Home Blog Page 1407

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქალის მიმართ ადევნების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ნაცნობი ქალის მიმართ განხორციელებული ადევნების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის უფროსი ინსპექტორი იქნა მხილებული. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავი 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში, ქ. რუსთავში, არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ნაცნობ ქალბატონთან, კერძოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ ხვდებოდა მას, ასევე, შეხვედრის მოთხოვნით უკავშირდებოდა ტელეფონისა და სოციალური ქსელების საშუალებით, ემუქრებოდა მათი მიმოწერის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, გარდა ამისა, ადევნების გზით, უკანონოდ აკონტროლებდა მის გადაადგილებას.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, რის შედეგადაც მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტორს ბრალდება ადევნებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.

დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობის შედეგად, სამსახურის ამოქმედებიდან დღემდე, არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში ჯამში, 62 სამართალდამცავია მხილებული“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება

სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 60-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 21 გუნდი, რომელიც მომდევნო თვის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე.

 შერჩეული სტარტაპები:

 

  • Addme – სოციალური ქსელების, ვებ-გვერდის, ელ-ფოსტის, მობილურის ნომრის თუ სხვა საკონტაქტო ინფორმაციის გაზიარების სწრაფი და მარტივი პლატფორმა.
  • Bitpulse – კრიპტოვალუტების ფასების პოტენციური ცვლილებების იდენტიფიცირების პორტალი.
  • Connect. – მარკეტფლეისი, რომელიც ამარტივებს სამედიცინო ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სხვა სერვისების მიღებასა და ანგარიშსწორებას.
  • Coiners – სოციალური პლატფორმების მონეტიზაციის ვებ.აპლიკაცია.
  • Gakvetilo.ge – რეპეტიტორებისა და მოსწავლეების დამაკავშირებელი პლატფორმა.
  • Helio.AI  რეკრუტინგის მართვის სისტემა, რომელიც კომპანიებს პროცესის სრულ ავტომატიზაციაში ეხმარება.
  • Hotcard – ჰორეკა სექტორის ექსკლუზიური შეთავაზებების (Buy One, Get One) აპლიკაცია.
  • Justpay – გადახდის ბმულები მარტივი სოციალური კომერციისთვის.
  • Kiddos – საბავშვო ნივთების გადაყიდვის (re-sale) პლატფორმა.
  • KidNest – საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მშობლების დამაკავშირებელი აპლიკაცია.
  • MaxHP – კომპლექსური მობილური თამაშები მათთვის, ვინც კომპიუტერული თამაშებიდან, მობილური თამაშებისკენ ახდენს მიგრაციას.
  • My Traders – ტრეიდინგ და საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს სანდო ტრეიდერებთან.
  • Rollycks – ელექტრონული გორგოლაჭები და თანმხლები აპლიკაცია, რომელიც  საშუალებას აძლევს მომხმარებელს აღმოაჩინოს ახალი ადგილები, თანამოაზრეები, ჩაერთოს შეჯიბრში და მოიპოვოს წამახალისებელი პრიზები.
  • Roommate Georgia – პლატფორმა, სადაც სტუდენტები ინტერესების მიხედვით პოულობენ ოთახის მეზობლებს, ბინის ქირის ხარჯის გაყოფის მიზნით.
  • Sanolink – პლატფორმა, რომელიც ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მაძიებლებს აკავშირებს შესაბამის ტრენერებთან.
  • TourTour – სამოგზაურო ტურების დაგეგმვის ციფრული პლატფორმა.
  • UBIQ – სოციალური ქსელი საერთო ინტერესების მქონე ადამიანებისთვის.
  • Verify.com.ge – დასაქმების კანდიდატების სკრინინგისა და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების პლატფორმა დამსაქმებლებისთვის.
  • Wenroll – ონლაინ-კურსების ინტერაქციული მობილური აპლიკაცია.
  • Wisp – ჟესტური ენების შემსწავლელი აპლიკაცია.
  • Woofio – პლატფორმა, რომელიც აკავშირებს შინაური ცხოველების მფლობელებს სერვისის პროვაიდერებთან.

