეცხლზე ნავთს ასხამს, რათა უკრაინაში კონფლიქტი კიდევ უფრო გაღვივდეს და მასში სხვა სახელმწიფოებიც ჩაითრიონ”

დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში კონფლიქტი გააფართოოს და მასში ახალი ქვეყნები ჩართოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო უსაფრთხოების შესახებ მოსკოვის XI კონფერენციაზე ვიდეო ჩართვის საშუალებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ის, თუ სანამდე მივყავართ ცეცხლზე ნავთის დასხმის პოლიტიკას ნათლად ჩანს უკრაინის მაგალითზე. ნეონაცისტური რეჟიმისთვის მილიარდობით დოლარის, აღჭურვილობის, იარაღის, საბრძოლო მასალის მიწოდება, სამხედრო მრჩევლებისა და დაქირავებული ჯარისკაცების გაგზავნა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კონფლიქტი კიდევ უფრო გაღვივდეს და მასში სხვა სახელმწიფოებიც ჩაითრიონ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

“11 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების ავთენტურობაში სასულიერო პირთა ერთი ნაწილის მხრიდან ეჭვის შეტანა, გაუმართლებელია”

საქართველოს საპატრიარქო მათ მიერ 11 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.

„ა.წ. 11 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების ავთენტურობაში სასულიერო პირთა ერთი ნაწილის მხრიდან ეჭვის შეტანა, გაუმართლებელია. ჩვენს გვერდზე დადებული განცხადება ყოველთვის არის შეთანხმებული კათოლიკოს-პატრიარქთან და საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან.

გვინდა აღვნიშნოთ ისიც (სხვა ფაქტებზე რომ არაფერი ვთქვათ), რომ როდესაც ქვეყანაში მასშტაბური მოვლენა ხდება, რომელზეც შეფასებას პირველიერარქი აკეთებს, მასთან (და, ასევე, ეპარქიის მმართველ მღვდელმთავართან) შეუთანხმებლად ნებისმიერი სასულიერო პირის მხრიდან საჯარო სივრცეში განსხვავებული დასკვნის გაკეთება სუბორდინაციის სერიოზული დარღვევაა.

ყველას მოვუწოდებთ ერთობისა და მშვიდობისაკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.