Home Blog Page 1392

ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდიან

ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდიან. ევროპელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ საჭიროა მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა შემოწმების გაძლიერება და იმ პირების უფრო სწრაფად გაძევება, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენენ. ამის შესახებ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მინისტრმა ლუქსმბურგში მიმდინარე იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

მინისტრები საზღვარზე კონტროლის გამკაცრებაზე და უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე მსჯელობენ ბელგიასა და საფრანგეთშიმოხმდარი თავდასხმების შემდეგ.

„მე დავაყენებ იმ პირების დაბრუნების დაჩქარების საკითხს, რომლებსაც არ აქვთ ევროკავშირში დარჩენის უფლება. ჩვენ უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ ამ მიმართულებით. უკვე წელს ვნახეთ დაბრუნებული პირების რაოდენობის 25%-ით ზრდა. ასე რომ, ჩვენ ახლა უფრო მეტ ადამიანს ვაბრუნებთ უკან, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის პირები, რომლებიც შესაძლოა, წარმოადგენენ საფრთხეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი კავშირისთვის, დაუყოვნებლივ იძულებით უნდა გააბრუნონ“, – განაცხადა საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისარმა, ილვა იოჰანენსონმა მინისტერიალზე მისვლისას.

განცხადებები გააკეთეს ასევე საფრანგთისა და ბელგიის მინისტრებმა, რომელთა ქვეყნებში თავდასხმები განხორციელდა.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, განსაკუთრებით ჩვენი საზღვრების კონტროლითს კუთხით. მიგრაციის პაქტი ამისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ტერიტორიაზე ადამიანების იდენტიფიცირებას, უსაფრთხოების მიზნით გამოკითხვის ჩატარების შესაძლებლობას, რათა მოხდეს პოტენციურად საშიში პირების გამიჯნვა. აღვნიშნავ, რომ ბელგიაში, ასევე საფრანგეთში ეს თავდასხმები ჩაიდინეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, ასე რომ ჩვენ პრაქტიაკში უნდა განვახორციელოთ მიგრაციის პაქტი საზღვრების კონტროლისთვის, ადამიანების აღრიცხვისთვის და თავშესაფრის მთხოვნის განაცხადის მიღებამდე უსაფრთხოების მიზნით დაკითხვისთვის“, -აღნიშნა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა.

„ჩვენ ვერ გავარძელებთ ცხოვრებას, თითქოს არაფერი მომხდარა. ეს არის გადამწყვეტი მომენტი. სამწუხაროდ, ადამიანები დაიღუპნენ ქუჩაში ბრიუსელში, ისინი იყვნენ ადამიანები,რომლებიც ბელგიაში ბედნიერი საღამოს გასატარებლად და ფეხბურთის მატჩის საყურებლად ჩამოვიდნენ. ჩემი პასუხისმგებლობაა, ევროკავშირის სხვა ლიდერებთან ერთად, უზრუნველვყოთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ უსაფრთხოებისა და პირადი ცხოვრების დაცვის ბალანსით, რათა თავიდან ავიცილოთ მომავალში მსგავსი სახის ინციდენტები“, – ამბობს ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრი ანელის ვერლინდენი.

შვედეთის შს მინისტრი ასევე საჭიროდ მიიჩნევს იმ პირთა ევროკავშირიდან გაბრუნებას, ვინც უსაფრთხოების პოტენციურ რისკს წარმოადგენს.

„მჯერა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ვალდებულებაა, უკან გააბრუნონ ის პირები, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს. ასევე, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ეს ეფექტინიად გაკეთდეს“, – განაცხადა შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, გუნარ შტრომერმა.

“ჭორვილაში კიდევ ერთხელ დავინახეთ მშიშარა რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის სახე”-სოფო ჯაფარიძე

„ჭორვილაში კიდევ ერთხელ დავინახეთ მშიშარა რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის სახე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „ქართული ოცნების“ სიმბოლოა კვერცხი და ქვა, – ამის შესახებ განაცხადა მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ.

დღეს, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად, რესპუბლიკის მოედნიდან ჭორვილამდე მსვლელობა გამართა. ადგილზე ჩასულებს კი ადგილობრივები დაუპირისპირდნენ, სადაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მათ ხელისუფლება თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავს. მან სოფელ ჭორვილას შესასვლელში მდგარ ტრაფარეტზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები გააკრა.