 

პრე-აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ფიზიკური და ონლაინ შეხვედრები), გაგრძელდება 3 თვეს (ოქტომბერი 2023 – იანვარი 2024) და შედგება 8 ძირითადი კომპონენტისგან:

  1. 2 ბუტკემპი (1 თბილისში, 1 საერთაშორისო);
  2. თემატური სესიები (კვირაში 3 დღე, 2 საათი);
  3. ინდივიდუალური შეხვედრები ქოუჩთან (მოთხოვნის შესაბამისად);
  4. ინდივიდუალური ონლაინ მენტორინგი სფეროს ექსპერტებთან;
  5. ნეთვორქინგი – P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები, Stand-up-ები;
  6. სპეციალური შეთავაზებები სტარტაპებს
  7. იმფაქთ ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა (მოთხოვნის შესაბამისად);
  8. დემო დღე – მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ინვესტორების წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით.

პრე-აქსელერატორში მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაციამომხმარებლის სეგმენტაციაფასეული შეთავაზებამარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვებიGrowth MarketingMVP – ტექნიკური პროდუქტის შექმნაბიზნესმოდელი და ფინანსებიPitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.

სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო სამი ნაკადი, ჯამში 60 სტარტაპი და მთლიანობაში გუნდებმა 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს.

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ აქ: https://preacceleration.com

სტარტაპ პრე-აქსელერატორის მხარდამჭერები: Entreprenership Academy, თიბისი.

R

 

“სასამართლომ ერთადერთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – საქართველოს პრეზიდენტისგან კონსტიტუციის დარღვევა დაადგინოს”

ჩვენ ვერ დავუშვებდით და ვერ დავუშვებთ, რომ ნებისმიერ კანონზე და მით უმეტეს, კონსტიტუციაზე მაღლა ვინმე დადგეს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მისი თქმით, კონსტიტუციის პრინციპებზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ მათი წარდგინება უნდა დააკმაყოფილოს.

„მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენი საზოგადოება თვალყურს ადევნებდა კონსტიტუციის უხეში დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს. როგორც ჩანს, ის მაინც ფიქრობდა, რომ კონსტიტუციაზე მაღლა იდგა. ამის გაგრძელება იყო ის, რომ ჩვენ ვერ დავუშვებდით და ვერ დავუშვებთ, რომ ნებისმიერ კანონზე და მით უმეტეს, კონსტიტუციაზე მაღლა ვინმე დადგეს. ჩვენ იძულებული გავხდით, კონსტიტუცია დაგვეცვა. სხვა შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ, თანაზიარი ვიქნებოდით კონსტიტუციის დარღვევის. ვფიქრობ, რომ სამართლებრივად აბსოლუტურად ლოგიკური და კონსტიტუციის პრინციპებზე დაყრდნობით, სასამართლომ ერთადერთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და დაადგინოს საქართველოს პრეზიდენტისგან კონსტიტუციის დარღვევა, უნდა დააკმაყოფილოს საკონსტიტუციო წარდგინება“, – განაცხადა ღუდუშაური.

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს. დღეს გახდება ცნობილი, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ქვეყნის მთავარი კანონი. ცხრა მოსამართლის გადაწყვეტილებით გაირკვევა, პროცესები გადაინაცვლებს თუ არა საკანონმდებლო ორგანოში.

“არ გვჭირდება ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ” -საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ხელს, დაახლოებით, 12:00 საათის შემდეგ მოაწერენ. ამის შესახებ მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად მთელი რიგი პროცედურები აქვს ჩასატარებელი.

„გადაწყვეტილების გამოცხადების და გამოქვეყნების დღეა 16 ოქტომბერი. 16 ოქტომბერი შედგება რამდენიმე საათისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეები შეიკრიბებიან 12 საათის შემდეგ, მოაწერენ ხელს გადაწყვეტილებას, ამის შემდეგ დაახლოებით ორი საათი სჭირდება იმას, რომ გამოსაცხადებლად მომზადდეს გადაწყვეტილების ტექსტი. ექსპერტიზა უნდა გაიაროს სამართლებრივ დეპარტამენტში, ხოლო მას შემდეგ გამოცხადდება, რამდენიმე საათში, დღის განმავლობაში გამოქვეყნდება. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცი ჩემი და მოსამართლეების პოზიციებიც, კანონიდან გამომდინარე, არ ვარ უფლებამოსილი, ეს კანონდარღვევა იქნება, რომ დოკუმენტის ხელმოწერამდე გამოვაცხადო ჩემი პოზიცია. არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, ამის შესახებ ინფორმირებულები იქნებოდით და ჩვენ განვაცხადებდით. არ გვჭირდება ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ.

