Home Blog Page 1425

ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბექა გრიგორიადისს სასამართლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბექა გრიგორიადისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირინა გოგოლაძემ მიიღო.

სასამართლომ ბექა გრიგორიადისთან ერთად სამართალდამრღვევად ცნო მისი ძმაც, კახა გრიგორიადისიც და 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სამართალდამცავებმა ბექა და კახა გრიგორიადისები 5 ოქტომბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს.

ბექა გრიგორიადისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კახა გრიგორიადისი კი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ვიქტორ ორბანი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი – ვიქტორ ორბანი ეწვია. უნგრეთის პრემიერი თბილისში მეუღლესთან -ანიკო ლევაისთან ერთად ჩამოვიდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის პრემიერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – თამარ ლილუაშვილი და საქართველოში უნგრეთის ელჩი – ანა მარია შიკო დახვდნენ.

ვიქტორ ორბანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

“ღაზას სექტორი, რომლის დაბომბვაც ისრაელის რეჟიმმა დაიწყო, მსოფლიოში ადამიანების ყველაზე დიდი ციხე ღია ცის ქვეშ”-ირანის საელჩო მედიის დეპარტამენტი

7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, ისრაელზე სარაკეტო დარტყმა დარტყმა განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა “ჰამასმა” აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა “ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა” გამოაცხადა და ღაზას სექტორში “ჰამასის” ობიექტებზე იერიში დაიწყო.

გაერომ უკვე გამოაქვეყნა შედეგები, რომლებიც სამ დღეში მოჰყვა ისრაელისა და “ჰამასის”  შეიარაღებულ დაპირისპირებას. გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის სამმართველოს მონაცემებით, ორივე მხრიდან დაღუპულთა რიცხვი 1600-ს აჭარბებს. ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 187 500-ზე მეტმა ადამიანმა.

გაეროს მიერ 9 ოქტომბერს, ღამით გამოქვეყნებულ ანგარიშში, ისრაელის მედიის მონაცემებზე დაყრდნობით წერია, რომ ისრაელში მოკლულია 900-ზე მეტი ადამიანი – როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, ისე უცხოელები. დაიჭრა სულ მცირე 2 616 ადამიანი. ისრაელის წყაროთა თანახმად, “ჰამასმა” დაატყვევა და ღაზაში იძულებით წაიყვანა 50-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი, მათ შორის ბავშვები და ქალები. პალესტინელთა შეიარაღებული ჯგუფები აცხადებენ, რომ ტყვედ ჰყავთ 150-ზე მეტი ადამიანი.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღაზაში მოკლულია სულ მცირე 687 და დაჭრილია 3 800 ადამიანი. კიდევ 17 პალესტინელი დაიღუპა და 296 დაიჭრა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.

  “ღაზას სექტორი, რომლის დაბომბვაც ისრაელის რეჟიმმა დაიწყო, მსოფლიოში ადამიანების ყველაზე დიდი ციხე ღია ცის ქვეშ. 16 წლის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე 2 მილიონზე მეტი პალესტინელი მძევლად იქცა”-ნათქვამია  ირანის საელჩო მედიის დეპარტამენტის მიერ “ჯორჯიან თაიმსისთვის” გამოგზავნილ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ოკუპირებულ პალესტინაში ამჟამინდელი ვითარება პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის, ლეგიტიმური უფლების ხანგრძლივი უარყოფის, პალესტინელებისა და მათი ტერიტორიის წინააღმდეგ ისრაელის მუდმივი აგრესიის, პალესტინაში მუსლიმებისა და ქრისტიანების წმინდა ადგილების, მათ შორის ალ-აქსას მეჩეთის მუდმივი შეურაცხყოფისა და სიონისტური რეჟიმის სახელმწიფო ტერორიზმის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების გულგრილობის შედეგია.

ბოლო 18 თვის განმავლობაში ისრაელმა გააძლიერა სამხედრო თავდასხმები ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც მხოლოდ ივლისში პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმას 12 პალესტინელი ემსხვერპლა, ხოლო 100-მდე დაიჭრა.

56 წლის მანძილზე ისრაელის არმია ყველა საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით იკავებდა დასავლეთ სანაპიროს, სადაც დაახლოებით 3 მილიონი პალესტინელი ცხოვრობს.

ღაზას სექტორი, რომლის დაბომბვაც ისრაელის რეჟიმმა დაიწყო, მსოფლიოში ადამიანების ყველაზე დიდი ციხე ღია ცის ქვეშ. 16 წლის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე 2 მილიონზე მეტი პალესტინელი მძევლად იქცა.

