Home Blog Page 1432

“საქართველო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად უნდა პოზიციონირებდეს, როგორც დასავლეთის საყრდენი”

საქართველო, როგორც დასავლეთის საყრდენი, ისე უნდა პოზიციონირებდეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ჰქონდა რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის განვითარების თვალსაზრისით, ეს მოცემულობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, რამდენადაც შუამავლობის კარგად დაწყებული პროცესი ვერ გაგრძელდა ისე, როგორც სასურველი იყო.

„ამის მტკიცებულება მოლდოვაში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა იყო. რა თქმა უნდა, საქართველო კიდევ უფრო აქტიური უნდა იყოს, ვიდრე ახლა არის. ეს უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რეგიონში თავიანთ განვითარებას საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი თავად უნდა წყვეტდნენ, მაგრამ როცა ამას საქართველო ამბობს, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება უნდა, ეს არც თუ ისე სწორად აღსაქმელია, რადგან ერთადერთი ძალა, რომელიც რეგიონის განვითარებას მკვეთრად უპირისპირდება, რუსეთია თავისი საოკუპაციო პოლიტიკით და მცდელობით. ამიტომ საქართველო, როგორც დასავლეთის საყრდენი, ისე უნდა პოზიციონირებდეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა: „სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები, ჩვენი შემდგომი განვითარება, ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური“.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა: „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ გვთავაზობს ფასილიტატორის როლს, თუ სომხეთის თანხმობა იქნება, მყისიერად დავიწყებთ შეხვედრებს აქ, საქართველოში“.

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის ფონზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ისრაელსა და ღაზაში განვითარებული მოვლენების ფონზე მსოფლიოში ნავთობის ფასი გაიზარდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, Brent-ის ნავთობის ფასი 3 დოლარით გაიზარდა და ახლა ბარელი $87.68 ღირს. გაიზარდა ამერიკული ნავთობის ღირებულებაც. ისრაელსა და პალესტინაში ნავთობი არ მოიპოვება, თუმცა, ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ნავთობის გლობალური მარაგის მესამედს ითავსებს. მწარმოებლები შიშობენ, რომ მიმდინარე ომმა შესაძლოა მიწოდების ჯაჭვი დაარღვიოს.

ანალიტიკოსი ენერგეტიკის სფეროში სოლ კავანოჩი BBC-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ფასის ზრდა საბრძოლო მოქმედებებში სხვა ქვეყნების ჩართვის შესაძლებლობით არის განპირობებული, როგორებიცაა ირანი და საუდის არაბეთი.

„თუ კონფლიქტში ირანი ჩაერთვება, რომელსაც „ჰამასის“ მხარდაჭერაში ადანაშაულებენ“, ნავთობის გლობალური მარაგის 3% რისკის ქვეშ აღმოჩნდება“, – დასძინა მან.

სპეციალისტების პროგნოზით, წლის ბოლო 3 თვის განმავლობაში ნავთობზე მოთხოვნა პროდუქციის რაოდენობას გადააჭარბებს, რაც მაღალი ფასების შენარჩუნების საწინდარი გახდება.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისარელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელიმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე შეტევა დაიწყო.

სამხრეთ ისრაელში, რამდენიმე ადგილზე „ჰამასისა“ და ისრაელის ძალებს შორის ბრძოლა გრძელდება

სამხრეთ ისრაელში, რამდენიმე ლოკაციაზე „ჰამასის“ მებრძოლებსა და ისრაელის ძალებს შორის ბრძოლა გრძელდება.

ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს.

როგორც „ალჯაზირას“ კორესპონდენტები შემთხვევის ადგილიდან იუწყებიან, ისრაელმა სპეცრაზმი შეიყვანა „ჰამასის“ მიერ დაკავებული ტერიტორიების დასაბრუნებლად და ჯარები გამოიძახეს ქალაქ სდეროთთან.

“ქართული ოცნება“ ძალიან წვალობს, დიდი სურვილი აქვთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის”- დავით კირკიტაძე

„ქართული ოცნება“ ძალიან წვალობს, დიდი სურვილი აქვთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის. რეგლამენტში ცვლილებებმა დაგვანახა, რომ მათ პრობლემა აქვთ გუნდის შიგნითაც, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მათი პოზიცია იგივე რჩება და პროცესში მონაწილეობას არ აპირებენ. რაც შეეხება ცვლილებებს, კირკიტაძის განცხადებით, საჯაროობას ემხრობიან, თუმცა, იქვე დეპუტატი დასძენს, რომ წინააღმდეგი არიან იმ პრაქტიკის, რომ “ქართულმა ოცნებამ” კანონები მათი პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით შეცვალოს.

