სამხედრო მოსამსახურეებს „ჯარის ქალაქში“ ბინები გადაეცათ

131
spot_img

მახათას მთაზე უპრეცედენტოდ მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო, დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბინების გადაცემის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ.

საცხოვრებელი ბინების განაწილება სამხედრო მოსამსახურეებზე ლოტოტრონის პრინციპის საფუძველზე მოხდა.

„ჯარის ქალაქის“ მშენებლობა ოფიცრებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად და სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელდა.

მახათას მთაზე სამხედროებისთვის 7-სართულიანი 39 კორპუსი აშენდა, რომელშიც 1092 ბინა განთავსდა. სამხედროებმა 50მ2 (2-3 წევრი), 80მ2 (4 წევრი) და 110მ2-იანი (5 და მეტი წევრი) საცხოვრებელი ფართის შეძენა, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლეს.

საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის ღირებულება 200 დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწიათ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს საშუალება ჰქონდათ არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ესარგებლათ.

პროექტი განგრძობითი ხასიათის იქნება. ამ მიზნით, თავდაცვის კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომლის შედეგადაც მაიორი და ზევით ოფიცერთა შემადგენლობა, მასტერ-სერჟანტი და ზევით სერჟანტთა კატეგორია ბინას მიიღებს, რაც იქნება სამხედროების დაფასების მიმართულებით სრულიად უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.