“რეგლამენტში ცვლილებებს დავარქვათ კობახიძის მორიგი ოხუნჯობა” – პაატა მანჯგალაძე

100
spot_img

რეგლამენტში ცვლილებებს დავარქვათ კობახიძის მორიგი ოხუნჯობა – ევროპა ჩვენგან ელოდება სასამართლო, საარჩევნო, ანტიკორუფციულ რეფორმებს, კობახიძემ მოიფიქრა რეფორმები, რომ ორი ვიცე-სპიკერი დაამატოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

რაც შეეხება თანამდებობის პირის არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული კენჭისყრის ღიაობის საკითხს, რომელიც ასევე პრეზიდენტის იმპიჩმენტსაც ეხება, მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ მისთვის გამჭვირვალობა პრობლემა არ არის, თუმცა, ეს ცვლილებები მოწყვლადი დეპუტატების კონტროლის გაძლიერებას ემსახურება.

“არჩევნებზე ადამიანებს ავალებენ, გადაუღონ მათ გაკეთებულ არჩევანს სურათი და გამოიტანონ, პარლამენტის წევრებს ამას ხომ არ ეტყოდნენ? ამ ქმედების ცივილიზებული ვერსიაა ეს ცვლილებები, ტელეფონით გამოტანის ნაცვლად, პირდაპირ იქნება ადამიანების სახელები და გვარები და მათი გადაწყვეტილება ცნობილი. ცვლილებები სჭირდებათ იმისთვის, რომ ვინც შანტაჟს, მოსყიდვას ექვემდებარება, ის ადამიანები გააკონტროლონ. არანაირ მეტ დემოკრატიას და თავისუფლების ხარისხს არ ემსახურება.

ამას დავარქვათ კობახიძის მორიგი ოხუნჯობა, ხუმრობა, რადგან მაშინ, როცა ევროპა ჩვენგან ელოდება სასამართლო, საარჩევნო, ანტიკორუფციულ რეფორმებს, კობახიძემ მოიფიქრა რეფორმები, რომ ორი ვიცე-სპიკერი დაამატოს (პარლამენტში), ხმის მიცემა გამჭვირვალე გახადა და ეს ყოფილა თურმე საქართველოს ამოცანა. მე პირადად გამჭვირვალობაში არანაირ პრობლემას არ ვხედავ, ისედაც ვამბობდი, რას ვუჭერდი მხარს და რას არა, მაგრამ არიან მოწყვლადი დეპუტატები შანტაჟის და მოსყიდვის მიმართ, ამ ხალხის თავისუფლება იზღუდება, თორემ პაატა მანჯგალაძე გამჭვირვალე იქნება, ნახევრად გამჭვირვალე თუ სიფრიფანა, ამით არაფერი იცვლება ჩემთვის. მთელი მსოფლიო ელოდება რეფორმებს და “ქართულმა ოცნებამ” წინა კვირას გვითხრა, სერგო ჩიხლაძე რომ ეწერებოდა ხოლმე ხანდახან ჟურნალისტებს, ესაა პრობლემაო, მეორე პრობლემა თურმე ის ყოფილა, რომ ორი დამატებით ვიცე- სპიკერი არ გვყავს და ის, რომ პროცესები უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა კობახიძეს რამე არ გამორჩეს შემთხვევით პარლამენტში,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პარტია “საქართველოსთვის” წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებას, რომ “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” ბევრი აქვს სავაჭრო, საერთო ბიზნესინტერესებიც აქვთ და იმპიჩმენტთან დაკავშირებით ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მანჯგალაძის თქმით, ეს განცხადებები ამ პარტიისთვის ამომრჩეველთა ნიშის შექმნას ემსახურება.

“მეტი რა უნდა თქვას ბუჩუკურმა, როგორ გამოკვეთოს თავის ნიშა? წამოსულია “ქოცებიდან”, “ქოცი” არ ენდობა. მოდის ოპოზიციაში და ისინიც არ ენდობიან და რაღაც ხომ უნდა თქვას?!”- აღნიშნა მანჯგალაძემ.