“თქვენ გახსოვთ ის 4 ღირსეული ადამიანი, რომელთაც თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს რუსულ კანონს, მათგან დავით სერგეენკოს გარდა, არც ერთი აღარ არის პარლამენტის წევრი, ისინი იძულებული გახადეს დაეტოვებინათ პარლამენტი ან სამუშაო ადგილი შეეცვალათ. ახლა რეგლამენტში ცვლილებებს აპირებენ იმისთვის, რომ ვინმეს კიდევ არ ჰქონდეს ცდუნება, რომ იმპიჩმენტის მავნებლურ პროცესს მხარი არ დაუჭიროს. ჩვენ მომხრე ვართ, ყველა კენჭისყრა ღია იყოს, არც ერთ ეტაპზე არაფერი დასამალი არ გვქონია. ღიაობის და საჯაროობის მომხრე ვართ, თუმცა, წინააღმდეგი ვართ იმ მანკიერი პრაქტიკის, როცა “ქართული ოცნება” საკუთარი ინტერესებით ჭრის და კერავს კანონებს და არ ადარდებთ მოქალაქეთა ბედი, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნავენ და ყველა იმ ადამიანის დასჯაზე, რომელიც ქვეყნის მხარეს არის და არ ემსახურება ივანიშვილს,”- განაცხადა კირკიტაძემ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება – ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, ღია კენჭისყრის წესი მათ შორის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზე გავრცელდება.

კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება, რადგან კონსტიტუციის თანახმად, მისი არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს.

“რეგლამენტში ცვლილებებს დავარქვათ კობახიძის მორიგი ოხუნჯობა” – პაატა მანჯგალაძე

რეგლამენტში ცვლილებებს დავარქვათ კობახიძის მორიგი ოხუნჯობა – ევროპა ჩვენგან ელოდება სასამართლო, საარჩევნო, ანტიკორუფციულ რეფორმებს, კობახიძემ მოიფიქრა რეფორმები, რომ ორი ვიცე-სპიკერი დაამატოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

რაც შეეხება თანამდებობის პირის არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული კენჭისყრის ღიაობის საკითხს, რომელიც ასევე პრეზიდენტის იმპიჩმენტსაც ეხება, მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ მისთვის გამჭვირვალობა პრობლემა არ არის, თუმცა, ეს ცვლილებები მოწყვლადი დეპუტატების კონტროლის გაძლიერებას ემსახურება.

“არჩევნებზე ადამიანებს ავალებენ, გადაუღონ მათ გაკეთებულ არჩევანს სურათი და გამოიტანონ, პარლამენტის წევრებს ამას ხომ არ ეტყოდნენ? ამ ქმედების ცივილიზებული ვერსიაა ეს ცვლილებები, ტელეფონით გამოტანის ნაცვლად, პირდაპირ იქნება ადამიანების სახელები და გვარები და მათი გადაწყვეტილება ცნობილი. ცვლილებები სჭირდებათ იმისთვის, რომ ვინც შანტაჟს, მოსყიდვას ექვემდებარება, ის ადამიანები გააკონტროლონ. არანაირ მეტ დემოკრატიას და თავისუფლების ხარისხს არ ემსახურება.

ამას დავარქვათ კობახიძის მორიგი ოხუნჯობა, ხუმრობა, რადგან მაშინ, როცა ევროპა ჩვენგან ელოდება სასამართლო, საარჩევნო, ანტიკორუფციულ რეფორმებს, კობახიძემ მოიფიქრა რეფორმები, რომ ორი ვიცე-სპიკერი დაამატოს (პარლამენტში), ხმის მიცემა გამჭვირვალე გახადა და ეს ყოფილა თურმე საქართველოს ამოცანა. მე პირადად გამჭვირვალობაში არანაირ პრობლემას არ ვხედავ, ისედაც ვამბობდი, რას ვუჭერდი მხარს და რას არა, მაგრამ არიან მოწყვლადი დეპუტატები შანტაჟის და მოსყიდვის მიმართ, ამ ხალხის თავისუფლება იზღუდება, თორემ პაატა მანჯგალაძე გამჭვირვალე იქნება, ნახევრად გამჭვირვალე თუ სიფრიფანა, ამით არაფერი იცვლება ჩემთვის. მთელი მსოფლიო ელოდება რეფორმებს და “ქართულმა ოცნებამ” წინა კვირას გვითხრა, სერგო ჩიხლაძე რომ ეწერებოდა ხოლმე ხანდახან ჟურნალისტებს, ესაა პრობლემაო, მეორე პრობლემა თურმე ის ყოფილა, რომ ორი დამატებით ვიცე- სპიკერი არ გვყავს და ის, რომ პროცესები უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა კობახიძეს რამე არ გამორჩეს შემთხვევით პარლამენტში,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პარტია “საქართველოსთვის” წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებას, რომ “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” ბევრი აქვს სავაჭრო, საერთო ბიზნესინტერესებიც აქვთ და იმპიჩმენტთან დაკავშირებით ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მანჯგალაძის თქმით, ეს განცხადებები ამ პარტიისთვის ამომრჩეველთა ნიშის შექმნას ემსახურება.