„ჩვენ დღეს დავინახეთ „ქართული ოცნების“ მშიშარა რუსი ოლიგარქის და მისი მშიშარა პოლიტიკური ინსტრუმენტების სახე კიდევ ერთხელ დავინახეთ და დავრწმუნდით, რომ „ქართული ოცნების“ სიმბოლო არის კვერცხი და ქვა. დიახ, მშვიდობიანად ჩამოსულ მოქალაქეებს ასე მოგვექცნენ, ჟურნალისტებს ხელს უშლიდნენ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად დასრულდება ეს ყველაფერი ჩვენ ქვეყანაში.

დღეს ბევრს გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ ჭორვილაში, რატომ? რადგან ეს არის რუსი ოლიგარქის მშობლიური სოფელი, რუსი ოლიგარქის, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქართველები ჩაანაცვლოს რუსებით, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქართველები გაგვარუსოს და საქართველო გაარუსოს, რომელიც დეკლარირებულად გვაყენებს რუსეთის გვერდით. რუსი ოლიგარქი, რომელსაც ტყვეობაში ჰყავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელმაც შექმნა ეს სახელმწიფო და რუსი ოლიგარქი, რომელიც ანგრევს ყოველდღიურად ჩვენს ქვეყანას. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2012 წელს არავინ არ იბრძოდით იმისათვის, რაც დღეს ხდება, იმისათვის, რომ დაგვეკარგა თავისუფლება, იმისათვის, რომ ჩვენი შვილებისთვის დაგვეკარგა ევროპული მომავალი, მაგრამ რეალურად დღეს მივიღეთ ის, რომ ყველაფერს აკეთებს რუსი ოლიგარქი მის პოლიტიკურ ინსტრუმენტებთან ერთად, რომ ჩვენი ქვეყანა – საქართველო რუსეთის უკანა ეზოდ აქციოს, მაგრამ ის ამას ვერ შეძლებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ ჩვენივე ქვეყანაში გვეზღუდება თავისუფლად გადაადგილება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება და პირადად მე, სოფო ჯაფარიძე ამაში ძალიან დიდ წვლილს შევიტან. ჩავალ ყველგან, სულ რომ მარტო მომიწიოს სიარული, ვიქნები ყველგან, ყველა ჩვენს მოქალაქესთან და აუცილებლად კიდევ უფრო კარგად დავანახებთ ჩვენს მოსახლეობას თუ რამხელა საფრთხეს გვიქმნიან და რამხელა საფრთხეს უქმნიან ჩვენს ქვეყანას, არ გავარუსებინებთ ჩვენს ქვეყანას და ქართველებს რუსებით არ ჩავანაცვლებინებთ. დიახ, ჭორვილა, ეს ულამაზეს ადგილი აუცილებლად იქნება ევროპული სოფელი და ამისთვის მე ყველაფერ გავაკეთებ.“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ

უცხოური ვალუტის კურსი 20 ოქტომბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6960 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6960 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6925 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8445 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8422 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0023 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“საქართველოს პარლამენტმა პროდასავლელი პრეზიდენტის გადაყენება ვერ შეძლო”- რას წერს უცხოური პრესა

უცხოურ მასმედიაში საკმაოდ ბევრი მასალაა გამოქვეყნებული საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მცდელობის შესახებ. ამ მხრივ ძირითადად ფრანგული მედია აქტიურობს.

ფრანგულენოვანი პუბლიკაციები უმეტესად საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესის“ მიერ გავრცელებულ ორიგინალურ მასალას ემყარებიან. ასე, მაგალითად, ფრანგული გაზეთის „ლე მონდის“ (Le Monde) ვებ-გვერდზე სააგენტოს მასალა გამოქვეყნებულია სათაურით „საქართველოს პარლამენტმა პროდასავლელი პრეზიდენტის გადაყენება ვერ შეძლო“ (იხილეთ წყარო – https://www.lemonde.fr/international/article/2023/10/18/en-georgie-le-parti-au-pouvoir-echoue-a-destituer-la-presidente-pro-occidentale_6195231_3210.html), იგივე პუბლიკაცია დევს გაზეთ „ლე მატენის“ (Le Matin) ვებ-გვერდზეც, რომელსაც თან ფოტოები ახლავს და ა.შ.