ჩვენ შევიკრიბეთ, ვითათბირეთ და ცნობილია სხვა მოსამართლეების გადაწყვეტილება. იყო თუ არა აზრთა სხვადასხვაობა, ესეც არის თათბირის საიდუმლოება. ვიცით ერთმანეთის პოზიცია, თათბირის საიდუმლოებას ვერ გავამჟღავნებთ. მას შემდეგ რაც დოკუმენტს ხელი მოეწერება… ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად დასაბუთებული იქნება. ნორმალური საქმე იყო, დროში ვიყავით შეზღუდულები. ეს იყო ჩვეულებრივი სამართლებრივი დავა. შეიძლება თავისი მნიშვნელობით, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სამართლებრივად გადასაწყვეტად ჩვენთვის არ იყო განსაკუთრებულ სირთულეებთან დაკავშირებული. როგორიც უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება, ისეთი მივიღეთ“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.

“ვისურვებდი, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს მედეგობა იმისა, რომ გაუძლოს „ქართული ოცნების“ წნეხს”

ვისურვებდი, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს მედეგობა იმისა, რომ გაუძლოს „ქართული ოცნების“ წნეხს, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვას. ის ფიქრობს, რომ იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და ხელისუფლების კრახით დასრულდება.

„ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენად ძლიერი წნეხი აქვს მათ შორის ეროვნულ ბანკზე “ქართულ ოცნებას”. ამიტომ, გამომდინარე იქიდან, რომ თავად ირაკლი კობახიძე ელოდება პარლამენტში ამ პროცესის გადმოტანას, ვვარაუდობ, რომ ეს პროცესი პარლამენტში გადმოვა, თუმცა “ქართული ოცნების” კრახით დასრულდება, რადგან მან ეს პროცესი ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟირების მიზნით წამოიწყო”,- განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ “ქართული ოცნების” ავტორობით მომზადებული წარდგინება ოქტომბრის დასაწყისში განიხილა. განხილვა 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მმართველ პარტიას, რომელიც პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს, სხდომებზე უმრავლესობის 4 დეპუტატი, მათ შორის “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარმოადგენდა, პრეზიდენტის წარმომადგენლები კი იურისტები – თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იყვნენ. თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი სასამართლო განხილვებს არ დასწრებია.

“ქართული ოცნება” პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში, ევროპაში მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებული ვიზიტების გამო ედავება.

“ისრაელი უარყოფს ინფორმაციას, რომ დღეს რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გახსნა იგეგმება” – CNN

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნის შესახებ ღაზასა და ეგვიპტეს შორის რაიმე შეთანხმება არსებობს.

„ამ დროისთვის ღაზის სექტორში არ მოქმედებს არც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და არც ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უცხოელების გასვლის სანაცვლოდ“, – განუცხადეს CNN-ს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.

განცხადება გაავრცელა „ჰამასმაც“, სადაც აღნიშნულია, რომ ეგვიპტიდან არ მიუღიათ დადასტურება რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის შესაძლო გახსნის შესახებ.

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნა იგეგმებოდა, რომელიც ღაზას ეგვიპტესთან აკავშირებს. ამასთან, Reuters-ის ცნობით, იმისთვის, რომ სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნა შესაძლებელი გახდეს, ისრაელი დღეს დილით, ადგილობრივი დროით 9:00 საათიდან სამხრეთ ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე დასთანხმდა.

“სავსებით შესაძლებელია პოლონეთში სამოქალაქო ომი დაიწყოს” – დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოლონეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება. მისი თქმით, შესაძლოა, ამ არჩევნების შედეგად ქვეყანაში უმართავი პროცესები დაიწყოს.

„პოლონეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. მმართველმა პარტიამ დიდი ალბათობით, დაკარგა უმრავლესობა 460-მანდატიან სეიმში. იაროსლავ კაჩინსკის პარტია “სამართალი და სამართლიანობამ” ეგზიტპოლების მიხედვით, აიღო ამომრჩეველთა 36,8%. მისი უახლოესი კონკურენტია “სამოქალაქო კოალიცია”, რომელიც აერთიანებს ფემინზმის, ლიბერალიზმის, სეკულარიზმისა და “LGBT” თემების ინტერესდამცველებს – 31,6%. ოპოზიციური “მესამე გზა” აგროვებს 13%-ს, ხოლო “მემარცხენეები” – 8,6%. ასე რომ, თუ ოპოზიციური სპექტრი შეძლებს გაერთიანებას, სეიმის უმრავლესობაც მათ ხელში იქნება და მთავრობის ჩამოყალიბების ბერკეტებიც. ოდნავ მაინც რომ გვქონდეს წარმოდგენა, რა ტიპის პოლონეთთან შესაძლოა გვქონდეს საქმე ახლო მომავალში, მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: “სამოქალაქო კოალიციის” ლიდერი რაფალ თშასკოვსკი, სულ რაღაც სამი წლის წინ გამოდიოდა ინიციატივით, ქვეყნის კათოლიკური ეკლესიის ბაზაზე შექმნილიყო ცალკე ტაძრები, რომელთა “მრევლი” მხოლოდ “LGBT” თემის “მორწმუნე” წარმომადგენლები იქნებოდნენ, შესაბამისი ორიენტაციის “სამღვდელოებით”. მსგავსი სიგიჟე პოლონურ ეკლესიას მისი დაარსების დღიდან ჯერ არ შეხებია. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ქვეყნის კონსერვატიულ მხარეზე უკვე გაისმის რადიკალური მოწოდებები. ასე მაგალითად, პოლონეთის არმიის გენერალმა პეტერ პიტელმა განაცხადა, რომ არჩევნებში მმართველი პარტიის მარცხის შემთხვევაში, ის არ გამორიცხავს ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შენარჩუნების შესაძლებლობას. ქვეყნის ექსპრეზიდენტმა ლეხ ვალენსამ კი დასძინა, რომ სავსებით შესაძლებელია, პოლონეთში დაიწყოს სამოქალაქო ომი და ქვეყნის მოსახლეობის ჯანსაღმა ნაწილმა ხელში იარაღი აიღოს,” – წერს ქართველიშვილი.

“სიძულვილის ენის გამოყენება მედიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პრობლემას წარმოადგენს” – ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, სიძულვილის ენის გამოყენება მედიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პრობლემას წარმოადგენს. იოსელიანმა მედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე “მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები შეაფასა, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.

ლევან იოსელიანის თქმით, ის ინიციატივას არ იცნობს, თუმცა მიიჩნევს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ქვეყანაში სიძულვილის ენა მატულობს.

„კანონპროექტს არ ვიცნობ, მაგრამ ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ სიძულვილის ენის გამოყენება მედიაში იქნება, პოლიტიკურ დისკუსიაში თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, პრობლემა არის და ამ მიმართულებით, ალბათ, წინასაარჩევნოდ ჩვენც გვექნება გარკვეული მოსაზრებები და ინიციატივები იმიტომ, რომ რასაც თვალყურს ვადევნებთ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სიძულვილის ენის ხარისხის მასშტაბი ჩვენს ქვეყანაში მატულობს. ამ ინიციატივას არ ვიცნობ, ამიტომ, ვერაფერს გეტყვით”,-განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, მედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ ხორციელდება.

„ქართული ოცნების” დეპუტატებმა მოამზადეს პროექტი, რომლის გათვალისწინებით, ასეთ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.

მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა იზრდება.

“მოსასყიდი ხალხის მეტი რა იყო, წუწკად იქცევიან, იმპიჩმენტის სურვილი არ აქვთ” – იაგო ხვიჩია „ქართულ ოცნებაზე“

წუწკად იქცევიან, იმპიჩმენტის სურვილი არ აქვთ – ეს ყველაფერი მგონი, პრეზიდენტთან ვითომ გამიჯვნის თამაში იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად, „ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილთან გამიჯვნას თამაშობს, რათა მისი მეშვეობით, დაკარგული პროდასავლური ელექტორატი დაიბრუნოს.