“მეტი რა უნდა თქვას ბუჩუკურმა, როგორ გამოკვეთოს თავის ნიშა? წამოსულია “ქოცებიდან”, “ქოცი” არ ენდობა. მოდის ოპოზიციაში და ისინიც არ ენდობიან და რაღაც ხომ უნდა თქვას?!”- აღნიშნა მანჯგალაძემ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, გასული 9 თვის განმავლობაში პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 174 ფაქტი გამოავლინა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, გასული 9 თვის განმავლობაში პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 174 ფაქტი გამოავლინა.

როგორც გასული 9 თვის ანგარიშშია აღნიშნული, გამოვლენილ სამართალდარღვევათაგან, სამსახურმა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა და გაფრთხილება გამოიყენა 145 შემთხვევაში.

„სამსახურმა დაადგინა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 174 ფაქტი, მათგან 39 ფაქტი გამოვლენილ იქნა 2022 წელს დაწყებული და საანგარიშო პერიოდში დასრულებული შემოწმების საფუძველზე, ხოლო 135 ფაქტი — საანგარიშო პერიოდში დაწყებული და დასრულებული ინსპექტირების საფუძველზე. 61% (106) შემთხვევა შეეხებოდა კერძო სექტორში, 25% (44) — საჯარო სექტორში, ხოლო 14% (24) — სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემთა არაკანონიერ დამუშავებას. სამართალდარღვევათაგან, სამსახურმა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა და გაფრთხილება გამოიყენა 145 შემთხვევაში. სახდელის სახით დაკისრებული 83 ჯარიმიდან, 19 მიემართებოდა 2022 წელს დაწყებულ და საანგარიშო პერიოდში დასრულებულ, ხოლო 64 — საანგარიშო პერიოდში დაწყებულ და დასრულებულ ინსპექტირებებს.

დაკისრებული 62 გაფრთხილებიდან, 15 მიემართებოდა 2022 წელს დაწყებულ და საანგარიშო პერიოდში დასრულებულ, ხოლო 47 — საანგარიშო პერიოდში დაწყებულ და დასრულებულ შემოწმებებს (ინსპექტირებებს). სამსახურის მიერ ერთ-ერთი დამმუშავებელი გათავისუფლდა ადმინისტრაციული სახდელისაგან და მიეცა 1 ზეპირსიტყვიერი შენიშვნა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 282 630 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 282 630 (+350) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 09.10.2023-მდე: ტანკები – 4823 (+2), ჯავშანტექნიკა – 9126 (+3), საარტილერიო სისტემები – 6706 (+1), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 808 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 543 (+1), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 316 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 5190 (+5), ფრთოსანი რაკეტები – 1530 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 20 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 9113 (+2), სპეციალური ტექნიკა – 959 (+0).

მეტეხის გვირაბში დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა ღამის საათებში შეიზღუდება

მეტეხის გვირაბში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გვირაბში არსებული დაზიანებული ფრაგმენტების გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდება. აღნიშნული სამუშაოები გვირაბის ორივე მხარეს მონაცვლეობით ჩატარდება.

„პირველ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების გამო 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩების კვეთიდან მეტეხის გვირაბის მიმართულებით.

მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩების კვეთიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, იალბუზის ქუჩის მიმართულებით, ხოლო იალბუზის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და 300 არაგველის ხიდის მიმართულებით მოძრაობას მარცხნივ მოხვევით შეძლებენ.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

სამხედრო მოსამსახურეებს „ჯარის ქალაქში“ ბინები გადაეცათ

მახათას მთაზე უპრეცედენტოდ მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო, დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბინების გადაცემის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ.

საცხოვრებელი ბინების განაწილება სამხედრო მოსამსახურეებზე ლოტოტრონის პრინციპის საფუძველზე მოხდა.

„ჯარის ქალაქის“ მშენებლობა ოფიცრებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად და სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელდა.

მახათას მთაზე სამხედროებისთვის 7-სართულიანი 39 კორპუსი აშენდა, რომელშიც 1092 ბინა განთავსდა. სამხედროებმა 50მ2 (2-3 წევრი), 80მ2 (4 წევრი) და 110მ2-იანი (5 და მეტი წევრი) საცხოვრებელი ფართის შეძენა, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლეს.

საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის ღირებულება 200 დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწიათ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს საშუალება ჰქონდათ არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ესარგებლათ.