“ფრანს-პრესის” ინფორმაცია დევს პაკისტანის ინგლისურენოვან გაზეთ „ნიუს ინტერნეიშენელშიც“ (The News International) – იხ. წყარო:

https://e.thenews.com.pk/karachi/19-10-2023/page11.
გერმანული პრესა ავრცელებს სააგენტო DPA-ს (Deutsche Presse-Agentur) მიერ მომზადებულ ინფორმაციებს. მაგალითად, გაზეთ „დი ცაიტის“ (Die Zait) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოს პრეზიდენტი დამხობას გადაურჩა“ (წყარო:
https://www.zeit.de/politik/ausland/2023-10/georgien-regierung-scheitert-amtsenthebung-praesidentin).

არის ავტორიზებული სტატიებიც: მაგალითად, ბრიტანული „ბიბისის“ რუსული სამსახურის (BBC russian) ვებ-გვერდზე: „სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად რჩება“ (ავტორი – ნინა ახმეტელი), აგრეთვე გერმანულ „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ვებ-გვერდზე – „ცერემონიალური იმპიჩმენტი: საქართველოს პრეზიდენტი ხელისუფლებაში რჩება“ (ავტორი – მარია ქათამაძე). პუბლიკაციები შინაარსით ერთმანეთის მსგავსია: მათში გადმოცემულია საკითხის ისტორია (როგორც გაჩნდა დავა ხელისუფლებაში უფლებამოსილების გადანაწილებაზე), ოპოზიციის პოზიცია, რას მოუტანს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ხელყოფა და ა.შ.

 

“პარლამენტში ვინმე კლოუნად თუ აღიქვამს თავს და პარლამენტს კლოუნადად, ეს მისი პრობლემაა”

პარლამენტში ვინმე კლოუნად თუ აღიქვამს თავს და პარლამენტს კლოუნადად, ეს მისი პრობლემაა, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „გირჩის“ წევრ ვახტანგ მეგრელიშვილს პარლამენტში, სადაც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

„ბატონო ვახტანგ, ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოგცემთ უფლებას, ასე ხელაღებით იძახოთ – „სასამართლო რომ გვქონდეს“. სასამართლო გვაქვს ამ ქვეყანაში და ამას შევეგუოთ. შეიძლება, ვინმე კამათობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ რამე ნაკლოვანება არსებობს სასამართლოში და ამას გასწორება სჭირდება, მაგრამ არაფრის დიდებით სწორი არ არის იმის თქმა, რომ არ გვაქვს სასამართლო. ამ პარლამენტში ვინმე კლოუნად თუ აღიქვამს თავს და პარლამენტს – კლოუნადად, ეს მისი პრობლემაა და არა აქ მყოფი ყველა კოლეგის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მანამდე, პარტია „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა გან

აცხადა, რომ საქართველოში სასამართლო არაფერს წარმოადგენს და ის ბიუროკრატიის გაგრძელებაა.

„იცით, რატომ გვაქვს პრობლემა თორმეტ პუნქტთან და სასამართლოსთან დაკავშირებით? რადგან სასამართლო არაფერს წარმოადგენს, არის ბიუროკრატიის გაგრძელება. იქ ადამიანები საკუთარ პრობლემებს არ არჩევენ. ქურდები იმიტომ გვყავს გაგდებული ამ ქვეყნიდან, რომ შემთხვევით, ვინმემ ადამიანებს შორის ნამდვილად არ გაარჩიოს საქმე, რამე კონფლიქტური – მნიშვნელობა არ აქვს, ხმაური იქნება თუ სამეზობლო ჩხუბი. მაქედან რომ გაქვთ ყოველგვარი ადამიანური გატანილი, სწორედ იმიტომ არის ეს პარლამენტი კლოუნადა, მორალზე არანაირი წარმოდგენა არ გაქვთ. ამიტომ არ მპასუხობთ იმის შესახებ, რა მოხდებოდა, ეს საქმეები სასამართლოს გადაეწყვიტა და არა ბლანკეტური 10 000-ლარიანი და 1 500-ლარიანი ჯარიმები შემოგეტანათ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

“კიდევ ერთი „აფერა“, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, ეს გახლავთ, თითქოს მან გაიყვანა რუსეთის ჯარი საქართველოდან” – ლევან ნიკოლეიშვილი პრეზიდენტზე

კიდევ ერთ „აფერა“, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იძახის ეს გახლავთ, რომ თითქოს და მან გაიყვანა რუსეთის ჯარი საქართველოდან. დარწმუნებული ვარ არცერთი დეტალი არ იცის, არ იცის კონფიგურაცია ბაზების შესახებ, არ იცის იმ ადამიანების გვარები, რომლებიც ლამის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში იყვნენ ჩართული რუსებთან და მესამე მხარესთანაც და უკვე მერამდენედ უტეხად იბრალებს იმას, რაც მას არ გაუკეთებია. – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ნიკოლეიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს დაიწყო და თავადაც მონაწილეობდა ამ მოლაპარაკებებში.