ის, რაც ისრაელელებმა, განიცადეს ბოლო რამდენიმე დღეა, პალესტინელები, მრავალი წლის განმავლობაში ყოველდღიურად განიცდიან. გაეროს მონაცემებით, მხოლოდ ბოლო 2 წლის განმავლობაში, სიონისტური ძალების თავდასხმების შედეგად 350-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 50-ზე მეტი ბავშვი. წლებია, სიონისტი სამხედროები, ყველაზე ამაზრზენი ფორმით კლავენ, აპატიმრებენ და აწამებენ პალესტინელ ქალებსა და ბავშვებს, რაზეც მსოფლიო არ რეაგირებს.

ირანი და ზოგიერთი სხვა ქვეყანა, წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ, რომ ამგვარი ვითარების გაგრძელება შეუძლებელია. შეუძლებელია უგულებელვყოთ მილიონობით ადამიანის თავისუფლებისა და სიცოცხლის უფლება, უარყოთ ყველა მშვიდობიანი გზა პალესტინელების უფლებების განსახორციელებლად.

სწორედ ამ გაფრთხილებების იგნორირებამ გამოიწვია პალესტინელთა ბოლოდროინდელი რეაქცია საკუთარი უფლებების დასაცავად.

პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობის ბოლო გადაწყვეტილებები და ქმედებები ეფუძნება თვითგამორკვევის ძირითად პრინციპს და არის სრულიად ლეგიტიმური პასუხი – შვიდი ათწლეულის მჩაგვრელ ოკუპაციასა და ისრაელის რეჟიმის უთვალავ დანაშაულზე. პალესტინელებს, რომლებიც ესწრაფვიან საკუთარ უფლებათა აღდგენას, ირანი სოლიდარობას უცხადებს და მხარს უჭერს წინააღმდეგობის მოძრაობისა და ჩაგრული პალესტინელების ძალისხმევას, აქტიურად განახორციელონ თავიანთი თანდაყოლილი და განუყოფელი უფლებები ოკუპაციისა და აგრესიის წინააღმდეგ. თუმცა, ხაზგასასმელია ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ირანი პალესტინელთა ქმედებებში არ ერევა.

პალესტინელები, თავად წყვეტენ, რა პასუხი გასცენ ოკუპაციასა და სიონისტთა დანაშაულებს.

ირანის ისლამური რესპუბლიკის მხარდაჭერა პალესტინის მიმართ სრულიად შეესაბამება გაერთიანებულ ერთა ორგანიზაციის ძირითად დებულებებს, მათ შორის ერთა თვითგამორკვევის პრინციპს. ეს იქნება ირანის ძირითადი პოზიცია პალესტინის ოკუპაციის დასრულებამდე.

ვურჩევთ დასავლეთის ქვეყნებს, არ გაიმეორონ წარსულის შეცდომები და ღაზას სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგან.  ისრაელის რეჟიმი, გასული რამდენიმე დღის მანძილზე ბომბავს დასახლებულ რეგიონებს და ხოცავს სამოქალაქო პირებს. ბოლო დღეებში დაბომბვას ემსხვერპლა 700-ზე მეტი პალესტინელი, მათ შორის 140 ბავშვი. ისრაელმა ღაზას სექტორს წყალმომარაგება შეუწყვიტა  და საწვავისა და საკვების მიწოდებასაც ხელს უშლის.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ასევე ღაზას სექტორის სრული ალყის გამო შეშფოთება გამოთქვა. ისრაელის არმიის მიერ საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვა და მსგავსი ალყის შემორტყმა, რომელიც მოსახლეობის შიმშილით ამოწყვეტას გულისხმობს და მათი სიკვდილით დასრულდება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დებულებათა მიხედვით, სამხედრო დანაშაულია.  ამის მიუხედავად, დასავლეთი ისრაელის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე თვალს ხუჭავს, ხოლო დასავლური მედია, პალესტინის კრიზისის საფუძვლისა და მიზეზთა გაშუქების ნაცვლად, კვლავაც აგრძელებს სინამდვილის დამახინჯებას”- ნათქვამია ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მედიის დეპარტამენტის განცხადებაში.

