“ვისურვებდი, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს მედეგობა იმისა, რომ გაუძლოს „ქართული ოცნების“ წნეხს”

107
spot_img

ვისურვებდი, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს მედეგობა იმისა, რომ გაუძლოს „ქართული ოცნების“ წნეხს, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვას. ის ფიქრობს, რომ იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და ხელისუფლების კრახით დასრულდება.

„ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენად ძლიერი წნეხი აქვს მათ შორის ეროვნულ ბანკზე “ქართულ ოცნებას”. ამიტომ, გამომდინარე იქიდან, რომ თავად ირაკლი კობახიძე ელოდება პარლამენტში ამ პროცესის გადმოტანას, ვვარაუდობ, რომ ეს პროცესი პარლამენტში გადმოვა, თუმცა “ქართული ოცნების” კრახით დასრულდება, რადგან მან ეს პროცესი ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟირების მიზნით წამოიწყო”,- განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ “ქართული ოცნების” ავტორობით მომზადებული წარდგინება ოქტომბრის დასაწყისში განიხილა. განხილვა 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მმართველ პარტიას, რომელიც პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს, სხდომებზე უმრავლესობის 4 დეპუტატი, მათ შორის “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარმოადგენდა, პრეზიდენტის წარმომადგენლები კი იურისტები – თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იყვნენ. თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი სასამართლო განხილვებს არ დასწრებია.

“ქართული ოცნება” პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში, ევროპაში მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებული ვიზიტების გამო ედავება.