“სასამართლომ ერთადერთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – საქართველოს პრეზიდენტისგან კონსტიტუციის დარღვევა დაადგინოს”

86
spot_img

ჩვენ ვერ დავუშვებდით და ვერ დავუშვებთ, რომ ნებისმიერ კანონზე და მით უმეტეს, კონსტიტუციაზე მაღლა ვინმე დადგეს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მისი თქმით, კონსტიტუციის პრინციპებზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ მათი წარდგინება უნდა დააკმაყოფილოს.

„მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენი საზოგადოება თვალყურს ადევნებდა კონსტიტუციის უხეში დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს. როგორც ჩანს, ის მაინც ფიქრობდა, რომ კონსტიტუციაზე მაღლა იდგა. ამის გაგრძელება იყო ის, რომ ჩვენ ვერ დავუშვებდით და ვერ დავუშვებთ, რომ ნებისმიერ კანონზე და მით უმეტეს, კონსტიტუციაზე მაღლა ვინმე დადგეს. ჩვენ იძულებული გავხდით, კონსტიტუცია დაგვეცვა. სხვა შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ, თანაზიარი ვიქნებოდით კონსტიტუციის დარღვევის. ვფიქრობ, რომ სამართლებრივად აბსოლუტურად ლოგიკური და კონსტიტუციის პრინციპებზე დაყრდნობით, სასამართლომ ერთადერთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და დაადგინოს საქართველოს პრეზიდენტისგან კონსტიტუციის დარღვევა, უნდა დააკმაყოფილოს საკონსტიტუციო წარდგინება“, – განაცხადა ღუდუშაური.

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს. დღეს გახდება ცნობილი, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ქვეყნის მთავარი კანონი. ცხრა მოსამართლის გადაწყვეტილებით გაირკვევა, პროცესები გადაინაცვლებს თუ არა საკანონმდებლო ორგანოში.