„კიდევ ერთ „აფერა“, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იძახის ეს გახლავთ, რომ თითქოს და მან გაიყვანა რუსეთის ჯარი საქართველოდან. საქმე კი სულ სხვანაირად არის. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, როგორც ამ პროცესების ერთ-ერთი და არა ერთადერთი მონაწილე. საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს დაიწყო. შედგა ექსპერტთა ჯგუფები ორივე მხრიდან საქართველოდან და რუსეთიდან, რომლებიც აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. საქართველოდან ამ ჯგუფში გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან პრინციპული დიპლომატები, სამხედრო კუთხით გახლდით მე, თქვენი მონა მორჩილი ( ჩემს გარდა თითოჯერ მონაწილეობა მიიღო ერთმა გენერალმა და ერთმაც პოლკოვნიკმა). საერთო კოორდინაციას ჯგუფს უწევდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბურდული (ღმერთმა გაანათლოს მისი სული), მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე ცხონებული რეზო ადამია. მოლაპარაკებები საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდა როგორც თბილისში ასევე მოსკოვში. 1999 წელს სტამბულში ჩატარდა ეუთო-ს სამიტი სადაც ფაქტობრივად შეთანხმდა ყველაფერი და გაფორმდა პროტოკოლი და ხელმოწერილი იქნა დანართი (სხვათა შორის ჩვენ ჯგუფს, კიდევ დაემატა რამდენიმე დიპლომატი, სტამბულშიც ძალიან სერიოზული მუშაობა მოგვიწია) . შემდეგ უკვე დაიწყო პროცესი, ბაზების გაყვანის გრაფიკის შესახებ, რა სამხედრო ტექნიკა რჩებოდა და რა გადმოეცემოდა საქართველოს და ასე შემდეგ. ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს ხელი მოეწერა უბრალოდ ბოლო დოკუმენტს. თავი, რომ არ შეგაწყინოთ პირდაპირ გეტყვით ორ რამეს: თუ იცის ქალბატონმა ზურაბიშვილმა ეს მცირე დეტალები(დაწვრილებით ცხადია არ დამიწერია), მაგალითად რამდენ ბაზის გაყვანაზე იყო საუბარი, როგორი კონფიგურაციით, რა რაოდენობის ტექნიკა იყო თითოეულ ბაზაზე -თუნდაც ტანკი, რას ითხოვდნენ რუსები სანაცვლოდ, რომელ ქვეყანა თამაშობდა შუამავლის როლს და ასე შემდეგ …ექსპერტთა ჯგუფის ყველა წევრი ცოცხალია, მიუხედავად იმისა რომ დღეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები და გემოვნება გააჩნიათ, არა მგონია, რომელიმემ რუსების ბაზების შესახებ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ტყუილი იკადროს და ჩემი ნათქვამი არ დაადასტუროს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს დარწმუნებული ვარ არცერთ დეტალი არ იცის, არ იცის კონფიგურაცია ბაზების შესახებ, არ იცის იმ ადამიანების გვარები, რომლებიც ლამის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში იყვნენ ჩართული რუსებთან და მესამე მხარესთანაც და უკვე მერამდენედ უტეხად იბრალებს იმას რაც მას არ გაუკეთებია. ისე თუ საჭირო გახდა ისეთ დეტალებს გავიხსენებ, რომელზეც წარმოდგენა სალომე ზურაბიშვილს საერთოდ არა აქვს, პრინციპში ვერც ექნება-ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე მისი როლი საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ მხოლოდ 1% გახლავთ!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ქვეყანაზე „ჰამასის“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა 7 ოქტომბრის „ჰამასის“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ამის შესახებ The Times of Israel   იტყობინება.