პროექტი განგრძობითი ხასიათის იქნება. ამ მიზნით, თავდაცვის კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომლის შედეგადაც მაიორი და ზევით ოფიცერთა შემადგენლობა, მასტერ-სერჟანტი და ზევით სერჟანტთა კატეგორია ბინას მიიღებს, რაც იქნება სამხედროების დაფასების მიმართულებით სრულიად უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რეგლამენტში შედის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის ბიუროს სხდომის დახურვა შესაძლებელი იქნება

პარლამენტის ბიუროს სხდომის დახურვა შესაძლებელი იქნება. შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში შედის, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

პროექტში აღნიშნულია, რომ, როგორც წესი, პარლამენტის ბიუროს სხდომა საჯაროა, თუმცა ბიუროს სხდომა შეიძლება დაიხუროს, თუ ამას მოითხოვს ბიუროს წევრი და მის მოთხოვნას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა უმრავლესობა.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ პარლამენტის ბიუროს სხდომის დახურვის საკითხი განიხილება დახურული წესით და დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს სხდომის თავმჯდომარე დაადგენს.

“ჯარის ქალაქი დასრულებულია და დღეს საზეიმოდ გადავცემთ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს ბინებს”

ჯარის ქალაქი დასრულებულია და ჩვენ დღეს საზეიმოდ გადავცემთ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს ამ ლამაზ ბინებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მახათას მთაზე, სამხედრო მოსამსახურეებისთვის „ჯარის ქალაქში“ ბინების გადაცემის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არ იქნება ერთადერთი პროექტი და ანალოგიური პროექტი მალე შეიქმნება.

„მინდა ყველას მოგილოცოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება. ჯარის ქალაქი დასრულებულია და ჩვენ დღეს საზეიმოდ გადავცემთ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს ამ ლამაზ ბინებს. მინდა გითხრათ, რომ ვარ უზომოდ ბედნიერი და გახარებული, რომ კიდევ ერთი ჩვენ მიერ დაწყებული საქმე და პროექტი არის დასრულებული. იცით, ჩემი მინისტრობის დროს, მე გამოვაცხადე, რომ ჯარს ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნის. დავიწყეთ ეტაპობრივად ყველა საკითხის მოგვარება და მოწესრიგება. იქნებოდა ეს ბაზების რეაბილიტაცია, აღჭურვილობის შეძენა. ნებისმიერი საკითხის მოგვარება და რაც მთავარია, ერთ-ერთი მთავარი პროექტი იყო სწორედ ჯარის ქალაქის რეალიზება. იცით, რომ ეს პროექტი ძალიან მოკლე ვადებში შესრულდა. მე მინდა მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობას, მშენებლებს მადლობა გადავუხადო. იცით, რომ ჩვენ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს უპრეცედენტო პირობები შევთავაზეთ. მიხარია, რომ დღეს ეს პროექტი დასრულდა, მაგრამ მინდ გამოვაცხადო, რომ ეს არ არის ერთჯერადი პროექტი. ეს პროექტი გაგრძელდება და ასეთივე ანალოგიური პროექტი შეიქმნება ძალიან მალე.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენი, სახელმწიფოს ვალია თქვენი სამსახური, თავდადება დავაფასოთ მაქსიმალურად. სამხედროების სამსახური არის ფასდაუდებელი და ყველანი, მთავრობა, ხელისუფლება ვალდებულები ვართ მაქსიმუმი გავაკეთოთ თქვენთვის, რომ დაფასდეს თქვენი სამსახური ჩვენი ქვეყნის წინაშე, თქვენი თავდადება, გმირობა. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, გმირობის წინაშე. თქვენს ოჯახებს მინდა მადლობა გადავუხადო, თქვენს მეუღლეებს, თქვენს შვილებს. მინდა კიდევ ერთხელ გისურვოთ მშვიდობა და გამარჯვება“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პარლამენტის წევრს, რომელსაც პლენარულ ან კომიტეტის სხდომას დაატოვებინებენ, ხელფასიდან ხუთი პროცენტი დაექვითება

პარლამენტის წევრს, რომელსაც პლენარულ სხდომას ან კომიტეტის სხდომას დაატოვებინებენ, ხელფასიდან ხუთი პროცენტი დაუკავდება. შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში შედის, რომელიც ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება.

დღეს მოქმედი რეგლამენტით, დეპუტატს ხელფასიდან გარკვეული პროცენტი მხოლოდ სხდომების გაცდენისთვის უკავდება. ეს ეხება როგორც პლენარულ სხდომას, ასევე კომიტეტის სხდომას.

პროექტით კი განისაზღვრება, რომ პარლამენტის წევრს, რომლის მიმართაც შესაბამის დღეს სხდომის მიმდინარეობის პერიოდით კომიტეტის სხდომის დარბაზის ან სხდომათა დარბაზის დატოვების მოთხოვნა იქნება გამოყენებული, დაუკავდება შესაბამისი თვის ხელფასის 5%.