 

“ბოლო 10 წელიწადში საქართველოში სიღარიბე ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია”

ბოლო სამ წელიწადში საკმაოდ შევამცირეთ სიღარიბე, უმუშევრობა. სიღარიბე და უმუშევრობა დღეს არის ისტორიულ მინიმუმზე. ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე საქართველოში ბოლო 10 წელიწადში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„მინდა მოვიყვანო კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკური მონაცემები. იცით, რომ ბოლო სამ წელიწადში საკმაოდ შევამცირეთ სიღარიბე, უმუშევრობა. სიღარიბე და უმუშევრობა დღეს არის ისტორიულ მინიმუმზე. თუ გავიხსენებთ 2012 წელს, მაშინ სიღარიბის მაჩვენებელი იყო დაახლოებით 30%, უმუშევრობა 27%-ზე მეტი, დღეს არის დაახლოებით 17% უმუშევრობის მაჩვენებელი და სიღარიბე 15%-ზე ჩამოვიდა. ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე საქართველოში ბოლო 10 წელიწადში“, – აღნიშნა პრემიერმა.

“დამოუკიდებელი სასამართლოსთვის ადეკვატური რეფორმები უნდა გავატაროთ, რასაც გვირჩევენ და რასაც სჭირდება პოლიტიკური ნება”

დამოუკიდებელი სასამართლოსთვის ადეკვატური რეფორმები უნდა გავატაროთ, რასაც გვირჩევენ და რის განხორციელებასაც პოლიტიკური ნება სჭირდება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ალეკო ელისაშვილს საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებებზე ვენეციის კომისიის მოსაზრებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიას ეკითხება, ხომ ნამდვილად ოთხი ტალღა გვქონდა სასამართლოშიო, ვენეციის კომისიამ გვიპასუხა – აქ თქვენი გოიმი არავინ არის, თქვენი ვითომ რეფორმებით არავინ გოიმდება და თუ გინდათ, სასამართლო დამოუკიდებელი იყოს, რეფორმები გაატარეთ, მურუსიძის სასამართლოს ოთხი ტალღის არავის სჯერაო. თუ გვინდა, რომ დამოუკიდებელი სასამართლო გვქონდეს, კენჭისყრები ისე არ უნდა ჩატარდეს, როგორც ჩატარდა, რომ ვითომ ვიღაცას იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე მიეჭირა ხელი. დამოუკიდებელი სასამართლოსთვის ადეკვატური რეფორმები უნდა გავატაროთ, რასაც გვირჩევენ და რის განხორციელებასაც პოლიტიკური ნება სჭირდება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობის მოწოდებით გამოვიდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობის მოწოდებით გამოვიდა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ღაზის სექტორში მდებარე შვიდ საავადმყოფოში საჭირო სამედიცინო მასალის მარაგი ამოწურულია.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოდის ძალადობის შეწყვეტის მოწოდებით. აუცილებელია ჰუმანიტარული დერეფანი, რათა ადამიანები უზრუნველყოფილი იყვნენ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მასალით. ჩვენ ამ საკითხზე პარტნიორ სააგენტოებთან ერთად ვმუშაობთ“, – განაცხადეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აპირებს, ერთი მილიონი დოლარი გამოყოს საჭირო სამედიცინო საშუალებების შესაძენად, რაც 500 პაციენტის სამკურნალოდ იქნება საკმარისი.

“თუ მთავრობა არღვევს წესებს, საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში წესრიგი” – მიხეილ სააკაშვილი

თუ მთავრობა არღვევს წესებს, საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში წესრიგი – მთავრობა გასულია ლეგალურობის ველიდან, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, აუცილებლად დადგება მომენტი, როცა საზოგადოებამ ქვეყნის დაცვა საკუთარ ხელში უნდა აიღოს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, რაც უფრო მეტად გვითრევს რუსული სამყარო, მით უფრო დიდი ქაოსი იქნება, რაც საზოგადოებას არ სურს.

„ჩემი მეგობრის შვილი 8 წელიწადი იყო არალეგალად, დეპორტი ჩაურტყეს და რა თანხაც ჰქონდა, აეროპორტში ჩამოართვეს. სტუდენტები სწავლობენ იმისთვის, რომ ქვეყნიდან წავიდნენ. ექთანი ხელფასის სახით 300-500 ლარამდე იღებს. საერთოდ აღარ არიან ექიმები, ყველა მიდის.

აუცილებლად დადგება მომენტი, როცა საზოგადოებამ საკუთარ ხელში უნდა აიღოს ქვეყნის დაცვა. ხალხი მხოლოდ მთავრობის იმედზე ვერ იქნება. რაც უფრო მეტად გვითრევს რუსული სამყარო, მით უფრო დიდი ქაოსი იქნება. ჩვენ, საზოგადოებას ეს არ გვსურს, ასეთია რუსული МИР-ის თამაშის წესები.