„მე ვარ პასუხისმგებელი თავდაცვაზე. ამაზე ვიყავი პასუხისმგებელი ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მათ შორის რთული ინციდენტების დროსაც, და ასევე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ ბრძოლა გამარჯვებით დასრულდეს“, – განუცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ისრაელის ქმედებები იქნება ზუსტი და მომაკვდინებელი და გაგრძელდება მისიის შესრულებამდე.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

“არ აჰყვეთ მრისხანებას” – ჯო ბაიდენი ისრაელს

11 სექტემბრის შემდეგ, ჩვენ აშშ-ში განრისხებულები ვიყავით და ვიდრე ჩვენ მივისწრაფოდით სამართლიანობისკენ, ჩვენ ასევე შეცდომები დავუშვით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გუშინ ისრაელში ვიზიტისას განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც ეს ტერორისტული თავდასხმა მოხდა, ჩვენ ვნახეთ, რომ ის აღწერეს, როგორც ისრაელის 11 სექტემბერი. თუმცა, ისრაელის ზომის ქვეყნისთვის ეს იყო 15-ჯერ დიდი 11 სექტემბერი. მასშტაბი შესაძლოა, განსხვავებული იყოს, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საშინელებები შეეხო ყველაზე მნიშვნელოვან გრძნობას ისრაელში, ისევე, როგორც ეს მოხდა აშშ-ში. შოკი, ტკივილი, მრისხანება – ყოვლისმომცველი მრისხანება. მე მესმის და ბევრ ამერიკელს ესმის ეს. შეუძლებელია, უყუროთ, რა დაემართათ თქვენს დედებს, მამებს, ბებია-ბაბუებს, ვაჟებს, ქალიშვილებს, შვილებს, ჩვილებსაც კი და არ იყვიროთ სამართლიანობის მოთხოვნით. სამართლიანობა უნდა აღსრულდეს. თუმცა, ჩემი გაფრთხილებაა: ვიდრე ამ მრისხანებას გრძნობთ, არ აჰყვეთ მას. 11 სექტემბრის შემდეგ, ჩვენ აშშ-ში განრისხებულები ვიყავით და ვიდრე ჩვენ მივისწრაფოდით სამართლიანობისკენ და მივაღწიეთ მას, ასევე შეცდომები დავუშვით“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენის თქმით, ომის დროს ხელისუფლების წინაშე არსებული არჩევანი არასდროსაა მარტივი.

„მე აშშ-ის პირველი პრეზიდენტი ვარ, რომელიც ისრაელში ომის დროს ჩამოვიდა. მე მიმიღია ომის დროს გადაწყვეტილებები. ვიცი, რომ ხელმძღვანელობისთვის ეს არჩევანი არასდროსაა ნათელი ან მარტივი. ყოველთვის არის ფასი გადასახდელი. თუმცა, ეს მოითხოვს, იყო წინადახედული. ეს მოითხოვს ძალიან რთული შეკითხვების დასმას. ეს მოითხოვს სიცხადეს მიზნებთან დაკავშირებით და იმის გულწრფელ შეფასებას, მიაღწევს თუ არა ამ მიზნებს გზა, რომელსაც ადგახარ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 9 თვეში რეკორდული რაოდენობის – 1 216 372 მგზავრს მოემსახურა

იანვარ-სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 92%-ით გაიზარდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 9 თვის მონაცემებით,მ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 1,216,372 მგზავრმა ისარგებლა. (2022 წლის იანვარ სექტემბერი 633,834 – მგზავრი).

მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით 3,615 რეისი შესრულდა და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი რეისების რაოდენობა 43% გაიზარდა. (2022 წლის 9 თვე – 2, 535 რეისი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რაოდენობის კუთხით, სტაბილური ზრდა თვის ჭრილშიც. სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 163,998 მგზავრს მოემსახურა რაც, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 66%-ით აღემატება. რაც შეეხება ავიარეისებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სექტემბერში 483 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის პერიოდთან შედარებით, 15 %-ით მეტია.

2023 წლის 1 ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარული რეისებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით ასრულებს. 4 ივნისიდან კი ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმატი-ქუთაისი-ალმატის მიმართულება დაამატა.

2023 წლის პირველ დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.

“ქართული ოცნება“ გრძნობს, რომ მისი პოლიტიკური ჟამი მოახლოვდა და ახლა ცდილობს, ქვითკირით გაამაგროს თავისი მორყეული სახელისუფლებო ციხე-სიმაგრე”

მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები არის მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა, დავაკვირდეთ, როდის იწყებენ საქართველოში ხელისუფლებები კანონმდებლობაში მსგავსი ცვლილებების შეტანას? – მაშინ, როცა პოლიტიკური ბოლო ჟამი აქვთ და გრძნობენ, რომ მათი ლეგიტიმაცია მორყეულია, მათი ნდობა აღარ აქვთ. სულ ასე ხდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

ელისაშვილის თქმით, აღნიშნული კანონი ხელისუფლებას ოპონენტებთან ბრძოლისთვის უნდა.