„საკონსტიტუციო სასამართლოში სიურპრიზების მოლოდინი არ მაქვს, დარწმუნებული ვარ იქ „ქართული ოცნება“ ტრიუმფალურ გამარჯვებას მოიპოვებს. რაც შეეხება პარლამენტში პროცესის გაგრძელებას, რაღაც არ ეტყობათ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი უნდათ, მგონი ეს ყველაფერი პრეზიდენტთან ვითომ გამიჯვნის თამაში იყო, რომ პრეზიდენტი ე.წ. ოპოზიციურ მოედანზე გადააგდონ და ამით ე.წ. პროდასავლური ხმები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ხელიდან გაუვარდა, ზურაბიშვილის მეშვეობით უკან დაიბრუნონ. მე მგონია, ეს არის ამ კამპანიის მიზეზი, რომელიც ასე მდორედ მიმდინარეობს, თორემ აქამდე მოსასყიდი ხალხის მეტი რა იყო. „ქართულ ოცნებას” რომ იმპიჩმენტი უნდოდეს, იმდენი ადამიანი მეგულება ოპოზიციაში, ოდნავ მატერიალურად რომ წახმარებოდნენ, მზად იყვნენ და შეუძლებელია ეს არ მოგვარებულიყო, მაგრამ ამისთვის არ იბრძვიან, წუწკად იქცევიან და შესაბამისად, არც სურვილი აქვთ იმპიჩმენტის,”- განაცხადა ხვიჩიამ.

“ომბუდსმენის აპარატი 14 წლის აითაჯ შახმანოვას მკვლელობის საკითხზე მონიტორინგს ბოლომდე გააგრძელებს” – ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი 14 წლის აითაჯ შახმანოვას მკვლელობის საკითხზე მონიტორინგს ბოლომდე გააგრძელებს.

„ომბუდსმენის აპარატი პირველივე წუთებიდან ჩართული იყო ამ საკითხში, ჩვენ შესაბამისი განცხადებაც გავაკეთეთ. პირველივე წუთებიდან ვმუშაობდით და მუშაობას ვაგრძელებთ შესაბამის უწყებებთან. ეს არის ის საკითხი, რაც ომბუდსმენის აპარატისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხის მონიტორინგს ბოლომდე გავაგრძელებთ და საზოგადოებას მივაწვდით დეტალურად ინფორმაციას”,-განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, 14 წლის აითაჯ შახმანოვას განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი ქმარი, 27 წლის ალიმ ასლანოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სამართალდამცავებმა ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედა და ბიძა დააკავეს. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გამოძიების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.

ისრაელის მთავრობა ღაზის სამხრეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ისრაელის მთავრობა ღაზის სამხრეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ცეცხლის დროებით შეწყვეტას დათანხმდა.

მათი ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის პარალელურად, უნდა გახსნილიყო ეგვიპტისა და ღაზის სექტორის სასაზღვრო გამშვები პუნქტი „რაფაჰი“, რათა ღაზის სექტორის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა შესაძლებელი ყოფილიყო. პარალელურად, კი ღაზის სექტორის დატოვების საშუალებას მისცემდნენ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს.

თუმცა, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა.

“თუ საკითხი გავა პლენარულ სხდომაზე, ჩვენი გუნდი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს”

„ევროპელი სოციალისტების” დეპუტატი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მისი პოლიტიკური ჯგუფი მხარს დაუჭერს.

„თუ საკითხი გავა პლენარულ სხდომაზე, ჩვენი გუნდი მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს. პრეზიდენტმა თვითონ აღიარა, რომ დაარღვია კონსტიტუცია, ასე რომ, აქ ახალი არაფერია და ვფიქრობ, გადაწყვეტილება იქნება ცალსახა. ჩვენი გუნდიდან ოთხივე დაუჭერს მხარს, შეგიძლიათ ჩათვალოთ, მიამატოთ. თუ დადგინდება რომ დაარღცია კონსტიტუცია, ვფიქრობ, რომ რაღაც ადგილი რომ დაიკავოს საზოგადოებაში, ის თვითონ უნდა გადადგეს,”- განაცხადა ინჯიამ.