რა არის ევროპა? – ელემენტარული წესრიგი ქუჩაში, უსაფრთხოება ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. რა არის რუსეთი? – არეულობა, ძალადობა, სისასტიკე, ქურდული წესრიგი. თუ მთავრობა არღვევს წესებს, საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში წესრიგი.

მთავრობა გასულია ლეგალურობის ველიდან და როგორც სწორად თქვა ციხიდან ლაზარე გრიგორიადისმა: “ქვეყანა ეკუთვნის საზოგადოებას და მან უნდა აიღოს ხელში საკუთარი თავისუფლების, სამართლიანობისა და კეთილდღეობის საკითხებიც”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

“რეგლამენტში ცვლილებები საზოგადოების წინაშე თითოეული დეპუტატის პასუხისმგებლობას ზრდის” – დიმიტრი ხუნდაძე

ოპოზიციამ დაიწყო სპეკულაცია, თითქოს ეს, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების არჩევისა და გათავისუფლების წესის ცვლილება, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან იყოს კავშირში, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, პროექტი არ არის დაჩქარებული და პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ მოესწრება.

„ვფიქრობ, ამას ოპოზიცია უბრალოდ უნდა მოერიდოს, რომ სასაცილოდ არ გაიხადოს თავი, რადგან ეს პროექტი არ არის დაჩქარებული, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის დროს მოესწროს. ამაზე ეჭვის მიტანა მათი მხრიდან მხოლოდ არასერიოზული დამოკიდებულებაა. ეს არავითარ კავშირში არაა. თუმცა, რეგლამენტში ამგვარი ცვლილებები, ვფიქრობ, თითოეული დეპუტატის პასუხისმგებლობას ზრდის საზოგადოების წინაშე.“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

“ისრაელს უფლება აქვს, დაიცვას თავისი მოქალაქეები „ჰამასის“ თავდასხმებისგან” – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელი კოენს ტელეფონით ესაუბრა და ისრაელის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ვესაუბრე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელი კოენს იმის შესახებ, თუ როგორ უჭერს მხარს აშშ ისრაელს, რომელიც „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმისგან იცავს თავს და დავადასტურე მცდელობები ყველა მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლების უზრუნველსაყოფად“, – წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

თიბისი ჯგუფის ტექ გუნდმა AWS Game Day-ზე მონაწილეობა მიიღო

თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი გვიზიარებს მიღებულ გამოცდილებას ერევანში AWS-ის (Amazon Web Services) მიერ ორგანიზებულ GameDay-ზე. GameDay შეჯიბრია, რომლის ძირითადი მიზანი გადაწყვეტილებების დანერგვის უნარის შემოწმებაა, რათა მონაწილეებმა რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადაჭრა რისკისგან თავისუფალ გარემოში ისწავლონ.

“თიბისიში დაგროვებული გამოცდილება ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის ღირებული აღმოჩნდა, რადგან მრავალფეორვან და ბევრ ტექნოლოგიასთან გვიწევს შეხება ყოველდღიურად. ამ დონის შეჯიბრზე პირველად გავედით, ამიტომ მიღებული შედეგი მისაღებია. გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მიღებული გამოცდილება, თუნდაც გუნდური მუშაობის კუთხით, მომავალში აუცილებლად გამოგვადგება”. – საბა საყვარელიძე, თიბისის CloudOps ინჟინერი.

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და საკუთარი თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

R

“რუსების სიცრუე და დეზინფორმაციები:უკრაინა, ისრაელი და “ჰამასი”

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიის „ამერიკის ხმის“ (Voice of America) უკრაინული სამსახური თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ინტერვიუს უკრაინის დაზვერვის მთავარი დირექტორატის წარმომადგენელ ანდრეი იუსოვთან, სათაურით „რუსების სიცრუე და დეზინფორმაციები: უკრაინა, ისრაელი და „ჰამასი“ (ესაუბრება ჟურნალისტი მარია ულიანოვსკაია).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე მიმოხილვას:

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ უკრაინაში ნადავლის სახით მოპოვებული იარაღის ნაწილი, [რუსეთის მიერ] უკვე გადაეცა „ჰამასის“ ტერორისტ წარმომადგენლებს“, – ამბობს ანდრეი იუსოვი. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა, უკრაინის საწინააღმდეგო საინფორმაციო კამპანიისთვის გამოიყენოს.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები, რუსეთი, როგორც აგრესორი სახელმწიფო და მისი პარტნიორები და სატელიტები, კერძოდ გავლენის აგენტები, იწყებენ მორიგ ანტიუკრაინულ კამპანიას, რათა ისრაელზე ბოლო დროს განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები, უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენონ. განსაკუთრებით, მისი დისკრედიტაციისთვის თავისუფალი სამყაროს, ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების თვალში, რათა ამან ხელი შეუშალოს ან გაართულოს, შემდგომი სამხედრო დახმარების გაწევა“, – აცხადებს ანდრეი იუსოვმა, – რუსეთი ამას ინფორმაციული და ფსიქოლოგიური სპეცოპერაციის“ წარმართვის მიზნით აკეთებს, რათა განავითაროს მოსაზრება, თითქოს, „უკრაინამ, ვიღაცას, რაღაც მიჰყიდა“.

„ეს, რა თქმა უნდა, ფალსიფიკაციას და პროვოკაციას წარმოადგენს. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ შეუერთდნენ უკრაინის დისკრედიტაციის ამ კამპანიას რეჟიმის ოფიციალური წარმომადგენლები, რუსეთის მაღალი რანგის მქონე პირები“, – აღნიშნავს ანდრეი იუსოვი, – „უკრაინისთვის გაწეული დახმარება და ყველა შეიარაღება, ჩვენი პარტნიორების, შეერთებული შტატების და ევროკავშირის ქვეყნების, ნატოს მიერ, მკაცრ კონტროლს ექვემდებარება. ამ კონტროლის შედეგები და შემოწმების შედეგები არაერთხელ დაფიქსირდა. უკრაინა არის მაქსიმალურად გამჭვირვალე და ღია“.

უკრაინელი მაღალჩინოსანი, „ამერიკის ხმას“ ეუბნება, რომ გავრცელებული ცნობები, „უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელება და მიუღებელი პროვოკაციებია, ამჯერად საერთაშორისო საინფორმაციო პოლიტიკის ველზე“.

წყარო

“ვენეციის კომისიისა და „ქართული ოცნების“ ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება” – იაგო ხვიჩია

ვენეციის კომისიის დასკვნა არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ „ქართული ოცნება“ სასამართლოში არ გააკეთებდა ისეთი ტიპის ცვლილებას, რომელიც ერთპარტიულ ძალაუფლებას საფრთხეს შეუქმნიდა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ სასამართლოების კანონში ცვლილებებზე ვენეციის კომისიის მოსაზრებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, ვენეციის კომისიისა და „ქართული ოცნების“ ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

„ქართული ოცნება“ ძალოვანი უწყებების მეშვეობით მართავს ქვეყანას, ამიტომ ქვეყნის სამართავად სასამართლოზე სრული კონტროლის არსებობა მათთვის აუცილებელია, ვენეციის კომისიას კი უნდა, რომ ევროპულად მოვიქცეთ. შესაბამისად, მათი და „ქართული ოცნების“ ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ამიტომაც ხედავთ განსხვავებებს პოზიციებში, რიტორიკაში. ძალიან გულუბრყვილო ადამიანს არ ვგავარ, რომ „ქართული ოცნებისგან“ სასამართლოს რეფორმირებას ისე ველოდებოდე, რომ ძალაუფლება თვითონ დაკარგონ, რომლის კონცენტრაციისთვის ყველაფერზე წავიდნენ. მიხეილ სააკაშვილის რეპუტაციაშერყეული მოსამართლეებიც კი დატოვეს სასამართლო სისტემაში, რომ ეს სისტემა არ დაენგრიათ და ახლა ძალიან გულუბრყვილობა იქნება იმაზე ფიქრი, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის გამო რამე შეიცვლება.

ბორელი როცა იყო ჩამოსული, მისთვისაც გასაგები გახდა „ქართული ოცნების“ რეალური არსი, ბუნება და მათი ხასიათი, ის, რომ არანაირ რეალურ ცვლილებას არ აპირებენ. ამიტომ გვითხრეს, ნომინალურად მაინც შეგვესრულებინა რაღაც პუნქტები, რათა სტატუსი მოეცათ და ამის შემდეგ გაგვეგრძელებინა მუშაობა. სტატუსი უნდა მოგვცენ, მიუხედავად იმისა, ახლა ჩვენ რას ვაკეთებთ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობისთვისაც უნდა იყოს ცხადი, რომ სტატუსია ბოლო რამე, რომელსაც ამ ხელისუფლების პირობებში, შესაძლოა, ევროპელები გვაძლევდნენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.