„გახსოვთ, რომ სააკაშვილის დროს ცვლილებები მოამზადეს, რომლითაც სახელმწიფო სტრუქტურებთან 50 მეტრში არ უნდა მისულიყვნენ. ეს ცვლილებებიც ზუსტად ამ ისტორიის გაგრძელებაა. „ქართული ოცნება“ გრძნობს, რომ მისი პოლიტიკური ჟამი მოახლოვდა და ახლა ცდილობს, ქვითკირით გაამაგროს თავისი მორყეული სახელისუფლებო ციხე-სიმაგრე. სჭირდებათ, ევროკავშირს იშველიებენ, სჭირდებათ, ევროკავშირს ლანძღავენ და ჩამოყალიბდნენ. ბორელს არ სძინავს. ამ კანონში ცვლილებას თუ არ შეიტანთო. ბორელმა დარეკა, ძილი გამიკრთა, გინდათ თუ არა ცვლილებები მოამზადეთო. ფარად ევროკავშირის რეკომენდაციას იშველიებს, რაც ტყუილია. ეს კანონი ხელისუფლებას ოპონენტებთან ბრძოლისთვის უნდა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ოპოზიცია რომელ უზრდელობაზე საუბრობს, გაიხსენონ, რა სიტყვებით ნათლავდნენ პრეზიდენტს – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტი არათუ მთავრობასთან შეუთანხმებლად მოქმედებდა, პრინციპულად დაპირისპირებულია საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან.

„მისი განცხადებაა, სტატუსი მთავრობას არ ეკუთვნის და ხალხს ეკუთვნის, ხალხმა უნდა მოიშოროს მთავრობა, რეალურად, პრორუსული პოლიტიკაა, რასაც მთავრობა ატარებს, ეს სისულელეა, მაგრამ განა შეიძლება, ამ პოზიციის მქონე ადამიანს მთავრობამ მისცეს მანდატი, რომ საქართველოს ინტერესები წარმოადგინოს საერთაშორისო ასპარეზზე.

ოპოზიცია რომელ უზრდელობაზე საუბრობს, გაიხსენონ, რა სიტყვებით ნათლავდნენ პრეზიდენტს. ისეთი სიტყვებით, რასაც ვერ გაიმეორებ, მით უმეტეს, წესიერ საზოგადოებაში“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

“პრეზიდენტი არათუ მთავრობასთან შეუთანხმებლად მოქმედებდა, პრინციპულად დაპირისპირებულია საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან”

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტი არათუ მთავრობასთან შეუთანხმებლად მოქმედებდა, პრინციპულად დაპირისპირებულია საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან.

„მისი განცხადებაა, სტატუსი მთავრობას არ ეკუთვნის და ხალხს ეკუთვნის, ხალხმა უნდა მოიშოროს მთავრობა, რეალურად, პრორუსული პოლიტიკაა, რასაც მთავრობა ატარებს – ეს სისულელეა, მაგრამ განა შეიძლება, ამ პოზიციის მქონე ადამიანს მთავრობამ მისცეს მანდატი, რომ საქართველოს ინტერესები წარმოადგინოს საერთაშორისო ასპარეზზე“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, იმპიჩმენტის საკითხის განსახილველ სხდომაზე დასმულ კითხვაზე, იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, პრეზიდენტმა პასუხი არ გასცა და დარბაზი დატოვა. ვოლსკის განმარტებით, ეს ყველაფერს ნათელს ჰფენს.

„ოპოზიცია რომელ უზრდელობაზე საუბრობს, გაიხსენონ, რა სიტყვებით ნათლავდნენ პრეზიდენტს. ისეთი სიტყვებით, რასაც ვერ გაიმეორებ, მით უმეტეს, წესიერ საზოგადოებაში“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს უყარეს კენჭი. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში ჩავარდა, რადგან კენჭისყრაზე პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა. კენჭისყრამდე, სხდომაზე სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტს დეპუტატებმა კითხვებით მიმართეს, თუმცა სალომე ზურაბიშვილს შეკითხვებისთვის არ უპასუხია.